ფიროსმანის დღემდე უცნობი 149-ე ნამუშევარი
08-06-2015
ფიროსმანის დღემდე უცნობი 149-ე ნამუშევარი
ექსკლუზიური ფაქტები ნიკალას ცხოვრებიდან

"ეს ნახატი და ინფორმაცია მხატვრის შესახებ თავად ალექსანდრე მამუჩარაშვილის მიწოდებულია და მან სხვებზე უკეთ იცოდა, ვინ და როდის დახატა მისი პორტრეტი"

ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, "კრისტის" აუქციონზე მის მიერ მილიონ-ნახევარ დოლარად შეძენილი ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა.

გია მარსაგიშვილი, ხელოვნებათმცოდნე, ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორი:

- ბევრი კოლექციონერი აუქციონზე­ ანონიმურად ყიდულობს ნახატს. ბიძინა­ ივანიშვილს თვითონ რომ არ გაემხილა, ამას ვერც გავიგებდით. მადლობის მეტი რა გვეთქმის.
ეს იქნება ფიროსმანის 148-ე ნახატი.

მინდა ექსკლუზიურად გითხრათ ფირ­ოსმანის 149-ე ნამუშევრის შესახებ: 2 წლის წინ არქივში აღმოვაჩინეთ 1924 წლით დათარიღებული წერილი, რომელიც ადასტურებს, რომ "ალექსანდრე მამუჩარაშვილის პორტრეტი" ნიკო ფიროსმანაშვილის შესრ­ულებულია.

აქამდე ფიროსმანის კომისია ამ ნამუშევარს მას არ მიაკუთვნებდა. ჩვენ მხოლოდ ამ წერილით არ შემოვიფარგლეთ და
არქივში წავაწყდით მამუჩარაშვილის ჩანაწერებსაც, რომელიც ფოსტა-ტელეგრაფის პირველი სპეციალისტი იყო საქართველოში. უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ამ პორტრეტის ავტორი ნიკო ფიროსმანია. წერილში ნათქვამია, რომ პორტრეტი 1893 წელს არის შესრულებული. ეს ფიროსმანის ყველაზე ადრეული ნამუშევარი გამოდის.

ხელოვნების მუზეუმში­ დაცულია თუნუქზე ზეთით შესრულებული­ "ალექსანდრე მამ­უჩარაშვილის პორტრეტი", რომელიც მამ­უჩარაშვილმა თავად შესწირა მუზე­უმს... წერილი, რომელიც არქივში აღმოვაჩინეთ, დათარიღებულია 1924 წლის 2 დეკემბრით და ეროვნული სამხატვრო გალერეის დირექტორს, დიმიტრი შევარდნაძეს ეკუთვნის:
“(სტილი დაცულია) "ამხ. ალექსანდრე ზაქარიას-ძე მანუჩ­არაშვილს: საქართველოს ეროვნული სამხატვრო გალერია მადლობას გწირავთ თქვენს მიერ შემოწირულ სურათ: "პორტრეტი ალექსანდრე ზაქარიას-ძე მანუჩარაშვილისა". ნახატი 1893 წელს ნიკო ფიროსმანიშვილის მიერ".

(გვარი - მანუჩარაშვილი შეცდომით უწერია, უნდა ეწეროს მამუჩარაშვილი).
დაცული ცნობა სანდო უნდა იყოს, რადგან ნახატი და ინფორმაცია მხატვრის შესახებ თავად ალექსანდრე მამუჩარაშვილის­ მიწოდებულია და მან სხვებზე უკეთ იცოდა, ვინ და როდის დახატა მისი პორტრეტი.
იმავეს ადასტურებს გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის მუზეუმის მემუარულ ფონდში დაცული მამუჩარაშვილის მოგონებები, რომელიც მის ქალიშვილს მამის კარნახით ჩაუწერია:

"...ლოთი "ბედარდი", მაგრამ ნიჭიერი­ მხატვარი, მორცხვი, ტკბილი სამეგობრო ნიკალა ფიროსმანაშვილი... ის ჩემი სურათი,­ შევარდნაძემ რომ წამართვა და ახლა რომ მუზეუმშია, ისე, მეგობრულად დამხატა. ხატვა ხომ უბრალოდ იცოდა - კედელზე, ფიცარზე, თუნუქზე".
ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ნახატი­ მართლაც ფიროსმანისაა და ეს მისი ყველ­აზე­ ადრეული გადარჩენილი ფერწერაა.

ნიკო ამ დროს დაახლოებით 30 წლისა­ იქნებოდა. 1893 წელს ამიერკავკასიის რკინიგზაზე კონდუქტორად მუშაობდა, საიდანაც 1894 წელს დაითხოვეს. ჯერ კიდევ წინ იყო რძის დუქანში ვაჭრობა, გიგო ზაზიაშვილთან და შემდეგ გეზენიძესთან ერთად აბრების სახელოსნოების“გამართვა. იმ დროის­ათვის მხატვრობა მისი ძირითადი საქმიან­ობა არ ყოფილა, თუმცა, ხატვა მისი დიდი გატაცება იყო და თუ გავიხსენებთ ქალანთაროვების მონაყოლს, "მისთვის არსებობდა მხოლოდ ხატვა და როცა კი თავისუფალი დრო ჰქონდა, ხატვაში იყო გართული".
ნიკალას ცხოვრებაში მეორე, ახალაღმ­ოჩენილი დეტალის შესახებაც გიამბობთ. გავარკვიეთ, რომ ფიროსმანს ცოლი ჰყოლია, ვინმე ავჭალელი ქალი.

მას შემდეგ, რაც ფიროსმანის კარიკატურა გამოქვეყნდა­ გრიგოლ რობაქიძესთან ერთად (1916 წელს გაზეთ "სახალხო ფურცლის" სურათებიან დამატებაში), ნიკალა განაწყენდა­ და გაუჩინ­არდა. ლადო გუდიაშვილმა მთელი თბილისი მოიარა, მაგრამ ვერსად ნახა. იმავე წელს გაზეთში დაიბეჭდა სტატია, სადაც იუწყებოდნენ, ფიროსმანაშვილი კახეთში წავიდა, გალოთდა და გარდაიცვალაო. ასევე, მოსე თოიძე წერს, რომ 1916 წელს, ილია ზდანევ­იჩმა მოაწყო ფიროსმანის ერთდღიანი­ გამოფენა მისი მშობლების ბინაში. ფიროსმანი­ ამ გამოფენაზე ვერ მიიწვ­იეს, არ იცოდნენ, ცოცხალი იყო თუ მკვდარი. როგორც ირკვევა, ავჭალაში ყოფი­ლა თავის ცოლთან. ნიკო და ის ქალი ერთად ცხოვრობდნენ. მედუქნე ამბობდა, რაც ეს ქალი მოიყვანა, ჩემგან ზოგჯერ სადილი­ მიჰქონდათ, ერთად ეწეოდნენ ოჯახურ ცხოვრებასო. გარკვეული დროის შემდეგ, ერთ­ად მოდიან თბილისში, სადაც ქალი ცოტა ხანს რჩება მასთან და მერე ავჭალაში ბრუნდება. ამ ეტაპზე ეს გვაქვს გარკვეული და ინფორმაციის მოძიებას ვაგრძელებთ.

ნანა ფიცხელაური
ვაჟა კაკაბაძე
23 აგვისტო 2015 19:40
ჩემი მოსაზრებით, დროა შეიქმნას ნ. ფოროსმანის ბიოგრაფიისა და შემოქმედების კვლევის ჯგუფი. პატივისცემით, ვაჟა კაკაბაძე
ნინო
13 ივნისი 2015 03:29
საუკუნო ნათელი და სანთელი ნიკალას!
sainteresoa
08 ივნისი 2015 23:27
ძალიან საინტერესოა.
სიცოცხლეში დაუფასებელი და მივიწყებული ახლა მაინც დავაფასოთ

რედაქტორის რჩევით