"კახელებს რაღაცები არ მოსწონდათ, ფირებს ქუჩებში აგორებდნენ, ლენტებს წვავდნენ, მაგრამ დღეს ეს ფილმი ყველას უყვარს" - კვირის პალიტრა

"კახელებს რაღაცები არ მოსწონდათ, ფირებს ქუჩებში აგორებდნენ, ლენტებს წვავდნენ, მაგრამ დღეს ეს ფილმი ყველას უყვარს"

"სად ჰქონდა ამდენი ძალა ბერტას, არ ვიცი. მარტო ამ ტრიუკისთვის ეკუთვნოდა ჰონორარი"

მიხეილ ჭიაურელისა (უმცროსი) და გიორგი შენგელაიას ფილმი "სიყვარული ყველას უნდა" 1980 წელს გამოვიდა ეკრანებზე. მას შემდეგ რამდენიმე ათწლეული გავიდა, თუმცა, ამდენი წლის მერეც ზეპირად იცის მაყურებელმა მისი ფრაზები: "ბურნუთ, რადიოზე დაიყენე თმები?", "უხეში, უზრდელი, თანამდებობისთვის შეუფერებელი", "გიყვარს? ვინა, ბიჭო, ისა? მაშ, მტყუანს!", "სიჩუმეზე გიცან", "მე ვიცი და ჩემმა გუმანმა", "შენ არ იცი, რა ტკბილია თბილი კერა, თბილი ლოგინი", "კაცი ნაწუწნ კანფეტს დაამსგავსა, თვითონ კიდევ ქედანივით გვიყურებს", "ნეტა ვიცოდე, რა შენი დიპლიპიტო თავის საქმეა!", "იგრე ხართ, როგორც ყველი და პური", "რატო პატრონი არ მოვუკალ, რატო  მეოთხედაც არ გავთხოვდი"... რომელი ერთი ჩამოვთვალოთ.

რეჟისორი მიხეილ ჭიაურელი იხსენებს ამ ფილმზე მუშაობის პერიოდს. პარალელურად კი შევიტყობთ, როგორ გაგრძელდა მისი პერსონაჟების ცხოვრება.

მიხეილ ჭიაურელი: - ერთ დღეს რეზო ჩხეიძემ დამიბარა და მითხრა, მიშიკო, შენ გიყვარს კახეთიო და წასაკითხად ლეილა ბეროშვილის სცენარი გადმომცა. რომ წავიკითხე, არაფრის შეცვლა არ იყო საჭირო. ისეთი ხასიათები, ფრაზები, ეპიზოდები და მთლიანობაში იმდენად საინტერესო იყო ეს სცენარი, რომ მხოლოდ გადაღება სჭირდებოდა. ფილმს თავიდან ერქვა "ჩემი კახეთი და ჩემი კახელები", მერე - "გოგონა საკერავი მანქანით", ბოლოს კი "სიყვარული ყველას უნდა"”დავარქვით.

ამ ფილმში ისეთი მსახიობები თამაშობენ, რომ ძნელია, საკუთარ თავზე აიღო მათი დახასიათება. გივი ბერიკაშვილი მე როგორ დავახასიათო, ან კახი, ან ბერტა ხაფავა, რომელმაც კოლას მეუღლე არაჩვეულებრივად ითამაშა. არანაკლები ნიჭიერებით გამოირჩეოდნენ მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდები: ლაურა რეხვიაშვილი, დარეჯან ხაჩიძე, ვახო ფანჩულიძე, ტრისტან სარალიძე, ამირან ამირანაშვილი...

მასობრივ სცენებს ჩემი საყვარელი ართანელები ალამაზებენ. ერთხელ ჩამოვიყვანეთ გახმოვანებაზე და დაახლოებით ნახევარი საათი ჩუმად ისხდნენ. რომ ვკითხე მიზეზი, - ერთი სამი ჭიქა დაგვალევინე, რომ გაგვეხსნას ყელი და მერე რასაც გინდა, გავაკეთებთო. ასეც მოვიქეცი და მერე მართლა როგორც საჭირო იყო, ისე გააკეთეს ყველაფერი და იმღერეს კიდეც. სიმღერა ვახსენეთ და, ფილმის კომპოზიტორ სოსო ბარდანაშვილს გავიხსენებ, რომელიც ახლა დიდი წარმატებით მოღვაწეობს ისრაელში.

ცნობილი ვარსკვლავების გარდა, ბევრი არაპროფესიონალიც გადავიღეთ, რომლებმაც დაუვიწყარი სახეები შექმნეს. მაგალითად, წიოკაანთ ქალის როლს შილდელი გულიკო ცირეკიშვილი ასრულებს. პირდაპირ შევთავაზე ეს როლი და ვითამაშებო, დამთანხმდა. როცა გავსინჯეთ, ნამდვილი წიოკაანთ ქალი იყო. ამ პერსონაჟთან დაკავშირებით, ერთი ინციდენტი მოხდა. თუ გახსოვთ, ლექსს რომ უკითხავენ: "ვარკოს ნაცოლარი ხარ, / ბადიაურს დადიხარ, / ვაჭრობ, სპეკულიანტობ, განა გეპატიება? / შენგელიძე მარო, / დროს ატარებ მთქნარებაში / უსაქმური ხარო". ეს შენგელიძე მარო სინამდვილეში შრომის გმირი ყოფილა. დიდი ოჯახი ჰყოლია, შვილები, შვილიშვილები და ფილმი რომ ნახეს, გადაირივნენ. გავიხედე და კინოსტუდიაში ორი ბიჭი მოდის, ორივეს თოფები აქვს გადაკიდებული, ორლულიანი. მე მანქანით გამოვდივარ. გამაჩერეს: უკაცრავად, ჩვენ გიორგი შენგელაიასა და მიშა ჭიაურელს ვეძებთო. ვუთხარი, გიორგი ეგერ არის და მიშა წავიდა-მეთქი. მე მართლა წავედი, გზაში კი გავიგონე თოფის ხმა, მაგრამ როგორც ხედავთ, ყველა გადავრჩით.

კიდევ რაღაცები არ მოსწონდათ კახელებს. ფირებს აგორებდნენ ქუჩებში, ლენტებს წვავდნენ, მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ, დღეს უკვე ყველას უყვარს და მოსწონს ეს ფილმი. მიხვდნენ, ეს დაცინვა კი არა, დიდი სიყვარულით შექმნილი ფილმია.

მეველეების შეყვარებულებს სცენარის მიხედვით ჰყავთ ძმა, რომელიც მძღოლია. სუფრის სცენას ვიღებდით, პაწრო და გივილო, კურდღელასა და მანუცასთან რომ მიდიან... ამ მომენტისთვის მათი ძმის შემსრულებელი არ გვყავდა. გამოვედი იქვე ტრასაზე, გამოიარა, "პაზიკს" რომ ეძახდნენ, პატარა ავტობუსმა. ისეთი მძღოლი იჯდა, - ზორბა, ქერათმიანი, ლურჯთვალება, გაჭედილი იყო კაბინაში. გავაჩერე. გავიცანი, ჯემალ ბურდიაშვილი აღმოჩნდა. გვიჭირს და ფილმში ითამაშებ-მეთქი? რატომაც არაო... მგონი, არაჩვეულებრივად ითამაშა.

უაღრესად ჰარმონიული დამოკიდებულება იყო მსახიობებს შორის. დღემდე ვმეგობრობ მათთან.

ძალიან საინტერესო იყო ერთი სცენა, როდესაც კოლა და ანო იჩხუბებენ. ანოს (ბერტა ხაფავა) კიბე ჩამოუვარდება და სხვენში ჩამოეკიდება. სად ჰქონდა ამდენი ძალა ბერტას, არ ვიცი. მარტო ამ ტრიუკისთვის ეკუთვნოდა ჰონორარი. ასევე ძალიან საინტერესო იყო, როგორ გადმოყარეს პაწრო და გივილო თვითმცლელიდან, "სამასვალს" რომ ეძახიან. ეს ყველაფერი ცოცხლად არის გაკეთებული და ამდენად, დასაფასებელია.

ფილმში არის ასეთი ფრაზა, "რა დროს სიყვარულია ამ გაგანია მუშაობაშიო"... მე მგონია, რომ სიყვარულის დრო სულ არის, როგორც კი იბადები, მაშინვე ჩნდება და როცა ამ ქვეყანას ტოვებ, მაშინაც თან მიგყვება. ეს არის მუდმივი, ამას ვერაფერი შეცვლის.

ეკა სალაღაია

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე