ფრთხილად, "მაგთიმ" სახლ-კარი არ გაგაყიდვინოთ! - კვირის პალიტრა

ფრთხილად, "მაგთიმ" სახლ-კარი არ გაგაყიდვინოთ!

"ამ ყველაფერს თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის?! 10 დღის განმავლობაში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტით ერთი ადამიანი კი არა, მთლიანად რედაქცია არ სარგებლობს..."

ეს ყველა აბონენტმა ყურადღებით უნდა წაიკითხოს

არის ასეთი ფილმი - მისტიკური ტრილერი "მობილური". სიუჟეტის მიხედვით, დაწყევლილი მობილური ტელეფონი თვითნებურად რეკავს სხვადასხვა ნომერზე და ვაი იმას, ვინც ზარს უპასუხებს - რაიმე უბედურება დაემართება. გაგიკვირდებათ და, დაახლოებით ასეთი მისტიკა თბილისშიც შეიძლება მოხდეს. მაგალითად, გაქვთ ტელეფონი, აკონტროლებთ ხარჯებს, მაგრამ უცბად შესაძლოა, თქვენს მობილურს ჯადო”შეეყაროს და სახლ-კარი გაგაყიდვინოთ. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ "მაგთის" აბონენტი ბრძანდებით. მაგალითად, "კვირის პალიტრის" დირექტორს, დავით გიგუაშვილს "მაგთისგან" მიუვიდა შეტყობინება, რომ 10 დღეში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა. დეტალებზე თავად დავით გიგუაშვილი გვესაუბრება:

- დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში "მაგთის" 50-ლარიანი კორპორაციული სააბონენტო პაკეტით ვსარგებლობდი, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ნებისმიერ ქსელზე უფასოდ საუბრის შესაძლებლობა მქონდა,SMS-ი და MMS-ც ულიმიტო იყო და ყოველთვიურად მობილური ინტერნეტისთვის 10 გიგაბაიტიც მერიცხებოდა. ამ ხნის განმავლობაში 50-ლარიანი ლიმიტისთვის არასოდეს გადამიცილებია. თუმცა, მიმდინარე წლის თებერვალში, მას შემდეგ, რაც "მაგთის" კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგვეპარა და მათთან საქმიანი ურთიერთობა შევწყვიტეთ ("პალიტრამედიამ" "მაგთისთან" კორპორაციულ მომსახურებაზე ხელშეკრულება გააუქმა და მთლიანად სხვა ქსელზე გადაპორტირდა), 1.800-ლარიანი დავალიანება "აღმომაჩნდა". "მაგთიდან" გადმოგზავნილ ხარჯთაღრიცხვაში მითითებულია, რომ 18-დან 28 თებერვლის ჩათვლით, ანუ 10 დღის განმავლობაში, 1.800 ლარის ღირებულების მობილური ინტერნეტით ვისარგებლე. გამოდის, 1-დან 18 თებერვლამდე 10 გიგაბაიტი სრულად გამომიყენებია და თვის ბოლომდე კიდევ 1.800 ლარი დამიხარჯავს. რა აბსურდია?! არ ვიცი, ვიცინო თუ ვიტირო. საინტერესოა, "მაგთი" სხვა აბონენტებსაც ასე ექცევა?

- დარწმუნებული ხართ, რომ თებერვალში ლიმიტს არ გადააცილეთ?

- რა თქმა უნდა. ვიმეორებ, წლის განმავლობაში ლიმიტისთვის არასოდეს გადამიჭარბებია. მე სპეციალისტებთან გავიარე კონსულტაცია და მათ ამიხსნეს, რომ 10 დღეში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტი რომ გახარჯო, დღეში მინიმუმ 10-12 საათი ფილმებს უნდა უყურო. ეს კი აბსურდია - მობილურის ინტერნეტს მხოლოდ ფოსტის შემოწმების მიზნით ვიყენებ. სხვათა შორის, "მაგთისთან" ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ, "ჯეოსელზე" დავპორტირდით, სადაც მობილურზე თვეში 5 გიგაბაიტი მერიცხება. ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ 2 გიგაბაიტი დამეხარჯა. არადა, ახლაც იმავენაირად ვიყენებ ინტერნეტს, როგორც ადრე ვიყენებდი.

- "მაგთისგან" განმარტება არ მოითხოვეთ, რა პრინციპით დაითვალეს 10 დღეში 1.800-ლარიანი დავალიანება?

- "მაგთის" მიერ გადმოგზავნილი დოკუმენტების მიხედვით, თურმე ინტერნეტით გვიან ღამითაც ვსარგებლობდი. ეტყობა, "მაგთიმ" ეს დავალიანება პარალელურ სამყაროში აღრიცხა ან ფულის საშოვნელად მისტიკურ ძალებს იყენებს. სამსახურის შემდეგ, ადრე დაძინება და დასვენება ჩემი ცხოვრების წესია. შესაბამისად, ღამის საათებში ინტერნეტი არასოდეს გამომიყენებია და ვიმეორებ - მობილურ ტელეფონში არც ფილმებს ვუყურებ და არც საიტებზე შევდივარ, მხოლოდ ელფოსტას ვამოწმებ. "მაგთის" საპასუხოდ მივწერეთ, რომ 1.800-ლარიან დავალიანებაზე საუბარი აბსურდია, რატომ უნდა გადავიხადო ეს თანხა, როცა ეს ყველაფერი ერთი დიდი ტყუილია და უფრო თაღლითობისა და ფულის გამოძალვის სუნი ასდის?! 10 დღის განმავლობაში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტით ერთი ადამიანი კი არა, მთლიანად რედაქცია არ სარგებლობს. თუ ასე აკეთებს”ბიზნესს "მაგთი", კარგად ყოფილა მისი საქმე.

შოთა ღვედაძე, "პალიტრამედიის" იურისტი: "მაგთის" ქმედება კლასიკური გამოძალვა და მომხმარებლის უფლებების დარღვევაა. "მაგთის" წინააღმდეგ სარჩელი საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში შევიტანეთ, რადგან გიგუაშვილი დარიცხულ დავალიანებას არ ეთანხმება. კომისიის #3 დადგენილების მიხედვით, გაურკვეველ და მიუღებელ მომსახურებაზე საფასურის დარიცხვა დაუშვებელია".

თამთა სტეფნაძე, კომუნიკაციების ომბუდსმენი: "ამ ეტაპზე სრულყოფილი სურათი არ გვაქვს, თუმცა, თავად ფაქტი და ინტერნეტდავალიანების რაოდენობა საეჭვოა. საკითხის შესწავლაში კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის შესაბამისი დეპარტამენტებიც არიან ჩართულნი. თუ დადგინდა, რომ "მაგთიმ" ინტერნეტის გადასახადი მოქალაქეს არასწორად დაარიცხა, კომპანიას საკომპენსაციო ვალდებულებები წარმოეშობა".

ლევან ჟუჟუნაშვილი (IT-სპეციალისტი): "10 დღეში 1.800 ლარის ინტერნეტდავალიანების დაგროვება პრაქტიკულად შეუძლებელია. გამოდის, მომხმარებელი ტელეფონში ყოველდღე 4-5 ფილმს ერთმანეთის მიყოლებით უყურებდა და დღეში 180 ლარს ხარჯავდა. მსგავსი რამ არასოდეს მსმენია იმათგანაც კი, რომელთაც მთელი დღე თავი ტელეფონის ინტერნეტში აქვთ ჩარგული".

"მაგთიკომმა" აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი წერილობით გააკეთა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"შპს "კვირის პალიტრის" სახელზე რიცხულ სააბონენტო ნომერს მომსახურება მიეწოდებოდა შპს "მაგთიკომთან" გაფორმებული კორპორაციული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნულ ნომერს, შპს "კვირის პალიტრის" მოთხოვნით, მინიჭებული ჰქონდა ულიმიტო ნომრის სტატუსი, რაც გულისხმობს იმას, რომ ნომერს არ გააჩნია არანაირი ლიმიტი და მომსახურების საფასურს იხდის შემდგომი გადახდის პრინციპით, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნულ ნომერზე თებერვლის თვეში განხორციელდა პაკეტის შეძენა. 2015 წლის 18 თებერვლისათვის აბონენტმა გადააჭარბა შეძენილი პაკეტით გათვალისწინებულ ინტერნეტმოცულობას და ამოქმედდა ასევე ხელშეკრულებით გათვალისწინებული განსხვავებული ტარიფი.

ჩვენი კომპანიის შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, რომლის შედეგად დადგინდა, რომ მომსახურების მიღებისას ტექნიკურ ხარვეზს ადგილი არ ჰქონია. მიღებული მომსახურების მოცულობა ასევე დადასტურდება ნომრის დეტალური ამონაწერით, რასაც სურვილის შემთხვევაში მივაწვდით უფლებამოსილ პირს. არ შეგვაქვს ეჭვი აბონენტის განცხადებაში, რომ მას მობილურიდან ფილმებისთვის არ უყურებია, მაგრამ იმის გამო, რომ ახალი თაობის ტელეფონები ავტომატურად ახორციელებენ ინფორმაციის განახლებას აპარატში და ტელეფონი ისე უკავშირდება ინტერნეტს და ტვირთავს გარკვეულ ინფორმაციას, რომ აბონენტმა ამაში შესაძლოა მონაწილეობა არ მიიღოს, გროვდება დავალიანება. სმარტფონის მფლობელი აბონენტები ზოგჯერ არ ითვალისწინებენ აღნიშნული ტელეფონების შესაძლებლობებს, რაც დაუსაბუთებელი პრეტენზიების საფუძველი შეიძლება გახდეს".

მოკლედ, "მაგთის" ლოგიკით, ტელეფონმა შესაძლოა თვითნებურად აბონენტს ათასობით ლარის დავალიანება დაარიცხოს და თან ისე, რომ ტელეფონის პატრონმა ეს არ იცოდეს. ანუ დაუსაბუთებელი პრეტენზიები მოქალაქემ ტელეფონს უნდა წაუყენოს და არა "მაგთის", მიუხედავად იმისა, რომ ეს "მისტიკური" ფული ამ კომპანიის სალაროში მიდის.

ჩვენ მაინც დავუკავშირდით დავით გიგუაშვილს. გვაინტერესებდა, რაიმე განსაკუთრებული აპარატი ხომ არ ჰქონდა ან მის ტელეფონს ხელოვნური ინტელექტი ხომ არ განუვითარდა და პატრონის გაკოტრება გადაწყვიტა.

"მაგთის" განცხადება ისეთი აბსურდულია, არ ვიცი, ღირს თუ არა კომენტარის გაკეთება. "აიფონ 6" მაქვს და ვიმეორებ, ერთი წლის განმავლობაში ვიყავი "მაგთის" აბონენტი და ამ ხნის განმავლობაში ჩემმა ტელეფონმა რატომ "აიწყვიტა" მაინცდამაინც მაშინ, როდესაც "მაგთის" კეთილსინდისიერებაში ეჭვი შეგვეპარა და მასთან კონტრაქტი გავწყვიტეთ?! მანამდე ლიმიტისთვის ერთხელაც არ გადამიჭარბებია, 5 ლარითაც კი", - განაცხადა გიგუაშვილმა.

P.S. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ "მაგთიკომი" არასათანადო და მომხმარებლის შეცდომაში შემყვანი რეკლამის განთავსების გამო წერილობით გააფრთხილა და მისი ეთერიდან მოხსნა დააკისრა. აღნიშნული სარეკლამო "ტრიუკის" შესახებ "კვირის პალიტრა" წინა ნომერში წერდა. კომისიის ცნობით, რეკლამაში "მაგთიკომი" მომხმარებელს მომსახურებას სთავაზობს შემდეგი ტექსტით: "17 ივნისიდან საქართველო ციფრულ მაუწყებლობაზე გადავა და გაითიშება ანალოგური მაუწყებლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ თქვენ სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ვეღარ უყურებთ ქართულ ტელეარხებს, ნუ დაელოდებით 17 ივნისს, ჩაერთეთ "მაგთისატში"...

კომისიამ მიიჩნია, რომ "მაგთიკომის" სარეკლამო რგოლი არასათანადოა და შეცდომაში შემყვანია, რადგან სპეციალური ციფრული დეკოდერის გარეშე ქართულ არხებს ვერ უყურებს მოსახლეობის მხოლოდ ის ნაწილი, რომელიც დღეს მაუწყებლობას ღია ეთერით იღებს და ამავე დროს, შედარებით მოძველებული მოდელის ტელევიზორი აქვს. მოსახლეობის იმ ნაწილს კი, რომელიც საკაბელო ოპერატორების მომსახურებით სარგებლობს ან ციფრული სიგნალის მიღების მხარდაჭერით აღჭურვილი თანამედროვე ტელევიზორი აქვს, სპეციალური ციფრული დეკოდერი არ დასჭირდება და 2015 წლის 17 ივნისიდანაც გააგრძელებს ქართული პროგრამების მიღებას.

რუსუდან შელია