"გიგო დიდ გამარჯვებამდე მივიდა..."
15-06-2015
"გიგო დიდ გამარჯვებამდე მივიდა..."
"ეს ბავშვები ღვთის საჩუქრები არიან. უნდა იცნობდე მათ, რომ მიხვდე, როგორი­ თბილი, უშუალო, სიყვარულით სავსე და გულწრფელი ადამიანები არიან"

გიგო შიუკაშვილის წამყვანად მოვ­ლ­ინებამ პოპულარულ პროექტ "X ფაქტორში", მაყურებლის ყურ­ადღება უმალ მიიქცია; გიგომ მთელ საქართველოს მალევე შეაყვარა თავი... როგორი ბავშვი იყო გიგო, როგორ იზრდებოდა და რა სიძნელეების გადალახვა მოუხდა, ამის შესახებ გიგოს დედა, ინგა სარჯველაძე გვესაუბრება:

- გიგო ოცი წლის წინ გამიჩნდა... ძალიან დიდი შოკი და სტრესი იყო ჩემთვის, რადგან არ
ჩანდა ადამიანი, რომელიც დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციას მომაწვდიდა, რაიმეს განმიმარტავდა და დამარიგებდა. ამიტომ მეც მაშინდელი სტერეოტიპების გავლენის ქვეშ ვიყავი (რაც, სამწუხაროდ, დღესდღეობითაც არსებობს). ძალიან გამიმართლა, რომ იმ პერიოდში მოსკოვში­ ვცხოვრობდი და სულ რამდენიმე თვის იყო გიგო, როდესაც აღმოვაჩინე, რომ იქ იყო დაუნის სინდრომის ასოციაცია. პირველად
მაშინ გავიგე, რომ თურმე შესაძლებელია იმუშაო ამ ბავშვების განვითარებაზე და აბსოლუტურად ჩვეულებრივი საზოგადოების წევრები, რეალიზებული ადამიანები გახადო. მოგვიანებით, მოსკოვში ბრიტანული ცენტრი გაიხსნა. ის უნარ-ჩვევები, რაც ხსენებულ ცენტრში შევიძინე, დამეხმარა გავმკლავებოდი სიტუაციას.

- როგორი ბავშვი იყო გიგო?
- გიგოს პატარაობიდანვე უყვარდა­ მიკროფონი და ობიექტივი. ამასთან, ადრ­ეული ასაკიდან ცეკვავდა.

- თბილისში როდის დაბრუნდით?
- გიგო მაშინ 2 წლის იყო. აქ ჩამოვაყალიბეთ დაუნის სინდრომის ასოციაცია.­  იმ პერიოდში ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ერთადერთი ამგვარი დაწესებულება გახლდათ. ქველმოქმედებაზე ვიყავით დამოკიდებული...
3 წლის იყო გიგო, როდესაც საბავშვო ბაღში შევიყვანე. მიზნის მისაღწევად მთავარია, მშობელს ჰქონდეს ინფორმაცია და ზუსტად იცოდეს, რა სურს, რა მიზანს ისახავს და სჯეროდეს თავისი შვილის. ამ ბავშვების განვითარებისთვის ძალიან დიდი შრომა უნდა გასწიო, მაგრამ ეს ყველაფერი ათმაგად გიბ­რუნდება, როდესაც მიზანს აღწევ. კიდევ­ ერთი: მთავარი წამახალისებელი გიგოსთვის იყო ის, რომ მას ჰქონდა საზოგადოებაში ინტეგრირების სრული მზაობა და წახალისება ჩემი მხრიდან.

- ბაღის შემდეგ, სკოლასაც ადვილად შეეგუებოდა!
- თავიდანვე ვერ წავიდა სკოლაში, იმიტომ რომ მაშინ არ არსებობდა ინკლუზია საჯარო სკოლებში. ერთ-ერთმა კერძო სკოლამ კი განაცხადა თანხმობა გიგოს მიღებაზე, მაგრამ მერე, რომ დავფიქრდი, მივხვდი, სკოლა, რომელიც არ იყო მომზადებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვების მისაღებად, ვერ დაგვეხმარებოდა განათლების მიღებაში. ფაქტობრივად, გიგოს უნდა ესწავლა ერთ ადგ­ილზე ჯდომა და ერთ წერტილში ყურება,­ ეს კი ჩემთვის მიუღებელი იყო. ამიტომ წავედი დღის ცენტრში, სადაც ზრუნავდნენ მის განვითარებაზე. პარალელურად, ბავშვთან ყოველთვის ვმუშაობდით, ან მე, ან დამხმარე პედაგოგი. მეექვსე კლასიდან გან­აგრძო სწავლა საჯარო სკოლაში, მაშინ, როდესაც მომზადდა ინკლუზიური პროგრამა. ახლა გიგო უკვე მეთერთმეტე კლასის მოსწავლეა. აქვს ინდივიდუალური პროგ­რამა. მისთვის ეს არ არის მხოლოდ სოც­იალური ადაპტაცია. ეს არის ჩვეულებ­რივი საგანმანათლებლო სივრცე. აქვს დავალებები და შესაბამის ნიშნებსაც იღებს.
სკოლაში სიარულის პარალელურად, 11 წლიდან სცენაზეა. აქვს სამსახიობო ნიჭი. ახლა ერთ-ერთ სტუდიაში დადის. ასევე, სწავლობს სიმღერას, ფანდურის დაკვრას.

- "X ფაქტორში" როგორ მოხვდა?
- ახალ წელს, "ნიჭიერის" დასკვნით კონცერტზე გადაწყდა, რომ ერთ-ერთი სიმღერის ფონად ჟესტების ენაზე დაედოთ ყველანაირი სპეციალური საჭიროების, თუ შეზღუდული უნარების მქონეთა ჯგუფის ცეკვა, რომლებიც ასევე ჟესტების ენაზე განასახიერებდნენ სიმღერას. ამ ჯგუფში გიგო შემთხვევით მოხვდა. მოგვიანებით, გაჩნდა­ იდეა, რომ გიგო წამყვანად მოესინჯათ. ასე შემთხვევით აეწყო ეს ამბები და საბოლოოდ, ძალიან დიდ გამარჯვებამდე მივიდა­. ეს 2 წელი სულ იმას ამბობდა, - ძალიან კარგია მსახიობობა, მაგრამ წამყვანობა უფრო მინდაო.

- დღეს გიგოს ამ პროექტის პოზიტივს­ უწოდებენ.
- რეალურად მას კიდევ ბევრი მუშაობა სჭირდება, ყველაფერი რომ შეინარჩუნოს. მაგრამ დღეს რაც არის, ეს უკვე მნიშვნელოვანი მიღწევაა მისთვის.
ეს ბავშვები ღვთის საჩუქრები არიან. უნდა იცნობდე მათ, რომ მიხვდე, როგორი­ თბილი, უშუალო, სიყვარულით სავსე და გულწრფელი ადამიანები არიან.

- დედმამიშვილები თუ ჰყავს გიგოს?

- არა. მე მარტო ვზრდიდი მას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი დრო სჭირდებოდა მის აღზრდას, თვითონაც ვმუშაობ. უკვე წლებია, საჯარო მოხელე ვარ და საკმაოდ დატვირთული გრაფიკი მაქვს. რეალურად, ერთი მეორეს ხელს არ უშლის.

ეკა სალაღაია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები