"დღემდე აკიმი ვარ" - როგორ იხსენებს ფილმის გადაღებებს პიპინიას "სისხლის მსმელი" - კვირის პალიტრა

"დღემდე აკიმი ვარ" - როგორ იხსენებს ფილმის გადაღებებს პიპინიას "სისხლის მსმელი"

"კვირის პალიტრის" არქივი, 2015 წელი

"გახსოვთ, ალბათ, სახელოსნოში რომ შევრბივარ აგულისთან და მე და მამა ვმუშაობთ-მეთქი, ვყვირი. ამ დროს სახელოსნოში იყო ქალბატონი გულია, რომელიც გრიმს გვიკეთებდა. გამოვაცხადე, სანამ გულია არ გავა, არ ჩავიხდი-მეთქი! გავიდა და მერე ყველა დუბლი გადავიღეთ"

"გახსენდებათ, პიპინია წამალს რომ სვამს და მე ბალიშს ვესვრი? ეს სცენა ჩემი ცელქობის შედეგია. ვასილ ჩხაიძე ჩემმა მოულოდნელმა საქციელმა არ დააბნია და კადრი ფილმში შევიდა, მაგრამ გავაგიჟე კაცი"

საქართველოში ყველა ცელქ ბავშვს ფილმ "არაჩვეულებრივი გამოფენის" პერსონაჟის, ერისთავების "დამაქცეველი" აკიმის სიყვარულით აკიმს უწოდებენ. ჯაბა წულაძე აკიმის როლზე რომ გადაიღეს, 6 წლის იყო, ახლა 53 წლისაა და დღემდე დაჰყვება აკიმის ჩრდილი, რომელმაც მთელი ცხოვრება გაულამაზა.

ჯაბა წულაძეს კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სკვერში შევხვდით. იქვე, პატარა კაფეს მეპატრონეა, რომელიც ახლა გაქირავებული აქვს.

- ამ ბაღში მანქანის მისაბმელი მედგა, სამზარეულოსავით მქონდა მოწყობილი და ხან ბლინებს ვაცხობდი, ხან - სენდვიჩებს. ჩემზე გემრიელ ბლინებს საქართველოში ვერავინ ამზადებს. ამიტომაც მალე გავითქვი სახელი. უცხოეთიდან რომ დავბრუნდი, ამ საქმეს მოვკიდე ხელი. მითხრეს, ბაღის იერსახე უნდა შევცვალოთ, გავალამაზოთ და თუ შეგიძლია, ააშენე რამეო. მეც ავაშენე პატარა კაფე.

- როგორ გახდით ერისთავების "დამაქცეველი" აკიმი?

- ელდარ შენგელაია შინ სტუმრად გვეწვია და რომ დაინახა, ასეთი ცელქი ვიყავი, ჩემებს სთხოვა, ეს ბავშვი ფილმში მინდა გადავიღოო. ხელფასიც კი ავიღე, თუ სწორად მახსოვს, 1.200 მანეთი. თანაც, მოვითხოვე ხუთი კილო კოწახური, ხუთი კილო "დათუნია", კოპლებიანი ბურთი, ბუშტები და ნაყინი. ფილმისთვის თმა შავად შემიღებეს. თუ გახსოვთ სცენა, სადაც პიპინია წამალს სვამს და მე ბალიშს ვესვრი... ეს სცენა ჩემი ცელქობის შედეგია. ვასილ ჩხაიძე ჩემმა მოულოდნელმა საქციელმა არ დააბნია და კადრი ფილმში შევიდა, მაგრამ გავაგიჟე კაცი. პიპინიას სისხლს ვუშრობდი, ამიტომაც ეძახიან დღემდე ყველა ცელქ ბავშვს აკიმს.

ბათუმში გადავიღეთ ის კადრები, მთელი ოჯახი კაფეში რომ ვართ და ვალოდია ჯინჭარაძე მოდის ჩვენს სუფრასთან. რომ დაიძახებდნენ: "ოპერატორ გატოვ!" - მაშინ უნდა ჩამეკბიჩა ხაჭაპური, მე კი ადრე ვიწყებდი ჭამას და გადაღების დროს ვაცხადებდი, არ მშია-მეთქი! ასე მოხდა, ერთ დღეს, მეორე დღეს... მერე აგული, გურამ ლორთქიფანიძე, მოვიდა და მითხრა: რა გინდა, შვილო, მითხარი და შეგისრულებ, ოღონდ ახლა ეს ხაჭაპური შეჭამეო. არც ვაციე, არც ვაცხელე და - 50 ნაყინი-მეთქი. წავიდა, მიყიდა და მერე მეც გავაკეთე, რაც მევალებოდა. ძAალიან ჯიუტი ვიყავი.

გახსოვთ, ალბათ, სახელოსნოში რომ შევრბივარ აგულისთან და მე და მამა ვმუშაობთ-მეთქი, ვყვირი. ამ დროს სახელოსნოში იყო ქალბატონი გულია, რომელიც გრიმს გვიკეთებდა. გამოვაცხადე, სანამ გულია არ გავა, არ ჩავიხდი-მეთქი! გავიდა და მერე ყველა დუბლი გადავიღეთ.

ავტომობილი მყავს, რომლის სერია და ნომერი არის AK100IM. ამას წინათ, ჭავჭავაძეზე ვდგავარ შუქნიშანთან ჩემი პატარა რენო Twigo-თი და ამომიდგა გაპრანჭული გოგონა X5-ით. გამომხედა, გამიღიმა და მეკითხება, ნომერს ვერ გამიცვლითო? რატომ-მეთქი, ვკითხე. ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი და დღემდე აკიმს მეძახიანო. ვუთხარი, ის აკიმი მე ვარ-მეთქი. სხვათა შორის, ამ ნომრის ასაღებად რომ მივედი, ვიღაც კახელს მიჰქონდა. ვთხოვე, დამითმე-მეთქი. რას ამბობ, ამ ნომერს იმ ბავშვის სიყვარულით ვიღებ, ვინც აკიმს თამაშობსო. რომ გაიგო, მე ვიყავი, დამითმო.

- თქვენს ეკრანულ ძმებზე თუ იცით რამე?

- 1992 წელია. ნაბახუსევი ვარ და ელ-დეპოს ცნობილი ხინკლის საჭმემელად მივდივარ ნაძალადევში. რეიდი დამხვდა. გამაჩერეს. რას ვიზამდი, გადმოვედი და ხან ვინ ვუხსენე პოლიციელებს, ხან - ვინ, აკიმი ვარ-მეთქი, ფრანგული პასპორტიც ვაჩვენე, მაგრამ არაფერმა გაჭრა. არ გვაინტერესებს, ვინც გინდა, ის იყავიო. რომ აღარაფერმა გაჭრა, ის იყო, გინებას ვაპირებდი და ერთმა გამაჩერა: არ გაბედო! ვერ მიცანი, ბიჭო, შენი უფროსი ძმა ვარ, ცოტნეო. რეიდიდან მოხსნა ორი თანამშრომელი და გამაცილეს ესკორტით. ახლა ვეღარ ვპოულობ. თუ წაიკითხავს ამ ინტერვიუს, ძალიან მინდა, დამიკავშირდეს.

თორნიკეს როლს ჩემი ძმა გელა წულაძე ასრულებს, რომელიც ახლა ბათუმში ცხოვრობს. დანარჩენი ორი ძმის შესახებ არაფერი ვიცი...

გადაღებებზე ლედი წულაძეს დავყავდი, ბაადურ წულაძის დას. ჩვენი ნათესავია. არაჩვეულებრივი კაცი იყო დოდო აბაშიძე, ძალიან ხალისიანი, სულ მახსოვს მისი შემოსვლა გადასაღებ მოედანზე. აგული გვერდიდან არ მიცილებდა. ძალიან თბილი ადამიანი იყო. როცა გავიზარდე, მერეც ხშირად ვხვდებოდით ერთმანეთს. სიკვდილამდე სამი დღით ადრე დამირეკა, რესტორანში ვარ და გამიხარდება, თუ მოხვალო. ჩემი თავისთვის ვერ მიპატიებია, რომ არ მივედი. ძალიან მაკლია ლორთქია...

- ამ ფილმის შემდეგ როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება?

- 1977 წელს, 14 წლისას მამა გარდამეცვალა. მომდევნო წელს კი მე და ჩემი უფროსი ძმა დედასთან ერთად საფრანგეთში წავედით საცხოვრებლად.

- მაშინ ასე ადვილად ვინ მიდიოდა რკინის ფარდის მიღმა საცხოვრებლად?

- მე ფრანგი დედა მყავს. დღეს 93 წლისაა. მამაჩემი, სერგი წულაძე, ვასილ წულაძის შვილი იყო. ვასილი ჟორდანიას მთავრობას გაჰყვა საფრანგეთში. მამა იყო ფსიქიატრი, ფსიქოლოგი, მწერალთა კავშირის წევრი, "ვეფხისტყაოსანი" თარგმნა ფრანგულად... მამამ პარიზში გაიცნო დედა და საქართველოში რომ დაბრუნდა, ფრანგი ცოლიც წამოიყვანა, მაგრამ მამას გარდაცვალების შემდეგ დედამ აქ ვეღარ გაძლო...

1985 წელს დავბრუნდი საქართველოში. 1997 წელს ვიქორწინე. მერე მე და ჩემი პირველი მეუღლე დავშორდით. ახლა მყავს მეორე მეუღლე, გვანცა თამარაშვილი. ანსამბლ "ლახტის" წევრი იყო. ჩემს დისშვილთან, მომღერალ ნიაზ დიასამიძესთან გავიცანი სტუდიაში და უკვე 13 წელია, ერთად ბედნიერები ვართ. ორი აკიმი უკვე გვყავს და ახლა გოგო გვინდა - აკიმა.

საფრანგეთში წელიწად-ნახევრის განმავლობაში ვსწავლობდი ვერსალის სკოლაში, მებაღეობას დავეუფლე, მაგრამ აქ ამ პროფესიით სად ვიშოვი სამსახურს?! თუ კანონებისა და შრომის კოდექსების შესწავლა არ მომთხოვეს და ისე დამასაქმეს "გამწვანებაში", დარწმუნებული ვარ, მარტო მე არ ვისიამოვნებ ამ სამუშაოთი.

კულინარიასაც საფრანგეთში დავეუფლე. კაფე გვქონდა პარიზში მე და ჩემს მეგობრებს. ამ საქმეში 18-წლიანი გამოცდილება მაქვს, თუმცა, დიპლომიანი კულინარი არ გახლავართ.

- კინოსთან აღარ გქონიათ კავშირი?

- მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდური როლი ვითამაშე, ეგ არის და ეგ.

სერგი წულაძე

მწერალი, მთარგმნელი, მეცნიერი სერგი წულაძე 1917 წელს დაიბადა. 1921 წელს, საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, ემიგრაციაში წასულ მამას თან გაჰყვა. პირველ ხანებში სტამბოლში, შემდეგ კი პარიზში ცხოვრობდა. 1939 წელს სერგი წულაძემ დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის ფილოსოფია-ფსიქოლოგიის ფაკულტეტი, ხოლო 1947 წელს ამავე უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. 1951 წელს მიიღო სორბონის უნივერსიტეტის მედიცინის დოქტორის ხარისხი. ამავე წელს მან ცოლად შეირთო ფრანგი მადლენ ვერდო.

1958 წელს სერგი წულაძე ოჯახთან ერთად თბილისში დაბრუნდა. მუშაობდა ჯერ დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, ხოლო 1961 წლიდან გარდაცვალებამდე - მ. ასათიანის სახელობის ფსიქიატრიის ინსტიტუტში.

გარდა მედიცინისა, სერგი წულაძე აქტიურად იყო დაკავებული მთარგმნელობითი საქმიანობით. "ვეფხისტყაოსნის" წულაძისეული თარგმანი აღიარებული და სათანადოდ დაფასებულია როგორც საქართველოს, ასევე საფრანგეთის აკადემიურ წრეებში. ამ სამუშაოსთვის მას საფრანგეთის აკადემიის უაღრესად პრესტიჟული, ლანგლუას სახელობის პრემია მიენიჭა. "ვეფხისტყაოსნის" გარდა, სერგი წულაძემ თარგმნა იაკობ ცურტაველის "შუშანიკის წამება", იოანე საბანისძის”"აბო თბილელის მარტვილობა", ჩახრუხაძის "თამარიანის" ნაწყვეტები. ასევე ნიკოლოზ ბარათაშვილის, ირაკლი აბაშიძის, გიორგი ლეონიძის, გალაკტიონ ტაბიძისა და სხვა ქართველ პოეტთა ლექსები.

სერგი წულაძე 1977 წელს, 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ეკა სალაღაია