ვინ ააშენა ავლაბრის არალეგალური სტამბა
15-06-2015
ვინ ააშენა ავლაბრის არალეგალური სტამბა
ერთი ვერსიით, ავლაბრის მიწისქვეშა სტამბაში ტერორისტული აქტების ჩასადენად ხელყუმბარებს ამზადებდნენ

"ამ დროს სტალინი სასჯელს იხდიდა ქუთაისის ციხეში, ანუ სტამბას ის ვერ ააშენებდა"


1937 წლის 20 აგვისტო. თბილისი,  კასპის ქუჩა N#7. ავლაბრის რესტავრირებული­ ბოლშევიკური არალეგალური სტამბის მუზეუმის გახსნაზე უამრავმა ადამიანმა­ მოიყ­არა­ თავი. ერთი დღით ადრე თბილ­ისის საქალაქო კომიტეტისა და საბჭოს გაზეთის რედაქცია გაზეთ "მუშასა"“და "Вечерний Тбилиси"-ს საღებავშეუმშრალი ფურცლებიდან იუწყებოდა: "ხვალ შესდგება ავლაბრის რესტავრირებული ბოლშევიკური არალეგალური სტამბის გახსნა, რომელიც მოწყობილი იყო და
მუშაობდა დიდი სტალინის ხელმძღვანელობით 1904-1906 წლებში".“


მუზეუმის მცველი

ავლაბრის არალეგალურ სტამბას კითხვა-კითხვით მივაგენი. შუახნის მამაკაცი­ მეგებება. სოსო გაგოშვილი, წლებია, მუზე­უმის დარაჯისა და გიდის ფუნქციებს ითავსებს.

-  ბოლშევიკებმა ეს სტამბა ახალგაზრდა­ სტალინის მეთაურობით გააკეთეს. სტამბის თავზე აშენებულ სახლში როსტომაშვილების ოჯახი ცხოვრობდა. ისე გაითხარა ამ სახლის ქვემოთ
ოთახი და დაიდგა საბეჭდი მანქანა, რომ მეზობლებმა ვერაფერი გაიგეს. ასოთამწყობები ამავდროულად პროკლამაციების გამავრცელებლებიც იყვნენ, დაბეჭდილ მასალას პალტოების შიგნით იკერებდნენ და ისე გაჰქონდათ. სტამბაში პროკლამაციები სამ ენაზე - ქართულად, აზერბაიჯანულად და სომხურად იბეჭდებოდა.

- როგორ გახმაურდა საიდუმლო ობიექტის არსებობა?

- აგენტების მეშვეობით. როდესაც როსტომაშვილების ბინა გაჩხრიკეს, საეჭვო­ ვერაფერი ნახეს. მერე ჭაში ჩაუხედავს ერთ-ერთ ჟანდარმს. რომ ვერაფერი დაუნახავს, ცეცხლმოკიდებული ქაღალდი ჩაუგდია. ნიავმა ანთებული ქაღალდი გვირაბში შეაგდო და ცეცხლი გაქრა. ასე აღმოაჩინეს საიდუმლო მიწისქვეშა სტამბა, რომელიც გვირაბით უერთდებოდა ჭას. სტამბა ააფეთქეს, როსტომაშვილების ოჯახი კი ციმბ­ირში გადაასახლეს.

როგორც სოსო გაგოშვილი მეუბნება, კომუნისტების დროს სახლს, ყოველწლიურად არემონტებდნენ. აქ მრავლად ნახავთ სტალინისა და ლენინის ფოტოებს. ოთახის ცენტრში ძველი, მაგრამ კარგად შენახული საბეჭდი დაზგა დგას.
- სანამ სტამბაში გერმანულ დაზგას ჩამოიტანდნენ, პროკლამაციებს ამით ბეჭდავდნენ. შემდეგ დიდი საბეჭდი დანადგარი დადგეს. აი, ამ„"კუშეტკაზე" ეძინა სამი წლის განმავლობაში ახალგაზრდა სტალინს­. ნახეთ, კედლები რა დღეშია! წვიმა ჩამოდის და ყველაფერს ანადგურებს.
საბედნიეროდ, შენობა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას გად­აეცა და უახლოეს პერიოდში რესტავრაცია ჩაუტარდება...

რკინის დახვეული კიბით საიდუმლო სტამბაში ჩავდივართ. დაახლოებით ხუთი მეტრი სიგანისა და ათი მეტრი სიგრძის თაღოვანი ოთახის ცენტრში არცთუ ისე დიდი, დაჟანგული საბეჭდი დაზგა დგას. იგი გერმანიაში 1893 წელს არის გამოშვებული.

... სულ სხვა ისტორია

განსხვავებულ ისტორიას გვიყვება საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორი­ის მკვლევარი ირაკლი ხვადაგიანი. ირკვევა, რომ 1937 წელს კომუნისტების აღდგენილ სტამბას სტალინთან არაფერი აქვს საერთო.

ირაკლი ხვადაგიანი: - ეს სტამბა 1903 წელს აშენდა, როცა ბოლშევიკი და მენშევიკი არ არსებობდა. სტამბის დაარსების მოთავეები იყვნენ დათიკო როსტომაშვილი, ნიკო ბოჭორიძე, დურგალი ძმები ჩოდრიშვილები, კალატოზი რევოლუციონერი ძმები სოლოღაშვილები. სამი ყველაზე­ საინტერესო პიროვნება, რომლებიც სტამბის­ დაარსებიდან ბოლომდე, სამი წლის განმავლობაში მუშაობდნენ ტრანსპორტიორებად და ლიტერატორებად, იყვნენ მანასე­ გოგუაძე, გიგო ლელაშვილი და ლადო დუმბაძე. ამ სტამბის გაკეთების იდეა მოუვიდა მიხეილ ბოჭორიძეს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კონსპირატორი იყო სოციალ-დემოკრატებს შორის. ამ დროს სტალინი სასჯელს იხდიდა ქუთაისის ციხეში, ანუ სტამბას ის ვერ ააშენებდა.

მას შემდეგ, რაც განხეთქილება მოხდა ბოლშევიკებსა და მენშევიკებს შორის, ჯგუფის­ რამდენიმე წევრი, რომლებიც სტამბის მშენებლობაში მონაწილეობდნენ, ბოლშევიკების მხარეს აღმოჩნდა. 1905 წლის ოქტომბერში, როდესაც "მანიფესტი" გამოვიდა, რომელმაც დაუშვა სიტყვის თავისუფლება, უკვე აღარ იყო აუცილებელი, იატა­კქვეშეთში ებეჭდათ პროკლამაციები და სტამბაც გააჩერეს.

1906 წელს სტამბიდან გაიტანეს საბეჭდი დანადგარი, იმ ოთახში კი განთავსდა ჯგუფი, რომელიც ქუჩის ბრძოლებისთვის ემზადებოდა. ჟანდარმერიამ ამ ჯგუფში ჩანერგა თავისი კაცი, რომელმაც მოახერხა­ ტერორისტებთან დაახლოება და ნდობის მოპოვება. სწორედ მან გაამ­ჟღავნა ინფორმაცია, რომ აქ ხელყუმბარებს ამზადებდნენ.

მაშინ აღმოჩინა ჟანდარმერიამ ძველი იატაკ­ქვეშა სტამბაც, რომელიც ჯერ დაწვეს, შემდეგ ააფეთქეს.
1937 წელს სწორედ ეს ადგილი აღადგინეს. რაც შეეხება დანადგარს, რომელიც ამჟამად დგას სტამბაში, ზუსტად ის არის, რითაც 1903-1906 წლებში ბეჭდავდნენ პროკლამაციებს. სტამბის აფეთქებამდე დანადგარი სამხედრო შტაბის სტამბაში გადაიტანეს, სტამბის მუზეუმად გადაკეთების შემდეგ კი უკან დააბრუნეს.
ვცდილობთ, იმ ინფორმატორის ვინაობა­ დავადგინოთ, ვინც ის ჯგუფი გასცა, რომელიც ტერორისტული აქტების ჩასადენად ემზადებოდა. არსებობს ვერსია, რომ ეს ადამიანი გიორგი გურჯიევი უნდა ყოფილიყო, რომელიც თბილისში ცხოვრობდა და ახლოს იყო რევოლუციურ მოძრაობასთან.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ "პალიტრა TV“-ზე
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით