"კაპურმა მითხრა, თქვენი ჭაჭა ბომბიაო" - ბოლივუდის პროდიუსერი საქართველოდან
15-06-2015
"კაპურმა მითხრა, თქვენი ჭაჭა ბომბიაო"  - ბოლივუდის პროდიუსერი საქართველოდან
ბოლივუდის ქართველი პროდიუსერი

ჩვენი რესპონდენტი ლეილა საფოევა წლების წინ თბილისის 160-ე სკოლაში სწავლობდა. როგორც ყველა თანატოლს, ლეილასაც ჰქონდა სანუკვარი ოცნება: ინდური ფილმები უყვარდა და ინდოელ მსახიობებთან შეხვედრაზე ოცნებობდა. ეს იყო შორეულ 80-იან წლებში. დღეს ლეილა საფოევა ბოლივუდში ცნობილი პროდიუსერია.

ლეილა საფოევა: - ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ინდური ფილმები, განსაკუთრებით სიმღერები მომწონდა. ამისთვის თანაკლასელები სულ მეხუმრებოდნენ ხოლმე. ინდოელი მსახიობებიდან გამორჩეულად ამითაბჰ ბაჩანი მიყვარდა და სწორედ ამიტომ მეტსახელად "ბაჩანა" დამარქვეს. მეცხრე კლასში მოსკოვიდან
ინდური ენის თვითმასწავლებელი გამოვიწერე და მეგობრებთან ერთად ენის შესწავლას შევუდექი: სამნი ვიყავით. მე, თინა წიქარიძე და ირა სააკიანი. ჩემი ამბავი მოგეხსენებათ, ირა და თინაც ინდოეთში საქმიანობენ, ორივე მულტიპლიკატორია.

სკოლის დამთავრების შემდეგ მოსკოვის უცხო ენათა ინსტიტუტში ჩავაბარე, აზიისა და აფრიკის ფაკულტეტზე. სტუდენტი რომ გავხდი, იმ წელს
ჩატარდა ინდური კინოს ფესტივალი მოსკოვში, ამას მოჰყვა საბჭოთა კავშირის დღეები ინდოეთში. მე ამ პროექტებზე თარჯიმნად ვმუშაობდი. როგორც ამბობენ, ჩემთვის გაისროლა "ავრორამ", სტუდენტობა და მუშაობა ერთდროულად დავიწყე. მოგვიანებით, გორკისა და რაჯ კაპურის კინოსტუდიებმა ერთობლივი ფილმი გადაიღეს, რომელშიც ინდოელ ვარსკვლავებთან ერთად ჩვენი ქართველი მსახიობებიც მონაწილეობდნენ: ზურაბ ქაფიანიძე, აბესალომ ლორია, არიადნა შენგელაია... მახსოვს,
გადაღებების შემდეგ იალტის ერთ-ერთ რესტორანში მე და ზურაბ ქაფიანიძე ინდოელებს "შალახოს" ცეკვას ვასწავლიდით.

ამის შემდეგ კინოფესტივალზე მიგვიწვიეს, სადაც ბევრი ინდოელი მსახიობი გავიცანი. მერე ისე მოხდა, რომ ამითაბჰ ბაჩანმა ინდოეთში გადაღებაზე წამიყვანა. გოაში "მის გოა" ტარდებოდა, სადაც იგი საპატიო სტუმრად იყო მიწვეული. ბოლივუდში 1998 წლიდან ვმუშაობ.

სულ ვოცნებობდი, როდის გადაიღებდნენ ინდოელები და ქართველები ერთობლივ პროექტს. სხვათა შორის, ავთო ვარსიმაშვილის ფილმის, "ყველაფერი კარგად იქნება" ლაინ-პროდიუსერი ვიყავი, როგორც იტყვიან, ხიდი გავდეთ. ჯერ ქართული ფილმი გადავიღეთ ინდოეთში და მერე ინდოელები ჩამოვიდნენ აქეთ. ახლაც ჩამოდის კიდევ ორი ინდური ჯგუფი საქართველოში. გადაღებები რაჭაში, ბათუმსა და თბილისში ექნებათ.

- რა განსხვავებას პოულობთ ინდურისა და სხვა ქვეყნების ფილმების შედარებისას?

- ინდოეთში ცხოვრება სხვანაირია, უფრო დაძაბული, ამიტომ კინოს სამყაროში რომ შედიხარ, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს ზღაპარში ხვდები. მაგრამ, თუ დაუკვირდებით, ბოლო დროს ისეთ ფილმებს იღებენ, რომლებიც უფრო ახლოსაა რეალობასთან.

ინდურ ფილმს რომ უყურებ, იქაურ ჩაცმულობას, პეიზაჟებსა და ცეკვა-სიმღერებს, უფრო ლაღდები, გონებრივად ისვენებ. ხანდახან კი არის მიამიტი ისტორიები, მაგრამ, თუ ინდოეთში არ გიცხოვრია, ამას ვერ მიხვდები.
ახლახან ინდოეთის ძალიან ღრმა სოფლებში ვიყავი გადაღებებზე და იქაური ხალხი უფრო ახლოს გავიცანი. მართლაც ისე ცხოვრობენ, როგორც ფილმების პერსონაჟები.

- რას გულისხმობთ?
- მშობლების დიდი ხათრი აქვთ, არც სვამენ, არც ეწევიან, ბატონობით ელაპარაკებიან უფროსებს. მდიდარი კულტურის ტრადიციული ხალხია, მიუხედავად იმისა, რომ ღარიბები არიან.

- ყოველწლიურად რამდენ ფილმს იღებენ ინდოეთში?
- დაახლოებით 1 000 ფილმს. ხშირად უკითხავთ, რატომ იღებენ ინდოელები ფილმებს მუსიკისა და ცეკვების თანხლებით, ხალხი ხომ სინამდვილეში ასე არ ცეკვავს და მღერის ყოველდღიურობაში. ამაზე ინდოელმა კინემატოგრაფისტებმა უპასუხეს: ამ ფილმებით იმ ფენის ხალხს ვაძლევთ საოცნებოს, რომლებიც ღარიბები არიან, გვინდა, მათ სიამოვნება მივანიჭოთო.

- აიშვარია რაისთან ან სხვა ცნობილ მსახიობებთან ურთიერთობის საშუალება თუ გქონიათ?

- ბევრჯერ შევხვედრივარ აიშვარია რაის. ის გამორჩეულია როგორც გარეგნობით, ისე უშუალობით. მისი მამამთილი, ამითაბჰ ბაჩანიც, არაჩვეულებრივი პიროვნებაა, დღემდე ძალიან მაღალია მისი რეიტინგი ინდოეთში. პრემიერ-მინისტრის სიტყვას არა აქვს იმხელა ძალა, რამხელაც ბაჩანის სიტყვასა და ავტორიტეტს. ერთხელ ჩვილი ბავშვებისთვის უნდა გაეკეთებინათ აცრა. პრემიერ-მინისტრმა ტელევიზიით მოუწოდა ყველა დედას და აუწყა, რომ ეს კარგი და საჭირო საქმე იყო. მომდევნო დღეს მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მივიდა აცრებზე, მაგრამ, როგორც კი ბაჩანი გამოვიდა იმავე მოწოდებით ტელეეთერში, მოსახლეობის 80%-მა ჩაიტარა აცრა.
რაჯ კაპურსაც კარგად ვიცნობდი, შაში კაპურსაც. ერთხელ მას ჭაჭის არაყიც ჩამოვუტანე საჩუქრად. ეჭვით მკითხა, ტეკილაზე მაგარი იქნებაო? გასინჯეთ და მიხვდებით-მეთქი. მას შემდეგ რომ შემხვდებოდა, მეტყოდა, არაყი კი არა, ბომბი იყოო.

ყველა ამ ადამიანს თავისი ადგილი უჭირავს ჩემს ცხოვრებაში. არ დამავიწყდება მათი თანადგომა აგვისტოს ომის დროს. მაშინ ინდოეთში ვიყავი და ყველა სათითაოდ მირეკავდა და მამხნევებდა: ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნებაო.

შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი სამუშაო დიდ ბედნიერებას მანიჭებს.

ეკა სალაღაია

გელა გარაყანიძე
16 ივნისი 2015 00:34
60-იანი წლების დასაწყისში, ჩემს ბავშვობაში, ბიჭებისთვის ორი უცხოელი მსახიობი იყო პოპულარული - ჩარლი ჩაპლინი და რაჯ კაპური... მოგვიანებით დაემატათ მათ ლუი დე ფიუნესი...

რედაქტორის რჩევით