ქართული მხატვრობა - შენი ისტორიის კვალდაკვალ - კვირის პალიტრა

ქართული მხატვრობა - შენი ისტორიის კვალდაკვალ

ქვეყნის კულტურისა და ხელოვნების განვითარებისთვის აუცილებელია მომავალ თაობას ესთეტიკური კრიტერიუმების ჩამოყალიბებაში ხელი შევუწყოთ, რაც პირველ რიგში, ახალგაზრდების ხელოვნებით დაინტერესებას გულისხმობს - ისინი სწორედ ამის საფუძველზე ჩამოყალიბდებიან ხელოვნების ნიმუშების მომხმარებლებად, კარგ შემფასებლებად და უკეთეს შემთხვევაში, ხელოვნების "პროდუქტების" შემქმნელებად. ხელოვნება ქვეყნის სავიზიტო ბარათი და მისი წარმომავლობისა და ისტორიის ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელია. საქართველო თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე პერიოდულად აღმოსავლურ თუ დასავლურ ცივილიზაციათა გავლენის სფეროში ექცეოდა, საზრდოობდა მათი მიღწევებით და საკუთარ მდიდარ ტრადიციებთან სინთეზში ქმნიდა თვითმყოფად ნაციონალურ კულტურას, რომელშიც ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს სახვითი ხელოვნება ასრულებდა.

ქართული მხატვრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას "პალიტრა  L"-მა ყველა თაობისთვის აქტუალური გამოცემის "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" მე-9 ტომში მოუყარა თავი, რომელიც "კვირის პალიტრასთან" ერთად 15 ივნისს გამოვიდა.

წიგნების ეს სერია დიდი ხანია საზოგადოებაში წარმოუდგენელი პოპულარობით სარგებლობს. შეგახსენებთ, "საქართველოს ილუსტრირებული ისტორიის" პირველი ტომი თამარის მეფობას მიეძღვნა, შემდეგ იყო "თბილისის ისტორია", "ომი და მეომრები", "ფარნავაზ მეფე" და სხვა. ამჯერად კი გამოცემაში ქართველ გენიალურ და მსოფლიო მნიშვნელობის მხატვრებზე, მათ შემოქმედებასა და განვითარების ეტაპებზე დეტალურად შეიტყობთ. რაც მთავარია, წიგნში ილუსტრაციები, მოცულობითი, მოზაიკური კოლაჟებია, რომლებიც ძველი ფოტოებისგან, ნახატებისა და ისტორიული არქივებისგან არის შედგენილი. გამოცემის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც, ალბათ, დახვეწილი და მრავლისმთქმელი ილუსტრაციებია - ვიზუალური და ვერბალური ნარატივის ერთობლიობა მკითხველს წიგნში წარმოდგენილი სამყაროს აღქმაში მაქსიმალურად ეხმარება.

გიგო გაბაშვილი, ქართული მხატვრული ფოტოგრაფიის ფუძემდებელი. "ბაზარი სამარყანდში". მხატვარი ქმნის დინამიკურ, ხმაურიან, სივრცეში გაშლილ გარემოს, რომელშიც სხვადასხვა ხასიათის მოვლენაა ასახული. კომპოზიციის ჰარმონიული მთლიანობა ფერადოვანი გადაწყვეტისა და სასურათე სიბრტყეზე გამოსახულებათა რიტმული მონაცვლეობით იქმნება.

ქეთევან მაღალაშვილი. იაკობ ნიკოლაძის პორტრეტი. 1922 წ. ტილო, ზეთი. 105X69 ქეთევან მაღალაშვილი (1894-1973) ერთ-ერთია იმ ქართველ მხატვართაგან, რომლებიც გარკვეულ პერიოდში პარიზში მოღვაწეობდნენ. მხატვარი, ძირითადად, პორტრეტებს ქმნიდა, რომლებშიც მეტყველად არის ასახული ადამიანთა ხასიათი და მათ მიმართ ავტორის კეთილგანწყობა.

შალვა ქიქოძე. უდროოდ დაღუპული მეგობრის მოსაგონებლად. ავტოპორტრეტი. 1920 წ. ტილო, ზეთი. 96X101

შალვა ქიქოძე (1894-1921) სრულიად ახალგაზრდა გარდაიცვალა საფრანგეთში. მის შემოქმედებაში უფრო მეტად დამახასიათებელია იმპრესიონიზმის, სიმბოლიზმისა და მოდერნის ნიშნები.

ფერწერული ხატების ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ნიმუში წილკნის ღვთისმშობლის ხატია, რომელიც IX საუკუნეში, ენკაუსტიკის ტექნიკაშია შესრულებული. ხატზე ღვთისმშობელია წარმოდგენილი, მთავარანგელოზების გამოსახულებით ორივე მხარეს. ოსტატი მკვეთრი კონტურული ნახატით ქმნის ფიგურათა ფორმებს, განსაკუთრებულ ყურადღებას გადიდებული, ნუშისებური ფორმის თვალები და ღაწვებსა და შუბლზე, ასევე კისერზე დადებული ვარდისფერი ლაქები იპყრობს.