მიშველეთ ექიმო, იხვი დამდევს!.. - კვირის პალიტრა

მიშველეთ ექიმო, იხვი დამდევს!..

მსოფლიოში ბევრი უცნაური ფობიაა გავრცელებული, მაგრამ სპეციალისტები თანხმდებიან, რომ ყველაზე ამოუხსნელი შემდეგი ფობიაა - ადამიანს ეჩვენება, რომ იხვი უთვალთვალებს. ეს უცნაური შიშები "მაგთის" განცხადებამ გამახსენა (იხ. პირველი გვერდი). იგივე განცხადება გამოაქვეყნა "მაგთიმ" სხვა გაზეთებშიც - რჩება შთაბეჭდილება, რომ კომპანიის ხელმძღვანელებს "პალიტრა TV"-ს ფობია აქვთ და ეჩვენებათ: მედიაში, მათ შორის სოციალურ მედიაში, გასული ნებისმიერი უარყოფითი ინფორმაცია "მაგთის" შესახებ უკავშირდება ამ ტელევიზიას. მაგალითად, ორი კვირის წინ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნდა სტატია იმის შესახებ, რომ ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით "მაგთის" სარეკლამო რგოლებით მომხმარებელი შეცდომაში შეჰყავდა.

იმავე დასკვნამდე მივიდა კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია და "მაგთის" ამ რეკლამის ტელეეთერებიდან მოხსნა დაავალა. რა შუაშია აქ "პალიტრა TV"?! ან ის, რომ რამდენიმე ხნის წინ "მაგთიმ" საჯარო უწყებების თანამშრომლებს კორპორაციული ანგარიშები "გაუნულა" და მას შემდეგ, რაც "ფეისბუკში" აჟიოტაჟი ატყდა და აბონენტებმა სხვა ქსელზე გადასვლა დაიწყეს, "მაგთი" იძულებული გახდა ფული უკან დაებრუნებინა, "პალიტრა TV"-მ მოაწყო?!  ან იქნებ "პალიტრამედიის" ბრალია, რომ "მაგთიმ" "კვირის პალიტრის" დირექტორ დავით გიგუაშვილს მისტიკური დავალიანება დაარიცხა - თითქოს მან 10 დღეში 1.800 ლარის ინტერნეტი მოიხმარა (თან ეს სწორედ მას შემდეგ მოხდა, რაც "პალიტრამედიამ" "მაგთის" კორპორაციულ მომსახურებაზე უარი თქვა). სხვათა შორის, ამ სტატიას დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა და მომხმარებლებმა, რომელთაც "მაგთისთან" ურთიერთობის "გამოცდილება" აქვთ, ანალოგიური მაგალითები გაიხსენეს. თუ ამ ყველაფერს "მაგთი" "პალიტრა TV"-ს უკავშირებს, ალბათ, მართლაც უცნაურ ფობიასთან გვაქვს საქმე. არ ვიცი, შესაძლოა, ბოლო პერიოდში საკაბელო თუ სატელეფონო აბონენტების დაკარგვამ "მაგთის" ხელმძღვანელებში ქვეცნობიერი შიშები გააღვიძა. "პალიტრა TV"-ს დირექტორი ინგა დადიანი კი "მაგთის" ურჩევს, განცხადებების ტექსტი უფრო კვალიფიციურად შეადგინოს.

ინგა დადიანი: - მართლაც მოხერხება უნდა, რომ ამ პატარა განცხადებაში დიდი ტყუილი ჩადო. "მაგთი" კიდევ ერთხელ ცრუობს, თითქოს სასამართლომ დაგვავალდებულა ფულის გადახდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით "პალიტრა TV"-ს საერთოდ არანაირი ვალდებულება არ დაუდგინდა. სინამდვილეში, "მაგთი" უარს აცხადებს შეასრულოს "მასთ ქერის" საკანონმდებლო მოთხოვნა, რომლის მიხედვით, კომპანია ვალდებულია განათავსოს "პალიტრა თV" "მაგთისატის" სამომხმარებლო პაკეტში. თუმცა ამაში "მაგთი" თვეში 5 ათას დოლარს ითხოვს, ანუ ფულს გვთხოვს იმაში, რაც კანონით გვეკუთვნის. რაც შეეხება სასამართლოს გადაწყვეტილებას, იქ ხაზგასმით არის დაფიქსირებული, რომ "პალიტრა TV"-მ "მაგთიკომს" მიაწოდა სიგნალი თბილისში მდებარე "მაგთისატის" სადგურამდე. ვკითხულობ ციტატას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: "შპს "პალიტრა TV"-ს მიერ სამაუწყებლო პროგრამა შპს "მაგთიკომისთვის" მიწოდებულ იქნა ქ. თბილისში მდებარე "მაგთისატის" სადგურამდე მიყვანილი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით."

ასევე, სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებს, რომ იმ დროს, როდესაც კომუნიკაციების კომისიამ არ დაავალდებულა "მაგთი", რომ "პალიტრა TV" განეთავსებინა თავის პაკეტში ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით მიწოდებული სიგნალით, იყო სხვა გარემოებები. კერძოდ, "მაგთიკომს" არ ჰქონდა "მაგთისატის" სადგური თბილისში. კიდევ ერთხელ მოვიყვან ციტატას სასამართლოს გადაწყვეტილებიდან: "შესაბამისად, სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს (კომუნიკაციების კომისია) ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემისას არ უმსჯელია თბილისში სადგურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იყო თუ არა შპს "პალიტრა TV"-ს მიერ სამაუწყებლო პროგრამის შპს "მაგთიკომისთვის" ქ. თბილისში მდებარე "მაგთისატის" სადგურამდე ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის მეშვეობით მიწოდების შემთხვევაში "პალიტრა TV"-ს განთავსება "მაგთისატში". აი, ეს არის სასამართლო გადაწყვეტილების არსი და გაუგებარია, საიდან დაესიზმრა "მაგთის", რომ სასამართლომ რაიმე დაგვავალდებულა. "მაგთის" განცხადებებზე მხოლოდ გვეცინება და სხვა არაფერი. თუმცა არ ვიცი, თავად "მაგთის" ხელმძღვანელებს რამდენად აქვთ საქმე სასაცილოდ.

- რას გულისხმობთ?

- კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, "მაგთის" აბონენტები მის კონკურეტებთან გარბიან. ეს ეხება როგორც მობილურის მომხმარებლებს, ისე "მაგთისატის" აბონენტებს. საქართველო გადადის ციფრულ მაუწყებლობაზე, ანუ მალე მოსახლეობა ქართულ არხებს უფასოდ უყურებს, მათ შორის "პალიტრა TV"-ს. "მაგთის" ყველაზე გაყიდვადი პაკეტები ("მაგთისატი" ძირითადად პერიფერიულ რეგიონებში ყიდის პაკეტებს) კი სწორედ ქართულ არხებს მოიცავს. შესაბამისად, ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ ამ კომპანიის აუდიტორია კიდევ უფრო შემცირდება. ალბათ, სჯობს "მაგთიმ" ამაზე ინერვიულოს და დრო არ დახარჯოს ისტერიული განცხადებების გავრცელებაში.

რუსუდან შელია

"გავიღვიძე და 567-ლარიანი ვალი მქონდა"

"კვირის პალიტრის" სტატიას - "ფრთხილად, "მაგთიმ" სახლ-კარი არ გაგაყიდვინოთ", ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სტატიაში მოყვანილი იყო "კვირის პალიტრის" დირექტორის, დავით გიგუაშვილის შემთხვევა, რომელმაც "მაგთისგან" მიიღო შეტყობინება, სადაც ეწერა, რომ მან 10 დღეში 1.800 ლარის ღირებულების ინტერნეტი მოიხმარა.

ირაკლი კოპალიანი:

"არ მიკვირს მაგათგან... მეც იგივე დამემართა, "მაგთის" სამთავრობო კორპორაციული მქონდა... და ერთ დილით გავიღვიძე და 567 ლარი მქონდა დავალიანება.. რომ  ვიკითხე, საიდან, მეძინა და შანსი არ არისო-მეთქი,  მივიღე შემდეგი პასუხი - თქვენ რომ გძინავთ, ტელეფონი განახლებას აკეთებსო... და საინტერესო ის არის, რომ ნაყიდი მქონდა 15 გიგაბაიტი  და ისიც გაქრა...

ზაზა: - მეც დამირიცხეს 780 ლარი დავალიანება. რომ მივედი გასარკვევად, ისეთი სისულელეები მოჩმახეს, რომ ლამის გავგიჟდი. ჰო, მართლა, ე.წ. ფარნიანი ნოკია მქონდა.

ელი: - საზღვარგარეთ მივდიოდი და ჩავრთე "მოგზაური", რადგან კორპორაციული ნომერი იყო, იქიდან ვერ გაიხარჯებოდა თანხა და პირად ანგარიშზე ჩამარიცხვინეს 30 ლარი. რომ ვუთხარი,  რატომ არ ჩანს ანგარიშზე ეს ფული-მეთქი, მითხრეს - ეს არ გამოჩნდება, მაგრამ გაქვს და თვის ბოლოს რაც დაგრჩება,  მერე გამოჩნდებაო. ისე მოხდა, არ დამჭირდა საერთოდ ტელეფონი იმ ერთ კვირაში. აი, ის 30 ლარი კი არსად ჩანს. ათასჯერ დავრეკე და ათასჯერ გადამამისამართეს. პასუხს და ანგარიშზე თანხის გამოჩენას უშედეგოდ ველი.