რომელი ფერწერული ტილოები დაიკარგა საქართველოს მუზეუმებიდან - კვირის პალიტრა

რომელი ფერწერული ტილოები დაიკარგა საქართველოს მუზეუმებიდან

1991-1994 წლებში საქართველოს მუზეუმებიდან არაერთი შედევრი გაუჩინარდა. განუკითხაობის ჟამს ხელოვნების მუზეუმიდან ყაჩაღებმა რამდენიმე ფერწერული ტილო გაიტაცეს. გატაცებული ტილოებიდან 2004 წელს მხოლოდ ორი ტილო: ლუკას კრანახის "მაჭანკალი" და იაკობ ვან რეისდალის "ჩანჩქერი" დაბრუნდა.

მნიშვნელოვანი ზარალი განიცადა ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმმაც, საიდანაც 1993 წელს 9 სურათი დაიკარგა (აქედან 3 ტილო ოთხი წლის შემდეგ დააბრუნეს, 6 გრაფიკული ნამუშევარი კი დღემდე იძებნება). ყველა ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, დღემდე მიმდინარეობს გამოძიება და მათ პროკურატურასთან ერთად ინტერპოლიც ეძებს.

"კვირის პალიტრამ" დაკარგული ნახატების მხოლოდ რამდენიმე ნიმუში მოიპოვა. (ფოტოგალერეა)

90-იან წლებში ხელოვნების მუზეუმიდან გაუჩინარებული ნიმუშების სია:

ალექსანდრ ბენუას "ვენეციის არხი", ჟან-ბატისტ სიმეონ შარდენის "ნატიურმორტი", ადრიან ვან ნიულანდტის (ჰოლანდიური სკოლა) "მუსიკალური შეჯიბრება", კორნელის პულენბურგის (ნიდერლანდელი ბაროკოს ეპოქის მხატვარი) "პარისის არჩევანი", უცნობი მხატვრის (XVIII ს., ჰოლანდია) "პეიზაჟი ნახირით", ანჟელიკა კაუფმანის (გერმანული სკოლა) "პრუსიის დედოფალ ლუიზას პორტრეტი", ფილიპ მალიავინის "ქალიშვილის პორტრეტი", ვასილი პეროვის "ლიტანიობის ღამე", ივან აივაზოვსკის "თბილისის ხედი სეიდაბადიდან", "სევასტოპოლის აღება", "ბაირონის მოგზაურობა"”და სხვ.

1993-94 წლებში ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმიდან დაიკარგა ფერწერული ტილოები: "პარიზის კუთხე" (1926 წ.), "თელავი" (1927 წ.) და "ქართული პეიზაჟი" (1926 წ.), რომლებიც 1997 წელს გამტაცებლებმა დააბრუნეს (მუზეუმის კართან დატოვეს). დღემდე ეძებენ გრაფიკულ ნამუშევრებს: "ძველი თბილისი", "ძველი თბილისის აღმართი", "ძველი თბილისის არქაიკა", "დახლთან", ლადო გუდიაშვილის "მიმინო" (1927 წ.) და პიკასოს "ქალის თავი" (1927 წ.). ეს გრაფიკული ნამუშევარი ელენე ახვლედიანს პარიზში პაბლო პიკასომ აჩუქა. როგორც ამბობენ, 1994 წელს მუზეუმიდან ნამუშევარი სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთმა სტუდენტმა გაიტაცა, თუმცა, საქმე არ გახსნილა.

ივან აივაზოვსკის "სევასტოპოლის აღება", რომელიც 1939 წლიდან ხელოვნების მუზეუმში იყო დაცული, საექსპოზიციო დარბაზიდან სხვა ნამუშევრებთან ერთად გაიტაცეს. გასული წლის იანვარში საქართველოს ხელოვნების მუზეუმში მოსკოვიდან დარეკა ქალბატონმა, რომელმაც განაცხადა, რომ გრაბარის სახელობის სამეცნიერო-სარესტავრაციო ცენტრში ექსპერტიზის ჩასატარებლად აივაზოვსკის ნახატი მიიტანეს და მის შესახებ ინფორმაცია მოითხოვა. ქალბატონს აუხსნეს, რომ ეს ტილო საქართველოს ხელოვნების მუზეუმში დაკარგულად ითვლებოდა. როგორც დადგინდა, ეს იყო "სევასტოპოლის აღება" და საქმეს ოფიციალური მსვლელობა მიეცა _ წელიწადია, ძიება მიდის. ამა წლის თებერვალში ხელოვნების მუზეუმის კონსერვატორს, გია მარსაგიშვილს ტილოს მფლობელმა, ვინმე ვადიმმა დაურეკა, რომელიც, მისი თქმით, კოლექციონერია და სურათი 1993 წელს გერმანიაში შეუძენია, თავისი ხარჯით ჩაუტარებია რესტავრაცია და შემდეგ სარესტავრაციო ცენტრში ექსპერტიზაზე მიუტანია. იგი შეჰპირდა, რომ თვითონ ჩამოიტანდა ნახატს საქართველოში.

"ბაირონის მოგზაურობა" ნაპოვნია, მაგრამ არა დაბრუნებული

ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის ეპოქაში კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ყირიმში (ფეოდოსიაში) მოეწყო ივანე აივაზოვსკის გამოფენა (მხატვარი წარმოშობით ფეოდოსიიდან იყო) და ხელოვნების მუზეუმიდან მისი ნამუშევრები წაიღეს. სომხებმა ფეოდოსიიდან სომხეთში მოისურვეს გამოფენის გადატანა, რის შემდეგაც აივაზოვსკის შესანიშნავი ფერწერული ნამუშევარი "ბაირონის მოგზაურობა" დაიტოვეს და მუზეუმის იმჟამინდელ დირექტორ თამაზ სანიკიძესთან აწარმოებდნენ მოლაპარაკებას. ისინი ნახატის სანაცვლოდ საქართველოს აივაზოვსკის ორ ნამუშევარს სთავაზობდნენ. ქართულმა მხარემ გაცვლაზე უარი თქვა და დღემდე მიდის მუშაობა ტილოს დასაბრუნებლად (მხატვარი ივან აივაზოვსკი სომეხი, აივაზიანი იყო, ამიტომ აქ სომხების ორმაგი ინტერესი იკვეთება).

იხილეთ ფოტოგალერეა