შეეხე საქართველოს ისტორიას! - კვირის პალიტრა

შეეხე საქართველოს ისტორიას!

შექმენი მონეტების უნიკალური პირადი კოლექცია!

ეს წიგნი დაგეხმარებათ, რომ არა მხოლოდ ქართული ნუმიზმატიკის განვითარების ეტაპები, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენთვის მაქსიმალურად აღქმადი გახდეს

გახდით უნიკალური კოლექციის მფლობელი და ალბომში საგანგებოდ გამოყოფილი ადგილები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტებით შეავსეთ!

თანამედროვე სამყაროში ადამიანის კითხვისადმი დამოკიდებულება აქტუალურ საკითხად იქცა - წიგნის კითხვა ყველას შეუძლია, მაგრამ გააჩნია რას, რისთვის და რატომ წაიკითხავ. თითოეული ადამიანისთვის მიზანიც განსხვავებულია. ფაქტია, სწორად შერჩეული წიგნი ადამიანის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს ამაღლებს და მსოფლმხედველობასაც აჯანსაღებს.

გამომცემლობა "პალიტრა L" მკითხველს მორიგ უნიკალურ სერიას - "ქართული მონეტების ოქროს კოლექციას" სთავაზობს, რომელიც არა მხოლოდ არსით, ვიზუალური გაფორმებითაც გამორჩეულია - გამოცემა საქართველოს სახელმწიფოებრიობის მატიანეა, სადაც ქვეყნის ისტორიას ქართული მონეტები მოგვითხრობენ.

ალბომის ტიპის წიგნში ქართული მონეტების ასლები განთავსდება, რაც საშუალებას მოგცემთ, თქვენთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებასთან ერთად, უნიკალური კოლექციის მფლობელიც გახდეთ.

კერძოდ, წიგნი-ალბომის ყოველი მფლობელი თითო-თითოდ, რუდუნებით აგროვებს 24 მონეტის ასლს, წინარექრისტიანული ეპოქით დაწყებული, XIX საუკუნის დასაწყისამდე და ქართული მონეტების კოლექციას საკუთარი ხელით ქმნის.

ეს წიგნი დაგეხმარებათ, რომ არა მხოლოდ ქართული ნუმიზმატიკის განვითარების ეტაპები, საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი პერიოდი თქვენთვის მაქსიმალურად აღქმადი გახდეს.

ისევე როგორც დღეს, საუკუნეების წინაც ფული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ატრიბუტად ითვლებოდა. პირველი ფული ძვ. წ. VII-VI საუკუნეებში მოიჭრა და ნატურალური საქონლით ვაჭრობა საბოლოოდ შეცვალა. კოლხეთი მაშინ სწორედ იმ მოწინავე სახელმწიფოთა შორის იყო, რომლებმაც ფულის მოჭრა პირველებმა დაიწყეს. დღემდე კოლხური თეთრის რვა ტიპია შემორჩენილი. განსაკუთრებული ინტერესის საგანია ის მონეტები, რომლებზეც ადამიანისა და ხარის თავია გამოსახული. ასეთი მონეტები დასავლეთ საქართველოში იმდენი იპოვეს, რომ XIX საუკუნის მეორე ნახევარში "შემოდგომის აზნაურები" ნადირობისას საფანტადაც კი იყენებდნენ.

ქართულ მონეტებზე პირველად ქართული წელთაღრიცხვა - ქორონიკონი გიორგი III-ის ნუმიზმატიკურ ძეგლზეა დაფიქსირებული. ეს მონეტა საინტერესოა იმ მხრივაც, რომ აქ ნუმიზმატიკურ ძეგლზე მხედრული დამწერლობის ნიმუში პირველად ჩნდება.

XVII-XVIII საუკუნეებში დასავლეთ საქართველოში ფული აღარ მოჭრილა. შემოდიოდა ევროპული მსხვილი ვერცხლის ფული და ოსმალური წვრილი ახჩები. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, იბერიაში ფულის მოჭრა შედარებით გვიან, ძვ. წ. III საუკუნეში დაიწყო. ქართული ნუმიზმატიკა 1832-33 წლებში სრულდება, როდესაც თბილისის რუსული ზარაფხანა დაიხურა.

ქართული ნუმიზმატიკური მასალის პირველი მკვლევრები იყვნენ ადლერი, რომელმაც რომში გამოაქვეყნა პირველი ქართული მონეტა აღმოსავლურ მონეტებთან ერთად, და ცნობილი ორიენტალისტი და ქართველოლოგი მარი ბროსე, რომელმაც საქართველოში ეპიგრაფიკული, დოკუმენტური, ნუმიზმატიკური მასალა შეკრიბა და 1849-1851 წლებში პეტერბურგში გამოაქვეყნა, რითაც წინ წასწია ქართული მონეტების შესწავლის საქმე...

ქართული ნუმიზმატიკის განვითარების ეტაპებს ვრცლად "ქართული მონეტების ოქროს კოლექციაში" გაეცნობით, რაც ქვეყნის კულტურაზე არსებულ წარმოდგენებს მნიშვნელოვნად გაგიუმჯობესებთ.

წიგნზე ცნობილმა ისტორიკოსებმა და ნუმიზმატებმა იმუშავეს. მეცნიერები 24 ქართული მონეტის შესახებ არსებულ ცნობებთან ერთად, ეპოქების, ისტორიული ვითარებისა და ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესახებაც გვიყვებიან.

ნუმიზმატების პროფესიული და დინამიკური თხრობა ალბომს სტრუქტურულად და შინაარსობრივად საინტერესოს ხდის როგორც საქართველოს ისტორიით დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანისთვის, ასევე აკადემიური წრეებისთვისაც.

მედეა შეროზია, "ქართული მონეტების ოქროს კოლექციის" თანაავტორი: "პირადად მე წიგნის ანტიკურ ნაწილზე ვიმუშავე. "ქართული მონეტების ოქროს კოლექციაში" ანტიკური პერიოდის მონეტები დეტალურადაა აღწერილი. მსოფლიოში პირველი მონეტის დაბადებიდან 50 წლისთავზე ფული კოლხეთის დაბლობზეც გაჩნდა, ანუ მაშინ კოლხეთის მოსახლეობა მოწინავე ქვეყანას - საბერძნეთს განვითარებით არ ჩამორჩებოდა. საქონლით ვაჭრობა ლითონის ნაჭერმა ჩაანაცვლა, რომელზეც თავდაპირველად გამოსახულება არ იყო, თუმცა მოგვიანებით გამოსახულებებიანი მონეტებიც გაჩნდა. მსგავსი დეტალების ცოდნა ადამიანის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების თვალსაწიერის გასავითარებლად, მნიშვნელოვანი ფაქტორია. ისტორიის ცოდნა განათლების ხარისხსაც მაღლა სწევს. მისასალმებელია, რომ ამ პროცესს "პალიტრა L" მაქსიმალურად ხელს უწყობს. ვფიქრობ, საზოგადოების კულტურული თვითშეგნების ასამაღლებად მსგავსი სერიები მომავალშიც უნდა გამოიცეს, მით უმეტეს, რომ ახალგაზრდობის ერთი ნაწილი შემგროვებლობით არის დაინტერესებული. მათ "ქართული მონეტების ოქროს კოლექცია" უთუოდ დააინტერესებს. მოგეხსენებათ, წიგნზე ნუმიზმატიკის განყოფილებამ იმუშავა, რომელსაც არსებობის ასწლიანი ისტორია აქვს. ასე რომ, მკითხველი გარანტირებულია, რომ "ქართული მონეტების ოქროს კოლექციიდან" კვალიფიციურ ინფორმაციას მიიღებს".

გახდით უნიკალური კოლექციის მფლობელი და ალბომში საგანგებოდ გამოყოფილი ადგილები საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაცული მონეტებით შეავსეთ!

რუსუდან შელია

სპილენძი. გიორგი IV ლაშა (1210-1223). 1210 წ.

Av. მეფე იმპერატორის ინსიგნიებით. ქართული ზედწერილი: "გიორგი, ძე თამარისი. ქორონიკონი 430".

Rv. ვარდულის ოთხ ფურცელში მოთავსებულია არაბული წარწერა: "მეფეთა მეფე გიორგი, ძე თამარისი, მახვილი მესიისა. წელსა ექვსას ექვსსა" (1210 წ.).

გიორგი IV ლაშას სპილენძის უნიკალური მონეტა, რომელიც ერთადერთი ცალია შემორჩენილი, სწორი ჭედვისაა. ამ მონეტის ტიპი - მთელი ტანით აღმართული მეფის გამოსახულება - იმეორებს ბიზანტიური მონეტის ტიპს. თუმცა ზედწერილი მასზე ქართული და არაბულია.

1208-1210 წლებში საქართველოს სამეფო სამხრეთის მიმართულებით, თურქ-სელჩუკთა წინააღმდეგ აწყობს ძლევამოსილ ლაშქრობებს, რომელშიც თვით მეფე გიორგი IV ლაშა მონაწილეობს. მოპოვებული გამარჯვებების შემდეგ უნდა მომხდარიყო ლაშა გიორგის ძალაუფლების ლეგიტიმაცია, მისი საზეიმოდ მეფედ კურთხევა 1210 წელს. მონეტაზე აისახა ქვეყნის რეალური პოლიტიკური ვითარება.

მემატიანე ლაშას დიდ წინაპარს დავით აღმაშენებელს ადარებს: "მისითა მკლავითა ომნი დასხნა და გარდაიხადა სიმცროვესა შინა სწორნი დავით პაპის-პაპისა მისისანი".

ორი აბაზი. ვერცხლი. თბილისი. 1806 წ.

Av. გვირგვინი. პალმისა და ზეთისხილის ტოტები. ქართული ზედწერილი: "ტფილისი".

Rv. ქართული ზედწერილი "უ" - (400) ქართული თეთრი ჩყვ (1806 წ.). რუსული ზედწერილი: ზარაფის ინიციალები "AK".

ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ, ე.წ. თბილისის გუბერნია რუსეთის დაპყრობითი ომების პლაცდარმად იქცა. რუსულ ჯარსა და გუბერნიის რუსულ ადმინისტრაციას ხელფასს უხდიდნენ ასიგნაციებით (ქაღალდის ფულით) და ოქროს ე.წ. ლობანჩიკებით, რომელიც აღმოსავლეთში პოპულარული ჰოლანდიური დუკატების უკანონო მინაბაძი იყო. ადგილობრივ ბაზარზე ქაღალდის ფულს გასავალი არ ჰქონდა. ლობანჩიკების ფასი კი ვერცხლთან მიმართებაში თანდათან ეცემოდა. ამის ძირითადი მიზეზი ვერცხლის ფულის ნაკლებობა იყო. მიმოქცევაში ჯერ კიდევ შემორჩა ერეკლე II-ის დროინდელი მაღალხარისხიანი ვერცხლის სირმა აბაზები. ვინაიდან გზის სიშორისა და კავკასიის მთიელებთან წარმოებული ომების გამო, რუსეთიდან ვერცხლისა და სპილენძის ფულის ტრანსპორტირება ვერ ხერხდებოდა, 1804 წლიდან თბილისში აღადგინეს ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ქართულწარწერიანი ვერცხლისა და სპილენძის ფული ერეკლე II-ის დროინდელი ფულადი სისტემით, რომლის უკნინესი ერთეული დინარი იყო, რაოდენობა კი მონეტაზე ქართული ასოებით აღინიშნებოდა. ზარაფხანა მოქმედებდა 1834 წლამდე და ჭრიდა ვერცხლის ორაბაზიანებს ("უ" 400), აბაზიანებს ("ს" 200), ნახევარაბაზიანებს ("რ" 100). სპილენძის ბისტს ("კ" 20), ნახევარ ბისტს ("ი" 10) და ფულს ("ე" 5).

ალექსანდრე მაკედონელის სტატერის მინაბაძი. ოქრო. ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.

Av. ადამიანის სქემატური პროფილი.

Rv. ღვთაება ნიკეს სქემატური გამოსახულება და წერტილები წარწერების ნაცვლად.

იბერიაში ანუ ქართლის სამეფოში, კოლხეთისგან განსხვავებით, სამონეტო მიმოქცევა ძვ.წ. II საუკუნემდე შედარებით სუსტად იყო განვითარებული. იბერიის სამეფოში საკუთარი მონეტა არ მოჭრილა, ძვ.წ. I - ახ.წ. III სს-ში კი იქ ფულადი მიმოქცევის საფუძველი რომაული და პართული ფული იყო. სამონეტო მიმოქცევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობდა ასევე ბერძნულ-რომაული მონეტების მინაბაძები.

საქართველოს ტერიტორიაზე გავრცელებული ლისიმაქეს და ალექსანდრეს სტატერების, ასევე რომის პირველი იმპერატორის, ოქტავიანე ავგუსტუსის (ძვ.წ. 27 - ახ.წ. 14 წწ.) დენარის ადგილობრივი მინაბაძები, როგორც ტექნიკური, ისე მხატვრული თვალსაზრისით, დიდად განსხვავდება ორიგინალებისგან. გამოსახულებები მინაბაძებზე დამახინჯებულია, წარწერების ნაცვლად, ხშირ შემთხვევაში, წერტილები და გაურკვეველი ხაზებია გამოსახული. ოქროს მინაბაძების უმეტესობა მოჭრილია ძვ.წ. I ს-სა და ახ.წ. I ს-ის დასაწყისში. რომაული დენარების ადგილობრივი მინაბაძები, სავარაუდოდ, ბრუნვაში იყო ახ.წ. I ს-ის მიწურულიდან ვიდრე III ს-ის ბოლომდე. იბერიაში ასევე ფართოდ მიმოიქცეოდა რომაული ოქროს ფული - აურეუსები, რომლებიც მსხვილი სავაჭრო გარიგებების დროს ანგარიშსწორების ძირითადი საშუალება გახლდათ. ბრუნვაში ჩართული იყო ასევე რომაული აურეუსების ადგილობრივი იმიტაციები.