მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო კონცელიძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო კონცელიძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ თბილისში წუხელ დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ, თბილისის ზოოპარკის სამი თანამშრომლის პოვნა ვერ ხერხდებოდა, მათ შორის იყო ზოოპარკის მთავარი ძიძა-მომვლელი გულიკო კონცელიძე-ჭიტაძე, რომელიც ამ ცოტა ხნის წინ ვეფხვების თავდასხმას გადაურჩა. ჩვენი ჟურნალისტის, ეკა ლომიძის ინფორმაციით, სამწუხაროდ, სამივე თანამშრომელი გარდაცვლილი იპოვეს.

მშვიდობით, მეგობარო!

მინდა დღევანდელი დღე სიზმარი იყოს და გაქრეს. არ მინდა დავიჯერო, რომ უბრალოდ აღარ ხარ. ვერ წარმოვიდგინე, რომ შენ ნამდვილად შეეწირე შენს საქმეს. ხელმოკვეთილი დიდხანს არ გაჩერდა საავადმყოფოში. უკეთ ვარ და წავალ, ცალი ხელით მოვუვლიო ჩემს პატარებსო. ახლა აღარც მაიმუნი ევა და მარტა არიან ცოცხლები, აღარც მელაკუდა ტროა და ჩვენი, ყველასთვის საყვარელი გულიკოც მათთან ერთად გადასახლდა იმიერში. მთელი ღამე ვცდილობდი გამეგო სად იყო, როგორ? ვიმედოვნებდი, იმის გამო, რომ ძალიან ძლიერი სული აქვს, წყლიდანაც იპოვნის გამოსავალს-მეთქი. თავის მეუღლესთან, მალხაზ ჭიტაძესთან ერთად, დაიღუპა ზოოპარკის მთავარი მომვლელი ძიძა გულიკო კონცელიძე. ახლა ყველანი ერთად არიან, პუდელი დოდოლინა, მეტისი მაილო, კატები, გულიკოს გაზრდილი ულამაზესი ლომები, ვეფხვები, იაგუარები. ზოოპარკში ჩასაფრებულივით ჩასახლებულმა სიკვდილმა ერთიანად გაავლო მუსრი და ულამაზესი ზღაპარი დამთავრდა. არადა, დღეს უნდა მენახე ჩემო მეგობარო, მშვიდობით გულო. საავადმყოფოში მითხარი, ვერ წარმომედგინა ამდენ ადამიანს თუ ვუყვარდიო. ნეტავ ახლა თუ ხედავ, რამდენ ადამიანს ჩაწყდება გული შენი წასვლით. გულიკოსთან და მალხაზთან ერთად, კიდევ ერთი ადამიანია დაღუპული. მოხუცი გივი, რომელმაც მთელი ცხოვრება ზოოპარკს შეალია და უსახლკაროს ზოოპარკის ადმინისტრაცია პატრონობდა, როგორც ღირსეულ ვეტერანს.

ეკა ლომიძე

"კვირის პალიტრა" ღრმა მწუხარებს გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ახლობლებს.

იხილეთ უკანასკნელი ინტერვიუ გულიკო კონცელიძე-ჭიტაძესთან

იხილეთ წუხანდელი სტიქიის ამსახველი ფოტოგალერეა

კადრები, რომელიც შეგძრავთ (ფოტოგალერეა)

იხილეთ ვიდეო