ვერეს ხეობაში მოვარდნილი სიკვდილი - კვირის პალიტრა

ვერეს ხეობაში მოვარდნილი სიკვდილი

"ყელამდე წყალში აღმოვჩნდით. მერე წყლის ძლიერი ნაკადი მოვარდა, კარი გაიღო და გარეთ გამოგვტყორცნა"

თბილისი. 14.06.2015. დილის 5 საათი. სამსახურიდან მდინარე ვერეს ხეობაში უნდა წავიდე. თან საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის"სიახლეებს ვადევნებ თვალს. შსს-ს საგანგებო განცხადებას რამდენჯერმე ვკითხულობ: ,,ამ წუთებში ზოოპარკიდან გაქცეული მტაცებლების დაკავების ოპერაცია მიმდინარეობს. მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოვუწოდებთ..."

ტაქსის გამოძახებას ვცდილობ. ყველა ოპერატორი ერთსა და იმავეს მპასუხობს: ,,ავტომობილები დაკავებულია, გამოძახებაზე ვერ გამოვლენ."მიუხედავად იმისა, რომ გარეთ გასვლა სახიფათოა და შესაძლოა, სიცოცხლის ფასად დამიჯდეს, თავში მხოლოდ ერთი აზრი მიტრიალებს: "ვერეს ხეობამდე აუცილებლად უნდა მივიდე!.."პეკინის ქუჩაზე ტაქსის ვაჩერებ და მისამართს ვეუბნები... მძღოლი მეუბნება, რომ მარჯანიშვილის თეატრთან რამდენიმე წუთის წინ ლომი მოუკლავთ...

სვანიძის ქუჩის ჩასახვევთან სამაშველო სამსახური, სასწრაფო, სახანძრო და პოლიციაა მობილიზებული. აქ ყველა სახლს დაუნდობელი სტიქიის კვალი ატყვია...  ჩამონგრეული კედლები, ქუჩაში გამოყრილი საყოფაცხოვრებო ნივთები, ტანსაცმელი, ამოტრიალებული ავტომანქანები, დაგლეჯილი ხეები, ტალახით სავსე დანგრევას გადარჩენილი სახლები, უამრავი მაშველი, მოხალისე, სამართალდამცავი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მოსახლეობა, დაკარგულ მეზობლებს რომ ეძებს...

კარლო კარაპეტიანმა მეუღლესა და შვილებთან ერთად ღვარცოფს ძლივს დააღწია თავი.

- დაახლოებით პირველის წუთები იქნებოდა, საშინელი ხმა მომესმა. გარეთ რომ გამოვიხედე, წყალი უკვე ეზოში იყო შემოვარდნილი. ძლივს გამოვაღწიეთ... შორიდან ვუყურებდი, როგორ დაფარა წყალმა ჩემი სახლი, რომელსაც მთელი ცხოვრება ვაშენებდი.

გზას ვაგრძელებ. სვანიძის ქუჩაზე, რომელიც ნაშალი მასით არის დაფარული, ნაბიჯის გადადგმა მიჭირს, მუხლამდე ტალახში ვეფლობი, მაგრამ მაინც ჯიუტად მივიწევ წინ. გზად ამოტრიალებული ავტომობილი მხვდება, რომელსაც ზემოდან მოგლეჯილი ხეები აყრია. საბედნიეროდ, ავტომობილში არავინ აღმოჩნდა. სვანიძის ქუჩის მცხოვრები მაკო ყავლაშვილი 13 ივნისის ღამეს ცრემლით იხსენებს. ამბობს, რომ ერთ-ერთ სახლთან 28 და 40 წლის დები მაშველებმა ნაშალი მასის ქვეშ იპოვეს... მოგვიანებით კიდევ ორი ქალბატონის ცხედარი აღმოაჩინეს.

- დების გარდა, კიდევ ორი გარდაცვლილი იპოვეს. დებთან ნათესავი ბიჭი ყოფილა სტუმრად, ის ჯერ არ უპოვიათ. ჩვენს უბანში რამდენიმე ადამიანია დაკარგული. საშინელი ხმა იყო და გარეთ გავედი. ვიღაცამ რომ თქვა, წყალი მოვარდაო, უკან შევბრუნდი და წყალიც მომყვა. ბავშვს ხელი დავტაცე, მაგრამ გარეთ გამოსვლა ვეღარ შევძელი. ყელამდე წყალში აღმოვჩნდით. მერე წყლის ძლიერი ნაკადი მოვარდა, კარი გაიღო და გარეთ გამოგვტყორცნა. ასე გადავურჩით სიკვდილს.

თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრისკენ მივდივარ. მაშველები მეუბნებიან, რომ თავშესაფარი აღარ არსებობს და იმ ადგილზე ჩასვლა სახიფათოა, რადგან ყოველ წუთს შეიძლება, მიწა ჩაიშალოს. იქვე რამდენიმე ამოტრიალებულ სატვირთო ავტომობილს ვხედავ.

ძაღლების თავშესაფრის ადგილას ადიდებულმა მდინარემ ახალი კალაპოტი გაჭრა. აქა-იქ მხოლოდ ვოლიერების ფრაგმენტებია შემორჩენილი. მოპირდაპირე მხარეს, სასაფლაოზე, რამდენიმე გადარჩენილი ძაღლი იდგა და თავიანთ ძველ საცხოვრებელს გადაჰყურებდა...

ზოოპარკის ტერიტორიაზე ოთხი ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, სამი მათგანი ზოოპარკის თანამშრომელია. დაღუპულებს შორის არის გულიკო ჭიტაძე (მისი მეუღლეც გარდაცვლილი იპოვეს), რომელიც რამდენიმე ათეული წელი ზოოპარკში ცხოველების მომვლელად მუშაობდა და იქვე ცხოვრობდა. იგი რამდენიმე კვირის წინ ვეფხვებმა დაგლიჯეს და ზედა კიდურების ამპუტაცია დასჭირდა. ქალბატონი საავადმყოფოდან ორი დღის გამოწერილი იყო(!). ზოოპარკის ტერიტორიაზე აღმოჩენილი მეოთხე გარდაცვლილის ვინაობის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

სტიქიის ზონის გარდა, დაკარგულებს ეძებენ თბილისის სხვა უბნებშიც. დაიკარგნენ 22 და 25 წლის დები, ინდირა და ლიზა ზარანდიები, რომლებიც ღამის პირველ საათზე ,,თავისუფლების მოედნიდან"ნუცუბიძის ქუჩის მიმართულებით ტაქსით მიდიოდნენ. მათთან ერთად იყო 27 წლის სერგო კაპანაძე - ისიც ნუცუბიძის ქუჩაზე მიდიოდა.

***

ვერეს ხეობა ჯოჯოხეთს ჰგავს, თბილისი და მთელი საქართველო გლოვობს. ძველი ხელისუფლება ჯერჯერობით დუმს, მოძველებული ახალი კი თითს მათკენ იშვერს და ამბობს, ცხადი იყო, ვიწრო გვირაბებში წყალი ვერ გაეტეოდაო.

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე გაუმართლებლად მიიჩნევს მდინარის ხეობაში მშენებლობებს და ხელისუფლებას ქალაქის გენერალური გეგმის შედგენისკენ მოუწოდებს.

ლადო ვარდოსანიძე:

- მერიის ხელმძღვანელობას ჯერ კიდევ ათი დღის წინ, ძაღლების თავშესაფარში დატრიალებული ტრაგედიის დროს მივანიშნე, რომ პრევენციული ზომები უნდა მიეღოთ.

შევახსენე კიდეც, რომ კანონმდებლობა წყლის შესახებ კრძალავს მდინარის კალაპოტში ჰიდროტექნიკურის გარდა რაიმე ტიპის მშენებლობას. ეს ნიშნავს, რომ ქალაქის ეს ნაწილი ახლა მაინც უნდა გამოთავისუფლდეს საცხოვრებელი სახლებისგან.

დახარბებულ დეველოპერებსა და მენაშენეებს უნდა გავაგებინოთ, რომ არ შეიძლება მდინარის კალაპოტში მშენებლობა, რადგან არსებობს წყალდიდობისა და წყალმოვარდნის საფრთხე.

13 ივნისს ვერეს ხეობაში წყალმოვარდნა იყო, რომლის მართვა შეუძლებელია, მაგრამ პროგნოზირება - იოლი.

სამწუხაროდ, თბილისის ისტორიაში ეს არ არის წყალმოვარდნის პირველი შემთხვევა. ასეთ სტიქიას დაუხრჩვია ხალხი თბილისის აბანოებში, კრწანისის ხევში და სხვაგან. მძიმე გამოცდილების გათვალისწინებით, გასაკეთებელია ქალაქის საინჟინრო დაცვის გენერალური სქემა.

უდავოა, რომ ხალხი გასაყვანია ვერეს ხეობის ზონიდან. უნდა აიკრძალოს მშენებლობა იქ, სადაც ეს კატეგორიულად არ შეიძლება გეოლოგიური მდგომარეობის გამო.

გონიერი საზოგადოება ჭალაში არ სახლდება. მოვკიდოთ დეველოპერებს და მათთვის ნებართვების მიმცემებს ქეჩოში ხელი და გავიყვანოთ იქიდან, სადაც კორპუსების ადგილი არ არის. სხვანაირად არაფერი გამოვა, ყოველთვის გვექნება გვამები, განადგურებული ზოოპარკი და ინფრასტრუქტურა. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ არც ვაკეში მშენებლობაა საიმედო, რადგან ცნობილია ვაკის დიდი მეწყერი, რომელიც მდინარე ვერესკენ ჩამოდის. ცალკე შესწავლის საგანია უგულავას მერობის დროს აშენებული გვირაბები, მათი ხარისხი და გამტარუნარიანობა.  თუ ამ საკითხს დროზე არ მიეხედა, შესაძლოა, ტრაგედია კიდევ განმეორდეს.

ახალი გვირაბებისა და მოდერნიზებული გმირთა მოედნის პროექტის ავტორი თამაზ შილაკაძე ეწინააღმდეგება მოსაზრებას, რომ კატასტროფა მაგისტრალზე განთავსებულმა გვირაბებმა გამოიწვია.

თამაზ შილაკაძე: - ეს გვირაბები გათვლილი იყო იმ ხარჯისთვის, რაც ჰქონდა მდინარე ვერეს. 13 ივნისს მოვარდა სტიქია. სოფელ ახალდაბაში რამდენიმე მილიარდი კუბური მეტრის მოცულობის მთა მოწყდა და ქალაქისკენ წამოვიდა. გზად რაც შეხვდა, ყველაფერი წამოიღო და დატრიალდა ჯოჯოხეთი...

- არ შეიძლებოდა, პროექტის შექმნის დროს გაგეთვალისწინებინათ მოსალოდნელი საფრთხე? ვერე ხომ პირველად არ მოვარდნილა...

-  შეუძლებელია.

მე რომ ეგ გამეთვალისწინებინა, მაშინ უნდა ჩამედგა კოსტავას ქუჩის სიგანის და ამავე სიმაღლის წყლის მილი.

- ათი დღის წინაც რომ მოვარდა წყალი, მაშინ რატომ არ შეისწავლეთ გეოლოგიური პროცესები?

- ათი დღის წინ წყალდიდობა იყო, ახლა მეწყერი ჩაAმოწვა.

P.S. ახლა ვერეს ხეობა უბედურების ზონას ჰგავს და ვარაზისხევიდან ბაგების მიმართულებით, თუ პირიქით, ჰაერში სიკვდილის სუნი ტრიალებს. უახლესი ტექნოლოგიებით აშენებული თაღოვანი კედლები განგრეულია და  ამ ფონზე  კიდევ უფრო დამაჯერებელია ექსპერტების წლების წინანდელი განაცხადი, ახალი საგზაო მაგისტრალი ვერაფერს შეცვლის და გაუმართლებელია გმირთა მოედნის” რეკონსტრუქციაზე ამხელა ფულის დახარჯვაო.

წაიკითხეთ ასევე:

"რამდენიმე საათის განმავლობაში ყვიროდა და შველას ითხოვდა" - თვითმხილველის მონაყოლი

მშვიდობით, მეგობარო! - გულიკო კონცელიძე, რომელიც ვეფხვებს გადაურჩა, სტიქიამ იმსხვერპლა

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა ლომიძე

თორნიკე ყაჯრიშვილი

(სიუჟეტი იხ. პალიტრა ტვ-ზე)