"გინახავთ, როგორ ცეკვავენ ზეცაში ხორუმს?"- პირველი ქართველი პარაშუტისტი ქალი - კვირის პალიტრა

"გინახავთ, როგორ ცეკვავენ ზეცაში ხორუმს?"- პირველი ქართველი პარაშუტისტი ქალი

ნათია მამაიაშვილი: "მიყვარს ფრენა, ეს სულ სხვა განზომილებაა... ყველაზე მეტად მზის ჩასვლისას მიყვარს გადმოხტომა. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მზეს ვუახლოვდები"

ნათია მამაიაშვილს საინტერესო ცხოვრება აქვს. იგი ერთდროულად რამდენიმე პროფესიას ფლობს, მაგრამ განსაკუთრებით განსხვავებულად ერთი მეჩვენა - ნათია პირველი ქართველი ლიცენზირებული პარაშუტისტი ქალია.

- 10 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში ვცხოვრობ. ჩემი საქმიანობა მრავალფეროვანია. მზიან ამინდში უმეტესად დავფრინავ, ხოლო თუ ამინდი ხელს არ მიწყობს, მუსიკას ვასწავლი. პროფესიით პიანისტი ვარ. დავამთავრე ნიუ-იორკის მანჰეტენის მუსიკალური და აკადემიური სკოლა. კარნეგი-ჰოლში, სტეინვეი-ჰოლსა და სხვა ცნობილ დარბაზებში მქონია კონცერტები, რაზეც ბევრი მუსიკოსი ოცნებობს. თავისუფალ დროს ვასწავლი, მიყვარს ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის ცოდნის გაზიარება. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტიც გახლავართ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

- თქვენ პირველი ქართველი ლიცენზირებული პარაშუტისტი ქალი ხართ.

- ამ ტიტულის მოსაპოვებლად რთული ფსიქოლოგიური გზის გავლაა საჭირო. სპორტის ეს სახეობა არ არის ყველასთვის. ბავშვობიდან მინდოდა, მეფრინა, მაგრამ მუსიკოსების ოჯახში დაბადებულს, თითქოს კარიერა წინასწარ გაქვს განსაზღვრული.

პირველად 2011 წელს გადმოვხტი თვითმფრინავიდან. მიწაზე რომ დავდგი ფეხი, უკვე ვიცოდი: სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურ დონეზე უნდა დავუფლებოდი.

სპეციალურ სასწავლებელში ჩავაბარე გამოცდები, თითოეულ დონეზე სულ უფრო რთულდებოდა. პარაშუტით ხტომის პარალელურად, პილოტობასაც ვეუფლები.

მანქანის მაგივრად, თვითმფრინავს ვმართავ. მიყვარს ფრენა, ეს სულ სხვა განზომილებაა. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ყველაზე მეტად მზის ჩასვლისას მიყვარს გადმოხტომა. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მზეს ვუახლოვდები.

4 კილომეტრიდან გადმოხტომისას თავისუფალი ვარდნა 55-60 წამი გრძელდება და ამ დროს იცით, რა საოცრება ხდება, გინახავთ, ცაში როგორ ცეკვავენ ხორუმს? ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ეს უნდა განიცადო.

- რა ასაკში წახვედით საქართველოდან?

- 14 წლისა. როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, იქიდან უფრო რეალურად აფასებ ყველაფერს. უფრო რაციონალური ხდები. გაქვს ცხოვრების გზის არჩევისა და განვითარების საშუალება... საქართველოზე ფიქრისას ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები მახსენდება. ჩემი უსაყვარლესი ბებია, დაიკო, მამა... მინდა აქაური ქართველების  სახელით, მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს თბილისს.

"ეს იყო განუმეორებელი წუთები"

"ლია ხუციშვილის ბიოგრაფიის განუმეორებელი შტრიხი მისი პარაშუტისტობა გახლავთ... რაიონში მოეწყო სპორტსმენ-პარაშუტისტთა დასკვნითი ხტომა თვითმფრინავიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. 25-მა პარაშუტისტმა სამ დღეში სამ-სამჯერ გააკეთა ხტომა და სამართლიანად მოიპოვა მესამე სპორტული თანრიგი საპარაშუტო სპორტში. წარმატებულთა შორის სოფელ არხილოსკალოელი ლია ხუციშვილიც გახლდათ", - იუწყებოდა გაზეთ "ახალი შირაქის" 1961 წლის 7 დეკემბრის ნომერი.

ლია ხუციშვილი: "პარაშუტიდან გადმოხტომის მსურველთაგან ყველაზე პატარა მე ვიყავი, ამიტომ კომისიამ უარი მითხრა, მაგრამ ისე ვიხვეწებოდი და თან ისეთი ჯანმრთელი გამოვდექი, რომ გაითვალისწინეს და ნება დამრთეს. ეს იყო ჩემთვის განუმეორებელი წუთები. დღემდე მახსოვს, რა სასიამოვნო იყო: ცაში ჯერ შურდულივით მოვქროდი, მერე, პარაშუტი რომ გაიხსნა, ჩიტივით მოვნარნარებდი. მიწაზე ფეხის დადგმის სიხარულს ხომ არაფერი შეედრება".

ეკა სალაღაია