"გინახავთ, როგორ ცეკვავენ ზეცაში ხორუმს?"- პირველი ქართველი პარაშუტისტი ქალი
22-06-2015
"გინახავთ, როგორ ცეკვავენ ზეცაში ხორუმს?"- პირველი ქართველი პარაშუტისტი ქალი
ნათია მამაიაშვილი: "მიყვარს ფრენა, ეს სულ სხვა განზომილებაა... ყველაზე მეტად მზის ჩასვლისას მიყვარს გადმოხტომა. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მზეს ვუახლოვდები"


ნათია მამაიაშვილს საინტერესო ცხოვრება აქვს. იგი ერთდროულად რამდენ­იმე პროფესიას ფლობს, მაგრამ განსაკუთ­რებით განსხვავებულად ერთი მეჩვენა - ნათია პირველი ქართველი ლიცენზირებ­ული პარაშუტისტი ქალია.


- 10 წელიწადზე მეტია, რაც ამერიკაში­ ვცხოვრობ. ჩემი საქმიანობა­ მრავალფეროვანია. მზიან ამინდში უმეტე­სად დავფრინავ­, ხოლო თუ ამინდი ხელს არ მიწყობს, მუსიკას ვასწავლი. პროფ­ესიით პიანისტი ვარ. დავამთავრე
ნიუ-იორკის მანჰეტენის მუსიკ­ალური და აკადემიური­ სკოლა. კარნეგი-ჰოლში, სტეინვეი-ჰოლსა და სხვა ცნობილ დარბაზებში მქონია კონც­ერტები, რაზეც ბევრი მუსიკოსი ოცნე­ბობს. თავისუფალ დროს ვასწავლი, მიყვარს ახალგაზრდა ენთუზიასტებისთვის ცოდნის გაზიარება­. საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტიც გახლავართ, ნიუ-იორკის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული.

- თქვენ პირველი ქართველი ლიცენზირ­ებული პარაშუტისტი ქალი ხართ.
- ამ ტიტულის მოსაპოვებლად
რთული­ ფსიქოლოგიური გზის გავლაა საჭირო. სპორტის ეს სახეობა არ არის ყველასთვის­. ბავშვობიდან მინდოდა, მეფრინა, მაგრამ მუსიკოსების ოჯახში დაბადებულს, თითქოს კარიერა წინასწარ გაქვს განსაზღვრული.

პირველად 2011 წელს გადმოვხტი თვითმფრინავიდან. მიწაზე რომ დავდგი ფეხი, უკვე ვიცოდი: სპორტის ამ სახეობას პროფესიონალურ დონეზე უნდა დავუფლებოდი.

სპეციალურ სასწავლებელში ჩავაბარე გამოცდები, თითოეულ დონეზე სულ უფრო რთ­უ­ლდებოდა. პარაშუტით ხტომის­ პარალელურად, პილოტობასაც ვეუფლები.

მანქანის მაგივრად, თვითმფრინავს ვმარ­თავ­. მიყვარს ფრენა, ეს სულ სხვა განზომილებაა. სხვაგვარად ვერც წარმომიდგენია ჩემი ცხოვრება. ყველაზე მეტად მზის ჩასვლისას მიყვარს გადმოხტომა. ამ დროს ისეთი გრძნობა მეუფლება, თითქოს მზეს ვუახლოვდები.
4 კილომეტრიდან გადმოხტომისას თავისუფალი ვარდნა 55-60 წამი გრძელდება და ამ დროს იცით, რა საოცრება ხდება, გინახავთ, ცაში როგორ ცეკვავენ ხორუმს? ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია, ეს უნდა განიცადო.

- რა ასაკში წახვედით საქართველოდან?
- 14 წლისა. როცა უცხო ქვეყანაში ცხოვრობ, იქიდან უფრო რეალურად აფასებ ყველაფერს. უფრო რაციონალური ხდები. გაქვს ცხოვრების გზის არჩევისა და განვითარების საშუალება... საქართველოზე ფიქრისას ყველაზე მეტად ჩემი ოჯახი და საყვარელი ადამიანები მახსენდება. ჩემი უსაყვარლესი ბებია, დაიკო, მამა... მინდა აქაური ქართველების  სახელით, მწუხარება გამოვხატო იმ ტრაგედიის გამო, რომელიც თავს დაატყდა ჩვენს თბილისს.

"ეს იყო განუმეორებელი წუთები"

"ლია ხუციშვილის ბიოგრაფიის განუმ­ეორებელი შტრიხი მისი პარაშუტისტობა გახლავთ... რაიონში მოეწყო სპორტსმენ-პარაშ­უტისტთა დასკვნითი ხტომა თვითმფრინავიდან 800 მეტრ სიმაღლეზე. 25-მა პარაშუტისტმა სამ დღეში სამ-სამჯერ გააკეთა ხტომა და სამართლიანად მოიპოვა მესამე სპორტული თანრიგი საპარაშუტო სპორტში. წარმატებულთა შორის სოფელ არხილოსკალოელი ლია ხუციშვილიც გახლდათ", - იუწყებოდა გაზეთ "ახალი შირაქის" 1961 წლის 7 დეკემბრის ნომერი.

ლია ხუციშვილი: "პარაშუტიდან გადმოხტომის მსურველთაგან ყველაზე პატარა­ მე ვიყავი, ამიტომ კომისიამ უარი მითხრა, მაგრამ ისე ვიხვეწებოდი და თან ისეთი­ ჯანმრთელი გამოვდექი, რომ გაითვალისწინეს და ნება დამრთეს. ეს იყო ჩემთვის განუმეორებელი წუთები. დღემდე მახსოვს, რა სასიამოვნო იყო: ცაში ჯერ შურდ­ულივით მოვქროდი, მერე, პარაშუტი რომ გაიხსნა, ჩიტივით მოვნარნარებდი. მიწაზე ფეხის დადგმის სიხარულს ხომ არაფერი შეედრება".

ეკა სალაღაია

რედაქტორის რჩევით