"ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს...
22-06-2015
"ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს...
"უკვე დავიღალე, დავიღალე, გესმით? ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების შესხმით. გასაღები მოგეცათ თქვენ,
კარებს მაინც ვერ ხსნით..."


ბაღში რამდენიმე შავოსანი იჯდა სიმწვანეში. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა და ამიტომაც გაჩუმებულიყვნენ... ფოთლებს­ შორის მოლიცლიცე მზეს ვერც ამჩნევდნენ, იმიტომ, რომ მათი ბეგი აღარ იყო... ის ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდა.
ასეთ დროს ჟურნალისტი სვამს კითხვებს: რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი? თუმცა­ მე ამისთვის არ მივსულვარ - რაც მოხდა, მთელმა საქართველომ გაიგო... ოჯახმა დაკარგა ერთადერთი შვილი.­

ბეგი მამალაძემ თავისი ცხოვრებით თითქოს საზოგადოების გამოფხიზლება სცადა. ის იყო გამორჩეულად ნიჭიერი: ხატავდა, წერდა, ქმნიდა მუსიკას... ცხენები ბავშვობიდან უყვარდაო, - მითხრა დამწუხრებულმა დედამ და რამდენიმე ფოტოც მაჩვენა: სულ პატარა ბეგი ცხენზე, მერე უკვე მოზრდილი - გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის პატივსაცემად მოწყობილი დოღის დროს მოხდენილად ამხედრებული.

ალბათ,
ცხენზე როცა იჯდა, განსაკუთ­რებულ სიახლოვეს გრძნობდა თავის წინაპართან - ბუღარა (გაბრიელ) მამალაძესთან,­ სახალხო გმირთან, რომლის სახელსაც უკავშირდება რამდენიმე გმირობა ადამიანთა გატაცებასა და გაყიდვასთან ბრძოლაში... ბუღარასა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე­ დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს. შემთხვევითი არ იყო ბეგის ლექსის­ სტრიქონები:

"არის სადღაც საქართველო,
იქ შავლეგოს მღერიან,
მეც იქ მინდა, რომ წავიდე,
მეც იქ მელოდებიან..."


ბეგის ნათლობის სახელი გაბრიელი ერქვა, ისე როგორც მის წინაპ­არს... სოფელი ხევიც განსაკუთრებულად უყვარდა. მოსწონდა გურიის ეს ულამაზესი სოფელი­, მამისეული ფესვებიც აქ ეგულებოდა (ბეგის მამა, სოსო მამალაძე, საბჭოთა დროს რეპრესირებული და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი). ფანტაზიით ათასგვარ საომარ სიტუაციაში წარმოიდგენდა ძლევამოსილ ბუღარას, მაშინ თითქოს გამომეტყველებაც ეცვლებოდა. უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე იყო. ხატავდა მეომრებს, რომლებიც ხშირად უთანასწორო ბრძო­ლაში ეკვეთებოდნენ მტერს და იქიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ხატავდა­ თავის ქართველებს, რომლებიც მოწამებრივი ისტორიის ბურჯებად ქცეულიყვნენ.

ბეგის ნამუშევრებმა მიიქციეს კიდეც ყურადღება და პრემიაც დაიმსახურეს.
საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნის" მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში "საქართველოს მეფე-დედოფლები და პატრიარქები" (2011 წელი) ბეგის ნამუშევარს "დიდგორის ბრძოლა" რუსუდან ფეტვიაშვილმა და გია ბუღაძემ უმაღლ­ესი შეფასებები მისცეს, ხოლო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კონკურსში, "ნახატები ბიბლიურ თემაზე", ბეგიმ საპრიზო ადგილი აიღო.
ჯერ ყველაფერი წინ იყო. მაჭრის დუღილი დასრულდებოდა და განსაკუთრებული ღვინო დადგებოდა... თუმცა არ ეწერა აღსრულება... ბეგის რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა. თავის ლექსებში წერდა:
"მე კი არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე, ან ნეტავ შემდეგ რა იქნება,  ალბათ, დანას გამიყრიან..."
მართლაც დანით მოკლეს...

მარიკა ზედელაშვილი, ბეგი მამალაძის დედა: - ჩვენი სახლის კარი არ იკეტებოდა. ნებისმიერ დროს მასთან მეგობრები მოდიოდნენ, თავს ისე გრძნო­ბდნენ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მომწონდა ეს სიახლოვე, თუმცა­ სადარდებელიც მქონდა. ბეგის სკოლაში არ უნდოდა­ სიარული, ბევრს აცდენდა­... ბავშვობიდან ხატავდა. მისი საყვარელი თემა საქართველოს ისტორია იყო. როცა ბეგის ნამუშევარმა პრემია დაიმსახურა, იმ თანხით წიგნი იყიდა: "მსოფლიო იარაღის ანთოლოგია". ამბობდა, ყველა იარაღი უნდა ვიცოდე, როცა ვხატავ, მჭირდებაო... გული მწყდება, რომ ბეგის­ ისე არ იცნობდნენ, როგორიც სინამდვილეში იყო. მეც ახლა ვეცნობი მის ბევრ ჩანაწერს და გული მტკივა. ფაქტობ­რივად, გახსნილად ლაპარაკობს ცხოვრებაზე, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც... 

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ათასი ჭორ-მართალი აირია ერთმანეთში. ამბობენ,­ რომ რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ ხანგრძ­ლივად, ამის გამო მოკლესო. ასე არ იყო. ბო­ლო გამოცდის შემდეგ კაფეში წავიდა და იქ შელაპარაკება მოუხდა. საერთოდ, საოცარი თვისება ჰქონდა, ადვილად შეარ­იგებდა ყველას, სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა სხვებს... იმ საბედისწერო­ დღესაც ტელეფონით მესაუბრა,  მეგობრისთვის, რომელსაც რაღაც დიდი პრობლემა­ ჰქონდა, ფული უნდა ეჩუქებინა და მეკითხ­ებოდა, სად დევსო... ამ დროს ზურგიდან ჩაურტყამთ დანა. გავიგონე შეძახილი: ვინ ხარ, რა გინდაო? ტელეფონი გაითიშა, რომ დავურეკე, მიპას­უხა: დამჭრეს, დედაო! გავიქეცი. უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი...

- მითხარით, სკოლაში სიარული არ უნდ­ოდაო, რატომ?
- განსხვავებული იყო თავისი აზროვ­ნებით, სულიერი დამოკიდებულებით. ხომ იცით, განსხვავებულს ვერავინ იტანს. ერთ სიმღერის ტექსტში გულახდილად ჰყვება თავის ცხოვრებაზე:

"ყველაფერი კარგად იყო
სკოლის პირველ კლასამდე,
ბეგი მერქვა, მამალაძე,
და მეკეთა სათვალე.
კარგი მხოლოდ სწავლა იყო,
მაშინ ასე ჩავთვალე,
გნომს უნდოდა, რომ ესწავლა
და გნომს ეს არ აცალეს.
მერე ყველა ფულს მაწერდა
და პირველად დამარტყეს,
სწავლობს, ბიჭო, "შკოლნიკია",
ურტყი, რაში გადარდებს.
მე არავის ვადარდებდი,
მე, უბრალოდ, დამჩაგრეს,
მათი სიტყვა ბევრს ნიშნავდა,
ჩემი კიდევ - არაფერს...
დანახვაც არ მინდებოდა ქუჩის,
მით უმეტეს, სკოლის...
ცხოვრებამ გზა ამირია,
მე რაღა არ გამივლია.
ვგრძნობდი, როგორ მამცირებდნენ,
ვგრძნობ, თუ როგორ დამცინიან.
ნეტავ შემდეგ რა იქნება?
- ალბათ, დანას გამიყრიან...  
ყველა აყაყანდება და
რაღაც ჭორებს დამიყრიან..."


ყველაზე გულსაკლავი ის არის, რომ ბავშვების დაუნდობელი დამოკიდებულება, რამაც სრულიად შეაცვლევინა ბეგის აზრი ცხოვრებაზე, სასულიერო კოლეჯში გამოცადა... ბეგი შეიცვალა. იძულებული იყო, ფიზიკურად დაეცვა საკუთარი თავი. ვეღარავინ დაჩაგრავდა... ქუჩას აძაგებდა, მაგრამ ქუჩაში თავს დაჩაგრულად აღარ გრძნობდა, სხვებზე ზრუნავდა. მთელი არსებით ცდილობდა, დაეცვა სხვა... გამოსდიოდა კიდეც! სულ იმას ამბობდა, ყველაფერი უნდა მოგვარდეს, რომ ჩხუბი არ მოხდესო. სიმბოლური იყო: სულ ბოლოს, თავის კუბოსთ­ანაც ბევრი შეარიგა. სიძულვილი კი არა, სიყვარული დატოვა... მანუგეშებს ის, რასაც სახარება ბრძანებს: "რომელმა სიყვარული ჰყო, მან სჯული აღასრულა"...

P.S. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საუბრისას მის მშობლებს ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა "მკვლელი", არც გაბოროტებულებს უთქვამთ რამე... ალბათ, იშვიათია, როცა ასეთი დიდი უბედურების ფონზე მშობლები კიდევ აკონტროლებენ თავს. ბეგიმ სიყვარული დატოვა ყველგან, ისე, როგორც ლექსში წერს:

"ვოცნებობ იმ კადრის ნახვას,
მე რომ გამოვტოვე და...
სიკვდილის წინ გეხვეწები,
ცაო, წამოთოვე...
კიდევ ერთხელ, მეგობარო,
გთხოვ, რომ ნუ დამტოვებ,
სიძულვილში მეძებდი შენ -
სიყვარულში მპოვებ..."


ბეგი მამალაძე მოკლეს. თბილისელი­ ბიჭი, რომელსაც ძველი ქართველი მეო­მრების­ სული ჰქონდა, იბრძოლა როგო­რც­ შეეძლო და სიყვარულიც იანდერძა, სკოლის დამთავრების დღეს ზეციურ საქართველოს შეუერთდა. ცოტა ხნის წინ დაწერილი სტრიქონები კი სიმბოლურ წინასწარმეტყველებად აჟღერდა: 

"მე გემშვიდობებით არა მარტო გონებით,
აქ სულით და სხეულით
უფრო გადარეულით, აქ გადალეულით,
ამ მოლოდინებით, გადაყრილი ფილმებით
დროის სანაგვეზე, გლოვით არაფერზე...
უკვე დავიღალე, დავიღალე, გესმით?
ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების
შესხმით. გასაღები მოგეცათ თქვენ,
კარებს მაინც ვერ ხსნით..."

სიონის ტაძრიდან გამოასვენეს. გულითა და სულით მხედარსა და მეომარს უკანასკნელ გზაზე წინ თეთრი ცხენი მიუძღოდა... სხვა ომში დასახარჯი სიცოცხლე სულ სხვა ომში დაიხარჯა...
BMW
12 აგვისტო 2016 17:47
ღორებივით უნდა დააკლა მასეთი ხალხი ქურდულ ცხოვრების მიმდევარი ხალხი განურჩევლად ყველაა !!!!!!!!

ახლა აქაც დამცველები გამოდით და დაიწყეს ქურდებს სიცოცხლე ბოო..ებს სიკიკვილიო მიდით თქვე ღორის შვილებო..

ყველაზე საკკვირველი რა არის იცით. ქურდული იერარქიის ისტორია რო კითხო ყველა მომავალმა კაი ბიჭმა თუ ქურდმა იცის დღე დღეზე რო ელოდებიან სკაიპით როდის აკურთხებენ ქურდათ ვაი თქვე საცოდავებო.. მაგრამ საქმე საქმეზე რო მიდის ავიწყდებათ ან არ უნდათ რო გაიხსენონ რა იყო ძველად რეალურად მართლა ქურდის დანიშნულება..

ქურდის სახლი ციხეო ხო არის ასე?? არის.

ქურდის ოჯახი თავისივე იერარქიის წარმომადგენელი ძმები ხო არის ასე?? არის.

ქურდს არ შეეძლო ცოლის მოყვანა ოჯახის შექმნა ხო არის ასე?? არის.

ქურდს არ უნდა ჰქონოდა ზედმეტი ქონება ფული სახლები თუ ასე შემდეგ არის ხო ასე?? არის.

ქურდს დაჩაგვრაზე ასეთ დაწერვებზე და მსგავს სიბუნძურეზე ამის გამკეთებლებზე ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონოდა და საკადრისი პასუხი გაეცათ . არის ხო ასე?? არის.

ეს ჩემი მონაგონი არ გეგონოთ სიტყვა ნეპმანელი ქურდი (ძველი თაობის)თუ გაგიათ ან ვასია ბრილიანტი მაშინ გეცოდინებათ ყველას ნამდვილად რეალურად ქურდის ნამდვილი სახე. საერთო ჯამში ქურდი მკვლელი ყაჩაღი თუ ბანდიტი რაც გინდათ დაარქვით სახელმწიფოსთვის მტერია მასეთი კაცი უნდა დაისაჯოს რაღა-თქმა უნდა.


დაახლოებით 90-ი წლების ბოლოს კი ახლად გამოჩეკილმა ახალი თაობის ქურდებმა. დაიწყეს სხვა რელსებზე გადასვლა ეს კი იმაში გამოიხატებოდა რომ ქურდს უნდა ჰქონოდა ყველაფრის უფლება რაც ზემოთ ჩამოვთვალე ამათ საპირისპიროდ მოინდომეს.. რასაც მოჰყვა ძველი თაობის ნეპმანელი ტრადიციების მიმდევარ ქურდებთან უთანხმოება ამას დაემატა მკლველობები ძველი თაობის ქურდების რადგან უმცირესობაში იყვნნე რაოდენობრივად უკვე... სხვათა შორის საწყენია მაგრამ ქართველი ქურდები იყვნენ ერთ ერთი პირველები ვინც ასეთი ცვლილებები მოინდომა და გააკეთეს კიდეც....

აი ამ ყველაფერს მოჰყვა ჩემი თაობის ახალგაზრდობის ჩაგვრა ფულის აწერვები დაჭრები ცემები სიკვილიანობა გზიდან აცდენა რატოომ>???

მარტივ მაგალითს მოგიყვანთ 98 -ი წელია 10 კლასში ვარ სკოლის ეზოში შემოდის რამდენიმე უბნის კაი ბიჭი მაყურებელი როგორც უწუდებნენ თავიანთ თავს. და ითხოვენ სათითაოდ ყველა ჩემიდან დაწყებული კლასელი ბიჭებით დასრულებული ფულს. რადგან ციხეზე ვიღაც ქურდს თურმე ფული უნდა შეუგზავნონ და საშოვნელია. მე მთქვი არ მაქ ფული ასევე სხვა რამდენიმემაც მოვიტყუე რათქმაუნდა. არ მისცემ ფულს ცუდად წაგივა საქმე. რადგან ერთი კაცი მაინც მოიძებნება ყოველთვის რომელი ან ჩერეზ ძმაკაცი მაგათი ან უბრალოთ ენით. რომელიც მივა და ეტყვის აი გიორგიმ ფული არ მაქო რო თქვაო . დავინახე ფუფეტში იყო და ქადა იყიდაო ამაზე მოვლენ და უკვე მარტო მუშტი კი არა ბინძურად ეგრეთ წოდებული ტისაკები დანებზე რომ არაფერი ვთქა მაგით გისწორდებონდნენ.

აღარ მინდა კიდევ მსგავსი სიბნძურე გავიხსენო. რადგან ერთ ერთი მასეთი ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდების პატარა ლაწირაკი ფულის ამკრეფეფი როდესაც ახევას აპირებდნენ შევეწინაღმდეგე და დავრჩი ერთი თვალის გარეშე. ბევრმა შეიძლება მიცნოს და გაიხსენოს ეს შემთხვევა .
sopleli
19 ოქტომბერი 2015 17:59
გული დამეწვა, ჩემი ბავშვობა გამახსენდა, თუ შენ თავს მგლებისგან ვერ დაიცავ და არც დამცავი გყავს ხშირად დაკარგული ხარ, მე გოგო ვიყავი, მთლად ასე არ იყო, მაგრამ ბევრი რამე ცუდად მახსენდება სკოლიდან. თბილისში რომ ვსწავლობდი, სტუდენტები ისე აღარ ჩაგრავდნენ ერთმანეთს, არ სცემდნენ, მაგრამ ახლა სულ ფულს 'აწერდნენ', ასეთი რამე პირველად ვნახე თბილისში. ჩვენ გოგოებს არ გვეხებოდნენ, ოღონდ ბიჭებში გავრცელებული იყო. არ ვიცი რა ოჯახებიდან იყვნენ გამოსულები, თუ ყველას ოჯახი შეიძლება რომ დაარქვა. ევროპაში რომ ვისწავლე ასეთი რამე არ არსებობდა, არავინ არავის არ ჩაგრავდა და არც არაფერს სთხოვდა, ეს ჩვენს ბნელეთში ხდება მარტო. ნათელში იყავი ბეგი, ადრე თუ გვიან იმათ მიეზღვებათ თავისი, შეხვდებიან თავიანთნაირებს.
emigranti
19 ოქტომბერი 2015 16:17
დიდი ტკივილია ამ ბავშვის დაღუპვა და თუ პრობლემები ქონდა დედამ როგორ ვერ გაუგოო??? და ეხლა ვიღაც მფარველობსოოოოო მთელი ქალაქი უნდა გამოვიდეს ქუჩაში და სატანადოდ დაისაჯონ მკვლელებიც და მათი მშობლებიც. ამით გადავარჩენთ სხვებს ვისაც ჩაგრავენ სკოლაში თუ გარეთ.

რედაქტორის რჩევით