"ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს... - კვირის პალიტრა

"ნეტავ შემდეგ რა იქნება? ალბათ, დანას გამიყრიან" - მართლაც დანით მოკლეს...

"უკვე დავიღალე, დავიღალე, გესმით? ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების შესხმით. გასაღები მოგეცათ თქვენ,

კარებს მაინც ვერ ხსნით..."

ბაღში რამდენიმე შავოსანი იჯდა სიმწვანეში. ყველა თავის ფიქრს მისცემოდა და ამიტომაც გაჩუმებულიყვნენ... ფოთლებს შორის მოლიცლიცე მზეს ვერც ამჩნევდნენ, იმიტომ, რომ მათი ბეგი აღარ იყო... ის ძალადობრივი სიკვდილის მსხვერპლი გახდა.

ასეთ დროს ჟურნალისტი სვამს კითხვებს: რა მოხდა, ვინ იყო მკვლელი? თუმცა მე ამისთვის არ მივსულვარ - რაც მოხდა, მთელმა საქართველომ გაიგო... ოჯახმა დაკარგა ერთადერთი შვილი.

ბეგი მამალაძემ თავისი ცხოვრებით თითქოს საზოგადოების გამოფხიზლება სცადა. ის იყო გამორჩეულად ნიჭიერი: ხატავდა, წერდა, ქმნიდა მუსიკას... ცხენები ბავშვობიდან უყვარდაო, - მითხრა დამწუხრებულმა დედამ და რამდენიმე ფოტოც მაჩვენა: სულ პატარა ბეგი ცხენზე, მერე უკვე მოზრდილი - გუდამაყარში, გოდერძი ჩოხელის პატივსაცემად მოწყობილი დოღის დროს მოხდენილად ამხედრებული.

ალბათ, ცხენზე როცა იჯდა, განსაკუთრებულ სიახლოვეს გრძნობდა თავის წინაპართან - ბუღარა (გაბრიელ) მამალაძესთან, სახალხო გმირთან, რომლის სახელსაც უკავშირდება რამდენიმე გმირობა ადამიანთა გატაცებასა და გაყიდვასთან ბრძოლაში... ბუღარასა და მისი ძმების მამაცურმა ბრძოლამ თავის დროზე დიდი როლი შეასრულა იმ ხანგრძლივ ომში, რაც გადაშენებით ემუქრებოდა ჩვენს ხალხს. შემთხვევითი არ იყო ბეგის ლექსის სტრიქონები:

"არის სადღაც საქართველო,

იქ შავლეგოს მღერიან,

მეც იქ მინდა, რომ წავიდე,

მეც იქ მელოდებიან..."

ბეგის ნათლობის სახელი გაბრიელი ერქვა, ისე როგორც მის წინაპარს... სოფელი ხევიც განსაკუთრებულად უყვარდა. მოსწონდა გურიის ეს ულამაზესი სოფელი, მამისეული ფესვებიც აქ ეგულებოდა (ბეგის მამა, სოსო მამალაძე, საბჭოთა დროს რეპრესირებული და ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი წევრი). ფანტაზიით ათასგვარ საომარ სიტუაციაში წარმოიდგენდა ძლევამოსილ ბუღარას, მაშინ თითქოს გამომეტყველებაც ეცვლებოდა. უფრო დიდი ჩანდა, ვიდრე იყო. ხატავდა მეომრებს, რომლებიც ხშირად უთანასწორო ბრძოლაში ეკვეთებოდნენ მტერს და იქიდან გამარჯვებულები გამოდიოდნენ, ხატავდა თავის ქართველებს, რომლებიც მოწამებრივი ისტორიის ბურჯებად ქცეულიყვნენ.

ბეგის ნამუშევრებმა მიიქციეს კიდეც ყურადღება და პრემიაც დაიმსახურეს.

საპატრიარქოსთან არსებული მოძრაობა "დავითიანნის" მიერ ჩატარებულ რესპუბლიკურ კონკურსში "საქართველოს მეფე-დედოფლები და პატრიარქები" (2011 წელი) ბეგის ნამუშევარს "დიდგორის ბრძოლა" რუსუდან ფეტვიაშვილმა და გია ბუღაძემ უმაღლესი შეფასებები მისცეს, ხოლო საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის კონკურსში, "ნახატები ბიბლიურ თემაზე", ბეგიმ საპრიზო ადგილი აიღო.

ჯერ ყველაფერი წინ იყო. მაჭრის დუღილი დასრულდებოდა და განსაკუთრებული ღვინო დადგებოდა... თუმცა არ ეწერა აღსრულება... ბეგის რაღაცნაირი წინათგრძნობა ჰქონდა. თავის ლექსებში წერდა:

"მე კი არ მომიწევს მოცდა შემდეგ გაზაფხულამდე, ან ნეტავ შემდეგ რა იქნება,  ალბათ, დანას გამიყრიან..."

მართლაც დანით მოკლეს...

მარიკა ზედელაშვილი, ბეგი მამალაძის დედა: - ჩვენი სახლის კარი არ იკეტებოდა. ნებისმიერ დროს მასთან მეგობრები მოდიოდნენ, თავს ისე გრძნობდნენ, როგორც საკუთარ სახლში. ძალიან მომწონდა ეს სიახლოვე, თუმცა სადარდებელიც მქონდა. ბეგის სკოლაში არ უნდოდა სიარული, ბევრს აცდენდა... ბავშვობიდან ხატავდა. მისი საყვარელი თემა საქართველოს ისტორია იყო. როცა ბეგის ნამუშევარმა პრემია დაიმსახურა, იმ თანხით წიგნი იყიდა: "მსოფლიო იარაღის ანთოლოგია". ამბობდა, ყველა იარაღი უნდა ვიცოდე, როცა ვხატავ, მჭირდებაო... გული მწყდება, რომ ბეგის ისე არ იცნობდნენ, როგორიც სინამდვილეში იყო. მეც ახლა ვეცნობი მის ბევრ ჩანაწერს და გული მტკივა. ფაქტობრივად, გახსნილად ლაპარაკობს ცხოვრებაზე, რომელმაც იმსხვერპლა კიდეც...

ამ ტრაგიკული ამბის შემდეგ ათასი ჭორ-მართალი აირია ერთმანეთში. ამბობენ, რომ რაღაც კონფლიქტი ჰქონდათ ხანგრძლივად, ამის გამო მოკლესო. ასე არ იყო. ბოლო გამოცდის შემდეგ კაფეში წავიდა და იქ შელაპარაკება მოუხდა. საერთოდ, საოცარი თვისება ჰქონდა, ადვილად შეარიგებდა ყველას, სულ იმაზე ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა სხვებს... იმ საბედისწერო დღესაც ტელეფონით მესაუბრა,  მეგობრისთვის, რომელსაც რაღაც დიდი პრობლემა ჰქონდა, ფული უნდა ეჩუქებინა და მეკითხებოდა, სად დევსო... ამ დროს ზურგიდან ჩაურტყამთ დანა. გავიგონე შეძახილი: ვინ ხარ, რა გინდაო? ტელეფონი გაითიშა, რომ დავურეკე, მიპასუხა: დამჭრეს, დედაო! გავიქეცი. უკვე საავადმყოფოში ჰყავდათ გადაყვანილი...

- მითხარით, სკოლაში სიარული არ უნდოდაო, რატომ?

- განსხვავებული იყო თავისი აზროვნებით, სულიერი დამოკიდებულებით. ხომ იცით, განსხვავებულს ვერავინ იტანს. ერთ სიმღერის ტექსტში გულახდილად ჰყვება თავის ცხოვრებაზე:

"ყველაფერი კარგად იყო

სკოლის პირველ კლასამდე,

ბეგი მერქვა, მამალაძე,

და მეკეთა სათვალე.

კარგი მხოლოდ სწავლა იყო,

მაშინ ასე ჩავთვალე,

გნომს უნდოდა, რომ ესწავლა

და გნომს ეს არ აცალეს.

მერე ყველა ფულს მაწერდა

და პირველად დამარტყეს,

სწავლობს, ბიჭო, "შკოლნიკია",

ურტყი, რაში გადარდებს.

მე არავის ვადარდებდი,

მე, უბრალოდ, დამჩაგრეს,

მათი სიტყვა ბევრს ნიშნავდა,

ჩემი კიდევ - არაფერს...

დანახვაც არ მინდებოდა ქუჩის,

მით უმეტეს, სკოლის...

ცხოვრებამ გზა ამირია,

მე რაღა არ გამივლია.

ვგრძნობდი, როგორ მამცირებდნენ,

ვგრძნობ, თუ როგორ დამცინიან.

ნეტავ შემდეგ რა იქნება?

- ალბათ, დანას გამიყრიან...

ყველა აყაყანდება და

რაღაც ჭორებს დამიყრიან..."

ყველაზე გულსაკლავი ის არის, რომ ბავშვების დაუნდობელი დამოკიდებულება, რამაც სრულიად შეაცვლევინა ბეგის აზრი ცხოვრებაზე, სასულიერო კოლეჯში გამოცადა... ბეგი შეიცვალა. იძულებული იყო, ფიზიკურად დაეცვა საკუთარი თავი. ვეღარავინ დაჩაგრავდა... ქუჩას აძაგებდა, მაგრამ ქუჩაში თავს დაჩაგრულად აღარ გრძნობდა, სხვებზე ზრუნავდა. მთელი არსებით ცდილობდა, დაეცვა სხვა... გამოსდიოდა კიდეც! სულ იმას ამბობდა, ყველაფერი უნდა მოგვარდეს, რომ ჩხუბი არ მოხდესო. სიმბოლური იყო: სულ ბოლოს, თავის კუბოსთანაც ბევრი შეარიგა. სიძულვილი კი არა, სიყვარული დატოვა... მანუგეშებს ის, რასაც სახარება ბრძანებს: "რომელმა სიყვარული ჰყო, მან სჯული აღასრულა"...

P.S. არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ საუბრისას მის მშობლებს ერთხელაც არ უხსენებიათ სიტყვა "მკვლელი", არც გაბოროტებულებს უთქვამთ რამე... ალბათ, იშვიათია, როცა ასეთი დიდი უბედურების ფონზე მშობლები კიდევ აკონტროლებენ თავს. ბეგიმ სიყვარული დატოვა ყველგან, ისე, როგორც ლექსში წერს:

"ვოცნებობ იმ კადრის ნახვას,

მე რომ გამოვტოვე და...

სიკვდილის წინ გეხვეწები,

ცაო, წამოთოვე...

კიდევ ერთხელ, მეგობარო,

გთხოვ, რომ ნუ დამტოვებ,

სიძულვილში მეძებდი შენ -

სიყვარულში მპოვებ..."

ბეგი მამალაძე მოკლეს. თბილისელი ბიჭი, რომელსაც ძველი ქართველი მეომრების სული ჰქონდა, იბრძოლა როგორც შეეძლო და სიყვარულიც იანდერძა, სკოლის დამთავრების დღეს ზეციურ საქართველოს შეუერთდა. ცოტა ხნის წინ დაწერილი სტრიქონები კი სიმბოლურ წინასწარმეტყველებად აჟღერდა:

"მე გემშვიდობებით არა მარტო გონებით,

აქ სულით და სხეულით

უფრო გადარეულით, აქ გადალეულით,

ამ მოლოდინებით, გადაყრილი ფილმებით

დროის სანაგვეზე, გლოვით არაფერზე...

უკვე დავიღალე, დავიღალე, გესმით?

ოცნებებში ოცნებებზე ტყუილ ფრთების

შესხმით. გასაღები მოგეცათ თქვენ,

კარებს მაინც ვერ ხსნით..."

სიონის ტაძრიდან გამოასვენეს. გულითა და სულით მხედარსა და მეომარს უკანასკნელ გზაზე წინ თეთრი ცხენი მიუძღოდა... სხვა ომში დასახარჯი სიცოცხლე სულ სხვა ომში დაიხარჯა...