"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" უკვე იყიდება
22-06-2015
"მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" უკვე იყიდება
აგათა კრისტი - 125

ოქროს კოლექცია


იცით, რა საერთო ჰქონდა აგათა კრისტის, აინშტაინს, ლეონარდო და ვინჩის, პიკასოსა და სტივ ჯობსს? დისლექსია, ანუ კითხვის უნარის ნაწილობრივ დაქვეითება.

მაგალითად, ცნობილია, რომ "დეტექტივების დედოფალ" აგათა კრისტის ბავშვობაში წერა ვერაფრით ასწავლეს: იმდენ შეცდომას უშვებდა და ისე ნელა წერდა, რომ მშობლებმა მისი სკოლიდან გამოყვანა გადაწყვიტეს. მართალია, განათლების მიღება სახლში გააგრძელა, მაგრამ მსოფლიო მასშტაბის ინგლისელმა მწერალმა გამართული წერა სიცოცხლის ბოლომდე ვერ ისწავლა - ყურადღების კონცენტრირება უჭირ
და და უამრავ ორთოგრაფიულ შეცდომას უშვებდა. პარადოქსია, მაგრამ დიდი დრო დასჭირდა გარშემომყოფთათვის იმის დასამტკიცებლად, რომ სულელი არ იყო.

რომანების წერაც მოულოდნელად გადაწყვიტა. ერთხელ უფროსმა დამ უთხრა, არაფრის გაკეთება არ შეგიძლიაო, რამაც მომავალი მწერალი ძალზეც გაანაწყენა და დეტექტივების წერისკენ უბიძგა - მტკიცედ გადაწყვიტა, რადაც უნდა დასჯდომოდა, დისთვის
საპირისპირო დაემტკიცებინა...

დამწყებ მწერალ აგათა კრისტის თავდაპირველად რედაქტორებიც ამრეზით უყურებდნენ და მოითხოვდნენ, უფრო გასაგებად ეწერა. კიდევ კარგი, ფარ-ხმალი არ დაყარა და არა მხოლოდ რედაქტორებამდე, კაცობრიობამდე თავისი წიგნების გენიალურობის მიტანა შეძლო. დისლექსიის მიუხედავად, აგათა 80-ზე მეტი რომანის ავტორია. მეტიც, მსოფლიოს აგათას დაბადებიდან 125 წლის შემდეგაც კი არ შეუცვლია უდიდესი მწერლის მიმართ დამოკიდებულება - არა მხოლოდ დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაშიც გასული საუკუნის მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ბრწყინვალე წარმომადგენლის 125 წლის იუბილეს წელსაც განსაკუთრებულად აღნიშნავენ. მთელ მსოფლიოში ამ თარიღისადმი მიძღვნილი არაერთი ღონისძიება დაიგეგმა, მათ შორის, სასაჩუქრე წიგნების გამოცემაც.

რაც შეეხება მწერლის სამშობლოს, დიდ ბრიტანეთში ღონისძიებების სერიაა დაგეგმილი, რომელიც მწერლის ძეგლის გახსნას, სხვადასხვა კონკურსის ჩატარებასა და გრანდიოზულ რამდენიმედღიან ფესტივალსაც მოიცავს. ყველა აქტივობის კულმინაცია სექტემბერში,­ აგათა კრისტის დაბადების დღეზეა დაგეგმილი. მკითხველთან ერთად, კონკურსში მსოფლიოში ცნობილი ადამიანებიც მონაწილეობენ და რამდენიმე სიტყვით ან ვრცელი წერილით "დეტექტივის დედოფლის" მიმართ თავიანთ დამოკიდებულებაზე ჰყვებიან.

მოგეხსენებათ, 27 აპრილს კრისტის საუკეთესო რომანის გამოსავლენად ხმის მიცემა დაიწყო, რომელიც სექტემბერში შეჯამდება და მკითხველის მიერ დასახელებული აგათა კრისტის საუკეთესო რომანი სპეციალური ლოგოთი დაიბეჭდება.

მსოფლიო მასშტაბის ლიტერატურულ მოვლენაში საქართველო და გამომცემლობა "პალიტრა L"-იც ჩაერთო. წამოწყებას საქართველოშიც მკითხველების უპრეცედენტო რაოდენობა გამოეხმაურა, რის გამოც, გამომცემლობამ გადაწყვიტა, აგათა კრისტის დეტექტივების მოყვარულებისთვის სასიამოვნო სიურპრიზი შეეთავაზებინა.
გამომცემლობამ ბრიტანეთში "დეტექტივების დედოფლის" ოფიციალური წარმომადგენლობისგან საქართველოში საიუბილეო სერიის გამოცემის უფლება ექსკლუზიურად მოიპოვა და მის დეტექტივებს პერიოდულად გამოსცემს!
პირველ ეტაპზე, ქართულ საიტებზე მიმდინარე გამოკითხვებში "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" ლიდერობდა, ამიტომ "პალიტრა  L"-ი მკითხველებს პირველად სწორედ ამ დეტექტივს შესთავაზებს -
სპეციალური ლოგოთი დაბეჭდილი წიგნი 22 ივნისს გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება.
მიუხედავად იმისა, რომ რომანი პირველად 1934 წლის 1-ელ იანვარს გამოიცა, "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესში" დღემდე მსოფლიო ბესტსელერად ითვლება. აგათას შემოქმედების პირველი ეკრანიზაციაც ამ რომანს უკავშირდება.

აგათას დეტექტივის მიხედვით გადაღებულ ფილმში ვარსკვლავთა მთელმა არმიამ მოიყარა თავი: ინგრიდ ბერგმანი, ლორენ ბეკოლი, ვანესა რედგრეივი, შონ კონერი, ჟაკლინ ბისე... როგორც აგათასთვისაა დამახასიათებელი, "მკვლელობა აღმოსავლეთის ექსპრესშიც", ერთი შეხედვით, მკვლელის მიგნება რთულია, თუმცა, კვანძის გახსნა და ფინალი მკითხველზე წარმოუდგენელ შთაბეჭდილებას ახდენს. რომანის მთავარი ხიბლი კი მაინც ისაა, რომ მკითხველი აგათას რომანების ცნობილ გამომძიებელს, ბელგიელ ერკიულ პუაროსთან ერთად არკვევს, ვინ ჩაიდინა მკვლელობა.

აგათას კიდევ ერთი გენიალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მისი რომანების რამდენჯერმე გადაკითხვა არ მოგწყინდება - იოლი საქმე არაა, დაწერო დეტექტივები ისე, რომ წლების შემდეგ მათი ხელახლა წაკითხვის სურვილი გაგიჩნდეს.

შეგახსენებთ, აგათას საუკეთესო რომანის გამოსავლენად გამოკითხვა გრძელდება. ინგლისელი მწერლის დეტექტივებიდან თქვენი ფავორიტის შესარჩევად ხმის მიცემა შემდეგ საიტებზე შეგიძლიათ: ambebi.ge, marao.ge, palitratv.ge და ipn.ge.

რუსუდან შელია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით