"ერეკლემ გვარის გამგრძელებელი ნიკოლოზი დაგვიტოვა, ველი კი ჩემი მეშვიდე შვილი გახდა" - კვირის პალიტრა

"ერეკლემ გვარის გამგრძელებელი ნიკოლოზი დაგვიტოვა, ველი კი ჩემი მეშვიდე შვილი გახდა"

"ველი ჩემი მეშვიდე შვილი გახდა. ვცდილობ, ისე გავზარდო, როგორც ერეკლე. ველის თავიდან ქართულად საუბარი უჭირდა. ახლა კარგად კითხულობს, თუმცა, არ მოგვწონს, რომ აზერბაიჯანული ავიწყდება"

"არხოტში“მაშველებმა მთაში გაყინული 26 წლის ერეკლე ჭინჭარაულის გადარჩენა ვერ შეძლეს. გარდაცვლილის ცხედარს თბილისში გადმოასვენებენ", - ამ შემზარავი ინფორმაციით დაიწყო 2014 წლის 2 იანვრის დილის საინფორმაციო გამოშვება... რატომ ჩაფრინდა დილის 8 საათზე გამოძახებული შვეულმფრენი არხოტში შუადღის პირველ საათზე? შვეულმფრენით ჩასულმა ექიმებმა თქვეს, რომ ახალგაზრდა 10 წუთის გარდაცვლილი იყო... ამ კითხვებზე პასუხმა უკვე დაკარგა ფასი, ოჯახმა ერთადერთი ვაჟი მიაბარა მიწას...

23 დეკემბერს ერეკლემ დედას დაურეკა - ახალ წელს არხოტში შევხვდებიო. წელიწადში რამდენჯერმე ადიოდა მთაში, კანტიკუნტად შემორჩენილ ოჯახებს შეშის და თივის შეგროვებაში ეხმარებოდა... პირველ იანვარს, არხოტის მესაზღვრეებისთვის მიულოცავს ახალი წელი. იქიდან ერთ იქაურთან ერთად სოფელში ბრუნდებოდა. მორყეულ ხიდზე ფეხი გაუცურდა და მდინარეში ჩავარდა, მაგრამ მალევე ამოვიდა ნაპირზე და გზა გააგრძელა. თანმხლებმა რაციით მესაზღვრეებს სთხოვა, შვეულმფრენი გამოიძახეთო. ერეკლემ 8 კილომეტრი იარა. სოფლამდე ერთი კილომეტრიც არ იყო დარჩენილი, რომ ნაბიჯის გადადგმა ვეღარ შეEძლო. თანმხლებმა კოცონი დაანთო, მაგრამ...

ერეკლე ოჯახის მეორე მოუშუშებელი ტკივილია - რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთი შვილი, ანა ლეიკემიით გარდაეცვალათ. ძმის გარდაცვალების შემდეგ უფროსი და, თაია, არხოტში გადასახლდა და სასაზღვრო პოლიციაში მუშაობა გადაწყვიტა.ერეკლეს ოჯახი კახეთში, არხილოსკალოში ცხოვრობს. "კვირის პალიტრა" ჭინჭარაულებს კახეთში ესტუმრა.

ნელი წიკლაური, ერეკლეს დედა: - ექვსი შვილი გვყავდა. ერეკლე  ფიზიკურად ძლიერი გახლდათ, მაგრამ არასდროს არავინ დაუჩაგრავს. მეხუთე კლასში იყო, თბილისში რომ გადავედით საცხოვრებლად. ერეკლემ კრივში დაიწყო ვარჯიში. ერთხელ მწვრთნელმა მითხრა, დიდი ძალა აქვს, მაგრამ ვერასოდეს გამოვა შეჯიბრებაზე, რადგან ვერ ხვდება, რატომ უნდა სცემოს მოწინააღმდეგესო.

2002 წელს ჩემს ქალიშვილს, 8 წლის ანას, ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მის გარდაცვალებამდე ძეგვის ბავშვთა სახლში მოგვიწია ცხოვრებამ... რამდენიმე თვე ჩემმა შვილებმა ბავშვთა სახლის ცხოვრებით იცხოვრეს. ამის შემდეგ მოინდომა ერეკლემ გრემის ბავშვთა სახლში მასწავლებლად წასვლა. ყოველთვის მასწავლებლობაზე ოცნებობდა - ჩემი სკოლა მინდა მქონდესო...

თითქმის ყოველ ზაფხულს დაგვყავდა მთაში. ხშირად ამბობდა, ბარში სული მეხუთებაო. არხოტში ერეკლე და ჩემი უფროსი ქალიშვილი თაია ერთად წავიდნენ. არხოტიდან იყო ჩემი დედამთილი. ორი წლის ყოფილა, ბარში რომ ჩამოუსახლებიათ და ისე წავიდა იმ ქვეყნად, მთაში ვერ ავიდა. შვილიშვილები დაჰპირდნენ ბებიას, ჩვენ წავალთ შენს ნაცვლადო. ასეც მოიქცნენ. იქ სულ ხუთი ოჯახი ცხოვრობს. ერეკლე ერთს კარტოფილს უთოხნიდა, მეორეს შეშას უჩეხდა, მესამეს თივის ზვინებს უდგამდა. იქაურების ცხოვრებით ცხოვრობდა...“

საბედისწერო ახალი წელი

"ჩემს შვილებს ახალი წლის აღნიშვნა არ უყვარდათ - ჩემი ანა 30 დეკემბერს გარდაიცვალა... ერეკლე გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე, ოქტომბერში, რამდენიმე დღით ჩამოვიდა არხილოსკალოში. როცა თბილისში ვაცილებდი, მანამ გავყურებდი, სანამ თვალს არ მიეფარა... 23 დეკემბერს დამირეკა, - არხოტში მივდივარ, ჩანთა უკვე ჩავალაგეო. თაია (უმცროსი და) დამალაპარაკეო. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი. არხოტში შვეულმფრენით გადაფრინდა. 1-ლი იანვრის საღამოს ძალიან აფორიაქებული ვიყავი. დილით ჩემმა მულიშვილმა დამირეკა, - ერეკლეა ცუდად და არხოტში შვეულმფრენია საჭიროო. საკრებულოში ვმუშაობ. მაშინვე ჩვენს გუბერნატორს დავურეკე, დამეხმარეთ-მეთქი, მაგრამ დილის 8 საათიდან პირველ საათამდე მაინც ვერ ჩაფრინდა შვეულმფრენი, ცოცხალს ვერ ჩაუსწრო... მადლიერი ვარ უფლის, რომ ანა და ერეკლე მყავდა. მათ ძალიან ლამაზი წლები მაჩუქეს. ჩვენ როდის გავალთ ამ ქვეყნიდან, ეს უფლის ნებაა..."

ალუდა ქეთელაური

ალუდა ქეთელაურის ლექსებზე ბევრი სიმღერა დაიწერა.

"ალუდა ერეკლეს უახლოესი მეგობარი იყო. მისი სიკვდილის შემდეგ ერეკლეს სახეზე ღიმილი ჩაუქრა... ხშირად დადიოდა ალუდა ჩვენთან. ლექსებს წერდა, მღეროდა. ერთად აპირებდნენ ხალხური სიმღერების შესწავლას. ერეკლემ რადიკალურად შეცვალა მისი ცხოვრების წესი, თუმცა, ეს მეგობრობა ძალიან ცოტა ხანს გაგრძელდა".

ნიკოლოზი ჩვენი სიცოცხლე და იმედია...

24 დეკემბერს მირეკავს თაია: - დედა, შენ ნიკოლოზ ჭინჭარაულის ბებია გახდიო. გავოცდი - ერეკლეს ცოლი არ ჰყავდა. მეორე დღესვე დავრეკე ბავშვის დედასთან. ერეკლეს არხოტში წასვლამდე მოუნახულებია დედა-შვილი, ჩვენ კი არაფერი ვიცოდით. მადლობას ვწირავ უფალს და ანას - ჩვენი შვილიშვილის დედას... ნიკოლოზი ჩვენი სიცოცხლე და იმედია. ძალიან ჰგავს მამას, მათ საერთო ნიშანი აქვთ. ერეკლეს დაბადებიდან თAავზე თეთრი თმა ჰქონდა, ნიკოლოზსაც ზუსტად ისეთი ნიშანი გამოჰყვა. ხშირად ჩამოდიან ანა და ნიკოლოზი სოფელში. ერეკლემ გვარის გამგრძელებელი დაგვიტოვა...

ერეკლეს გარდაცვალების შემდეგ ოჯახმა აზერბაიჯანელი ბიჭი იშვილა

"ერეკლეს გრემის ბავშვთა სახლიდან თითქმის ყოველ ზაფხულს ჩამოჰყავდა ბავშვები. გადავწყვიტე, გრემის ბავშვთა სახლიდან ლიზი, რომელსაც ერეკლე სულ ხელით დაატარებდა და მათე, რომელიც ასევე ძალიან უყვარდა, შვილად ამეყვანა. სოციალურ განყოფილებაში მითხრეს, რომ კომფორტი უნდა მქონოდა სახლში. პირობები და კომფორტი ბავშვთა სახლებშიც აქვთ, მე სულ სხვა რამე მინდოდა მიმეცა, ის, რაც აკლიათ... ყველაზე მთავარი, რაც არ მომეწონა, ის არის, რომ მინდობით აღზრდისას თითოეულ ბავშვზე სახელმწიფოს ჩვენთვის 450 ლარი უნდა გადაეხადა. ბევრს ვფიქრობ ამაზე. თუ ამ თანხას გადაუხდიან მშობელს, ბებიას თუ ნათესავს, ისიც ხომ შეძლებს ბავშვის გაზრდას? ამის გამო აღარ მქონდა სურვილი, მინდობით აღზრდაზე მეფიქრა. და, სრულიად შემთხვევით გამოჩნდა ველი. ერთ დღეს თანამშრომელმა მითხრა, სკოლაში მოვიდა ახალი ბავშვი, რომელიც მეორე დღეა, მანქანით მოჰყავთ, მაგრამ მეტად ვეღარ ივლის, შორს ცხოვრობსო. ეჰ, ჩვენ როგორ გვინდა ბავშვი, მაგრამ სად არის-მეთქი, ჩავილაპარაკე. არ ვიცი, ვინ დაურეკა ამ ოჯახს, მაგრამ საღამოს ველი და მამამისი მოვიდნენ. მას მშობლები და უმცროსი ძმა ჰყავს. შაბათ-კვირასაც კი აღარ მიდის მშობლებთან. ველი ჩემი მეშვიდე შვილი გახდა. ვცდილობ, ისე გავზარდო, როგორც ერეკლე. ბავშვი პირველად რომ შემოვიდა და კედელზე ერეკლეს ფოტოები ნახა, მეშინიაო, თქვა. ვიფიქრე, სურათები ხომ არ ჩამოვხსნა-მეთქი, მაგრამ მერე დავიწყე ველისთვის ერეკლეს ამბების მოყოლა. ისე იმოქმედა, რომ ერთ დღეს მითხრა, - თმა ისე უნდა გავიზარდო, როგორც ერეკლეს ჰქონდაო. ველის თავიდან ქართულად საუბარი უჭირდა. ახლა კარგად კითხულობს, თუმცა, არ მოგვწონს, რომ აზერბაიჯანული ავიწყდება.

ცოტა ხნის წინ ეზოში თამაშობდა, მითხრა, ლურსმნები მჭირდებაო. ვაჩვენე, სადაც იყო. ორი ფიცარი ერთმანეთს დააჭედა. გააკეთა ჯვარი, რომელიც მხარზე შემოედო და მეძახის, - დედა, მომეხმარეო. მას შემდეგ ბავშვი მე და ჩემს მეუღლეს დედას და მამას გვეძახის...

გულო ხალილოვა, ველის ბიოლოგიური დედა: - ქმარ-შვილთან ერთად ფერმაში ვცხოვრობ. მინდოდა, რომ ჩემს შვილებს ქართული კარგად სცოდნოდათ, თუმცა, ბავშვების სკოლაში სიარული პრობლემა იყო. ახლა ღმერთმა გამომიგზავნა ქალბატონი ნელი. რამდენიმე თვეა, რაც ჩემი ველი ჭინჭარაულებთან ცხოვრობს და ძალიან ბედნიერია. ველიმ რომ სარწმუნოების შეცვლის სურვილი გამოთქვას, უარსაც არ ვეტყვი. იმდენი ქართული სიტყვაც არ ვიცი, რომ მადლიერება გამოვხატო. ახლა ზუსტად ვიცი, რომ ამ ოჯახში ველის ისე გაზრდიან, როგორც ერეკლეს.

P.S. გარდაცვლილ ერეკლეს ჩანთაში ასეთი ჩანაწერი უპოვეს: "ვფიქრობდი, თუ ვინ ვიყავი საერთოდ, რისთვის ვიყავი ცოცხალი, რა უნდა მეკეთებინა და რაში იყო ჩემი ცხოვრების აზრი... ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა ვყოფილიყავი წარმატებული ფეხბურთელი, ან ბიზნესმენი, ან კიდევ სხვა ვინმე, მაგრამ არ ვიცი, რატომ მომივიდა ასეთი აზრები... ძალიან ბევრ რამეზე დავფიქრდი, მაგრამ საიდან მოდიოდა ეს აზრები, ახლაც ვერ ვხვდები, საერთოდ ვერსად ვიპოვე ჩემი ადგილი...

მეცხოვრა კარგად? მეფიქრა მხოლოდ ჩემს თავზე და ასე გამეტარებინა ცხოვრება?! - ვეკითხებოდი ჩემს თავს, ამისთვის გავჩნდი და დავიბადე?... ერთხელ მე და გია მასი ვსაუბრობდით... გია მასი ვინაა? ეს არის ადამიანი, ვისაც შეუძლია, არ იფიქროს მარტო თავის თავზე, თავის კარიერაზე, მარტო იმაზე, რომ იარსებოს, ჭამოს და სვას!.. ეს ადამიანი ფიქრობს, რომ სხვას ჩააცვას, სხვას აჭამოს და სხვაზე იზრუნოს. მე ვარ 26 წლის და ასეთი ადამიანი ჩემს ცხოვრებაში არ შემხვედრია..."

თორნიკე ყაჯრიშვილი

(სიუჟეტი იხილეთ პალიტრატვ.გე-ზე

გადაცემა "ლურჯ ვაშლში")