ვინ აღმოაჩინა ბაქტერიოფაგიის ფენომენი - კვირის პალიტრა

ვინ აღმოაჩინა ბაქტერიოფაგიის ფენომენი

ბერიას პირადი დამოკიდებულების გამო დიდი ქართველი მეცნიერი დახვრიტეს

საბჭოთა საქართველოში 1937 წლის რეპრესიებს ბევრი ადამიანი ემსხვერპლა, ზოგი დახვრიტეს, ზოგს "გაუმართლა" და გადაასახლეს. გიორგი ელიავას სახელს ატარებს ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტი, ანუ ბაქტერიოფაგი. ლავრენტი ბერიას პირადი დამოკიდებულების გამო ეს ბუმბერაზი მეცნიერი დახვრიტეს. ნატალია დევდარიანს დედის, განნა ელიავას მონათხრობიდან ბევრი რამ ახსოვს, მის მემუარებსაც სათუთად ინახავს.

ნატალია დევდარიანი: - გიორგიმ ბაქტერიოფაგის ფენომენი ტრაპიზონის ლაბორატორიაში აღმოაჩინა. ფლორა დათესა და მიკროსკოპში აკვირდებოდა. მოულოდნელად ერთი კვირით ლაბორატორიის დატოვება მოუხდა. დაბრუნებულს მიკროსკოპის შუშა სტერილურად სუფთა დახვდა. ცდა გაიმეორა, 2 დღეში იგივე სურათი მიიღო. ამის შემდეგ დარწმუნდა, რომ არსებობს მიკროორგანიზმი, რომელიც იკვებება მიკრობებით და შთანთქავს მას. ფაგი მჭამელს ნიშნავს. ასე მიაგნო ბაქტერიოფაგის ფენომენს. ცდების გასაგრძელებლად ტექნიკური საშუალებები არ გააჩნდა, ამიტომ პარიზში პასტერის ინსტიტუტში გაგზავნეს. ფრანგი კოლეგებისგან შეიტყო მეცნიერ ფელიქს დერელის შესახებ, რომელიც მიიჩნევდა, რომ არსებობდა ბაქტერიოფაგის ფენომენი, მაგრამ ვერ ამტკიცებდა. გოგიმ კოლეგები ცდებით დაარწმუნა, რომ დერელი ცამდე მართალი იყო. დერელი დიდი ზარ-ზეიმით შეხვდა გიორგის, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე შვილივით უყვარდა.

- ვინ იყო გიორგი ელიავას მეუღლე?

- ბებიაჩემი ამელია ვარშავაში დაიბადა, განათლება კი ლონდონში მიიღო, სწორედ იქ ცოლად გაჰყვა თავის პედაგოგს, პროფესორ ლევიცკის. 1913 წელს შეეძინათ დედაჩემი განნა. ცოლ-ქმარი პირველ მსოფლიო ომს გაერიდა და კიევში გადასახლდა. ბებია კიევის ოპერაში მღეროდა. იქ მოუსმინა თბილისის ოპერის იმპრესარიომ და კონტრაქტი შესთავაზა. ბებია იმ პირობით დათანხმდა, თუ მის მეუღლეს თბილისის კონსერვატორიაში პროფესორის ადგილს მისცემდნენ. ლევიცკები თბილისში ჩამოვიდნენ. ბებია ზაქარია ფალიაშვილის უსაყვარლესი მომღერალი და ეთერის ("აბესალომ და ეთერი") ერთ-ერთი პირველი შემსრულებელი იყო... 33 წლის ამელიამ 26 წლის მეცნიერი გიორგი ელიავა გაიცნო. ერთმანეთი მოეწონათ. მალე გოგი პარიზში გაგზავნეს. ბებია შეჰპირდა, რომ დაბრუნდები, მერე ვიქორწინოთო. მართალია, ამელია ამ დროს ქმართან ცხოვრობდა, მაგრამ მათ უკვე აღარაფერი აკავშირებდათ - პროფესორ ლევიცკის ბერძენი სტუდენტი უყვარდა თავდავიწყებით.

1921 წელს საქართველოში ბოლშევიკები შემოვიდნენ. წითლებმა პოლონელთა დიასპორას სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს და გემებიც გამოუყვეს. ამელია არ მიდიოდა, გოგის ელოდა. ბოლოს, როცა მისგან არც წერილი გამოჩნდა, არც დეპეშა და თან გააფრთხილეს, უკანასკნელი გემი გადისო, ბათუმში ჩავიდა გასამგზავრებლად. ქმარი თბილისში დარჩა. ყოველდღე მიდიოდნენ სანაპიროზე განნა და ამელია, გემი კი არ ჩანდა. ასე გავიდა 2 კვირა. ერთ დღეს პორტში გემი შემოვიდა, თუმცა, ეს ის გემი არ იყო. გემი მარსელიდან მოცურავდა და გიორგი ელიავა მოჰყავდა...

გოგიმ განნას დაბადების მოწმობა გამოუცვალა და მამის გრაფაში თავისი მონაცემები შეატანინა. მოგვიანებით პროფესორმა ლევიცკიმ პოლონეთში გამგზავრება და ბავშვის თან წაყვანა გადაწყვიტა. საქმე სასამართლომდე მივიდა. გიორგის სიძეს, ცნობილ იურისტს, ანტისაბჭოთა განწყობისა და ბოლშევიკების მოძულე სიმონიკა ჩხეიძეს სასამართლოზე უთქვამს, - როგორ შეიძლება, ბავშვი მამას გავატანოთ და ამით წავართვათ შესაძლებლობა, საბჭოთა საზოგადოებაში გაიზარდოსო?! ამ სიტყვებმა გოგონას ბედი გადაწყვიტა - იგი დედასთან და გოგისთან დარჩა.

ოფიციალური ქორწინების შემდეგ მაჩაბლის ქუჩაზე დასახლდნენ. გოგი დიდი სიყვარულით ზრდიდა დედაჩემს. მოგვიანებით პარიზში მიავლინეს ოჯახთან ერთად. პასტერის ინსტიტუტში კათედრაც შესთავაზეს, მაგრამ უარი განაცხადა, - საქართველოს ვჭირდებიო. როდესაც ფრანგებმა ბაბუას განზრახვა შეიტყვეს, ლაბორატორიული კვლევის ხელსაწყოებით სავსე 40 ყუთი გამოატანეს, მას სურდა საქართველოში ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დაეარსებინა.

ელიავას თანამშრომელთა უმრავლესობა ქალები იყვნენ. საფრანგეთიდან დაბრუნებულს რით უნდა გაეხარებინა ისინი, თუ არა ყველაზე დეფიციტური საჩუქრით - ფრანგული სუნამოთი, რომლის შემოტანა საბჭოთა საქართველოში არ შეიძლებოდა. ამიტომ ბაბუამ პასტერის ინსტიტუტის ლაბორანტებს ამპულებში სუნამოები ჩაასხმევინა და ისე გადმოიტანა საზღვარზე.

გიორგი ელიავამ 1936 წელს ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დააარსა... თავდაპირველად ამ ინიციატივით ბერიას მიმართა. მან ყურიც არ შეიბერტყა. შემდეგ ბუდუ მდივანს მოსკოვში წერილი გაატანა სტალინთან, სადაც ყველაფერი დასაბუთებული ჰქონდა. მოსკოვიდან ჩამოვიდა დეპეშა: "გაეწიოს ყველანაირი დახმარება". ეს ბერიამ გულში ჩაიდო. ამასთან, ბერია დაესწრო ანდრია ბალანჩივაძის ბალეტ "მზეჭაბუკის" პრემიერას, რომელიც მაღალი მხატვრული ღირებულებისა გახლდათ. თუმცა, ბერიამ ის აკრძალა იმ მიზეზით, თითქოს მასში ეროვნული მოტივები ჭარბობდა. გოგი ყველგან ამბობდა: ამ უვიცმა ეს რა გააკეთაო? ეს ამბავიც მივიდა ბერიას ყურამდე. იმხანად თბილისში ცოტა ვინმეს თუ ჰყავდა ავტომანქანა. ერთხელ გოგი ბერიას მანქანის საპირისპიროდ მოძრაობდა და გზა არ დაუთმია. რეპრესიები რომ დაიწყო, მაშინ ჩვენები ჩიტაძეზე ცხოვრობდნენ. იქვე იყო სახალხო კომისარიატი, სადაც გოგის მეგობრები მუშაობდნენ. მიდიოდა თურმე მათთან და საყვედურობდა, ეს რისთვის დაიჭირეთ, ხომ იცით, სამშობლოს მტერი არ არისო. აფრთხილებდნენ: გაჩერდი, ნუ ერევიო, მაგრამ მას სხვაგვარად არ შეეძლო.

1937 წლის 22 იანვარი. კარზე ზარის ხმა გაისმა. იმ საღამოს დედაჩემის, განნას ხელის სათხოვნელად უნდა მოსულიყვნენ... ორი კაცი მთავარი შემოსასვლელიდან შემოსულა, ორიც - ეზოდან. გამომშვიდობებისას გოგი განნას გადახვევია და ჩაუჩურჩულებია, - დედაშენს მიხედეო. სახლი გადააქოთეს. ამელია გაქვავებული იჯდა. განნა მისულა, - დედა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი გაირკვევაო. ამელიას უპასუხია, ამას მე უნდა გეუბნებოდე, მეც მივყავარო... განნა მარტოდმარტო დარჩა, მაგრამ აპრილში ისიც დააპატიმრეს. სამივე ორთაჭალის ციხეში ჰყავდათ. ერთ ღამეს ამელია და განნა ერთ საკანში აღმოჩნდნენ. ამელიას საპირფარეშოში გაზეთის ნაგლეჯი უპოვია, რომელშიც დასახვრეტთა სია იყო დაბეჭდილი. სიაში გვარი ელიავაც ეწერა, თუმცა ინიციალი მოხეული ჰქონდა გაზეთს. დედა არწმუნებდა ბებიას, გიორგი არ იქნებაო...

1937 წლის 9 ივლისს გოგი დახვრიტეს - ბრალი დასდეს საფრანგეთის მთავრობის დავალებით ჯაშუშობასა და მოსახლეობაში ეპიდემიის გავრცელების მცდელობაში. მომდევნო წელს მისი მეუღლეც გამოასალმეს სიცოცხლეს - საბუთებში სიკვდილის მიზეზად ტირეა გასმული. განნა 5 წლით გადაასახლეს ყაზახეთში.

პარიზში, პასტერის ინსტიტუტის მთავარ ფოიეში, ფელიქს დერელის პორტრეტის გვერდით დღესაც კიდია ქართველი მეცნიერის, გიორგი ელიავას, პორტრეტი...

გიორგი ელიავა

გიორგი ელიავა 1892 წლის 13 იანვარს საჩხერეში დაიბადა დედის ნათესავის, მანგანუმის საბადოების ერთ-ერთი მფლობელის, ელისაბედ წერეთლის მამულში. ელიავების ოჯახი ბათუმში სახლობდა. თერაპევტ გიგო ელიავას ოჯახი განთქმული გახლდათ განათლებითა და სტუმართმოყვარეობით.

გიორგიმ 17 წლისამ გამოაცხადა: ექიმი ვერ გავხდები, ავადმყოფს ფულს ვერ გამოვართმევო და 1909 წელს ოდესის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მეორე წელიწადს სტუდენტურ-რევოლუციურ გამოსვლაში მონაწილეობისთვის გარიცხეს და უმაღლესი განათლების მიღების უფლება ჩამოართვეს. ამის შემდეგ გიგომ შვილი შვეიცარიაში გაგზავნა, სადაც 1912 წელს მიკრობიოლოგი, პროფესორი კრისტიანი გაიცნო და გადაწყვიტა სამედიცინო განათლება მიეღო. მესამე კურსის დამთავრების შემდეგ თბილისში ჩამოვიდა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომის დაწყების გამო, უკან ვეღარ დაბრუნდა. საბოლოოდ, სამედიცინო განათლება მოსკოვის უნივერსიტეტში დაასრულა. მოგვიანებით ტრაპიზონში ფრონტისპირა ბაქტერიოლოგიური ლაბორატორიის ხელმძღვანელად მიავლინეს, ომის დასრულების შემდეგ თბილისის პირველ ბაქტერიოლოგიურ ლაბორატორიას ჩაუდგა სათავეში.

პასტერის ქუჩა თბილისშიც არსებობს

ფრანგ მიკრობიოლოგ და ქიმიკოს ლუი პასტერის სახელთან არის დაკავშირებული მიკრობიოლოგიის, როგორც მეცნიერების, ჩამოყალიბება და იმუნოლოგიის მეცნიერების დაფუძნება. პირველი სამეცნიერო ნაშრომი ლუი პასტერმა 1848 წელს გამოაქვეყნა. 1879 წელს, მაშინ როდესაც პასტერი ქათმის ქოლერის გამოკვლევით იყო დაკავებული, აღმოაჩინა, რომ დასუსტებული მიკრობების ორგანიზმში შეყვანის შედეგად ქათმები კი არ იღუპებოდნენ, არამედ ავადმყოფობის მიმართ შეუვალნი ხდებოდნენ. ამ აღმოჩენამ ლუი პასტერი პროფილაქტიკური აცრების მეთოდის შემუშავებამდე მიიყვანა. სწორედ ამის შემდეგ აცრები ეფექტური საშუალება გახდა მრავალ გადამდებ სნეულებასთან ბრძოლაში, როგორებიცაა: ცოფი, წითურა, ციმბირის წყლული და სხვა. 1881 წელს მას ნობელის პრემიით აჯილდოებენ.

ლუი პასტერის სახელს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქის ორასამდე ქუჩა ატარებს. მათ შორის თბილისშიც. ამასთანავე არაერთ ქვეყანაში შეხვდებით ლუი პასტერის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და  მიკრობიოლოგიის ინსტიტუტს.

ეკა სალაღაია