"კაცი, რომელიც ვარდება" - კვირის პალიტრა

"კაცი, რომელიც ვარდება"

"კვირის პალიტრის’’ რუბრიკაში, "დააგემოვნე", საშუალება გაქვთ გაეცნოთ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის გამოცემულ მხატვრულ ლიტერატურას. ამჯერად გთავაზობთ ამონარიდს  დონ დელილოს  წიგნიდან  "კაცი, რომელიც ვარდება’’

ააკანკალა. კარგად ვერც კი მიხვდა, რატომ. თვითმფრინავი ირყევა, თუ მხოლოდ ის ცახცახებს. ტკივილისგან გაწამებული სკამზე იჯდა და ირყეოდა. სადღაც სალონის სიღრმიდან ხმაური მოესმა. ტკივილმა უმატა. ხმები ესმოდა, აღფრთოვანებული შეძახილები სალონიდან თუ კაბინიდან. ზუსტად საიდან - ვერ ხვდებოდა. სამზარეულოში მაგიდიდან რაღაც გადმოვარდა.

ქამარი შეიკრა.

სამზარეულოში, გასასვლელის მეორე მხრიდან, ბოთლი გადმოვარდა და უყურებდა, როგორ დაგორავდა წყლის ცარიელი ბოთლი იქით-აქეთ, გადატრიალდებოდა ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს; უყურებდა, სწრაფად რომ დატრიალდა ბოთლი და მერე, კოშკთან შეჯახებამდე წამით ადრე, იატაკზე რომ გაგორდა. დაცხა, საწვავის სუნი დადგა, ხანძარი გაჩნდა...

დარტყმის ტალღამ კით ნიედეკერი სავარძლიდან ამოაგდო და კედელს მიანარცხა. თითქოს კედელში შესვლას აპირებდა. მხოლოდ მას შემდეგ, რაც კედელს სახით აეკრა, ტელეფონს ხელი გაუშვა. ფეხქვეშ იატაკი გამოეცალა, წონასწორობა დაკარგა და კედელზე ჩასრიალდა.

დაინახა დერეფანში ნელა როგორ მოხტუნავდა სკამი. მოეჩვენა, თითქოს მის თვალწინ ჭერი დანაოჭდა, აიწია და დანაოჭდა. თავზე ხელები დაიფარა, ჩაცუცქდა და სახე მუხლებში ჩარგო. კარგად ხვდებოდა, გარშემო კოლოსალური ძვრები იყო, და კიდევ - ნაკლებად მასშტაბური, უხილავი. საგნები მოძრაობდა, სხლტებოდა, რაღაც სხვანაირი ხმებიც ისმოდა, იმ ხმებს მატერიალური საგნები არ გამოსცემდა - სამყაროს შინაგანი სტრუქტურა იბზარებოდა და კვნესოდა.

ჯერ ფეხქვეშ ირყეოდა, მერე ყველაფერი ისეთი სიმძლავრით აზანზარდა, ლოგიკის საზღვრებს გასცდა. კოშკი ირყეოდა. მხოლოდ ახლა მიხვდა ამას. კოშკი მარცხნივ გადაიხარა, დიდხანს იხრებოდა და კითმა თავი ასწია, მუხლები გაშალა, ყური მიუგდო. სცადა არ განძრეულიყო, სცადა ამოესუნთქა, სცადა მიეყურადებინა. იქ, კარს იქით, დერეფანში, თუ არ მოეჩვენა, კვამლისა და მტვრის პირველ, ჯერ კიდევ სანახევროდ გამჭვირვალე ტალღაში მუხლებზე დამხობილი ადამიანი დაინახა, რომელსაც თავი უკან გადაეწია და მხარზე სანახევროდ ჩაცმული პიჯაკი ეკიდა.

უეცრად იგრძნო, რომ კოშკი აღარ იხრება. გეგონებოდა, გადახრა აღარასოდეს დასრულდებოდა. სრულებით წარმოუდგენელი რამ იყო. იჯდა და უსმენდა, მაგრამ გარკვეული ხნის შემდეგ კოშკმა თანდათან გასწორება დაიწყო. არ იცოდა, სად დარეკა ტელეფონმა, მაგრამ სადენის მეორე ბოლოდან ხმა ესმოდა - ჯერ კიდევ აქ რეკავდნენ, საიდანღაც. ჭერი ისევ დანაოჭდა. ყოველი მხრიდან მყრალი სუნი მოდიოდა, რაღაც ძალიან ნაცნობი, მაგრამ რა ყარდა?

ბოლოს და ბოლოს, როდესაც კოშკი ვერტიკალურ მდგომარეობას დაუბრუნდა, იატაკს მოსცილდა, ფეხზე წამოიჭრა და კარისკენ გაემართა. დერეფნის შორეულ ბოლოში ჭერმა დაიკვნესა და გასკდა. კარგად გაიგონა, როგორ ამოიკვნესა ჭერმა, გადასკდა და ზემოდან რაღაც ჩამოცვივდა - პანელები, ტიხრები. მთელი დერეფანი ჩამოცვენილი ბათქაშისგან ამტვერდა, ხმები გაისმა. რაც უნდა მომხდარიყო, ვერაფერს იმახსოვრებდა. ყველაფერი, რაც მის თავს ხდებოდა, ზედ ეხლებოდა და მერე, თითქოს სხეულის სიცარიელეში უკვალოდ ინთქმებოდა.

ადამიანი არსად წასულა, მუხლებზე იდგა მოპირდაპირე კაბინეტის კარის ღიობში და რაღაცაზე ფიქრობდა, მისი პერანგი კი თანდათან სისხლის ლაქებით იფარებოდა. ნაცნობი სახე ჰქონდა, ან კლიენტი იყო, ან რწმუნებული. ერთმანეთს შეხედეს. სიტყვებით შეუძლებელია იმის აღწერა, რას ნიშნავდა მათთვის ეს მზერა. დერეფანში ვიღაცები ერთმანეთს ეძახდნენ. კითმა საკიდრიდან პიჯაკი ჩამოხსნა. ხელი გაიწვდინა და პიჯაკი ჩამოხსნა, თუმცა არც კი იცოდა, რისთვის. ამ ქმედების უაზრობასაც ვერ აცნობიერებდა, სრულებით დაავიწყდა, რას ნიშნავს უაზრობა.

დერეფანს გაუყვა, პიჯაკს გზადაგზა იცვამდა. ადამიანები გასასვლელებისკენ მიდიოდნენ, გზად ხვდებოდნენ, მიაბიჯებდნენ, ახველებდნენ, სხვებს ეხმარებოდნენ. ნანგრევებზე აბიჯებდნენ, სახეებზე პირქუში მიზანდასახულობა აღბეჭდოდათ. სახეებზე ყველაფერი ასახულიყო - ყველას ესმოდა, როგორ შორს იყვნენ მიწის ზედაპირიდან. ვიღაც გამოელაპარაკა, ერთი თუ ორი ადამიანი, ის კი პასუხად თავს ან უქნევდა, ან - არა. გამოელაპარაკებოდნენ და უყურებდნენ. აი, მიდის და ფიქრობს, რომ პიჯაკის გარეშე არაფრით არ შეიძლება, იქ არ მიდის, სადაც საჭიროა.

საწვავის სუნი იდგა, ახლაღა მიხვდა ამას, სუნი ზედა სართულებიდან მოდიოდა. დერეფნის ბოლოში მდებარე რომსის კაბინეტამდე მივიდა. შიგნით ძლივს შეაღწია. სკამებს, მიმოფანტულ წიგნებს, გადაბრუნებულ კატალოგის კარადას გადააბიჯა. ჭერის ნაცვლად, შიშველი კონსტრუქცია დაინახა. ჭიქა, საიდანაც რომსი ყავას სვამდა, ხელში ჩასტყდომოდა. ნატეხი ისევ ხელში ეჭირა, თითი ჭიქის სახელურში ჰქონდა გაყრილი.

მხოლოდ რომსის არ ჰგავდა. თავის სავარძელში იჯდა და თავი გვერდზე გადაეხარა. როდესაც პირველივე შეტაკებისას ჭერი ჩამოინგრა, რაღაც დიდი და მძიმე მოხვდა თავში, ან შესაძლოა, პირველ შეტაკებამდეც. სახე მხარში ჩაემალა. სისხლი ცოტა ჩანდა, უმნიშვნელო რაოდენობით, ბევრი არაფერი.

კითი გამოელაპარაკა. მის გვერდით ჩაცუცქდა, ხელზე ხელი მოჰკიდა, უყურებდა და ელაპარაკებოდა. ტუჩის კუთხეში რაღაც ნაღვლის მაგვარმა გამოჟონა. ნაღველი როგორ გამოიყურება? რომსის თავზე დარტყმისგან გაჩენილი დიდი ღრმული დაინახა, ნახევარწრიული საჭრეთლის ღრმა კვალი, საიდანაც გადაყვლეფილი ქსოვილი მოჩანდა ნერვებითურთ.

კაბინეტი პატარა იყო, იმპროვიზებული, კუთხეში გაჩხერილი, დილის ცისკენ შეზღუდული ხედით. მტვრის ღრუბელში მკვდრების სიახლოვე იგრძნო.  უყურებდა სავარძელში მჯდომ ადამიანს, რომელიც სუნთქავდა. ის სუნთქავდა. დაბადებიდან დამბლადაცემულს ჰგავდა, მოგრეხილი კისრის გამო თავი მხრებში ჰქონდა ჩარგული და მთელ დღეებს სავარძელში ატარებდა.

სადღაც ზემოთ ხანძარი იყო, საწვავი იწვოდა, სავენტილაციო მილებიდან კვამლი გამოდიოდა, მერე კვამლი ფანჯრის მიღმაც გაჩნდა, შენობის ფასადს დაუყვა.

რომსის საჩვენებელი თითი გაშალა და ჭიქის ნატეხი გამოაცალა.

ფეხზე წამოდგა და თვალი შეავლო. გამოელაპარაკა. უთხრა, რომ კაბინეტიდან მისი სავარძლით გაყვანა არ შეუძლია იმის მიუხედავად, რომ სავარძელი ბორბლიანია, რადგან ყველგან ნანგრევებია. ეს ყველაფერი ენის გასატეხივით ძალიან სწრაფად წარმოთქვა. ნანგრევებმა კარი და დერეფანი ჩახერგა - სწრაფად ლაპარაკობდა, თითქოს აზრების დაკარგვა არ სურდა.

ზემოდან უამრავი რამ ცვიოდა, საგნები სათითაოდ იყრებოდა ჭერში გაჩენილი ხვრელიდან. რომსის სავარძლიდან ამოყვანა სცადა. მერე... გარეთ... ფანჯარაში რაღაცამ გაიელვა. ჯერ გაიელვა. მოგვიანებით დაინახა და მოულოდნელობისგან გაშეშდა, რომსისთვის იღლიებში ხელები ამოედო და სიცარიელეს მისჩერებოდა.

ამ გამოსახულების თავიდან ამოგდება არ შეეძლო - იმ წამისა, როდესაც ოციოდე ფუტის დაშორებით, ფანჯარასთან გვერდულად ჩაიფრინა თეთრმა პერანგმა, ზემოთ აწეული სახელოთი; წესიერად დანახვა ვერც მოასწრო, ისე მიეფარა თვალს. ახლა ნანგრევები წვიმასავით წამოვიდა. სართულებზე ექო ისმოდა, ცხვირწინ სკდებოდა კაბელები, ყველაფერი თეთრმა მტვერმა დაფარა. იდგა, ელოდებოდა, რომსის ხელს არ უშვებდა. მინის ტიხარი ჩამოიფშვნა, ზემოდან რაღაც გრიალით ჩამოვარდა, მინა შეზანზარდა და გასკდა, მალე უკანა კედელსაც იგივე დაემართა.

იდაყვებზე დაყრდნობასა და სხეულის წამოწევას დრო დასჭირდა. სახეზე თითქოს ასობით ხანძარი ღვიოდა, თითოეული სიდიდით ქინძისთავისხელა იყო, სუნთქვა ეკვროდა. რომსი კვამლსა და მტვერში მოძებნა, ნანგრევებში პირქვე იწვა, სისხლისგან იცლებოდა. მისი აწევა და გადმობრუნება სცადა  და შენიშნა, რომ მარცხენა ხელი არ ემორჩილება. ნაწილობრივ მაინც გადმოაბრუნა.

სურდა რომსის ზურგზე მოკიდება, უნდოდა მისი სხეული მარცხენა იდაყვით მოეწია, მარჯვენა ხელით მის ქამარს ჩაეჭიდა. წამოწევა სცადა. ნელ-ნელა ასწია, ლოყებზე სითბოს გრძნობდა რომსის პერანგზე გამოჟონილი, მტვერში არეული სისხლის გამო. რომსი მის მკლავებში შეხტა, ყელში რაღაც აბუყბუყდა, უეცრად, წამის მეათედში, სანახევროდ შეეკრა სუნთქვა და მერე საიდანღაც სისხლმა იფეთქა. კითმა პირი იბრუნა, თუმცა ქამრისთვის ხელი არ გაუშვია. ელოდებოდა, ცდილობდა ესუნთქა. რომსის შეხედა: ის გვერდულად ჩაცურებულიყო, ხელები და ტორსი უსიცოცხლოდ ეკიდა, არაამქვეყნიური სახე ჰქონდა. ყველაფერი ის, რაც რომსის წარმოადგენდა, ნამსხვრევებად იქცა. კითი ქამრის ბალთას ჩაეჭიდა. იდგა და უყურებდა, რომსიმ კი თვალები გაახილა და გარდაიცვალა. მხოლოდ მაშინ დაფიქრდა, რა ხდებოდა იქ.

დერეფანში ფურცლები დაფრინავდა, მათ ზემოდან შემოჭრილი ქარი აფრიალებდა.

ოფისებში, დერეფნის ორივე მხარეს, ძლივსღა მოჩანდნენ გარდაცვლილები.

კედლის ნანგრევებს გადააბიჯა და იმ მხარეს წავიდა, საიდანაც ხმები ისმოდა.

კიბეზე, თითქმის სრულ სიბნელეში, ქალი ჩადიოდა და მკერდზე იკრავდა სამიოდე წლის ბავშვის სამბორბლიან ველოსიპედს, საჭე ფერდზე ედებოდა.

ფეხით ჩადიოდნენ. ათასობით ადამიანი. და კითიც მათთან ერთად. მიდიოდა, თითქოს დაუსრულებელ სიზმარში იყო, ნაბიჯი, კიდევ ნაბიჯი...

გაგრძელება წაიკითხეთ წიგნში "კაცი, რომელიც ვარდება".  წიგნზე ფასდაკლების კუპონი იხილეთ აქვე.