"დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან..."- სამი სიცოცხლის ერთი აღსასრული - კვირის პალიტრა

"დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან..."- სამი სიცოცხლის ერთი აღსასრული

13 ივნისს მოვარდნილი სტიქიის შედეგად, ზოოპარკის მთავარი მომვლელი-ძიძა, გულიკო კონცელიძეც დაიღუპა. მან ორ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში უამრავი ცხოველი გაზარდა. ქალს სიკვდილი ფეხდაფეხ სდევდა - იმ საბედისწერო ღამემდე ორიოდე კვირით ადრე გულიკო ვეფხვებმა კინაღამ დაგლიჯეს, თუმცა, რაღა კინაღამ. მარჯვენა კიდურის ამპუტაცია გარდაუვალი გახდა. გულიკო იმ მარჯვენის გარეშე დარჩა, რომლითაც ერთგულად ემსახურებოდა პატარა ოთხფეხებს. ექიმები შიშობდნენ, რომ დაზიანების სიმრავლის გამო ორგანიზმში ინფექცია შეიჭრებოდა და გულიკოს სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრებოდა.

ასე არ მოხდა... იდაყვს ზემოთ გადარჩენილი კიდურის შეშუპებაც სწრაფად დაცხრა, გულიკო კი ახალი ცხოვრებისთვის იმაგრებდა გულს. ფიქრობდა, როგორ ესწავლა მარცხენა ხელის ისე გამოყენება, რომ მისი "მარჯვენა" არ მოჰკლებოდა ზოოპარკში მომლოდინე პატარა ცხოველებს. თავი უკეთ იგრძნო თუ არა, ექიმს სთხოვა, სახლში დამაბრუნეო. მისი სახლი კი ზოოპარკი იყო. გულიკო იქ ცხოვრობდა მეუღლესთან, მუხლჩაუხრელად მოფუსფუსე საოცარ ადამიანთან, მალხაზ ჭიტაძესთან ერთად.

"მოგესალმებით. მე უკვე დავბრუნდი ჩემს ცხოველებთან... დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. დიდი მადლობა რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივს და განსაკუთრებით ჩემს ექიმს კაკო გუგულაშვილს, რომელმაც მეორედ მაჩუქა სიცოცხლე", - წერდა გულიკო სოციალურ ქსელში 11 ივნისს, 23 საათსა და 15 წუთზე. ორი დღის შემდეგ კი, თითქმის იმავე დროს, ზოოპარკის ტერიტორიაზე მოვარდნილი "სიკვდილი" იმ ოთახში შეიჭრა, სადაც გულიკოს უნდა სძინებოდა. საბრალო, ცალხელა ქალი თავდაცვასაც ვერ მოასწრებდა, არათუ გვერდით ოთახში პატარა მაიმუნების - ევას, მარტას და მელიის ლეკვის, ტროას გადარჩენას. იმავე ოთახში ბინადრობდნენ გულიკოს საყვარელი პუდელი დოდოლინა და მეტისი მაილო... მეორე დღეს გამოიტანეს გულიკოს ცხედარი ოთახიდან, სადაც სიკვდილი გამეფებულიყო.

მოგვიანებით, დერეფანში მალხაზიც ნახეს. სამუშაო ჩექმები ეცვა, რეზინის ხელთათმანებიც მოერგო... ალბათ, როგორც ყოველთვის, გვიან ღამემდე აპირებდა მუშაობას, რომ დილისთვის მხეცებისთვის ულუფები გაემზადებინა. დილა არც მალხაზისთვის გათენდა...

მალხაზს და გულიკოს ახლოს ვიცნობდი. ცოლი ყოველთვის ენერგიული, მოუსვენარი იყო. ქმარი - მშვიდი, უსიტყვო კაცი. მათ არ ჰყავდათ შვილები და გადაწყვიტეს, მთელი ცხოვრება მიეძღვნათ მათთვის, ვისაც ბავშვივით მოვლა და სიყვარული სჭირდებოდა. ამიტომაც დასახლდნენ ზოოპარკში.

იქვე, ერთ ოთახში 80 წელს გადაცილებული მოხუცი მომვლელი, გივი დვალი ცხოვრობდა. მას უკვე აღარ შეეძლო ცხოველების მოვლა. მძიმედ დადიოდა, ხელი უკანკალებდა, თვალებში მუდმივი სევდა, სახეზე კი ღიმილი დაჰკრავდა.

- გივი, ჭამე საჭმელი? - ჰკითხავდა ხოლმე გულიკო ეზოში გამოსულს. საწყალი, არავინ ჰყავსო, - ებრალებოდა ქალს მოხუცი  და მადლიერი იყო ზოოპარკის დირექტორის, ზურაბ გურიელიძის... გივის სახლი არ ჰქონდა, არავინ ჰყავდა და როცა მუშაობა ვერ შეძლო, ბედის ანაბარად კი არ გაუშვა სამსახურიდან, იქვე გამოუყო ერთი ოთახი...

გულიკოს უზომოდ უყვარდა სიკეთის მკეთებელნი და ვერ იტანდა ცხოველების ჩაგვრას. ზრუნავდა ყველაზე და ვისთვისაც განსაკუთრებით ირჯებოდა, მათთან ერთად გადასახლდა იმიერში... მისი გაზრდილი მხოლოდ თეთრი ვეფხვები გადარჩნენ. ისინიც იმიტომ, რომ სხვა ზოოპარკებში გაგზავნა. ყველა სხვა მხეცი დაიღუპა, მათ შორის, ლომის ბოკვერი შუმბა, რომელსაც გულიკო მოფერებით ივაკას ეძახდა...