"ადამიანს ერთხელ რომ გადაარჩენ, მერე თითქოს სულ სხვისთვის ცხოვრობ" - კვირის პალიტრა

"ადამიანს ერთხელ რომ გადაარჩენ, მერე თითქოს სულ სხვისთვის ცხოვრობ"

რომ არა ისინი, 13-14 ივნისის ღამით მსხვერპლი უფრო მეტი იქნებოდა... მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ განსაცდელში მყოფნი დაიხსნან. "კვირის პალიტრამ" სცადა, მაშველთა არმიიდან რამდენიმე კაცი გაეცნო საზოგადოებისთვის, რომლებიც იმ ავბედით ღამეს საოცრებებს სჩადიოდნენ.

13 ივნისს, ღამის 11 საათზე, წყნეთის ხევიდან შეტყობინება მოვიდა, გვიშველეთ, სახლებში წყალი შემოგვივარდაო. ბაზიდან ხუთნი გავიდნენ - მძღოლი და ოთხი მაშველი. რას წარმოიდგენდნენ ბიჭები, რა ჯოჯოხეთი დახვდებოდათ.

თორნიკე ხუციშვილი, 24 წლის მაშველი: - პანიკა და ქაოსი იყო, ხალხი ყვიროდა, სახლები წყალს მიჰქონდა. #45-ში ექვსი ადამიანი ითხოვდა შველას, მათ შორის იყო მცირეწლოვანი ბავშვი. ჯერ ნავის მოტანა დავაპირეთ, მაგრამ მივხვდით, ვერ მოვასწრებდით, რადგან წყლის ნაკადი ელვის სისწრაფით მატულობდა და შეიძლებოდა, სახლი მოეგლიჯა. ისე სწრაფად იწევდა წყლის დონე, რომ წამებში უნდა მოგვესწრო ყველაფერი.

ირაკლი მაისურაძე 28 წლისაა. ათი წელია, სამაშველო სამსახურში მუშაობს. მამაც მაშველი ჰყავს.

- წყალში რომ გადავეშვი, მაშინ მივხვდი, რა მძიმე მდგომარეობაში ჩავვარდი. ტალახი თვალებს მიწვავდა, ვერაფერს ვხედავდი. მეორე სართულის სანახევროდ ჩაძირულ ოთახში სინათლე დავინახე და იქ მივცურდი.

ახალგაზრდა ცოლ-ქმარი მცირეწლოვან სანდროსთან ერთად სხვენში ამძვრალიყო.

ჯერ ბავშვი უნდა გადაგვერჩინა, მერე - სხვები. თოკი გავჭიმეთ. მე, თორნიკე და სანდრო არეშიძე წყალში ვიყავით,  ნაპირზეც ორი ჩვენიანი იდგა და გადარჩენილებს იბარებდა. ბოლოს ძაღლი დარჩა. ოჯახის უფროსი მიყვიროდა, შეეშვი, არ წაგიღოს წყალმაო. ცუგა ვეღარაფერს ხედავდა და საცოდავად ებღაუჭებოდა ყველაფერს. წყალში ფარდა ტივტივებდა. ძაღლი გავახვიე, რომ წინააღმდეგობა არ გაეწია და გამოვიყვანე.

სანდრო არეშიძე მალე 24 წლის გახდება: - წყნეთის ხევში იმდენად მძიმე მდგომარეობა იყო, რომ იმ დღეს მომხდარს  ვერც ვაანალიზებდით, თუმცა, მეორე დღეს ჩატარებული სამუშაოები რომ გავარჩიეთ, აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივი სამაშველო ოპერაცია გვქონდა. დავგეგმეთ და გამოგვივიდა.  ჩვენ მხოლოდ ფიზიკურად არ გვიწევს მოქმედება, ფსიქოლოგიც ვხდებით.

- თვალებში შემომხედე, მე ხომ არ გაგწირავ-მეთქი, მშვიდად ვეუბნებოდი ქალს, რომელიც ლამის უკვე ჩაძირული იყო...

ისიც მენდო და გამოყვანა შევძელი. ნაპირზე ემზარ გოგავა და სერგო სადუნიშვილი გვეხმარებოდნენ. ის ხალხი გამოვიყვანეთ თუ არა, ვერეს გზაზე გავიქეცით. იქ კაცი შუა წყალში ბოძზე იყო მიბმული და მხსნელს უხმობდა...

მიცვალებულების ძებნა მაშველისთვის ყველაზე მძიმე პროცესია. სანამ სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვი, აზარტში ხარ, ვერანაირ საფრთხეს ვერ გრძნობ.

ფრიდონ ბეჟიტაშვილი იმ ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრია, რომლის ავტომობილიც წყალმა წაიღო.

- ვაკეში მივდიოდით გამოძახებაზე. დიდი წვიმის გამო წყალი შეუვიდათ სახლში. ვეღარ ავედით გამოძახების ადგილამდე, რადგან ვერეს ხეობაში, ზოოპარკს გავცდით თუ არა, მდინარე მოვარდა. მორები, ნაგავი მოჰქონდა წყალს, მივხვდით, რომ წვიმის წყალი არ იყო, რაღაც ხდებოდა. უკვე მანქანიდან ვიყავით გადმოსული და ხალხს ვუყვიროდით, გაეჩერებინათ ავტომობილები და გადმოსულიყვნენ. წყლის დონე იწევდა. ჩვენ ყველაფერი მანქანაში გვქონდა, მაგრამ ჟილეტების ჩაცმის დრო არ იყო. თვალის დახამხამებაში წყალი წელამდე მოგვწვდა. ერთი მანქანა დავაბით და ისე გადმოვიყვანეთ სამი კაცი. ამასობაში, ჩვენი მანქანა წაიღო წყალმა. 50-მდე კაცი გადავარჩინეთ. უფრო იოლად გავიდოდით ფონს, ადამიანებს დროულად რომ დაეჯერებინათ და ავტომობილებიდან გადმოსულიყვნენ.

ზოოპარკი თვალის დახამხამებაში გაივსო წყლით. ჩვენგან სამ-ოთხ მეტრში იდგნენ ზემოთ ამოსული დათვი, ლომი, ვეფხვი და მგელი. მალევე სახანძრო მანქანა მოვიდა და იმაზე ავიყვანეთ ხალხი.

ერთად ვმუშაობდით შვიდკაციანი ეკიპაჟი: თორღვა თორღვაშვილი,  მურად ფახურიძე, ვასო მეშველიანი, ვანო დარბიაშვილი, ვასილ გამჯაშვილი, ანზორ მარტყოფლიშვილი.

31 წლის ვარ. სამაშველო სამსახურში 2008 წლიდან ვმუშაობ, ბევრი მძიმე შემთხვევა მინახავს, მაგრამ ასეთი - არასოდეს. რთული სამსახური გვაქვს, მაგრამ ადამიანს ერთხელ რომ გადაარჩენ, მერე თითქოს სულ სხვისთვის ცხოვრობ.

თემურ იგლემიანი მხცოვანი მაშველია, უკვე 54 წლისაა.

- იმ დღეს სახლში  ვიყავი. მობილიზაცია რომ გამოცხადდა, ნახევარ საათში ბაზაზე გავჩნდით. მერე კი სვანიძის ქუჩაზე მივედით ნავებით. სახლები წყალში ტივტივებდა... მანქანები ფურცლებივით მიჰქონდა მდინარეს...

14 კაცი გამოვიყვანეთ სამშვიდობოს. ერთი კაცი ვერ ვიპოვეთ, შვილთან ერთად ვეძებდით. სვანიძის ქუჩიდან ლაგუნა ვერესთან გამოვედით. იქიდანაც ნავებით გამოვიყვანეთ ხალხი - ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლები.

ქალაქის სამაშველოს უფროსი ჭაბუკა შეშელიძე გვერდით მოგვყვებოდა და გვეძახდა, თავს გაუფრთხილდით, რომ სხვებს დაეხმაროთო. სად არ მიმუშავია, რა რთული ოპერაცია არ მინახავს, სვანეთში ზვავქვეშ 27 ადამიანი რომ მოექცა, იქ ვმონაწილეობდი სამაშველო ოპერაციაში, მაგრამ ეს სულ სხვა იყო. ვიღლებით თუ არა? მაშველად მუშაობა რომ დავიწყე, 70 ლარი მქონდა ხელფასი. აქედან 30 ლარი იყო ხელფასი, დანარჩენი კვების ფული გვერიცხებოდა. იცით, რა? ხელფასზე მეტია, როცა ადამიანი, შენი გადარჩენილი, გლოცავს. ერთი გულიანი დალოცვა სულ მიღირს ყველაფრად.

ეს ხალხი მათი მხოლოდ მცირე ნაწილია, ვინც იმ ღამეს ადამიანების გადასარჩენად თავგანწირვით იბრძოდა, მეორე დღიდან კი თავგამეტებით მუშაობენ, რომ თბილისში სტიქიის კვალი, რაც შეიძლება, მალე გააქრონ.