1924 წლის 13 ივნისი, გაზეთი "კომუნისტი" - კვირის პალიტრა

1924 წლის 13 ივნისი, გაზეთი "კომუნისტი"

ადიდებულ მდინარე ვერეს 1924 წელსაც მოჰყვა მსხვერპლი. ამის შესახებ Ambebi.ge-მ ინფორმაცია ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო რესურსების დეპარტამენტის დირექტორის, ლევან თაქთაქიშვილის დახმარებით, იმდროინდელ პრესაზე დაყრდნობით მოიპოვა.

"როგორც ჩვენი გაზეთის 13 ივნისის ნომერში იყო აღნიშნული, 11 ივნისს, საღამოს 7 საათზე თბილისში ამოვარდა კუდიანი ქარი, რომელმაც ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლებელი გახადა ქუჩაში გამოსვლა დაყენებული კორიანტელის გამო. ხოლო 12 ივნისს, საღამოს 8 საათზე დაიწყო ელვა და ქუხილი, რასაც მოჰყვა ჯერ ნელი და შემდეგ ძლიერი წვიმა, რომელიც გაგრძელდა 1 საათს.

წვიმამ აადიდა ღელეები, რასაც მოჰყვა შემდეგი უბედური შემთხვევა: 1-ელ სამილიციო უბანში, ვერის ღელესთან, ბოზარჟიანცის თუთუნის ქარხნის მახლობლად, ჩვეულებრივად დაბინავებულან მახლობელ სოფლიდან ჩამოსული გლეხები ურმებით ღამის გასათევად. გლეხები მოჰყვნენ წვიმაში, მოულოდნელად აღნიშნული ღელედან მოვარდნილა ძლიერი ნიაღვარი და იქ დაბანაკებული გლეხები თავიანთი ხარ-ურმებით გაუტაცნია და შეუყრია მტკვარში.

დაღუპულთა რაოდენობა და ზარალი გამოურკვეველია. უბედურების ადგილზე სასწრაფოდ გამოცხადდა მილიციის უფროსი და ცეცხლის მქრობელი რაზმი" - წერს გაზეთი "კომუნისტი" 1924 წლის 14 ივნისს.