"ჩუმი, უთქმელი ზურაბ მუზაშვილი თავის სათქმელს საქმით ამბობდა" - კვირის პალიტრა

"ჩუმი, უთქმელი ზურაბ მუზაშვილი თავის სათქმელს საქმით ამბობდა"

"საშინელი ღამე იყო, სტიქია მძვინვარებდა, სიკვდილს თვალებში ვუყურებდით. ირგვლივ სიბნელე იდგა, წვიმამ ფარნები გაგვიფუჭა, აღარ ანათებდა. ყველა მხრიდან განწირული ადამიანების ხმები გვესმოდა... წყალი ელვის უსწრაფესად მოდიოდა, თან ასწლოვანი, 10-15-მეტრიანი ხეები, ტალახი, ქვა-ღორღი მოჰქონდა, რომელიც ფეხებში გვედებოდა და მუშაობას ართულებდა. ზურა ფიზიკურად ძალიან ძლიერი იყო, ჩვენ თვალწინ ოთხი კაცი გადაარჩინა, ის-ის იყო, კიდევ ერთი უნდა გამოეყვანა, რომ მთელი სისწრაფით მომავალი ხე ფეხში მოხვდა, გულაღმა დაეცა და წყალმა წაიღო. ყველაფერი წამებში მოხდა, მიშველებაც ვერ მოვასწარით. ვფიქრობთ, დაცემისას თავი დაარტყა და გონება დაკარგა. აღარ ამოუყვინთავს", - ასე იხსენებენ დაღუპულ მაშველს, 37 წლის ზურაბ მუზაშვილს მეგობრები...

ზურა მოჭიდავე იყო. ტრავმის გამო სპორტისთვის თავი დაუნებებია. სამაშველო სამსახურში რვა წელი იმუშავა. ის კასპის რაიონის სოფელ აღაიანიდან იყო. ზურას დედ-მამა და და დარჩა.

ჰამრაზ ჟამერაშვილი,  ვაკე-საბურთალოს რაიონის საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსი: - საოცარი ადამიანი იყო. ძალიან კეთილი. სულ თვალებში გიყურებდა, ოღონდ რამე დაგევალებინა და იმწუთას მზად იყო შესასრულებლად. მასზე ცუდის მთქმელ ერთ კაცსაც ვერ იპოვით.

მიხეილ აბესაძე, მაშველი: - თავსხმა წვიმა მოდიოდა, დენი გაითიშა, წვიმაში ფარნებიც გაგვიფუჭდა, ირგვლივ სიბნელე იდგა, ხმების მიხედვით ვხვდებოდით, დახმარებას ვინ ითხოვდა. ზოგი ძალით გამოვიყვანეთ, სახლებს არ ტოვებდნენ. ზურა ჩემგან ათ მეტრში იდგა, ვხედავდი, როგორ ეხმარებოდა ხალხს. ოთხი კაცი გადაარჩინა. სანამ ეს ტრაგედია დატრიალდებოდა, კიდევ ერთის გადარჩენა მოასწრო - მამაკაცი ბორდიურზე აიყვანა და თვითონაც ის-ის იყო ასვლას აპირებდა, რომ უცებ წყალმა დიდი სიჩქარით უშველებელი ხე წამოიღო, ზურას ფეხებში მოხვდა და გულაღმა გადააგდო...

- მითხრეს, რომ ზურა იმ ადამიანის გადარჩენას შეეწირა, რომელიც მანქანას არ ტოვებდა..

.

დავით ობგაიძე, მაშველი: - სამწუხაროდ, ასეთი შემთხვევებიც გვქონდა. მამაკაცები მანქანას არ ტოვებდნენ, არ ეგონათ, რომ ასეთი დიდი წყალი მოვარდებოდა. ეს არც ჩვენ გვეგონა... ზოგი მანქანასთან მიდიოდა, შიგ საფულე ან მობილური ეგულებოდა. ასეთი შემთხვევები დროს გვაკარგვინებდა, რადგან მათი ძალით გამოყვანა გვიხდებოდა...

ზურას 7 წელია, ვიცნობ. მოჭიდავე იყო, ნაკრებში ერთად ვიყავით. შემდეგ აქ დავიწყეთ მუშაობა. ოღონდაც ვინმეს დახმარება ეთხოვა, იმ წუთში მასთან გაჩნდებოდა. ჩუმი, უთქმელი თავის სათქმელს საქმით ამბობდა...

ზურა ორი დღის შემდეგ იპოვეს. ის მშობლიურ სოფელში დაკრძალეს.

სალომე გოგოხია