"ენერგიისაგან სკდება საქართველო, მაგრამ ერის საწინააღმდეგოდაა მიმართული" - კვირის პალიტრა

"ენერგიისაგან სკდება საქართველო, მაგრამ ერის საწინააღმდეგოდაა მიმართული"

მწერლისა და მეცნიერის, თამაზ ჩხენკელის ზღურბლს გადააბიჯებ თუ არა, სხვა სამყაროში ხვდები. მატერიალური აქ უგულებელყოფილია და მხოლოდ სულიერი თუ მენტალური ფასეულობებია პატივდებული... ალბათ ამიტომაც, კარიც კი არ იკეტება, რადგან ის, რაც ყველაზე ძვირფასია ჩხენკელებთან, არც "ძალით წაერთმის, არც მალვით მოეპარების"... ბატონი თამაზი, მიუხედავად უკან მოტოვებული რვა ათეული წლისა, ძველებურად შემართულია. ვთხოვე, ჩვენს უმთავრეს სატკივარსა და საზრუნავზე ეთქვა...

- გამალებულნი მივდივართ გადაგვარებისაკენ, თანაც სრულიად მიზანდასახულად. ამიტომ საუბარი პოეზიაზე, პროზაზე, თარგმანებზე პირდაპირ გულს მირევს, სათქმელი სულ სხვა რამაა...

- გადაგვარებას პოლიტიკური სიტუაცია განაპირობებს, თუ ჩვენი ზნეობრივი სახე?

- ზნეობრივ სახეში რას გულისხმობთ, ვიწრო წრეს, ბირთვს, თუ ეგრეთ წოდებულ ინტელიგენციას?

- თქვენ ვის გულისხმობთ ვიწრო წრესა და ბირთვში?

- ჰუმანიტარულ ელიტას - ზურაბ კიკნაძეს, ბაჩანა ბრეგვაძეს, რისმაგ გორდეზიანს... არის ასეთი ხალხი... მაგრამ ისინი ვერავითარ ამინდს ვერ ქმნიან, ამინდს ქმნის ხელისუფლება. შენ არ ხარ დამოუკიდებელი, რომ ამინდი შექმნა. პეტერბურგის, მოსკოვის, ყაზანის, ტარტუს უნივერსიტეტები განთქმული იყო ევროპაში, ჩვენები განათლებას იღებდნენ ამ სასწავლებლებში, მაგრამ დადგა დრო და თბილისშიც გაიხსნა უნივერსიტეტი - ამას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა ერისთვის. ყველა განათლებული ადამიანის საბოლოო მიზანი ეს უნდა ყოფილიყო. ახლა რა მოხდა? - უნივერსიტეტი მოსპეს. ჩემი დროის ათწლედი უფრო მაგარი იყო, ვიდრე ახლა უნივერსიტეტია... უცხოეთში მიღებული განათლება რომ პრესტიჟულად მიაჩნიათ, ეს რა ნუგეშია ქვეყნისთვის... იქ გაზრდილი ბავშვები სხვანაირად აზროვნებენ...

სულ სხვისი მიბაძვა, სხვისი ხელის ყურება შეიძლება?

ქვემეთრევი არ უნდა იყო. ქვემეთრევი (პეტრიწის სიტყვაა და ძალიან მომწონს) ბევრს შეეფერება თანამედროვე საქართველოში... უნიჭობას ვერ ვიტან, საქართველო კი სავსეა უნიჭოებით... საზოგადოება არ არის ორიენტირებული ფილოსოფიაზე, ლიტერატურაზე, გნებავთ, რელიგიაზე. ყველა ფასეულობა გამქრალია. მივექანებით გამოქვაბულისკენ, მარტო ჩვენ კი არა, ევროპულ-ამერიკული მსოფლიოც და არა - აღმოსავლეთი...

რა ხდება, ნახეთ...

კაზინო რომ გახსენი უნივერსიტეტის პირდაპირ, გამოდის 20 წლის ახალგაზრდა, უყურებს, შესვლა უნდა... ერევა და ერევა აზარტი... ეს ნორმალურია?

ან ჰომოსექსუალისტობის ლეგალიზებაზე კანონის მიღება რომ უნდათ, შეიძლება? ჰოდა, კარგად იყვნენ მერე... ახალგაზრდობაში ვიცოდით, ვინ იყო თბილისში ჰომოსექსუალისტი... მაგრამ პატიობდნენ, რადგან ავადმყოფებად თვლიდნენ. ამდენი პროპაგანდა რად უნდა პათოლოგიას?!

- ჩვენ ყველაფერი გვინდა, ისეთი კრიტერიუმებით შევაფასოთ, როგორიც განვითარებულ ქვეყნებშია.

- როგორ შეიძლება საქართველო შევადაროთ უდიდეს ქვეყნებს - ამერიკას, გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს... 300-მილიონიანი სახელმწიფოს მაგალითით ჩვენის მოწყობა არ გამოვა...

- მაგრამ ჩვენ ხომ "მფარველს" ვეძებთ... ამისთვის კი სწორედ დიდი ქვეყნები გვჭირდება.

- პატრონი და მფარველი თუ გვყავს, რატომ ვიღუპებით? აფხაზეთი და შიდა ქართლი რომ სახელმწიფოებად აღიარა რუსეთმა, გგონიათ, იხუმრა? ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს არსებობა ბეწვზე ჰკიდია... შეიძლება აღარც ვარსებობთ!

- თქვენს ახალგაზრდობაშიც ხომ მძიმე წლები იყო, ქართულ იდეას, სულს ებრძოდა რუსეთის იმპერია...

- ორასწლიან მონობაზე ლაპარაკი ძალიან მაღიზიანებს. მეფის რუსეთსა და კომუნისტებს შორის დიდი განსხვავებაა. რუსეთს საქართველო სჭირდებოდა და სჭირდება, ჩვენ თუ ზურგი არ გავუმაგრეთ, ჩრდილო კავკასია ძალიან ანერვიულებს. რუს ვორონცოვს ქართველებისადმი სიმპათია ჰქონდა. ერთი დიდი რუსი წერდა, - ვორონცოვი კარგი კაცი იყო, მაგრამ როგორც იმპერიის მოქალაქეს, დიდი ნაკლი ჰქონდა, ქართველები უყვარდაო... XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან საქართველოს ხსენება აკრძალეს, XX საუკუნეში კიდევ სხვა იყო...

- როცა თქვენზე ქალაქში ჭორი გავრცელდა, დაჭერილიაო, ეს ნიშანივით იყო, რომ თქვენც დაჭერა გემუქრებოდათ მას მერე, რაც თქვენი მეგობრები, მათ შორის ოტია პაჭკორიაც, დაიჭირეს...

- მე არ მემუქრებოდა... ჩემი მეგობრები თავს იყრიდნენ გოგი ანთელავასთან. მისამართიც კი მახსოვს - შინდისის ქუჩა # 13-ში. იმ დროს მე არაფერი ვიცოდი პოლიტიკურ გეგმებზე. არ მითხრეს. რომ ეთქვათ, მაინც არ წავიდოდი. გოგი ანთელავა არ დაიჭირეს, რადგან ჭლექიც ჰქონდა, ეპილეფსიაც და 3-4 თვეში გარდაიცვალა კიდეც... 8 წლის შემდეგ, გადასახლებიდან რომ დაბრუნდნენ, თენგიზ ზალდასტანიშვილს ვუთხარი: - დაჭერამდე ერთი თვით ადრე, ჩემთან მოხვედი. ალბათ თქვენი გეგმების შესახებ გინდოდა რაღაცის თქმა, რატომ არ მითხარით-მეთქი. ისეთი აზრი განავითარე, შეუთავსებელი იყო ამასთანო. მერე ვინ გამოდგა მართალი, თქვენ თუ მე-მეთქი.

KvirisPalitra.Ge"კონსტანტინე გამსახურდია ბერიასთან კარგად იყო. "მთვარის მოტაცებაში" ერთი ოთხსტრიქონიანი აბზაცი დაწერა მასზე... მერე რა?! სამაგიეროდ, გამოიყენა სიტუაცია და ბევრი კარგი გააკეთა. ხდება ასეთი რამ. მე-11 არმია რომ შემოვიდა, პავლე ინგოროყვას თავის მოკვლა უნდოდა, რევოლვერი ძლივს გამოჰგლიჯეს ხელიდან. მასთან ახლოს ვიყავი. ერთხელ ყავაზე დაგვპატიჟა, სხვები რომ წავიდნენ, ერთად წამოვედით ოპერამდე. გზაში ვკითხე, როგორ მოხდა, რომ არ დაგიჭირეს-მეთქი. მიამბო: - ბერიამ დამიბარა. რომ შევედი, ადგა, წამოვიდა ჩემკენ სიტყვებით - "Почему грузинская интеллигенсия ненавидит грузинскую власть?" მერე ოთხი საათი ვისაუბრეთო... ამ საუბარში გამონახა საერთო ენა და შეძლო ისეთი საქმეების კეთება, რომ ვერ წარმოიდგენთ".

პოლიტიკური გეგმების დაწყობაზე ხელი მქონდა აღებული, მაშინაც კი ვიცოდი, რომ საქართველოსთვის ერთადერთი ბრძოლა არის კულტურული ბრძოლა, ქართული ენის დაცვა, ქართული მენტალიტეტის დაცვა...

ის, რასაც მთელი ცხოვრება ვაკეთებ... და ისიც, რაც ბავშვობიდან დავიწყე: 14 წლისამ მარიამისეული "ქართლის ცხოვრება", ვახუშტისეული "გეოგრაფია", კორნელი კეკელიძის ორი ტომი ზეპირად ვიცოდი.

- დაუჯერებელია, 14 წლის ბიჭი იჯექით და იზეპირებდით?

- მაშინ მამა გარდამეცვალა. ავიკრძალე გასართობად სიარული, შინ ვიჯექი და ვკითხულობდი. ბიძაჩემს ჰქონდა ეს წიგნები, თორემ სად ვნახავდი. წავიკითხე ავალიშვილის "საქართველოს დამოუკიდებლობა", გავიგე იუნკრების ამბავი... რა დამავიწყებს, ბიძაჩემთან ზურაბ ტატიშვილი გავიცანი. სუფრასთან ცოტა რომ შევზარხოშდი, ვითხოვე სიტყვა და იუნკერთა სადღეგრძელო დავლიე. არც კი ვიცოდი, ზურაბი თუ იუნკერი იყო. გაგიჟდა - ამას უნდა ვაჩვენოო და - ჭრილობა მაჩვენა გულთან. მივედი და ვემთხვიე ნაიარევზე... მერეღა წავიკითხე, - 18 წლის ზურაბს თურმე ამბროსი ხელაიამ ჯერ კიდევ შეუხორცებელ ჭრილობაზე აკოცაო. ამით დასრულდა ჩემი ქართველად ქცევის, ქართველად კურთხევის ამბავი...

- ახლაც იგივე ბრძოლა გვჭირდება?

- რა თქმა უნდა და გასაკვირი ისაა, რომ ამ ბრძოლაში ჩაბმა არავის უნდა. ნახეთ, რა იბეჭდება, რა გადაიცემა! ანტიქართულია ყველაფერი. მე უფრო დისკომფორტულად ვგრძნობ თავს დამოუკიდებელ საქართველოში, ვიდრე უკანასკნელი 30 წელი ვგრძნობდი საბჭოთა საქართველოში.

- ამბობენ, ისეთი ძველი ისტორიის მქონე ერები, ჩვენ რომ ვართ, ბიოლოგიურად ბერდებიან, იღლებიან, ენერგია ეშრიტებათ, ბრძოლის უნარსაც კარგავენო...

- არ დაიჯეროთ! ჯერ ერთი, ჩვენ ახალი ერი ვართ... თქვენი დედა და მამა, რომელი კუთხიდან არიან?

- ერთი იმერელია, მეორე - ქიზიყელი.

- იცით, რომ XIX საუკუნის დასაწყისში აკაკი წერეთელი და იაკობ გოგებაშვილი ერთმანეთს სიხარულს უზიარებდნენ, რომ რამდენიმე ოჯახი იცოდნენ, სადაც იმიერ საქართველოს და ამიერ საქართველოს მკვიდრი იყო შეუღლებული... აი, ამიტომ არ ვართ ძველი სისხლის, ბიოლოგიურად ახლა უკვე განახლებული ერი ვართ. ენერგიისაგან სკდება საქართველო, მაგრამ მეორე საკითხია, რა ყალიბშია ეს ენერგია მოქცეული... იქით არ არის მიმართული, საითაც უნდა იყოს... მხოლოდ ერთმანეთის საწინააღმდეგოდაა მიმართული.

- და თქვენ რა იმედი გრჩებათ?

- არ შეიძლება, რომ უიმედობა დავუშვათ...