"ბევრჯერ დამწამეს ცილი. ჩემს ცხოვრებაში არ მისვრია ადამიანისთვის" - რეპორტაჟი "ოცნებების სასაფლაოდან" - კვირის პალიტრა

"ბევრჯერ დამწამეს ცილი. ჩემს ცხოვრებაში არ მისვრია ადამიანისთვის" - რეპორტაჟი "ოცნებების სასაფლაოდან"

"სახლი - აქეთ, ყანა - იქით“ - "ოცნებების სასაფლაო" საქართველოს უახლესი ისტორიის რეკვიემია!

სულ რომ არ ვიცნობდე გოგა ხაინდრავას, არც მისი კინოდოკუმენტალისტობისა ვიცოდე რამე და არც კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში მინისტრობის ამბავი, არც მისი პოლიტიკური შეხედულებები ვიცოდე და არც მასზე სხვადასხვა დროს გავრცელებული ტყუილ-მართალი, ერთი ფილმი, "ოცნებების სასაფლაო"“იქნებოდა საკმარისი, რომ მის მიმართ ერთბაშად მეგრძნო პატივისცემაცა და სინანულიანი სიყვარულის განცდაც...

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გიორგი ხაინდრავას მხატვრული ფილმი „"ოცნებების სასაფლაო"“ სამშობლოში დაბრუნდა. განხორციელდა ნეგატივის რესტავრაცია, მისი გაწმენდა, აღდგენა და ციფრზე გადატანა. კინოსურათის ერთადერთი ორიგინალი ამ დრომდე საფრანგეთში, კომპანია  Vეცტრაცომ-ში ინახებოდა.

გოგა ხაინდრავამ ფილმზე მუშაობა 1992 წელს დაიწყო და 1996 წელს დაასრულა. კინოსურათი აგებულია აფხაზეთის ომის ამსახველ დოკუმენტურ მასალაზე და ფილმზე მუშაობაც აფხაზეთში მიმდინარეობდა. პერსონაჟები ომში მონაწილე რეალური გმირები არიან.

"ოცნებების სასაფლაო" არაერთი პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა ოქროს მედალი ტოკიოს საერთაშორისო კინოფესტივალზე, გრან-პრი და კინოკრიტიკოსთა პრემია - შავი ზღვის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე "ოქროს არწივი", უმაღლესი ჯილდო ღვინის მწარმოებელი ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე“სან-ფრანცისკოში; გრან-პრი და ჟიურის პრიზი "ფიპრესი" სოჭის საერთაშორისო კინოფესტივალზე "კინოტავრი".

უყურებ 1993 წლის კადრებს და შორეული წარსული გგონია, მაგრამ ეს შორეული წარსული“იმდენად ახლოა, ყელთან ნელ-ნელა იკვანძება ცრემლის ბურთი... ზოგი სულ უწვერულია ჯერ, თუმცა დიდივით სიგარეტს ეწევა და იარაღიც აქვს მხარზე გადაკიდებული - ომში მიდის! ეს წაგებული ომია, მაგრამ ბიჭებმა არ იციან. ისინი ნახევრად შიშვლები და მშივრები, შეუიარაღებლები სხდებიან ძველ, ნახევრად დაშლილ ავტობუსებში... და მიდიან... არც ისე მარტივია, მიჰყვე ამბავთა დინებას.

"ეს არის უნიკალური ფილმი, რომელიც გადაღებულია იქ, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა", - ამბობს ფილმის რეჟისორი გოგა ხაინდრავა, რომელიც მალე 60 წლის გახდება და როგორც თავად აღნიშნავს, საკუთარი ცხოვრების გააზრებისა და გადაფასების ასაკს აღწევს.

- ფილმში გადაღებულია დაახლოებით 7 000 კაცი, რომლებიც ამ ომში მონაწილეობდნენ. ახალგაზრდებს, რომლებიც სტიქიის დღეებში ასე ვაჟკაცურად დადგნენ იქ, სადაც სამშობლოს სჭირდებოდა, მინდა ვუთხრა, - ისინი ამ ფილმში ნახავენ საკუთარ მამებს, რომლებიც არანაკლებ კარგი ბიჭები იყვნენ, უბრალოდ მათი თავდადება არ დაფასდა. წელიწად-ნახევარი მიდიოდა ომი, დღე-ნახევარში კი არ გამოქცეულან! ახლანდელი ჯარი და მაშინდელი ჯარი იმდენად სხვადასხვაა, ვერც წარმოიდგენთ! ანარქია იყო! მაშინ აფხაზეთის სახელმწიფო მინისტრი ვიყავი. 68 ბატალიონი იყო აფხაზეთში. 68 ბატალიონისთვის იგზავნებოდა ეკიპირება. სინამდვილეში 6 000 კაცზე მეტი აფხაზეთში არასდროს ყოფილა. სულ როტაცია იყო. მიდიოდნენ და მოდიოდნენ... გია ყარყარაშვილის, პაატა დათუაშვილის სამხედრო ჯგუფების გარდა, იყო გენო ადამიას 24-ე ბრიგადა... "მხედრიონს" რომ აგინებენ, "მხედრიონმა" აფხაზეთში 860 კაცი დაკარგა.

- როცა ფილმს იღებდით, თუ იცოდით, რომ "ოცნებების სასაფლაოს" დაარქმევდით?

-  ვიცოდი! იმ დროისთვის უკვე ლევან აბაშიძე, კოკა კლდიაშვილი მოკლულები იყვნენ. ბიჭები დაიხოცნენ, მაგრამ მათი ოცნებები, თუ შევძელით და რეალობად ვაქციეთ, ამაზე მეტს ვერაფერს გავუკეთებთ მათ ხსოვნას. ამიტომაც დავარქვი ეს სახელი.

ამ ფილმის ავტორი მარტო მე არა ვარ, ავტორია ყველა, ვინც ამ ფილმშია გადაღებული, ჩვეულებრივი მეომრები. მათ ხომ არანაირი სამსახიობო გამოცდილება არა აქვთ, მაგრამ როგორ ასრულებენ! აფხაზებისა და ქართველების შეხვედრის კადრები ძალიან ემოციურია. გეგონება, მართლა აფხაზები არიან, არადა, ამ ეპიზოდში ბორჯომელი მონადირეები მონაწილეობენ. ეს სცენა ამ ფილმის სულისკვეთებაა, აქ ჩანს, რომ ჩვენ მტრები არა ვართ.

- თქვენ, ფაქტობრივად, ამ ბიჭებთან ერთად ცხოვრობდით. არ ვიცი, გქონდათ თუ არა იარაღი, მაგრამ ჩნდება განცდა, რომ თქვენც მათი ორგანული ნაწილი ხართ...

- სიმართლეს გეტყვით: როგორც წესი, შეუიარაღებელი ვიყავი. ზოგჯერ პატარა იარაღი მედო. ომში როცა ხარ, ეს ერთგვარი ფსიქოლოგიური მომენტია. ვერც ერთი ბიჭი ვერ იტყვის, რომ მე მას ამოვფარებივარ. პირიქით, თუ გასასვლელი იყო სადმე, წინ მივდიოდი. ბევრჯერ დამწამეს ცილი. ჩემს ცხოვრებაში არ მისვრია ადამიანისთვის, არც დამიმიზნებია!

- და თქვენ აღმოჩნდით ამდენი სიკვდილის ეპიცენტრში...

- ომში რომ წავედი, თითქმის არ მქონდა ჭაღარა და გაჭაღარავებული დავბრუნდი. ფილმში ბევრი ისეთი კადრია, რაც ნათელს ჰფენს იმდროინდელ სიტუაციას. ამიტომაც არ აჩვენებდნენ... ხელისუფლებას არ უნდოდა. გააჩერეთ ქუჩაში ნებისმიერი და აფხაზეთის ომის ერთი გმირის დასახელება სთხოვეთ. ვერ დაასახელებენ. ნუთუ წელიწად-ნახევარში არც ერთი ადამიანი არ იყო გამორჩეული? 30 000 კაცი დავკარგეთ ორივე მხრიდან.

- აფხაზებმა ნახეს ფილმი?

- ნახეს, როცა "კინოტავრის" პრიზი ავიღეთ სოჭში. მოსკოვში შვიდჯერ აჩვენეს და იქაც მოვიდნენ აფხაზები. ახლაც აუცილებლად გავგზავნი აფხაზეთში...

დიდი პოლიტიკა სრავს ყველაფერს და დიდი მოთამაშეები უმუხრუჭოდ მიიწევენ წინ... "ოცნებების სასაფლაო" ამ ტრაგიკული სიმფონიის მთავარი პარტიაა, არა იმიტომ, რომ ჟამთააღმწერლის სიზუსტით ასახავს რა იყო და როგორ... იმიტომ, რომ სასაფლაოა სიცოცხლეების, იმედის, ოცნებების, სიკეთის. ამ სასაფლაოს ამონაყარმა ყლორტებმა კიდევ უფრო დააქუცმაცეს საქართველო. დღეს მავთულხლართები დგას, როგორც ნიშანსვეტი ადამიანთა უბედურებისა. დგას და გაჭიმულია იქ, სადაც არ უნდა იდგეს არც გეოგრაფიულად, არც პოლიტიკურად, არც ადამიანური თვალსაზრისით...

გოგა ხაინდრავა ამბობს: "მავთულხლართი არ არის საზღვარი. ყველაზე კარგად გერმანული ტყვეთა ბანაკების მაგალითზე ჩანს, რომ ყველა მავთულხლართი ირღვევა ბოლოს. უბედურება ის არის, ჩვენს ტვინებში რა მავთულხლართია გაჭიმული. თბილისიდან 45 კილომეტრში რუსეთის ჯარები დგანან... ახლა გამოჩნდება, რას მოიმოქმედებენ ქვეყნები, რომლებიც ჩვენი "მეგობარი ქვეყნების" სტატუსით სარგებლობენ. კარი თან ღიაა და თანაც არც გვიშვებენ თავისთან, "აღთქმულ მიწაზე". ვნახოთ, რას ნიშნავს ევროპისთვის, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის ადამიანის უფლებები... მათ თვალწინ რუსები ყოფენ ოჯახებს, ეზოებს, ერთი ძმა აქეთ რჩება, მეორე - იქით, სოფელი აქეთ რჩება, სოფლის სასაფლაო - იქით... სახლი - აქეთ, ყანა - იქით... ეს არის ადამიანების უფლებების დარღვევა და არა დიდი პოლიტიკა".

"ოცნებების სასაფლაო" ტვინებში გაჭიმული მავთულხლართების გარღვევის მცდელობაცაა... ეს არის ცოცხალი რეპორტაჟი სასაფლაოდან, სადაც ოცნებები დაკრძალეს.

და იცით, რას ვფიქრობ? გოგა ხაინდრავა რომ არ ყოფილიყო ისეთი, როგორიც არის, ძალიან დაწყობილი და დავარცხნილი ცხოვრება რომ ჰქონოდა, "ოცნებების სასაფლაოს" ვერ გადაიღებდა. არ იქნებოდა ამხელა სიახლოვე და სითბო თითოეულ კადრში, არც დასამარებული ოცნებების რეკვიემი იქნებოდა. რაც დრო გავა, კიდევ უფრო მძაფრად ჩამოკრავს განგაშის ზარი ამ ფილმის ნახვისას, კიდევ უფრო მეტად წამოიწევს წინ ადამიანების ბედი ბინძური პოლიტიკური თამაშების ფონზე, კიდევ უფრო სულიერი გახდება თითოეული ეპიზოდი.