"სიკვდილი პიცერიაში", რომანი, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ადვილად ამოიცნობენ - კვირის პალიტრა

"სიკვდილი პიცერიაში", რომანი, სადაც ადამიანები საკუთარ თავს ადვილად ამოიცნობენ

თანამედროვე, ე.წ. თბილისური ცხოვრება, მანკიერი მენტალიტეტის პაროდია, კრიმინალური სიუჟეტი და, რა თქმა უნდა, გურია - მწერალმა გიორგი კეკელიძემ ახალ წიგნში "სიკვდილი პიცერიაში" გააერთიანა.

"საბას" პრემიის ლაურეატი მწერლის მორიგი, რიგით მესამე წიგნი "პალიტრა L"-მა გამოსცა, რომანის დეტალებზე კი  ავტორთან ვსაუბრობთ:

- "სიკვდილი პიცერიაში", კლასიკური თვალსაზრისით, დეტექტიური ჟანრის რომანი არ გახლავთ. ეს სოციალური ტიპის მოთხრობასა და ტიპურ დეტექტივს შორის ერთგვარი შერეული ექსპერიმენტია, სადაც თანამედროვეობაა ასახული. ვინც ამ რომანს წაიკითხავს, მიხვდება, რომ მასში გურიის გამოძახილი მცირე დოზით, მაგრამ მაინც იგრძნობა.

- ახალ წიგნშიც გურია ლაიტმოტივად იმიტომ ხომ არ შეარჩიეთ, რომ "გურულის დღიურებს" საზოგადოებაში უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა?

- ვერ გეტყვით... ფაქტია, მკითხველი გურულ ტემპს აუცილებლად იგრძნობს - მაქსიმალურად შევეცადე, თხრობა დინამიკური ყოფილიყო.

წიგნში მოქმედება სიმბოლურად გურიაში იწყება და გურიაშივე მთავრდება, თუმცა სიუჟეტი ძირითადად თბილისში ვითარდება. პერსონაჟებიც "ტიპური თბილისელები" არიან.

"სიკვდილი პიცერიაში" რამდენიმე სოციალურ ჯგუფს აერთიანებს. მასში როგორც პაროდია, ისე ალუზიები და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებია ასახული.

- სოციალური ფენის კონკრეტულად რომელი ჯგუფია წიგნში პაროდირებული?

- კონკრეტულად არავინ, აქ სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლების პაროდირებაა, რომელსაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვაწყდებით. ვფიქრობ, ეს საკითხი მკითხველსაც დააინტერესებს, თანაც დარწმუნებული ვარ, რომანში კონკრეტული ადამიანებიც საკუთარ თავს ადვილად ამოიცნობენ.

- როგორც წესი, მანკიერ თვისებებზე მითითება საზოგადოებას არ ხიბლავს. არ ფიქრობთ, რომ შესაძლოა, მკითხველი გაანაწყენოთ?

- არა მგონია, ამ წიგნმა სოციალური მღელვარება გამოიწვიოს, თუმცა მკითხველის რეაქციას მეც მოუთმენლად ველოდები. ნებისმიერი ტექსტი, რომელსაც ავტორი ქმნის, ბუნებრივი პერსონაჟებითაა ნაკარნახევი, რომლის შემოქმედებითი "ხრიკებით" შეფუთვა წერის პროცესში ხდება. მართალია, "სიკვდილი პიცერიაში" დოკუმენტური ჟანრის რომანი არ არის, მაგრამ დაკვირვებული თვალი ბევრ ნაცნობ და შესაძლოა, ყოველდღიურ სიტუაციებს ამოიკითხავს.

- რომანში ქალთა მიმართ ძალადობის საკითხიც მოხვდა. ფიქრობთ, რომ ეს პრობლემა საზოგადოების წინაშე დღესაც მწვავედ დგას?

- სამწუხაროდ, სულ ცოტა ხნის წინ  განსაკუთრებით მწვავე გახდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემა. პრაქტიკულად, ყოველდღე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ქმარმა ცოლი მოკლა... წიგნიც სწორედ ამ პრობლემას ეხმაურება. სამწუხაროდ, საქართველოში ძალადობა დღესაც აქტუალურია, თუმცა საზოგადოება ამ საკითხზე ადეკვატურად არ რეაგირებს, ანუ პრობლემა არის, მაგრამ შესაბამისი რეაქცია - არა.

- რატომ, საზოგადოება ძალადობას შეეჩვია?

- იმედია, ასე არ არის, გარკვეული დოზით ძალადობას საზოგადოება დღესაც ნეგატიურად უყურებს, უბრალოდ, გარკვეული ინერციების გამო ამას ისე მძაფრად არ აღიქვამს, როგორც საჭიროა. ცხადია, ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად სახელმწიფოსაც მნიშვნელოვანი როლი ეკისრება, თუმცა, პირველ რიგში, მაინც მოქალაქეობრივი განწყობაა მნიშვნელოვანი. უნდა შევიგნოთ, რომ ქალი და მამაკაცი უფლებებით აბსოლუტურად თანასწორი არიან.

- ეს კულტურა საქართველოში ჯერ კიდევ მე-12 საუკუნეში არსებობდა, დღეს რატომ გახდა საზოგადოებისთვის ხელახლა გასაცნობიერებელი?

- ვფიქრობ, ეს საბჭოთა კავშირში ყოფნის შედეგია, რომელმაც გარკვეულწილად ორ სქესს შორის მკაცრი დეფინიცია გაავლო. შაბლონურმა მიდგომებმა პროცესი დააზარალა და საბოლოოდ, ასეთ შედეგამდე მივედით. ვფიქრობ, ამ პრიმიტიული დოგმის გადალახვა ჩვენი ტრადიციისა და ხედვების მქონე ქვეყანას არ გაუჭირდება.

სამწუხაროდ, საქართველოში განათლებაც ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.

ამიტომ მეტი წიგნის კითხვა და კრიტიკული ანალიზის ჩამოყალიბება საზოგადოების განვითარებისთვის აუცილებელია.

"სიკვდილი პიცერიაში" უკვე დადებითად შეაფასეს თანამედროვე ქართველმა მწერლებმაც.

დავით ტურაშვილი, მწერალი: "ამ მინირომანის კითხვა დავიწყე და ეგრევე ძალიან მომეწონა - არ მეცალა, მაგრამ რომ დავიწყე, ვეღარ მოვწყდი. ნოდარ დუმბაძის მიერ აღწერილი საბჭოთა პერიოდის გურია ქართველმა მკითხველებმა ზეპირად იცოდნენ და ახლაც იციან, მაგრამ  თანამედროვე გურიის შესახებ ჩვენ  თითქმის არაფერი ვიცოდით, სანამ გიორგი კეკელიძემ  მთავარი  ლიტერატურული არჩევანი არ გააკეთა - პოეზიიდან პროზაში გადაინაცვლა.

არადა, შეუძლებელია თანამედროვე ლიტერატურული პროცესი იყოს მრავალფეროვანი და სრულყოფილი, თუ თანამედროვე ქართველი მწერლები მხოლოდ ვაკის, ვერის ან თუნდაც თბილისის ამბებს მოგვიყვებიან. აქ ორივე ამბავია: თბილისისაც და გურიისაც.  ნიჭიერი გურული, რომელსაც იუმორის გადასარევი გრძნობა აქვს, საქართველოში არავის უკვირს, მაგრამ  კიდევ ერთი მწერლის დაბადება ჩემს ქვეყანაში ახლაც ისევე მახარებს, როგორც ახალი საჩუქარი მახარებდა უკვე ხსენებულ საბჭოთა ბავშვობაში".

რუსუდან შელია