რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში სტიქიური უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად - კვირის პალიტრა

რა ღონისძიებები უნდა გატარდეს ქვეყანაში სტიქიური უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად

საქართველოში სტიქიურმა უბედურებამ დიდი ზარალი და რაც ყველაზე მეტად სამწუხაროა, ადამიანების მსხვერპლი გამოიწვია. ამ მოვლენამ გადაფარა ქვეყანაში მიმდინარე ყველა სხვა საკითხი. ასეულობით მოქალაქემ, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებმა, პრესისა თუ ტელევიზიის საშუალებით საკუთარი აზრი გამოთქვეს. დისკუსია შეეხო ქვეყნის მზადყოფნას როგორც პრევენციის, ისე რეაგირების დროს.

ამ საკითხთან დაკავშირებით გთავაზობთ ყოფილი ჰიდრომეტეოროლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორის, ნიკოლოზ (კოკა) ბერაძის სტატიას, რომელიც, ჩვენი აზრით, საყურადღებოა. ცნობისთვის: სტატია 2012 წელს მომზადდა.

სტიქიური უსაფრთხოება

I. მსოფლიოში არსებული მდგომარეობის შეფასება

გაერთიანებული ერების ორგანიზაციისა (გაერო) და მსოფლიოს როგორც განვითარებული, ასევე განვითარებადი და გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებისათვის სტიქიური უსაფრთხოება ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა და წარმოადგენს XXI საუკუნის უსაფრთხო მსოფლიოს მშენებლობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნაწილს. აქვე შევნიშნავთ, რომ მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში სტიქიური უსაფრთხოების მცნება გაიგივებულია ეკოლოგიური უსაფრთხოების მცნებასთან.

სტიქიური უბედურებები ხელს უშლიან და მნიშვნელოვნად ამცირებენ ქვეყნების განვითარებაში ჩადებული ინვესტიციების ეფექტურობასა და, რაც ყველაზე საყურადღებოა, აფერხებენ სიღარიბის აღმოფხვრის პროცესებს.სტიქიური უბედურებების მოწყვლადობის ხარისხი იზრდება უფრო სწრაფად, ვიდრე მათთვის წინააღმდეგობის გაწევის შესაძლებლობები. პრობლემას უფრო აქტუალურს ხდის ბირთვულ უსაფრთხოებასა და მრავალრიცხოვან ტექნოგენურ ფაქტორებთან დაკავშირებული საკითხები.

გაეროს მონაცემებით სტიქიური მოვლენებისგან ეკონომიკის სხვადასხვა დარგებისთვის მიყენებული ზარალი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობა 250 ათასს აღემატება. სტიქიისგან დაზარალებული ადამიანების რიცხვი წელიწადში 200 მილიონზე მეტია, რაც დაახლოებით 7-ჯერ აღემატება სხვადასხვა კონფლიქტებში დაზარალებულ ადამიანთა რაოდენობას.

ბუნებრივი კატასტროფების შედეგად გამოწვეული მსხვერპლის, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ზარალის შემცირების მიზნით, გაერომ გასული საუკუნეების ბოლო ათწლეული, სტიქიური მოვლენებისაგან მოსალოდნელი ზარალის შემცირების ათწლეულად გამოაცხადა. მთავარი მიზანი იყო სტიქიური უბედურებებით გამოწვეული მსხვერპლის რაოდენობისა და მატერიალური ზარალის, ასევე ეკონომიკური და სოციალური დეგრადაციის მინიმუმამდე დაყვანა. ათწლეულის მიზნების რეალიზაციამ გამოიწვია მეტად მნიშვნელოვანი კონცეპტუალური ცვლილება სტიქიურ უბედურებებზე რეაგირებიდან სტიქიური საშიშროების შემცირების (პრევენციის) ზომებზე გადასვლა.სტიქიურ კატასტროფებზე რეაგირება, რომელსაც წარსულში ცენტრალური ადგილი ეკავა, ნთქავდა მნიშნელოვან რესურსებს და ვერ უზრუნველყოფდა ადამიანთა მსხვერპლის რაოდენობისა და ეკონომიკური ზარალის მნიშვნელოვან შემცირებას.

ადამიანების, ეკონომიკური და სოციალური დანაკარგების შემცირების მიზნით, ბუნებრივი კატასტროფების ზემოქმედების მიმართ საზოგადოების მდგრადობის შენარჩუნებისათვის და

სტიქიური უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების კოორდინაციის მიზნით გაერომ 2001 წელს დააარსა სტიქიური უბედურებების საშიშროების შემცირების საერთაშორისო სტრატეგიის განმსაზღვრელი ორგანიზაცია (IშDღ). სტრატეგიის განხორციელება მოიაზრებს

საზოგადოებრივ, გაეროს ორგანიზაციებსა,სამეცნიერო წრეებსა და მასობრივი ინფორმაციების საშუალებებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას. 2005 წელს ამ ორგანიზაციის თაოსნობით იაპონიაში ჩატარდა მსოფლიო კონფერენცია კატასტროფების შემცირების საკითხებზე, სადაც მიღებული იქნა ჰიოგოს დეკლარაცია და სამოქმედო ჩარჩო-პროგრამა `2005-2015 წლებში კატასტროფების მიმართ გამძლეობისა და მდგრადობისდამკვიდრება ქვეყნებსა და თემებში." პროგრამაში გაწერილია ის ძირითადი საქმიანობა რომელიც უნდა აწარმოონ ქვეყნებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა. კონფერენციამ დასახა ხუთი პრიორიტეტული სამოქმედო მიმართულება:

• მყარი ინსტიტუციონალური ბაზის პირობებში კატასტროფების რიცხვის შემცირება უნდა გახდეს ეროვნული და ადგილობრივი პრიორიტეტი;

• ადრეული შეტყობინებების სისტემის გაუმჯობესება, კატასტროფების იდენტიფიცირება, შეფასება და მონიტორინგი;

• გამოცდილების, ნოვატორული გადაწყვეტილებებისა და განათლების გამოყენება ყველა დონეზე, უსაფრთხო პირობებისა და გამძლეობის პოტენციალის შექმნის მიზნით;

• რისკ-ფაქტორების საფუძველის შემცირება;

• ეფექტური რეაგირების მიზნით, კატასტროფების მიმართ მზაობის გაზრდა ყველა დონეზე.

კონფერენციაზე დაფიქსირდა მოსაზრება, რომ პრევენციისხელშეწყობა, მათ შორის კატასტროფების რისკის შემცირებისათვის ადეკვატური რესურსების მობილიზაცია, წარმოადგენს ინვესტიციას, რომელიც მომავალში სერიოზულ უკუგებას იძლევა. რისკის შეფასება და ადრეული გაფრთხილების სისტემები სასიცოცხლო ინვესტიციას წარმოადგენს, რაც ხელს შეუწყობს ადამიანთა სიცოცხლისა და ქონების გადარჩენას, მდგრად განვითარებას და გაცილებით უფრო ხელსაყრელია ფინანსურადაც კატასტროფებთან ბრძოლის მექანიზმების კუთხით, ვიდრე ის სცენარები, რომლებიც რეაგირების ზომებზე ძირითადად ყურადღების გამახვილებასა და კატასტროფების შემდგომ აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ითვალისწინებს.

სტიქიურ უსაფრთხოებას მნიშნელოვანი ადგილი უკავია კლიმატის ცვლილების საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაშიც.

კლიმატის ცვლილების უდიდესი აქტუალობიდან გამომდინარე მსოფლიო მეტეოროლოგიურმა ორგანიზაციამ და გაეროს გარემოს დაცვის პროგრამამ 1988 წელს ჩამოაყალიბეს კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ექსპერტთა ჯგუფი (IPჩჩ),რომელშიც გაერთიანდნენ მსოფლიოს ყველა ქვეყნის, მათ შორის, საქართველოს მეცნიერებიც. ჯგუფის მიზანია კლიმატის ცვლილების რისკების, მათი შერბილებისა და მათდამი ადაპტაციის გზების შეფასება.

კლიმატის ცვლილების სამთავრობოთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის პროგნოზების თანახმად XXI საუკუნის ბოლოსათვის მოსალოდნელია:

• გლობალური ტემპერატურის 1990 წელთან შედარებით 1,4 – 5,8°ჩ – ით მომატება;

• ზღვებსა და ოკეანეებში წყლის დონის მატება 9-დან 88 სანტიმეტრამდე, რაც გამოიწვევს ზოგიერთი კუნძულის წყლით დაფარვას, ხოლო სანაპირო ზოლში მცხოვრები მოსახლეობისთვის გარკვეული საფრთხეების შექმნას;

• წყლის რესურსების გადანაწილება;

• მყინვარების დნობის პროცესის გაძლიერება;

• ნიადაგის სასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყენების შემცირება;

• გაუდაბნოების პროცესების გააქტიურება;

• ეკოსისტემების გადაგვარება და ა.შ.

ბოლო წლებში კლიმატის ცვლილების სამთავრობათაშორისო ექსპერტთა ჯგუფი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს სტიქიური უსაფრთხოების საკითხებს. მეცნიერების მოსაზრებებით გასული საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან გლობალური დათბობის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი სტიქიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდა გახდა.

2011 წლის ბოლოს გამართულ კონფერენციაზე ექსპერტთა ჯგუფმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ეს მოსაზრება და აღინიშნა, რომ სათბური გაზების კონცენტრაციის მომატება ზემოქმედებას ახდენს სტიქიური მოვლენების გააქტიურებაზე.ასევე დაფიქსირდა ცხელი დღეების რიცხვის ზრდის ტენდენცია. უახლოესი 30-40 წლის განმავლობაში მოსალოდნელია ცხელი დღეების რიცხვის 4-ჯერ, ხოლო საუკუნის ბოლოსათვის-10-ჯერ გაზრდა.

1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში ხელმოწერილ იქნა გაეროს კლიმატის ჩარჩო-კონვენცია (UNFჩჩჩ) რომელიც აერთიანებს 192 ქვეყანას, მათ შორის საქართველოსაც, რომელიც კონვენციას 1994 წელსMმიუერთდა.

გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო-კონვენციის ბოლო წლებში გამართულ მხარეთა კონფერენციებზე (სამიტებზე) ყურადღება გამახვილდა კლიმატური (სტიქიური) უსაფრთხოების საკითხებზე. 2011 წლის დეკემბერში სამხრეთ აფრიკის ქ. დურბანში გამართულ მხარეთა კონფერენციაზე გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, რომ ჩვენი პლანეტის მომავალს საფრთხე ემუქრება. საუბარია ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაზე, გლობალური ეკონომიკის მდგომარეობაზე და ზოგიერთი ერების გადარჩენაზეც კი. გენერალური მდივანი გამოვიდა მოწოდებით, 2050 წლისათვის განხორციელდეს სათბური გაზების გამონაბოლქვების 2-ჯერ შემცირება, რათა შენარჩუნებული იქნას ტემპერატურის მატება ორი გრადუსის ფარგლებში. მის მიერვე იქნა აღნიშნული, რომ მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური პრობლემების, პოლიტიკური და კლიმატის ცვლილების რეაგირების სტრატეგიაზე აზრთა სხვადასხვაობის გამო ჯერჯერობით ვერ ხერხდება კლიმატის ცვლილების ყოვლისმომცველი და სავალდებულო ხელშეკრულების მიღება.

II. საქართველოში არსებული მდგომარეობის შეფასება

საქართველო ხასიათდება კლიმატის მრავალფეროვნებით. დედამიწაზე არსებული 14 კლიმატური ზონიდან ქვეყნის ტერიტორიაზე ფიქსირდება 11. სტიქიური მოვლენების გავრცელების არეალი პრაქტიკულად ქვეყნის მთელ ტერიტორიას მოიცავს. ეკონომიკის ისეთი დარგები, როგორიცაა: სოფლის მეურნეობა, ტრანსპორტი (მიწისზედა, საზღვაო, საჰაერო), წყალთა მეურნეობა, ტურიზმი, ენერგეტიკა, მშენებლობა, ინფრასტრუქტურა, გარემოს დაცვა, დაზღვევა და სხვ.

მუდმივად განიცდიან სტიქიური მოვლენების ზემოქმედებას. ასევე მეტად მნიშვნელოვანია სტიქიური უსაფრთხოების საკითხები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საქმეში.

მრავალფეროვანია სტიქიური მოვლენების რიცხვიც: წყალდიდობები და წყალმოვარდნები, ღვარცოფული მოვლენები, მიწისძვრები, მეწყერები, ეროზიული პროცესები, თოვლის ზვავები, გვალვები, სეტყვიანობა, ქარიშხლები, მდინარეთა და ზღვის ნაპირების პერეფორმირება და ა.შ.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა მთიან რეგიონებში. სტიქიური მოვლენები იწვევს მოსახლეობის აყრას და სოფლების დაცარიელებას. ბოლო 35 წლის განმავლობაში სტიქიისგან დაღუპულია 1000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო უსაფრთხო ადგილებზე გადაყვანილია 50 ათასამდე ოჯახი. იმ წლებშიც კი რომლებიც არ ხასიათდებიან სტიქიური მოვლენების დიდი ინტენსივობით, ზარალი რამდენიმე ათეული მილიონი ლარით განისაზღვრება, ხოლო იმ წლებში როდესაც სტიქია აქტიურდება ზარალი ასეულობით მილიონ ლარს შეადგენს. 1987-1989 წლებში სტიქიისაგან მიყენებულმა ზარალმა კი მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ქართველი მეცნიერების კვლევები კლიმატის ცვლილების საკითხებზე წარმოდგენილია ნაშრომში: `საქართველოს II ეროვნული ანგარიში გაეროს კლიმატის კონვენციისადმი." მასში ნათქვამია, რომ საქართველოში აღინიშნება ტემპერატურისა და ნალექების რაოდენობრივი ცვლილებები. ასევე აღნიშნულია, რომ კლიმატის ცვლილებებისადმი განსაკუთრებული მგრძნობიარობით ხასიათდება და საჭიროებს ადაპტაციური ღონისძიებების გატარებას:

• შავი ზღვის სანაპირო ზოლი, სადაც ადგილი აქვს ზღვის დონის აწევას და შტორმული მოვლენების სიმძლავრისა და სიხშირის მატებას, რასაც (განსაკუთრებით ფოთის მიმდებარე ტერიტორიაზე) ემატება მდ. რიონის ადიდებებით გამოწვეული პრობლემები;

• ქვემო სვანეთის რეგიონი (განსაკუთრებით ლენტეხის რაიონი), სადაც ადგილი აქვს ნიადაგის ეროზიას და სტიქიური მოვლენების (წყალმოვარდნები, მეწყერები, ზვავები, დიდთოვლობა, წყალდიდობა) სიხშირის ზრდას;

• დედოფლისწყაროს რეგიონი, სადაც მიმდინარეობს გაუდაბნოების პროცესი.

ნაშრომში აღნიშნულია, რომ ბოლო წლებში საქართველოში მკვეთრად შემცირდა ჰიდრომეტეოროლოგიური სადგურების რიცხვი, რამაც განაპირობა მიღებული შედეგების სანდოობის შემცირება.

ჰიოგოს 2005-2015 წლების სამოქმედო ჩარჩო პროგრამიდან გამომდინარე ყველა ქვეყანა, მათ შორის საქართველოც, ვალდებულია მდგრადი განვითარების, მოსახლეობის, ინფრასტრუქტურის და სხვა ეროვნული ფასეულობების დაცვის მიზნით გაატაროს სტიქიური კატასტროფებისაგან მოსალოდნელი ზარალის შემცირების ეფექტური ზომები.

სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროს შესაბამისი ყურადღება არ ეთმობა. დღემდეარ არის შემუშავებული ქვეყნის სტიქიური უსაფრთხოების ერთიანი კონცეფცია (სტრატეგია) და შესაბამისი სახელმწიფო პროგრამა, რის გამოც არ არის შეფასებული, თუ რა სამუშაოებია ამ სფეროში პრიორიტეტული და რა მიმდევრობით უნდა შესრულდეს ისინი. სტიქიური უსაფრთხოების საკითხები არც საქართველოს უშიშროების კონცეფციაშია სათანადოდ ასახული. გასაუმჯობესებულია საკანონმდებლო ბაზაც. დაწესებულებები, რომლებიც ამ პრობლემატიკაზე მუშაობენ, მიმოფანტულია სამთავრობო სტრუქტურებში და სხვადასხვა უნივერსიტეტებში, არასაკმარისია მათი დაფინანსებაც.

ბოლო წლებში მკვეთრად შემცირდა გარემოზე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, ოკეანოლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, რადიაციული და ა.შ. დაკვირვებები.

მინიმუმამდეა დაყვანილი დაკვირვებები გარემოს დაბინძურებაზე. ეპიზოდურ ხასიათს ატარებს მყინვარებზე დაკვირვებებიც და ეს იმ დროს, როდესაც დაწყებულია მათი დნობის პროცესი. უკვე 20 წელზე მეტია შეწყვეტილია სასოფლო-სამეურნეო კულტურების სეტყვისაგან დაცვის, საქართველოს სამხედრო გზის ზვავსაშიშ ზონებში თოვლის ზვავების ხელოვნურად ჩამოყვანისა და ნალექების რეგულირებების სამუშაოები, რომლებიც თავის დროზე საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ეფექტით ხასიათდებოდნენ. ზამთრის პერიოდში სამხედრო გზის ხშირ და საკმაოდ დიდი ხნით ფუნქციონირების შეფერხებას, გარდა ეკონომიკურისა, პოლიტიკური და დემოგრაფიული დატვირთვაც გააჩნია. ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების როგორც პრაქტიკული, ასევე სამეცნიერო – ექსპერიმენტული სამუშაოების შეწყვეტა თავის დროზე გასული საუკუნის 80-90 იანი წლების მიჯნაზე ქვეყანაში განვითარებულმა ცნობილმა მოვლენებმა გამოიწვია. არ არის ჩატარებული რისკების კომპლექსური შეფასება მოკლე, საშუალო და გრძელვადიან ჭრილში და შესაბამისად, არ არის შედგენილი ჩასატარებელი პრევენციული და ადაპტაციური ღონისძიებების გეგმები.ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, არ არსებობს სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემა.

მთლიანად მოშლილია სპეციალისტების მომზადების სისტემაც, რომელიც ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ მაღალ დონეზე იყო. გაუქმებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შესაბამისი კათედრები და აღარ წარმოებს სპეციალისტების მომზადება.

აღნიშვნის ღირსია ის ფაქტიც, რომ არასაკმარისია საზოგადოების ჩართულობა ზემოთ აღნიშნულ პრობლემატიკაში, რისკენაც ასე დაბეჯითებით მოგვიწოდებს გაერო.სტიქიური უსაფრთხოების თემატიკით ნაკლებათ არიან დაკავებულები არასამთავრობო ორგანიზაციებიც.

შესაძლებელია სხვა მრავალი პრობლემის ჩამოთვლაც, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება თუ რა უნდა გაკეთდეს დღეს, ახლო მომავალში და პერსპექტივაში, რათა სტიქიურმა მოვლენებმა ნაკლები ზიანი მიაყენოს ჩვენს ქვეყანას.მით უმეტეს, რომ, როგორც ზემოთ იქნა ნაჩვენები, გლობალური დათბობის გამო მოსალოდნელია ამ პროცესების კიდევ უფრო გააქტიურება. ასევე გასათვალისწინებელია სტიქიური მოვლენების ფაქტიური და პროგნოსტიკული ინფორმაციების ეკონომიკის სხვადასხვა დარგების მართვის პროცესში ჩართვის აუცილებლობაც.

III. საქართველოში გასატარებელი ღონისძიებები

ქვეყანაში სტიქიური უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით მიზანშეწონილია შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:

• სტიქიური უსაფრთხოების ერთიანი სტრატეგიისა (კონცეფციის) და სახელმწიფო პროგრამის შედგენა;

• ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სტიქიური უბედურებების გამომწვევი რისკების დეტალური შეფასება;

• გარემოს მონიტორინგის ერთიანი სისტემის ორგანიზება. მეტეოროლოგიური, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმოლოგიური, ოკეანოლოგიური, აგრომეტეოროლოგიური, რადიაციული და სხვა დაკვირვებების აღდგენა და მოდერნიზაცია;

• დისტანციური მეთოდებით დაკვირვების (მეტეოროლოგიური რადარები და თანამგზავრები) სისტემის ორგანიზება;

• მყინვარებზე სისტემატიური დაკვირვების სისტემის ორგანიზება;

• გარემოს დაბინძურებაზე დაკვირვების სრულყოფილი სისტემის შექმნა;

• ზღვის, მდინარეების ნაპირების, ქალაქებისა და სოფლების სტიქიური მოვლენებისაგან დაცვის დეტალური ღონისძიებების შემუშავება;

• საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული მოსალოდნელი საფრთხეების შეფასება;

• კლიმატური რესურსების შეფასება და მართვა;

• სტიქიური მოვლენების ადრეული გაფრთხილების სისტემის შექმნა;

• სტიქიური მოვლენებისაგან მოსალოდნელი ზარალის შემცირების მიზნით შესაბამისი ადაპტაციური და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა და გატარება;

• ჰიდრომეტეოროლოგიურ პროცესებზე (ზვავები, სეტყვიანობა, ნალექების გადანაწილება) აქტიური ზემოქმედების სამუშაოების აღდგენა;

• ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო კორიდორის, ნავთობ და – გაზსადენების უსაფრთხო და ეფექტური ფუნქციონირების სისტემის შექმნა;

• სტიქიური უსაფრთხოების მიზნით ანთროპოგენული ზემოქმედების შედეგების შეფასება (ხელოვნური წყალსაცავები, მშენებლობები, ახალი ტერიტორიების ურბანიზაცია);

• თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში შესაბამისი პროფილის სპეციალისტების მომზადება. ამ სფეროში მომუშავე სპეციალისტების გადამზადების მიზნით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კვალიფიკაციის ამაღლების მუდმივმოქმედი კურსების (ინსტიტუტი, ცენტრი) ჩამოყალიბება;

• საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან სტიქიური უსაფრთხოების თემატიკის დაფინანსების საკითხებზე მუშაობის გააქტიურება;

• მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციული უზრუნველყოფა მათი აქტიური ჩართულობის მიზნით.

ზემოთ აღნიშნული შრომატევადი, ფინანსურად საკმაოდ ძვირადღირებული სამუშაოების განხორციელების მიზნით აუცილებელია შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო კანონმდებლობასთან. რაც მთავარია, აღმასრულებელ ხელისუფლებაში უნდა შეიქმნას მაღალი დონის სამთავრობო სტრუქტურა, რომელშიც თავმოყრილი იქნება ამ საქმიანობით დაკავებული ყველა, მათ შორის სამეცნიერო დაწესებულებებიც.

სტიქიური უსაფრთხოების სფეროს ამდაგვარი დარეგულირება ხელს შეუწყობს ქვეყნაში სიღარიბის დაძლევასა და ცხოვრების დონის ამაღლებას; ქვეყნის მდგრად განვითარებას და მისი თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებას.

პ.ს. იმის გათვალისწინებით, რომ სტატია მომზადდა 2012 წელს, მასში არ არის გათვალისწინებული 2015 წელს, კახეთის რეგიონში,სეტყვასთან ბრძოლის სამსახურის აღდგენის საკითხი, რისი ინიციატორიც იყო სტატიის ავტორი. ამჟამად, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, პარლამენტსა და მთავრობაში მიმდინარეობს განხილვა ქვეყანაში სტიქიურ უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სამთავრობო ორგანოს შექმნის შესახებ.