საგანძური! - კვირის პალიტრა

საგანძური!

თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის!

"- ააა, მივხვდი, თქვენ ბეტანკურიანი რომანი არ წაგიკითხავთ, ხომ?

- არა, - მივუგე, - ბოლოს და ბოლოს, თქვენ შეგიძლიათ პასუხი რომ გამცეთ კითხვებზე?

- სიამოვნებით, სიამოვნებით... ბოდიში და, არც ანსელმოიანი რომანი? ლიოსასი, მარიო ვარგასის...

- ა... არა...

- და... კორტასარი?

- ეე... არა...

მეგონა, გამკიცხავდა, მაგრამ შურით ამათვალიერა:

- ბედნიერი კაცი ყოფილხართ!

- რატომ?

- რატომ და წინ ისეთი დიდი ბედნიერება გელით, მე კი ეს ბედნიერება უკვე განვლილი მაქვს. ეეჰ...

- რა ბედნიერება?

- პირველად წაკითხვის"...

KvirisPalitra.Geალბათ ბევრს ეცნო ეს სიტყვები გურამ დოჩანაშვილის ყველასათვის საყვარელი მოთხრობიდან "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". ისეთებიც აუცილებლად იქნებიან, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და ვისაც მართლაც წინ ელის ამ და სხვა ქართული ლიტერატურის შედევრების გაცნობა.

პალიტრის მედიასახლი კარგა ხანია ზრუნავს იმისთვის, რომ ადამიანები წიგნისაკენ მობრუნდნენ და სხვათა შორის, იგრძნობა საზოგადოების მზარდი ინტერესი წიგნების მიმართ. თუნდაც "დიდი მხატვრების" წიგნების სერიაზე ატეხილი აჟიოტაჟი რად ღირს!

ახლა კი, წიგნის პოპულარიზაციისაკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადაიდგა, ამჯერად ჟურნალ "გზისა" და გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ერთობლივი პროექტით. ამიერიდან "გზის" მკითხველი ჟურნალთან ერთად შეიძენს ქართული პროზის რჩეულ ნიმუშებს, და რაც მეტად მნიშვნელოვანია, ძალიან იაფად.

ზურაბ აბაშიძე, ჟურნალ "გზის" მთავარი რედაქტორი:

- ეს მართლაც არაჩვეულებრივი პროექტია. ალბათ გამოგიცდიათ, - წიგნის მაღაზიაში დგახარ, უყურებ უამრავ ძვირფას გამოცემას და წუხხარ, რომ მათი ყიდვა არ შეგიძლია. ხელში იღებ, შლი, თვალს ავლებ და იძულებული ხარ, თაროზე დააბრუნო... ვისაც წიგნი უყვარს და მისი შეძენა ოცნებად ჰქცევია, ახლა მიეცემა შანსი, ჟურნალ "გზასთან" ერთად მინიმალურ ფასად შეიძინოს ქართული მხატვრული ლიტერატურა. წლის ბოლოს კი ნახავს, რომ მის ბიბლიოთეკას ქართული რჩეული ლიტერატურით სავსე ერთი თარო შეემატა.

- რა იქნება პირველი წიგნი, რომელსაც მკითხველი "გზასთან" ერთად მიიღებს?

- პირველი იქნება გურამ დოჩანაშვილის კრებული. გახსოვთ? - "მივდივართ, ავიარეთ, ჩავიარეთ, კედელს ორი ჯეელი მიყუდებია. დგანან, მასლაათობენ, იფურთხებიან, დგანან, არსად არ აპირებენ წასვლას, ფეხებზე ჰკიდიათ, რომელი საათია, რა დროა, ღამეა თუ შუადღე, დგანან, გოგოებს ეანგლებიან, წაუსტვენენ, წაუღიღინებენ, ხან ერთმანეთს წაეხუმრებიან თავისებურად - პანღურს ამოარტყამენ ერთურთს, იღრიჭებიან და სწორედ ამ დროს მე და ჩემნაირები - ტაც! - ხელს ვტაცებთ და ზემოაღწერილ კარცერში მიგვყავს. კარცერში კი ყველაფერია, რასაც ინატრებ - საჭმელი, სასმელი და... წიგნები"...

რამდენი ახალგაზრდა დაგიდგათ თვალწინ ამ სტრიქონების წაკითხვისას? ისინი ყველა ქუჩაზე, ყველა უბანში არიან და მათგან სულ ცოტაც რომ გამოვტაცოთ უბედურებას, ლოთობას, ნარკომანიას, უსაქმურობას, დიდი საქმე იქნება... ამაში კი წიგნი ყველაზე მეტად დაგვეხმარება. წიგნი - ბავშვობიდანვე! გურამ დოჩანაშვილი მათ, ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და მხოლოდ ახლა ელის მხატვრული ლიტერატურის საგანძურთან შეხება, "მისალოცს" ეძახის. "მისალოცთაგან" განსხვავებით, ჩვენ, - წერს ბატონი გურამი, - დაწინაურებას სულაც არ ვცდილობთ, და სიკვდილისაც ნაკლებად გვეშინია, რადგან მრავალჯერ მოვმკვდარვართ და ყველაფერი გამოგვიცდია"...

ჩვენი პროექტის მთავარი მიზანი რაკი "მისალოცების" მრავალათასიან არმიასაც უკავშირდება, ჩავთვალეთ, რომ გურამ დოჩანაშვილი, როგორც მათი "ნათლია", პირველი უნდა ყოფილიყო...

ბედნიერი ვიქნები, თუკი "გზასთან" ერთად ეს ახალგაზრდები შეძლებენ მარადიულ ღირებულებებთან ზიარებას.

და კიდევ, თუ წიგნი ძვირი არ არის, უფრო ადრეული ასაკიდანაა შესაძლებელი თუნდაც საკუთარი მოგროვილი ფულით შეიძინო ის... და როცა ბავშვი ამას გამოცდის, მჯერა, მთელი სიცოცხლე გაჰყვება განცდილი და ბედნიერი იქნება, მისი სახით კიდევ ერთი კარგი მკითხველი და ადამიანი შეემატება სამყაროს.

ამქვეყნად ყველაფერს აქვს თავისი ფასი. ზოგისას ადრე ვიგებთ, ზოგისას - გვიან. ჟურნალ "გზისა" და "პალიტრა L"-ის პროექტის ფასს დრო უკეთ გამოგვიჩენს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამ სერიით გამოცემული ხელმისაწვდომი წიგნით ხელში დავინახავთ ჩვენს შვილებს...

P.S. ამ პროექტზე, და ზოგადად ყველაფერზე, რაც წიგნიერებას უკავშირდება, ბატონი გურამ დოჩანაშვილის აზრი საყოველთაოდ ცნობილია. მან უკვე გვითხრა:

"და ისიც სიცრუეა, თუ ბევრს ნახავ და უამრავი რამ გადაგხდება, სიკვდილის აღარ შეგეშინდება - პირიქით, უფრო გაგიძნელდება მასთან განშორება, მაგრამ ის მაინც გეცოდინება, სავსე ცხოვრება რომ გქონდა, ნაწანწალი და ყოვლის მნახველი... და ჩემისთანამ სიკვდილის წინ, უღონომ, სარეცელზე შეიძლება ასე წარმოთქვას: "ეჰ, კარგი იყო ოხერი..." და თქვენისთანამ კი, ჯანმრთელმა, შესაძლოა, ნიშნის მოგებით მკითხოს, "რა - სიცოცხლე თუ ლიტერატურა"... მე კი, გაინტერესებთ, რას გეტყვით?

- რას მეტყვით?...

- მე კი მოგიგებთ, "და განა სულერთი არ იყო?"

P.P.S. რაზე დგას კაცობრიობის კულტურა? რისი წაკითხვაა აუცილებელი თანამედროვე ადამიანისათვის? სწორედ იმიტომ, რომ იცოდეთ, ლიტერატურის უკიდეგანო სივრცეში საით აიღოთ გეზი, უკვე რამდენიმე თვეა  პალიტრის მედიასახლი ატარებს გამოკითხვას - "50 წიგნი, რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხო, ვიდრე ცოცხალი ხარ".

ამ გამოკითხვის საფუძველზე მომავალში მკითხველს დიდ სიურპრიზს ვუმზადებთ. საინტერესოა, რომ ახლა უკვე სხვა გამომცემლობები და გაზეთებიც აპირებენ მსგავსი პროექტების განხორციელებას, რაც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს წიგნების პოპულარობას და ჩვენშიც ისეთივე აუცილებელი და სასურველი გახდება წიგნი, როგორც ეს დასავლეთის ქვეყნებშია (სადაც სხვათა შორის, ინტერნეტში მოსახლეობის ჩართულობის უმაღლესი დონეა).