"თავი რომ დამანებონ, ფულს ვაძლევ, მაგრამ მერე უარესი იწყება" - რას ჩივიან უცხოელი ტურისტები - კვირის პალიტრა

"თავი რომ დამანებონ, ფულს ვაძლევ, მაგრამ მერე უარესი იწყება" - რას ჩივიან უცხოელი ტურისტები

"ლურჯი ვაშლის" იმ ანონსის, რომელიც მათხოვრებს ეხებოდა, ეთერში გასვლის შემდეგ რამდენიმე მკითხველმა მოგვწერა. მათი თქმით, ბოშები ტურისტებსაც აფრთხობენ, გავლის შესაძლებლობას მანამდე არ აძლევენ, სანამ მათგან სასურველ მოწყალებას არ მიიღებენ. ინფორმაციის გადასამოწმებლად მეიდანს მივაშურე. ჩემი თვალით ვნახე, როგორ "ნადირობენ" ბოშები უცხოელებზე _ აეკიდებიან, გულს უწუხებენ და სანამ რამეს არ წაჰგლეჯენ, თავს არ ანებებენ.

ფრიდრიხ ვაირაუსი: "რა თქმა უნდა, სასიამოვნო არ არის, როდესაც უცხო ქალაქში სეირნობ და მოულოდნელად ბავშვი ფეხებში გეჭიდება და არ გიშვებს. იმისათვის, რომ თავი დამანებონ, ფულს ვაძლევ, მაგრამ მერე უარესი იწყება, სხვებიც მაშინვე დამესევიან და თავის დაღწევა მიჭირს. ხშირად დილით, როდესაც ვსაუზმობ, კაფეში შემოდიან. ბათუმშიც იგივე ხდება. კარგი იქნება, თუ ეს საკითხი მოწესრიგდება".

კარლ სმიტი: "როგორც კი შეგამჩნევენ, რომ უცხოელი ხარ, ბავშვები, რაც არ უნდა უთხრა,  უკან მოგყვებიან. ისიც არ იცი, რა უნდა გააკეთო, რომ თავი დაგანებონ. შესაძლოა, იმიტომ ითხოვენ მოწყალებას, რომ ქვეყანაში საცხოვრებელი პირობები, სამსახური, სამედიცინო თუ სოციალურ მომსახურებებზე წვდომა არა აქვთ".

გალაკტიონ ტაგანაშვილი, გიდი: "ამ ტერიტორიაზე ყოველდღე ტურისტების ჯგუფი დამყავს. ქალაქის ისტორიასა და კულტურას ვაცნობ, ამ დროს კი ბავშვების ჯგუფი ზოგს ფეხზე ეჭიდება, ზოგს ხელზე კოცნის, ზოგსაც აგინებენ იმის გამო, რომ ფულის მიცემაზე უარს ეუბნება. ევროსა და დოლარს ითხოვენ. ტურისტები გაოგნებულები მეკითხებიან, რა ხდებაო. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, ამ პრობლემის მოგვარება როგორ შეიძლება, იქნებ ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილებში მაინც დაცვა დავაყენოთ?"

იუსუფ სალიმოვი, სკვერის მომვლელი: "ამის შესახებ მთავრობამ კარგად იცის, მაგრამ შენიშვნასაც ვერ ვაძლევთ, მათ ნაცვლად ჩვენ დაგვაკავებენ. თანაც ეს ბოშები ადგილობრივები კი არა, სხვადასხვა რესპუბლიკიდან არიან ჩამოსული. აქაურ ბოშებს კარგად ვიცნობთ, ესენი კი სულ სხვა ენაზე ლაპარაკობენ".

რას ითვალისწინებს კანონმდებლობა ამ შემთხვევაში? ამის გასარკვევად იურისტ ლევან ალაფიშვილს დავუკავშირდით: "ბავშვის ფინანსური თვალსაზრისით ექსპლუატაციის შემთხვევაში, მნიშვნელობა არა აქვს დამნაშავის წარმომავლობას, კანონის წინაშე ის აუცილებლად აგებს პასუხს. ბოშა იქნება თუ ვინმე სხვა, ბავშვის გაყიდვა ან მისი გაქირავება დანაშაულია და ამ საქმით საგამოძიებო უწყებები ავტომატურად ინტერესდებიან. რაც შეეხება ტურისტების საკითხს, შესაბამისი რეგულაციები ამ შემთხვევაშიც მოქმედებს. საპატრულო პოლიცია აუცილებლად მიიღებს შესაბამის ზომებს, თუ ფულის მოთხოვნის მიზნით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება ან შეურაცხყოფა ფიქსირდება. უბრალოდ, როგორც ჩანს, მოქალაქეები სამართალდამცავებს საჩივრებით არ მიმართავენ. ასე რომ, დღეს ამ პრობლემის გადასაჭრელად სახელმწიფოს ბერკეტი საკმარისად აქვს, თუმცა, მთავარია საზოგადოებამ საკუთარი პასუხისმგებლობაც ადეკვატურად შეაფასოს და შესაბამისად იმოქმედოს".

რუსუდან შელია