სად და როგორ ქირაობენ ბავშვებს მათხოვრობისთვის ?! - კვირის პალიტრა

სად და როგორ ქირაობენ ბავშვებს მათხოვრობისთვის ?!

თბილისის თითქმის ყველა ქუჩის კუთხეში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა თუ ხალხმრავალ ადგილებში მოწყალების მთხოვნელთა რიცხვი იზრდება. მათდამი საზოგადოების დამოკიდებულებამაც გარკვეულწილად სტაბილური ხასიათი მიიღო - მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეზე მიგდებულ მძინარე ჩვილს უმეტესად ისე ჩავუვლით, გული არ აგვიჩუყდება.

საქართველოში "ქუჩის ბავშვების" ოფიციალური სტატისტიკა არ არსებობს და საზოგადოებაც ამ პრობლემაზე საუბარს გაურბის. მხოლოდ სოციალურ ქსელში, ისიც იშვიათად, თუ ატყდება დროებითი ვიშვიში - ჩვილებს სხვადასხვა საძილე მედიკამენტსა და ალკოჰოლს ასმევენ და ქუჩაში სამათხოვროდ ასე გამოჰყავთ, რასაც მათი სიცოცხლე ეწირება, გარკვეული ჯგუფი თავს პატარების ყოველდღიური გაქირავებითაც ირჩენსო... ერთმა ისიც კი დაწერა, ვარკეთილის მეტროსთან ქალი მკვდარი ბავშვით ხელში მათხოვრობსო. მიუხედავად ამისა, მიღებული საზარელი ინფორმაციისგან გამოწვეული შოკი მალევე ცხრება და საზოგადოება ამ პრობლემის მიმართ გულგრილ ცხოვრებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

თუმცა შეიძლება საზოგადოებრივ უარყოფას ერთგვარი ახსნაც მოვუძებნოთ:

ხშირად რთულია დაიჯერო, რომ ადამიანმა საკუთარ კეთილდღეობას უმწეო და უსუსური ბავშვების ბედი შესწირა.

იქცა თუ არა საქართველოში ბავშვებით მათხოვრობა ბიზნესად, ამის გასარკვევად ორი კვირის განმავლობაში ჟურნალისტურ გამოძიებას ვაწარმოებდი. პირველ ეტაპზე უნდა გამერკვია, ქუჩაში მოწყალების სათხოვნელად გამოყვანილ ბავშვებს მართლაც სძინავთ თუ არა მთელი დღის განმავლობაში. ამ მიზნით დილის 09:45 წუთზე სამსახურიდან ფარული კამერით შეიარაღებული გამოვედი და მარჯანიშვილის მეტროსადგურთან, ერთ-ერთი მაღაზიის წინ, მძინარე ბავშვს გადავაწყდი. ფარული კამერა ჩავრთე და დროის ათვლა დავიწყე, როდის გაიღვიძებდა. გულის სიღრმეში ვიმედოვნებდი, რომ ხმები გადაჭარბებული იყო და პატარა მალე გამოიღვიძებდა, მაგრამ დრო გადიოდა, ბავშვი კი არც ირხეოდა. პერიოდულად გამოჩნდებოდა ვიღაც ქალი, დახედავდა ბავშვს და წავიდოდა. ამასობაში მოსაღამოვდა... უკვე ექვსი საათი შესრულდა - არადა, ბავშვი გვერდსაც კი არ იცვლიდა. ბავშვმა მხოლოდ საღამოს რვა საათზე გაახილა თვალი... მაშინვე ის ქალი გამოჩნდა, სწრაფად დაავლო პატარას ხელი და ხალხში გაუჩინარდა.

ამ შემთხვევის შემდეგ, მოწყალების სათხოვნელად მოსიარულეთა ჯგუფში შეღწევა და მათი ნდობის მოპოვება გადავწყვიტე. შესაბამისადაც გამოვეწყვე - გრძელი კაბა ჩავიცვი, თავზე თავშალი წავიკარი და ლესელიძის ქუჩის დასაწყისთან, მეტეხის ხიდზე მომავალ რამდენიმე ბოშას მივაშურე. როცა ერთმანეთს მივუახლოვდით, მათმა გამჭოლმა მზერამ და ეჭვით სავსე თვალებმა წამით შემაყოვნა... სუნთქვა შემეკრა... ვაითუ, მიხვდნენ, რომ ჟურნალისტი ვარ და... თუმცა, ძალის მოკრება რამდენიმე წამში მაინც შევძელი და დუმილი პირველმა დავარღვიე:

- სამსახურს ვერ ვშოულობ, მინდა ქუჩაში ვიმათხოვრო, თქვენს ჯგუფში მიმიღებთ?

- საიდან ხარ?

- ქართველი ვარ.

- ადგილობრივი ხარ, მშობლები გყავს?

- არავინ მყავს... იქნებ მათხოვოთ ბავშვი, რომ ადამიანებმა შემიბრალონ და ფული მომცენ, მითხრეს, რომ ბავშვებს აქირავებთ.

- ბავშვის გარეშე თუ იმათხოვრებ, არავინ დაგეხმარება, მაგრამ ვინ მოგცემს ასე მარტივად ბავშვს, როცა არავინ გიცნობს?

- მაშინ როგორ მოვიქცე?

- ვიღაცებს ვიცნობ, მაგრამ შენ თვითონ უნდა სთხოვო...

ცოტა ხანში მეორე ჯგუფის ერთ წევრთან მიმიყვანეს, რომელიც შარდენის ქუჩის დასაწყისთან, კიბეზე მოკალათებულიყო.

სწორედ მისგან ვიგებ, რომ თითოეულის "შემოსავალი" დღეში 300-400 ლარს აღწევს.

მოგვიანებით ისევ დავინტერესდი, მართლა აქირავებენ თუ არა ბავშვებს. მპასუხობენ, რომ საამისოდ სამგორის ბაზარში ქურთების მოძებნა მომიწევს - ბავშვთან დაკავშირებული საკითხები მათ უკეთ იციან. მეორე დღეს სამგორის ბაზარში ქურთების ძებნა დავიწყე, მაგრამ ვერც ერთი ვერ ვიპოვე. როგორც სამგორის ბაზრის მოვაჭრეებმა მითხრეს, ისინი აქ პერიოდულად ჩნდებიან.

ფარული კამერით გადაღებული მასალა "პალიტრა TV"-ს გადაცემა "ლურჯი ვაშლის" ეთერში 27 ივნისს გავიდა. ეს ჟურნალისტური გამოძიების მხოლოდ პირველი ნაწილია და ამ საქმის კვლევას მომავალშიც გავაგრძელებთ.

რუსუდან შელია

იხილეთ სიუჟტი