პირველი ქართველი სიამის ტყუპი სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს
29-06-2015
პირველი ქართველი სიამის ტყუპი სასწრაფოდ დახმარებას საჭიროებს
"ორივე ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები"

ფოტოზე გამოსახული ულამაზესი გოგონები სიამის ტყუპია. თებროლე და თამარ ვაშაყმაძეები სამი თვის წინ, 12 მარტს, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში დაიბადნენ. გოგონები ერთმანეთთან ღვიძლის ნაწილით არიან დაკავშირებული და დამოუკიდებლად ცხოვრებას ოპერაციის გარეშე ვერ შეძლებენ. პატარა დებს დროულად სჭირდებათ დახმარება. მათი სხეულები უნდა გაცალკევდეს, რათა დები სრულფასოვნად განვითარდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ ოპერაცია საშურია, შესაძლოა, მისი ჩატარება გაჭიანურდეს, რადგან
საქართველოში მსგავსი ტიპის ოპერაცია
არასოდეს გაკეთებულა, უცხოეთში სამედიცინო მომსახურებისთვის საჭირო თანხები კი ტყუპის ოჯახს არა აქვს.

პატარები ქუთაისში ცხოვრობენ. მათ ათი წლის და ჰყავთ, რომელიც სრულიად ჯანმრთელი დაიბადა. გოგონების დედის, მარიამ ლეჟავას თქმით, რომ არა სიამის ტყუპისთვის მახასიათებელი პათოლოგია, ჩვილი ტყუპიც სრულიად ჯანმრთელია.   

მარიამ ლეჟავა: - როგორც მითხრეს, ჩემი
გოგონები საქართველოში დაბადებული პირველი სიამის ტყუპია. ბავშვები ჩვეულებრივად ვითარდებიან.
ერთმანეთთან დაკავშირებული არიან ღვიძლის მარცხენა წილებით. დანარჩენი ორგანოები ერთმანეთისგან დამოუკიდებელი აქვთ. ორივე სრულიად ჯანმრთელია, მაგრამ თუ ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, დაიწყება გართულებები, რაც დროთა განმავლობაში სერიოზულ პრობლემებს შექმნის.

- ზუსტი დიაგნოზი რა არის და სად დაადგინეთ?

- ზუსტი დიაგნოზის დასასმელად მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია დაინიშნა. რა დროსაც კონტრასტის საშუალებით უნდა ენახათ სრული სურათი. კონტრასტი ჭიპის ვენიდან უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ პატარების უსაფრთხოების გამო ვერ მოხერხდა; შესაბამისად, ტომოგრაფია, კონტრასტის გარეშე გადაიღეს და გამოჩნდა, რომ ორი დამოუკიდებელი ღვიძლი ერთმანეთთან დაკავშირებულია მარცხენა წილებით. სავარაუდოდ, საერთო აქვთ კარის ვენა, მაგრამ კონტრასტის გარეშე ამის მოკვლევა შეუძლებელია. ვიმედოვნებთ, ზუსტი სურათი დადგინდება იქ, სადაც ბავშვებს ოპერაციას გაუკეთებენ.

- ამ ეტაპზე პატარების მდგომარეობა როგორია, მათ ძირითადად წოლა უწევთ?
- დიახ, ორივე გვერდზე წევს, მონაცვლეობით, ხან მარჯვნივ, ხან მარცხნივ. ასეთი შეზღუდული მდგომარეობა თავის ქალის დეფორმაციის საშიშროებას ქმნის.

-  ოპერაციის გაკეთებას სად აპირებთ?

- ღუდუშაურის კლინიკაში, სადაც ბავშვები დაიბადნენ, გვირჩიეს, რომ გერმანიაში ან ისრაელში მოგვეძია კლინიკები, რომლებიც მსგავს პათოლოგიებს იცნობენ და ოპერაციებს აკეთებენ.
ამ ეტაპზე არჩევანი შევაჩერეთ კიოლნის კლინიკაზე, რომელსაც გამოცდილება აქვს, მაგრამ ოპერაცია 85 000 ევრომდე ჯდება. ჩვენთვის ეს არის საარაკო თანხა, რომელსაც ვერ მოვაგროვებთ.

- ჯანდაცვის სამინისტროს მიმართეთ?
- დიახ, მაგრამ ჩვენს განცხადებას უარით უპასუხეს. თუმცა, მოგვიანებით აგვიხსნეს, რომ სამინისტროს შეუძლი ა მოგვცეს კანონის შესაბამისად 10 000 ევრო. ანუ ერთ ადამიანზე, უცხოეთში მკურნალობის შემთხვევაში, გამოიყოფა მხოლოდ ამ ოდენობის თანხა. რახან ორი ბავშვია, შესაძლოა, 20 000 ევროც მოგცეთ, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დანარჩენ თანხას მოიძიებთო. უიმედო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. დავურეკეთ სხვადასხვა ფონდს, თუმცა უარი გვითხრეს... როდესაც გადაჭრით გეუბნებიან უარს, წინადადების განხილვაზეც რომ არ ლაპარაკობენ, ე.ი. უარი საბოლოოა და აღარ აქვს აზრი ხვეწნა-მუდარას. ქუთაისის მერიამ ჩაგვირიცხა 1.500 ლარი, მადლობელი ვართ, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია 85 000 ევროსთან!

"კვირის პალიტრა" ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს, რომელმაც სიამის ტყუპთან დაკავშირებით გვითხრა, რომ სამინისტრო ლიმიტის ზემოთ თანხებს ვერ გასცემს, მაგრამ პატარების დასახმარებლად გამოსავალს ეძებენ.


დავით სერგეენკო:
- ეს პათოლოგია ყოველთვის არ იძლევა ოპერაციით დროულად და ეფექტიანად ჩარევის შესაძლებლობას (თუნდაც საჭირო თანხის ქონის შემთხვევაში). ამიტომაც ზოგ შემთხვევაში ტყუპი მუდმივად "ერთად ცხოვრობს" ან მხოლოდ მოზრდილ ასაკში აცალკევებენ მათ, როდესაც სამედიცინო ჩარევა მინიმალურ რისკთან არის დაკავშირებული.

ჩვენ ამ ეტაპზე არ გვაქვს საკმარისი მონაცემები იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ,  ჩამოთვლილთაგან რომელს მიეკუთვნება გოგონების შემთხვევა.

ამიტომაც ამ ბავშვების შესახებ დეტალური მონაცემები გამოვითხოვეთ, სამინისტროში ვიწვევთ ბავშვთა ქირურგიის ასოციაციის წევრ სპეციალისტებს და ვატარებთ კონსილიუმს, რომლის ამოცანაც იქნება კომუნიკაცია საზღვარგარეთის (თურქეთი, გერმანია, ავსტრია, სხვა..) კლინიკებთან, რომელთაც გადავუგზავნით ბავშვების მონაცემებს და ვთხოვთ“დისტანციაზე კონსულტაციას. ამის შედეგად გავარკვევთ, შესაძლებელია თუ არა შესაბამისი სპეციალისტის ჩამოყვანა და ოპერაციის საქართველოში ჩატარება (ასეთი პრეცედენტები მსოფლიოში ყოფილა, როცა შესაბამისი საინფორმაციო-საქველმოქმედო კამპანიის შემდეგ ქირურგი უსასყიდლოდ ჩასულა იმ ქვეყანაში და ოპერაცია გაუკეთებია). 

თუკი სპეციალისტის ჩამოსვლა რაიმე (კლინიკური/საორგანიზაციო) მიზეზით შეუძლებელია, მაშინ გავმართავთ მოლაპარაკებას უცხოურ კლინიკებთან იმის თაობაზე, შესაძლებელია თუ არა ამ ოპერაციის შეღავათიან ფასად გაკეთება. სხვა ალტერნატივა თუ არსებობს, ამასაც მოვიძიებთ. ვიმედოვნებთ, შედეგი გვექნება. ჯერ კი შეუძლებელია დაბეჯითებით იმის თქმა, რომ გოგონებს 85 000 ევრო სჭირდებათ. შესაძლოა, ოპერაციამ მოითხოვოს ნაკლები ან მეტი. მთავარია, ზუსტად დადგინდეს, რა სჭირდებათ ბავშვებს.

P.S. ყველას, ვისაც სურვილი აქვს დაეხმაროს ვაშაყმაძეების ოჯახს, ვთავაზობთ ანგარიშის ნომერს.
თიბისი ბანკი: მიმღები მარიამ ლეჟავა
GE42TB7003242365100009


გოგონები დააშორეს


ინდოეთში 34 სამედიცინო მოხელისგან შემდგარი გუნდი 12 საათის განმავლობაში მუშაობდა დების, სტუტისა და არადანის განცალკევებაზე. მათ გოგონების ერთი გულიდან და ღვიძლიდან, ორის შექმნა შეძლეს. ოპერაციის დაწყებამდე, ბავშვების გადარჩენის შანსი 2 პროცენტი იყო. მიუხედავად ამისა, პროფესიონალმა ქირურგებმა სასწაულის მოხდენა მაინც შეძლეს.

პირველი სიამის ტყუპი


მეცნიერებისა­თვის ცნობილი პირველი სიამის ტყუპი, რომელთაც ცალ-ცალკე პირადი ცხოვრებაც ჰქონდათ, იყვნენ 1811 წელს დაბადებული ძმები ჩანგი და ენგი ბანკერები. ისინი ერთმანეთთან მკერდით იყვნენ შეზრდილი. ტყუპი ამ ქვეყანას მოევლინა სიამში, ბავშვების მამა ჩინელი, ხოლო დედა მალაიზიელი გახლდათ.
Tamuna
13 ივლისი 2015 23:40
Premiebs rom igeben tyvila yopnashi am pacacinebs daexmaron ise ar datovon torem erti dge dadgeba gmertia magali upali amoantxeviebs magat…
ერთი სახელმწიფო ჯიპი გაიყიდოს
02 ივლისი 2015 17:58
ერთი სახელმწიფო ჯიპი გაიყიდოს, მაინც უნდა ჩამოიწეროს და კარგი საქმეც გაკეთდება. სუფრებზე და მოძღვრებაში დიდგულა ერი როგორ იმოქმედებს ასეთ განსაკუთრებულ სიტუაციებში, ესაა მთავარი. ასეთი შემთხვევები და პირადი მაგალითები დაანახებს ერს და ყვეანას, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქართული - საქართველოს სახელმწიფოებრიობა. აი ევროპიის ლანძღვა გახდა დრეს საქართველოში მოდში. მაგ ქვეყყნებში ყოველგვარი დიდი ემოციონალური მითქმა-მოდგმის გარეშე სახელმწიფო ჩინოვნიკები ასრულებენ მაგ საერო საქმეებს და აბა ვინმე ყოჩაღია და არ შეასრულოს.
tekla
02 ივლისი 2015 12:54
xalxo davexmarot am patara angelozebs....

რედაქტორის რჩევით