"არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ მძინავს" - უცნაური ფობიები - კვირის პალიტრა

"არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ მძინავს" - უცნაური ფობიები

"ალფრედ ჰიჩკოკს ეშინოდა კვერცხების. განსაკუთრებით, მფრინავი და მორბენალი კვერცხების"

როგორც სპეციალისტები განმარტავენ, ფობია რაიმე სიტუაციის, ობიექტის, საქმიანობის, ადამიანის, ცხოველის პანიკური შიშია. თავიდან მეგონა, უცნაური ფობიების მქონე ადამიანების მოძებნა გამიჭირდებოდა, ამიტომ გამოკითხვაც კი ჩავატარე. აღმოჩნდა, რომ 20 გამოკითხულიდან 18-ს აწუხებს ესა თუ ის ფობია. ვესაუბრე მამაკაცს, რომელსაც დახურული სივრცის შიში აქვს და ზამთარ-ზაფხულ სახლსა თუ მანქანაში ფანჯარას არ კეტავს. ამასთან, შინ ფანჯარას ფარდაც არ უნდა ფარავდეს. თუ ისე მოხდა, რომ ჩაძინებულს მეუღლემ ფარდა მაინც ჩამოუფარა, ჩემი რესპონდენტი ამას ძილში გრძნობს და ეღვიძება.

ფობიები სიმწვავის მიხედვით განსხვავდება. ზოგს მარტივად შეუძლია თავი აარიდოს შიშის საგანს, სხვები პანიკაში ვარდებიან და თავზე კონტროლს კარგავენ. ადამიანთა უმრავლესობას ესმის, რომ მათი შიში ირაციონალურია, მაგრამ პანიკური რეაქციის დაძლევა არ შეუძლიათ.

ნინო ოკრიბელაშვილი, ფსიქიატრი, პროფესორი: "პირველი უცნაური ფობია ჰიპოკრატეს აქვს აღწერილი და ეს გახლავთ ფლეიტის ხმის შიში...

ბევრ ადამიანს, მათ შორის, ჯორჯ ვაშინგტონს, ნიკოლაი გოგოლს, ედგარ ალან პოს ერთი რამ აერთიანებდათ _ ტაბუფობია, ანუ ცოცხლად დამარხვის შიში, რასაც ისინი იმ მდგომარეობამდე მიჰყავდა, რომ ჩაძინებისაც კი ეშინოდათ. ამიტომ გოგოლი საწოლში არ წვებოდა, იჯდა სავარძელში და თვლემდა...

ჰანს კრისტიან ანდერსენიც გოგოლის მსგავსად სავარძელში იძინებდა და ჩაძინებამდე წერდა წერილს: "არ მოვმკვდარვარ, მხოლოდ მძინავს". ამით მასთან მიახლოებულ ადამიანს ანიშნებდა, რომ გარდაცვლილი არ იყო. თვით ზიგმუნდ ფროიდს, ფსიქოანალიზის მამას, უამრავი ფობია ჰქონდა. მაგალითად, საოცრად ეშინოდა გვიმრების, ამასთან, იარაღის...

ისეთ ცნობილ ადამიანს, როგორიც რეჟისორი ალფრედ ჰიჩკოკი იყო, კვერცხების ეშინოდა. განსაკუთრებით, მფრინავი და მორბენალი კვერცხებისა. არ ვიცი, სად ნახა ასეთები.

უცნაურმა ფობიებმა ყოველდღიურ ყოფაშიც პოვა ასახვა, მაგალითად, გაჩნდა ნოვოფობია,

ეს არის ახალი ფობია, რომელიც ასე ვთარგმნეთ: მობილური ტელეფონის გარეშე დარჩენის შიში.

ნატო დუმბაძე, პროდიუსერი: "2002 წლის "ნორდოსტის" ტერაქტის შემდეგ შიში დამეწყო, როცა ჩემი შვილები ზარს  არ პასუხობდნენ. ბავშვებს ექსკურსიებზე არ ვუშვებდი. მივდიოდი სკოლაში და ვათვალიერებდი, სად იყო გაზის მილები. ბესლანის ტრაგედიის შემდეგ ბავშვებს სამი თვე სკოლაში არ ვუშვებდი. ძლიერი ტრავმა მივიღე, ყველაფერი გონებაში დაილექა. ფსიქოლოგებმაც ჩათვალეს, რომ ეს ემოციური ტრავმის შედეგი იყო... მაქვს ჭექა-ქუხილის შიშიც. როდესაც ახალი წელი დგება, ვიმალები, რომ არ გავიგონო ფეიერვერკების ხმა. ღამის დადგომის შიში ახალი შეძენილი  მაქვს, თუმცა იოლი ფორმით. ეს ხდება მაშინ, როცა ჩემთან შვილიშვილი რჩება. მეშინია, ღამე ცუდად არ გავხდე. ვფიქრობ იმაზე, 3 წლის ბავშვი, რომელიც ჯერ ტელეფონს ვერ მოიხმარს, როგორ შეატყობინებს ვინმეს და თვითონაც ცუდად არ გახდეს. მოკლედ, შIიში შვილებიდან შვილიშვილზე გადამივიდა".

ნინო ოკრიბელაშვილი:

"ჩემს პაციენტს ტრიქოჰობია, ანუ თმის შიში აქვს. 2 წელია ოთახიდან არ გამოსულა და თავი გადაიხოტრა.

მასთან სპეციალური თავსაბურავით შედიან.

ერთ-ერთი უცნაური ფობია აბლატოფობიაა, დაბანის შიშს სდევს. ჩემს პაციენტს ეშინოდა, ბანაობისას სასულეში არ გადასცდენოდა წყალი და არ დამხრჩვალიყო.

ლალი ფაცია

სიუჟეტი იხ. პალიტრა ტვ-ს გადაცემა "ლურჯ ვაშლში"