ფლორენცია, ორი სოფო და... გაზაფხული ჩვენს ქუჩაზეც მოვა! - კვირის პალიტრა

ფლორენცია, ორი სოფო და... გაზაფხული ჩვენს ქუჩაზეც მოვა!

რომელი ჩვენგანი იტყვის, გული არ გვისკდება, ქართველებმა ფეხი რომ ვეღარაფერს ავუწყვეთო. რაშიც მართლა მაგრები ვიყავით, იმაშიც სხვებს მივყვებით უკან. მაგრამ კარგად მოგვეხსენება ისიც, რომ ერთხელაც იქნება, დაღმართს აღმართი მოჰყვება, სიბნელეშიც აუცილებლად შემოანათებს სინათლე.

ნახეთ, რა ნელ-ნელა ჩნდება იმათი სახელები, ვინც პატივისცემით ახედებს ჩვენკენ მსოფლიოს. ამ განცდას არაფერი შეედრება, ამიტომაც ძალიან მინდოდა, ჩემ გარდა სხვასაც დაენახა იმ ქართველი გოგონების გახარებული თვალები, რომლებმაც ახლახან იტალიაში, მედიახელოვნების ფესტივალზე 19 ქვეყანას აართვეს ცხვირწინ გრან-პრი და ოქროს მედალი და თბილისში ჩამოიტანეს.

ასეთი რა ქნეს? მათ რომ ჰკითხო, ისეთი არაფერი - ის სადიპლომო ნაშრომები, რომლებიც ამ ზაფხულს სამხატვრო აკადემიის ბაკალავრის ხარისხის მისაღებად წარადგინეს, ფლორენციის ფესტივალზეც წაიღეს, იქ კი აღმოჩნდა, რომ განსაცვიფრებელი პროექტები ყოფილა, რისთვისაც სოფო გოგოლაძეს ფესტივალის გრან-პრი მიანიჭეს, სოფო ანთიძეს კი იტალიის პრეზიდენტის ოქროს მედალი.

KvirisPalitra.Geმაგრამ როგორ უნდა მოგაფიქრდეს კაცს, თბილისში, მაღალი კორპუსის სახურავზე ბაღი გააშენო?

სოფო გოგოლაძე: - ძალიან ადვილად. ვერაზე, მეცხრე სართულზე ვცხოვრობ. იქიდან თბილისი ძალიან ლამაზია, სახურავზე კი ერთფეროვნება და სიცარიელეა, თითქოს რაღაც აკლია და გინდა შეავსო... ახლა ბევრგან აშენებენ სახურავებზე ბაღებს და ყველგან სხვადასხვანაირს. იაპონელები, მაგალითად, ალუბალს - საკურასა და ბამბუკს რგავნენ. ბამბუკი სწრაფად იზრდება, ერთ დღეს დარგავ, მეორე დღეს ახვალ სახურავზე და უკვე ბაღია. იტალიაშიც, სადაც ჩვენი კონკურსი ტარდებოდა, აშენებენ ასეთ ბაღებს. ეს მედიახელოვნების ყოველწლიური კონკურსია ახალგაზრდა დიპლომიანი პროფესიონალებისთვის. ამჯერად 19 ქვეყნის ახალგაზრდები ვმონაწილეობდით.

- და ჩვენი ქართული სახურავების ბაღი ყველამ ნახა?

- კი, ჯერ ფოტოვერსიებზე, მერე ეკრანზე... სამწუხაროდ, ჯერჯერობით,  ბაღი არ გამიშენებია და პროექტი მხოლოდ კომპიუტერშია.

- ახლა მეორე სოფომაც გვითხრას, ფესტივალის მოხიბვლა რითი შეძლო.

სოფო ანთიძე: - პატარა ბიჭი გამოვძერწე პლასტელინით და მასზე სულ წუთ-ნახევრიანი მულტფილმი გადავიღე. ის მულტფილმი იმ პატარა ბიჭის სამყაროა, - სანამ ფილმი დაიწყება, ჯერ ფიქრობს, თითებს აკაკუნებს. მერე, მულტფილმი რომ დამთავრდება, ხელებს შლის - უხარია, - ყველაფერი ისე მოაწყო იმ ფილმში, როგორც უნდოდა! მაგრამ ეს რომ კარგად გაიგოთ, ფილმი უნდა ნახოთ!

KvirisPalitra.Geქართველები, ყველაზე ბოლოს, საღამოს წარვდექით ჩვენებებში. ხალხი უკვე დაღლილი იყო, მაგრამ ჩვენი პროექტების ჩვენება დაიწყო და აშკარად გამოცოცხლდა.

მოკლედ, ფლორენციაში ჩვენ, ქართველებმა, გავიმარჯვეთ...

- ელოდით, რომ ერთი ქართველი ფესტივალის გრან-პრის მიიღებდა, მეორე - იტალიის პრეზიდენტის ოქროს მედალს?

- საკუთარ თავზე, არა... ოღონდ... როცა დარბაზში ჩვენი პროექტების ფოტოვერსიებს ათვალიერებდნენ, უკვირდათ, - კი მაგრამ, ისეთ რთულ ეკონომიკურ ვითარებაში, როგორშიც თქვენ ცხოვრობთ, ასეთ რამეებს როგორ ქმნითო!

- თქვენ რას ეუბნებოდით?

- ჩვენ სიცილით ვპასუხობდით: - ნიჭი, ძამიკო, ნიჭიო!

ახლა ვიცით, დადგება დრო და გაზაფხული ჩვენს ქუჩაზეც მოვა!