“ბერძნები გვეუბნებიან – წაეთრიეთ თქვენს საქართველოშიო” – რა დღეში არიან ქართველი ემიგრანტები - კვირის პალიტრა

“ბერძნები გვეუბნებიან – წაეთრიეთ თქვენს საქართველოშიო” – რა დღეში არიან ქართველი ემიგრანტები

"ისეთი გაღიზიანებულები არიან,  რომ სულ ყვირიან და საბოლოოდ,  ჩემზე ტყდება ჯოხი ცოტა ხნის წინ მოლდოველი ემიგრანტი სცემა ოჯახის უფროსმა და ისე გამოაგდო,  ხელფასიც არ მისცა, საწყალმა ვერაფერი ვერ უთხრა"

საბერძნეთში ეკონომიკური კრიზისი პიკს აღწევს. ქვეყანას დეფოლტი და ევროზონის დატოვება  ემუქრება. კვირას დაგეგმილ რეფერენდუმზე მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს, მხარს უჭერს თუ არა მკაცრი ეკონომიკური რეფორმების გატარების შესახებ საერთშორისო კრედიტორების მოთხოვნას. პროგნოზების გაკეთება რთულია, თუმცა, ნათელია, რომ საბერძნეთში შექმნილი ეკონომიკური ჩიხი ქართველ ემიგრანტებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. საბერძნეთში არაოფიციალური მონაცემებით, დაახლოებით 250 000 ქართველი ემიგრანტი ცხოვრობს. მათი უმეტესობა არალეგალურად ცხოვრობს და შემოსავალს საქართველოში გზავნიან. ბევრ მათგანს ძალიან მძიმე პირობებში უხდება მუშაობა, თუმცა ეს მათთვის ერთადერთი გამოსავალია.

ნინო ქებაძე ( 45 წლის, ემიგრანტი) - მესამე წელია საბერძნეთში ვარ, ჩემი მეგობრის დახმარებით ჩამოვედი. Mმას შემდეგ სულ ერთ ოჯახში ვმუშაობ. დალხენილი ყოფა არც თავიდან მქონია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში აქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. . თვითონ ადგილობრივებს უჭირთ და ბუნებრივია, ჩვენი დარდი აღარავის აქვს. მე სადაც ვმუშაობ, ოჯახის უფროსს ბიზნესი ჰქონდა,  გაკოტრდა და ოჯახს შემოსავალი აღარ აქვს. ისეთი გაღიზიანებულები არიან,  რომ სულ ყვირიან და საბოლოოდ,  ჩემზე ტყდება ჯოხი, მეც ვითმენ,  რადგან რომც გამოვთქვა პროტესტი,  რა შეიცვლება?! ვარ ჩუმად,  რათა ამ თვის ხელფასი მაინც მომცენ. რამდენიმე დღის წინ ფულის გადმორიცხვა მინდოდა საქართველოში და ბანკში მითხრეს,  რომ თანხის  მხოლოდ გარკვეული რაოდენობის გადარიცხვის უფლება მქონდა, უკვე გადარიცხვების კონტროლიც დაიწყეს,  რომ ქვეყნიდან ფული არ გავიდეს. მერე ბანკის თანამშრომელს მივეცი 50 ევრო და მომცა საშუალება გადმომერიცხა.? მართლა წარმოუდგენლად რთული სიტუაციაა, ჩვენ კი არა ადგილობრივები ვერ ხვდებიან,  რა გამოსავალი შეიძლება მოიძებნოს. ყოველდღე იკეტება მაღაზიები და ქარხნები.

-  რას აპირებთ?

- ალბათ წამოვალ. აქ გაჩერება უკვე შეუძლებელია, ადრე თუ იმიტომ ჩამოვდიოდით რომ იაფი მუშა-ხელი გვერქვა, ახლა იმდენმა დაკარგა სამსახური რომ ჩვენზე იაფად თვითონ იმუშავებენ ოღონდ სამუშაო იყოს. თქვენ არ იცით აქ რა ხდება. ბანკებმა მუშაობა შეაჩერეს, ამბობენ,  რომ მხოლოდ 6 დღით, მაგრამ ხალხი ფიქრობს,  რომ ზოგი ბანკი აღარც გაიღება და მათი ფული უბრალოდ დაიკარგება. ბანკომატიდან მხოლოდ ლიმიტირებულადაა შესაძლებელი თანხის განაღდება. ხალხი ზომაზე მეტადაა გაღიზიანებული და ემიგრანტების მიმართ აგრესიულები გახდნენ, თითქოს ჩვენ ვართ რამეში დამნაშავეეები. ხშირია შემთხვევა, რომ ბერძნები გვეუბნებიან: წაეთრიეთ თქვენს საქართველოშიო.

ანი ქორიძე (55 წლის, ემიგრანტი ) - "წამოვედი იმიტომ,  რომ ოჯახში ვერავინ მუშაობს, მეუღლე შშმ პირია, შვილები სტუდენტებია არიან და იძულებული გავხდი,  ეს ნაბიჯი გადამედგა. 2 წელია აქ ვარ და ასე თუ ისე ოჯახს ვარჩენდი, ახლა რომ დაბრუნებამ  მომიწიოს ( და დიდი ალბათობით მომიწევს) არ ვიცი რა უნდა გავკეთო. შვილებს რომ ვურეკავ,  ვუმალავ, რა პირობებში მიწევს მუშაობა.  მძიმეა ემიგრანტის ყოფა, მაგრამ რა ვქნა? ჩამოვიდე და მეუღლის პენსიით ვიცხოვრო? ცოტა ხნის წინ მოლდოველი ემიგრანტი სცემა ოჯახის უფროსმა და ისე გამოაგდო ხელფასიც არ მისცა, საწყალმა ვერაფერი ვერ უთხრა, ღმერთმა დაგვიფაროს და ხვალ შეიძლება ჩვენ აღმოვჩნდეთ ასეთ დღეში, ვერავინ დაგვიცავს. ქვეყანას 400 მილიარდამდე საგარეო ვალი აქვს, დღე-დღეზე დეფოლტი გამოცხადდება და ვის აინტერესებს შენი ქართველი ემიგრანტები?!  ჩამოვალ, ჩემს საქართველოში ყოფნაზე მეტად არაფერი მიყვარს, მაგრამ რა ვაჭამო ჩემ შვილებს? ჩემ მეუღლეს, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილებაც უჭირს".

ლადო გოგოლაძე