იქ, "კონტეინერების ქალაქში" - კვირის პალიტრა

იქ, "კონტეინერების ქალაქში"

"ჩვენს ცხოვრებას ჯოჯოხეთი ჰქვია"

კონტეინერში ისეთი სივიწროვეა, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, რომ აქ, გაუსაძლის პირობებში, 5 სული ცხოვრობს

მუხიანის ყოფილი ბაზრობის ტერიტორიაზე, სამხედრო დასახლებაში ორი უმისამართო სახლი დგას, - მეუბნება ფონდ "მომავლის გზის" ხელმძღვანელი დავით კინწურაშვილი და მიუსაფარი ოჯახების საცხოვრებლისკენ მიმიძღვება.  თუმცა, რა სახლი ეთქმის საცხოვრებლად გადაკეთებულ სასაწყობო რკინის ყუთებს. აქ მცხოვრებთ ზაფხულში სიცხისგან ეხუთებათ სული, ზამთარში კი ყინვისგან კანკალებენ. თუნუქის ღუმელი როგორც უნდა გახურდეს, კონტეინერი მაინც ვერ თბება. თხელ, ალაგ-ალაგ დახვრეტილ კედლებში ყინვა და ქარი თარეშობს.

კონტეინერში ისეთი სივიწროვეა, წარმოდგენაც გაგიჭირდებათ, რომ აქ ცოლ-ქმარი, ორი სრულწლოვანი ბიჭი და ერთიც 11 წლის გოგონა ცხოვრობენ. დღისით არც ერთი შინ არ არის. დადიან ნაგავსაყრელებზე, აგროვებენ ჯართს, მერე აბარებენ, რომ საღამოს შეშა და პური ჰქონდეთ. გოგონას სკოლაში ფეხიც არ მიუდგამს. დედა, ლალი მეტრეველი ამბობს, რომ სხვა გზა არა აქვს. ბავშვი სკოლაში რომ მშიერი გავუშვა, მეშინია გზაში რამე არ დაემართოსო.

KvirisPalitra.Geლალი მეტრეველი: "სულ ხუთი შვილი მყავს. ერთი პატიმარია. მაშინ, როდესაც დანაშაული მოხდა, დევი დაბადების დღეზე იყო, ალიბი და რამდენიმე მოწმე ჰყავდა, მაგრამ სასამართლოს დანიშვნის თარიღი არც კი შეგვატყობინეს. ციხეში ტუბერკულოზი დაემართა, მხედველობა დაუქვეითდა. მინდოდა გამესაჩივრებინა, მაგრამ როგორ? ყველგან ფული უნდათ. ასე გავწირე შვილი. მეორე ბიჭი ბათუმში ცხოვრობს სიდედრთან, ორი შვილი ჰყავს. მე და ჩემი მეუღლე ჯართის შესაგროვებლად დავდივართ და იმით გაგვაქვს თავი. შეშა არა გვაქვს და შინ გაჩერებას რა აზრი აქვს, გავიყინებით".

ამ ოჯახს საკუთარი სახლი არასდროს ჰქონია. წლების განმავლობაში სამადლოდ სხვის აგარაკებზე ცხოვრობდნენ, ერთხელაც ბოლო საცხოვრებელს ხანძარი გაუჩნდა და იმის შემდეგ სატვირთო კონტეინერის ბინადარნი გახდნენ. ეს კონტეინერიც ვიღაც მადლიანის საკუთრებაა. ერთხელაც თავისი ქონების წასაღებად რომ მოსულა და შიგ ამხელა ოჯახი უნახავს, უთქვამს,  ღია ცის ქვეშ როგორ დაგტოვოთო. სოციალური აგენტი ძლივძლივობით მიიყვანეს მათი საცხოვრებელი პირობების შესამოწმებლად. იმის შემდეგ დრო კი გავიდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიუღიათ დახმარება.

KvirisPalitra.Geამ ოჯახში ყველაზე გასაკვირი ლალის ქმრის, ჯემალ ბადაშვილის ამბავია. სახლი რომ დაეწვათ, ხანძარმა მისი ყველა საბუთი შთანთქა. ჯემალმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის საპასპორტო განყოფილებას მიაკითხა, უთხრეს, არსად არ ხარ რეგისტრირებული და პირადობის მოწმობას ვერ გავცემთო. გაოცებულა კაცი, პასპორტი მქონდა, დაბადების, ქორწინების და ავტომანქანის მართვის მოწმობებიც, ნუთუ არც ერთი მათგანის რეგისტრაციის თარიღი არ შეგიძლიათ ნახოთ და ჩემი მონაცემები ამოიღოთო?!

ჯემალ ბადაშვილი: "დაბადების მოწმობის ასლი მაქვს, მაგრამ მითხრეს, 200 ლარი უნდა გადაიხადო, რომ საქმის წარმოება დაიწყოს, შემდეგ პრეზიდენტმა უნდა მოგცეს მოქალაქეობა და პასპორტსაც მიიღებო. მგონი ბოროტად მეხუმრებიან. მკვდრებშიც კი დავიწყე ჩემი თავის მოძიება, ეგებ 1990-91 წლებში არეულობის დროს მოხდა რაღაც და მკვდრებში მომისროლეს-მეთქი. არც იქ აღმოვჩნდი. ანუ ამათი ლოგიკით, არც მკვდარი ვარ და არც ცოცხალი".

ამ ოჯახის მეზობლად, ცოტა უფრო მოზრდილ კონტეინერში კონწლიაშვილები ცხოვრობენ. მაიას და ვეფხიას ორი შვილი ჰყავთ, ნინო და ბექა. ვეფხია ტუბერკულოზით არის ავად. ექიმები ამბობენ, რომ საჭიროა ვეფხიას იზოლაცია ოჯახის წევრებისგან, მაგრამ ეს ვერ ხერხდება. ინვალიდობის პენსია და სიღარიბის დახმარება 102 ლარი არ ჰყოფნის. თუმცა, ბოლო დროს იმედი გაუჩნდა "მომავლის გზის" დახმარების.

მაია კონწლიაშვილი: "როდესაც ფონდიდან სურსათ-სანოვაგით დატვირთული ვბრუნდები, ცრემლს ვეღარ ვიკავებ სიხარულისგან. ახლა ფონდის ხელმძღვანელი დამპირდა, სადმე მუშაობას დაგაწყებინებო და იქნებ ცოტა მოვითქვათ სული, მაგრამ ამ კონტეინერს როგორ დავაღწევთ თავს? ჩვენ ხომ არასდროს გვექნება სახლის საყიდელი ფული. ბოლო საპარლამენტო არჩევნების წინ ჯერ ზაზა ბეგაშვილი იყო მოსული, ვუთხარი, ძალიან ცუდ დღეში ვართ, ვაგონში, ქუჩაში ვცხოვრობთ-მეთქი. მომიბრუნდა და მითხრა, ჩემს მიწაზე ცხოვრობ და ჩემგან კიდევ სახლი გინდა? ახლა მოვიყვან ამწეს და გაგათრევ აქედანო. რა უნდა მექნა, იმხელა მხეცთან რას გავხდებოდი. შემდეგ გიორგი ასანიძე მოვიდა, ვთხოვე, თავშესაფარი მომეცით-მეთქი. ლტოლვილი რომ იყო, დაგეხმარებოდი, მაგრამ ისე არაფერი შემიძლიაო. რა ვქნა, როგორ გავხდე ლტოლვილი? გლდანი-ნაძალადევის გამგებელმა იმით მომიშორა თავიდან, რომ დიდი ალვის ხე გამომატანა შეშად. წაიღე და თავი დამანებეო. ჩვენს ცხოვრებას ჯოჯოხეთი ჰქვია".

მათ, ვისაც სურვილი აქვთ, ამ ოჯახებს დაეხმარონ, შეუძლიათ თანხის გადარიცხვა შემდეგ ანგარიშებზე:

კონწლიაშვილი ვეფხია 149043303

მეტრეველი ლალი 149043304

"საქართველოს ბანკის" ცენტრალური ფილიალი (კოდი  220101502)

მიმღების დასახელება: ქველმოქმედთა სახლი "მომავლის გზა"