“ამხელა სირცხვილი ვჭამეთ...ფეხბურთის ფედერაცია შუაში კი არა - თავშია!“ - კვირის პალიტრა

“ამხელა სირცხვილი ვჭამეთ...ფეხბურთის ფედერაცია შუაში კი არა - თავშია!“

“ზოოპარკის დირექტორის არ იყოს, მერე განტევების ვაცს ვეძებთ, რომ მას დავაბრალოთ”

“როგორც აღმოჩნდა, ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი. ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?!”

უეფას სუპერთასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი მიმდინარე კვირაშიც გაგრძელდა. ვებგვერდი BILETEBI.GE  ისევ არ აღმოჩნდა მზად ბილეთის შეძენის მსურველი ათიათასობით მომხმარებლის დასახვედრად,  ამიტომაც, უეფასა და სფფ-ის გადაწყვეტილებით, სუპერთასის ბილეთები „დინამო არენას“ სალაროებში გაიყიდება. ეს კი იმას ნიშნავს, ვირტუალური რიგიდან, ფეხბურთის ქართველ ქომაგებს „მამაპაპურ“ რიგში გადანაცვლება მოუწევთ და... გამიშვი-გამატარე მერე ნახეთ! ვეტერანი ფეხბურთელი მიხეილ ყაველაშვილი მიიჩნევს, რომ განტევების ვაცის ძებნა  არასწორია და პირველ რიგში, პასუხისმგებლობა სფფ-ს ეკისრება:

-    ასეთი დონის მატჩის მასპინძლობისას, ორმაგი მობილიზება და ყურადღებაა აუცილებელი. მით უმეტეს, ისეთ  ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ორგანიზატორებსყველაფერი წინასწარ უნდა გაეთვალათ. უეფასთან უშუალო კავშირში საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაა, ამიტომაც, პირველ რიგში, სწორედ ის არის პასუხისმგებელი და მხოლოდ შემდეგ - დანარჩენები. როცა პირველად მასპინძლობ ასეთი მასშტაბის შეხვედრას და იცი, რა სიტუაციაა შენს ქვეყანაში, გაცილებით მეტი ყურადღება და პასუხისმგებლობა გმართებს! უნდა ყოფილიყო გაცილებით მასშტაბური ტესტირება, ჩართულიყო მეტი ექსპერტი, მოწვეული სპეციალისტი და ა.შ. ეს ყველაფერი კიდევ ერთი ჭკუის სასწავლებელი მაგალითი უნდა იყოს ჩვენთვის, რათა კიდევ არ დავუშვათ შეცდომები და სუპერთასის მატჩს სათანადო დონეზე ვუმასპინძლოთ.

-    ორგანიზატორთა იმიჯს თუ არ ჩავთვლით, ყველაზე მეტად, ამ ამბით დაზარალდა ათიათასობით გულშემატკივარი, რომლებიც, თავიანთი რიგის მოლოდინში, დილიდან დაღამებამდე უშედეგოდ იყვნენ მიჯაჭვული კომპიუტერს...

-    გულშემატკივართა უმეტესობა ძალიან გაღიზიანებული და უკმაყოფილოა და ეს ბუნებრივიც არის, მაგრამ ასეთივე ინტერესს სხვა დროსაც რომ ვიჩენდეთ სფფ-ის საქმიანობის მიმართ, ამ ვითარებაში არ აღმოვჩნდებოდით. შესაძლოა, ვინმეს გაუკვირდეს - რა შუაშია ფეხბურთის ფედერაციაო, მაგრამ ჩემი აზრით, შუაში კი არა - თავშია!

-    მაგრამ სფფ-ში ამბობენ, რომ BILETEBI.GE  უეფას სპეციალური წარმომადგენლის არჩეული კომპანიაა და ფეხბურთის ფედერაციას პასუხს ტყუილად სთხოვენ...

-    როგორ შეიძლება, ფეხბურთის ფედერაცია საკუთარ ქვეყანაში უეფას სტუმარი იყოს?!     უეფა ცდილობს, მასშტაბური პროექტების მასპინძლობის შანსი მისცეს განვითარებად ქვეყნებს და ამ გზით, მზადყოფნის ერთგვარი ტესტიც ჩაუტაროს. ასე რომ, უეფა შესაძლებლობის მომცემია და არა მასპინძელი... და როცა სფფ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ სპეციალური პროგრამის მეშვეობით, ფედერაციას თავად შეეძლო ბილეთების ონლაინ გაყიდვა, მაგრამ უეფას წარმომადგენელმა არჩევანი მაინც 6-წლიანი გამოცდილების BILETEBI.GE-ზე შეაჩერა, ეს თავის მართლებას ჰგავს!  მან აარჩია, მაგრამ შენ უნდა შესთავაზო, ინფორმაცია მიაწოდო... კი ბატონო, წლებია, ეს საიტი ბილეთებს ყიდის, მაგრამ ასეთი რაოდენობის და მოთხოვნის ბილეთები არასდროს გაუყიდია და წინასწარ ხომ უნდა ეფიქრათ, რომ ასეთ შემოტევას ვერ გაუძლებდნენ?!

-    სფფ-ს უეფასთვის უნდა ეთქვა - ბილეთების გაყიდვა არა BILETEBI.GE-ს არამედ, მე მომანდეო?!

-    უეფას წარმომადგენელი რამდენიმე თვის განმავლობაში ცხოვრობდა თბილისში, მაგრამ შენ ხომ წლებია ცხოვრობ და უკეთ იცი რა ვითარებაა და ვის რა შეუძლია?! აქ მხოლოდ სუპერთასის ორგანიზებაზე არ არის ლაპარაკი, გერმანიასთან მატჩზეც ბევრი პრობლემა შეიქმნა - გაურკვეველი ბილეთები და ადგილები, უსაფრთხოება, მოუმზადებელი სტიუარდები, მოედანზე შევარდნილი შვიდი ადამიანი და ა.შ.  როგორც აღმოჩნდა, ნაკრების კაპიტანმა ტყუილუბრალოდ გამოტოვა პოლონეთთან მატჩი. ამაშიც BILETEBI.GE არის დამნაშავე?!  გარიგებული მატჩები ეროვნულ ჩემპიონატში, კორუფცია, მსაჯების სკანდალი - ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ ხდება, მაგრამ ასეთი რაღაცები არ გვაინტერესებს, სამაგიეროდ, გვაინტერესებს „ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩი... ძალიან კარგია, რომ სუპერთასის მასპინძლობის უფლება მოგვცეს, მაგრამ მხოლოდ ამით თავის მოწონება რას მოგვიტანს?! 11 აგვისტომდე ჯერ თვეზე მეტია დარჩენილი და უკვე ამხელა სირცხვილი ვჭამეთ - ბილეთებს ვერ ვყიდით!  ზოოპარკის დირექტორის არ იყოს, მერე განტევების ვაცს ვეძებთ, რომ მას დავაბრალოთ. არადა, გულშემატკივარს ნამდვილად არ აინტერესებს ვინ არის დამნაშავე - მისთვის მთავარია, რომ ბილეთი ვერ იყიდა!

-    ზვიად სიჭინავამ თქვა, რომ ისინი ვერ ჩაერეოდნენ  უეფას გადაწყვეტილებაში, მაგრამ ახლა, როცა პრობლემის წინაშე დავდექით, გადაამოწმებენ უეფას წარმომადგენლის არჩეულ იმ კომპანიებსაც, რომლებსაც ეხებათ სუპერთასის სტუმრების ტრანსპორტირება, მომსახურება, კვება..

-    ამას ახლა უნდა ამოწმებდნენ?! ბოლო დღეებში, სფფ-ის მიმართ აგრესიას გამოხატავდნენ ისინიც კი, ვინც დიდად არ არის დაინტერესებული ფეხბურთით. ეს იმის ბრალია, რომ ფედერაციის ხელმძღვანელობა პასუხისმგებლობას არ გრძნობს გულშემატკივრების წინაშე. ზვიად სიჭინავა ცინიკურად აცხადებს - როცა მინდა, სფფ-ის პრეზიდენტის არჩევნების თარიღს მაშინ გამოვაცხადებ, პლატინისთან ვალდებულება მაქვს, სანამ სუპერთასს არ ჩავატარებ, არსად წავალო და ა.შ. მაგრამ პასუხისმგებლობა საიდან ექნება, როცა არჩეული კი არა, ხელისუფლების მიერ დანიშნული პრეზიდენტია?! დამნაშავე ყოველთვის სხვაა - ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი... თავად, კი, ისე იტყვის ხოლმე - ფეხბურთი არ მესმისო, თითქოს, კარგ რამეს ამბობდეს! თუ ფეხბურთი არ გესმის, რა გინდა სფფ-ის პრეზიდენტად?!  სიჭინავას მხარდამჭერები გვეუბნებიან - ფეხბურთი არ ესმის, მაგრამ კარგი მენეჯერიაო, აგერ გამოჩნდა, როგორი მენეჯერიც არის... სფფ-ის შენობის გარემონტება ნიშნავს კარგ მენეჯერობას, თუ ფედერაციის ვალების გასტუმრება?!  გულშემატკივრების უმეტესობამ დღემდე ვერ გაიგო, რისთვის იყო აღებული ეს ვალი, ვინ გაისტუმრა, ვის ეკუთვნის პასუხისმგებლობა და ა.შ.  ბოლო დღეებში, კიდევ ერთხელ გაქარწყლდა მითი, თითქოს - „სიჭინავამ ფეხბურთი არ იცის, მაგრამ კარგი მენეჯერია“.  კომპანიის მუშაობა მისი მუშაობით და შედეგით განისაზღვრება, სფფ-ის შედეგს კი ყველანი ვხედავთ...სიჭინავას დროს არ იყო, მაგრამ თბილისში ფიფას პრეზიდენტი რომ ჩამოვიდა და ათი წუთის განმავლობაში მიკროფონი ვერ ჩაურთეს, ან მარადონას სტუმრობისას რომ სირცხვილი ვჭამეთ, მაშინდელი მაგალითებიდან მაინც ხომ მაინც უნდა გვესწავლა? საერთაშორისო მატჩების დროს, თბილისის სტადიონების ტრიბუნები მზესუმზირის ნარჩენებით, პარკებით და მტვრით რომ არის სავსე, ამის მოგვარებასაც „დიდი მენეჯმენტი“ ან განსაკუთრებული თანხა სჭირდება?! შესაძლოა, VIP-სექტორიდან ეს არ ჩანს და მათ არ აწუხებთ, მაგრამ ჩვენ ხომ ვხედავთ? მერე კიდევ უკვირთ - რატომ არ მიდის ქომაგი სტადიონზეო... მთლიანობაში, ეს ყველაფერი ჩვენი ბრალიც არის - ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობის ამდენი შეცდომა და უპასუხისმგებლობა რომ „გავატარეთ“, დღეს ამიტომ ვართ ასეთი პრობლემების წინაშე...