"გადმოხტა მარგველაშვილი ტოიოტას ჯიპიდან, წამოაყენა წაქცეული მოხუცი, ტაქსიში ჩასვა და ფული გადაუხადა" - რა მოხდა ტაბიძის ხიდზე - კვირის პალიტრა

"გადმოხტა მარგველაშვილი ტოიოტას ჯიპიდან, წამოაყენა წაქცეული მოხუცი, ტაქსიში ჩასვა და ფული გადაუხადა" - რა მოხდა ტაბიძის ხიდზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომელი უჩა ხვედელიძე "ფეისბუქზე" ტაბიძის ხიდთან მომხდარი ამბის შესახებ წერს, რომელსაც ორი მოქმედი გმირი - პრეზიდენტი მარგველაშვილი და მოხუცი ქალბატონი ჰყავს.

"დილით სამსახურში რომ მივდიოდი სასიამოვნო ფაქტს შევესწარი. შეიძლება ითქვას ქართველი პოლიტიკოსებისთვის არადამახასიათებელს და ამიტომ ქართველი ხალხისთვისაც მოულოდნელს და გასაკვირს.

მოკლედ, ტაბიძის ხიდზე გადავდიოდი და მეორე მხარეს დავინახე, რომ საკმაოდ მოხუც ქალბატონს ფეხი დაუცდა და წაიქცა, ამ დროს მასთან ახლოს არავინ იყო, მეც შორს ვიყავი და იმ წამსვე წავედი მისკენ, სანამ ტაბიძის ხიდზე გადავიდოდი, მოულოდნელად მოხუცის წინ გაჩერდა სწრაფად მომავალი ორი ტოიოტას ჯიპი და ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, გადმოხტა პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წამოაყენა ქალბატონი, დაელაპარაკა, შემდეგ ტაქსიში ჩასვა, ფული გადაუხადა და ძალიან სწრაფად დაბრუნდა მანქანაში. მე არა თუ ხიდზე გადასვლა, აზრზე მოსვლაც კი ვერ მოვასწარი", - წერს უჩა ხვედელიძე.

"უკან რომ დგას, იმ ტაქსიში ზის უკვე ბებო და წინ მარგველაშვილი ჯდება მანქანაში" - კადრი ტაბიძის ხიდიდან

თვითმხილველები ტაბიძის ხიდთან მომხდარი ამბის შესახებ, რომლის მოქმედი გმირები პრეზიდენტი მარგველაშვილი და მოხუცი ბებოა, "ფეისბუქზე" წერენ. ერთ-ერთი მომხმარებელი, ანუკი ლომიძე ფოტოსაც აქვეყნებს.

"ვიღაც აკომენტარებს მოიგონესო, უფრო ადრე ვერ მოვასწარი გადაღება, ისე უცებ მოხდა. უკან რომ დგას, იმ ტაქსიში ზის უკვე ბებო და წინ მარგველაშვილი ჯდება მანქანაში", - დაწერა ფოტოს აღწერაში ანუკი ლომიძემ.