„საქართველოში დაბრუნება არ ღირს, მანდ საბერძნეთზე მძიმე ვითარებაა“ - კვირის პალიტრა

„საქართველოში დაბრუნება არ ღირს, მანდ საბერძნეთზე მძიმე ვითარებაა“

„თუ სოციალური პრობლემების მოგვარება საგარეო ვალის ხარჯზე მოხდება, ჩვენც იგივე ტენდენციას დავადგებით, რასაც საბერძნეთი ადგას“

საბერძნეთი ეკონომიკური კრიზისის ზღვარზეა. თუმცა, ემიგრანტები ამბობენ, რომ მათ ეს პრობლემა ჯერჯერობით არ შეჰხებიათ და იმედს, რომ ყველაფერი მწყობრში ჩადგება,  მთელი მონდომებით ეპოტინებიან. ზოგს ჩემოდნებიც გაუმზადებია და თვითმფრინავის ბილეთის რიგს შეერთებია.

„კვირის პალიტრა” საბერძნეთში მცხოვრებ ქართველებს, შოთა ყაველაშვილსა და გული ჩერმიშოვას ესაუბრა.

შოთა ყაველაშვილი, როდოსი: - ქალაქში საწვავის დეფიციტია, ბარათებით გადახდის სისტემაც ხარვეზით მუშაობს, ბანკები დაიკეტა, ბანკომატებთან კი დილიდან საღამომდე რიგებია. გარეუბნებში მაღაზიებიც დახურეს. პირადად მე საბედნიეროდ, ეს ყველაფერი არ შემხებია, რადგან ერთ-ერთ საუკეთესო რესტორანში ვმუშაობ და ყოველდღე ტურისტების დიდ რაოდენობას ვემსახურები. თუმცა ტურისტებიც შეთხელდნენ. დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანა შეუძლიათ ბანკომატიდან, ამიტომაც ბარათით გადახდის სისტემას ბევრი არ კრძალავს, რადგან მომხმარებელთა 80% ბარათით იხდის.

არავის უნდა, ევრო დრაჰმებმა ჩაანაცვლოს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ვინც ბანკებიდან ფულის გამოტანა ვერ მოასწრო, ანგარიში გაუნახევრდება. ამბობენ, რომ გემები გაიფიცებიან, შედეგად, კუნძულებს საჭირო რაოდენობის საწვავი და სასურსათო პროდუქტი ვეღარ მიეწოდებათ. ეს ყველაფერი საზოგადოებაში პანიკურ ფონს ამძაფრებს. თუ რამით სუნთქავს საბერძნეთი, ეს ტურიზმია.  ბერძენი ხალხი არ არის შეჩვეული მსგავს სიტუაციებს. ამათთვის გაჭირვება უცხოა და ამიტომაც დიდი პასუხისმგებლობა აკისრია პრემიერს... ჩემი ქართველი მეგობრები შემოდგომისთვის ბილეთებს ყიდულობენ და სხა ქვეყანაში წასვლაზე ლაპარაკობენ.  მე კი ნამდვილად მაქვს წასასვლელი, თანაც იქ, სადაც ყველაზე მეტად მელოდებიან...

გული ჩერმიშოვა, კორინთი: - 13 წელია საბერძნეთში ვმუშაობ და საყვედურს ვერ ვიტყვი. ამ ეტაპზე ძალიან უჭირთ და ვუგებ. დღეს ჩვენი პრობლემა მხოლოდ ის არის, რომ ოჯახებში ფულს ვერ ვგზავნით, რადგან ბანკები ერთი კვირაა დაკეტილია.

- ხელფასს დროულად და სრულად იღებთ?

- ჯერჯერობით ხელფასი იმდენი მაქვს, რამდენიც მქონდა. მოხუც ქალს ვუვლი და ჩემი შემოსავალი თვეში 700-800 ევროა.  მიმდინარე თვის ხელფასიც ავიღე. ათენშიც მყავს მეგობრები და ვიცი, რომ ნაწილმა აიღო. ბანკები დაკეტილია, ბანკომატებთან კი რიგებია. რამდენიმე ბანკი დღეს გაიღო, მაგრამ მეეჭვება, ყველამ მალე განაახლოს მუშაობა. საბერძნეთის ხელისუფლებას ევროზონის დატოვება არ უნდა, მაგრამ ამავდროულად, ვალის გადახდაზეც უარს ეუბნებიან ევროპას. თუ ფინანსური  მდგომარეობა არ დარეგულირდება, ხელფასს ვერ მივიღებთ, ან თუ მივიღებთ, ალბათ, მხოლოდ დრაჰმებით. ამ შემთხვევაში, საბერძნეთის დატოვება მომიწევს და ღმერთმა უწყის, თვითმფრინავის ბილეთის რიგში რამდენ ხანს ვიდგები. იძულებული ვიქნები, სხვა ქვეყანაში მოვძებნო სამსახური, რათა ჩემი ოჯახი ვარჩინო. საქართვლოში დაბრუნება არ ღირს, მანდ იმაზე მძიმე ვითარებაა ვიდრე საბერძნეთშია.

გელა დუმბაძე, სახელმწიფო მინისტრი დიასპორიის საკითხებში: - საბერძნეთის მთავრობა ევროკავშირთან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად. მოლაპარაკებების დასრულებამდე რთულია ითქვას, რა  გავლენას იქონიებს აღნიშნული ვითარება საქართველოს ეკონომიკაზე.

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში, საბერძნეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეებისგან არ ყოფილა კონკრეტული მომართვა რაიმე ტიპის საჭიროებაზე, თუმცა ჩვენ ვთანამშრომლობთ ყველა სამთავრობო უწყებასთან, განსაკუთრებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და ინფორმაციის მიღებისთანავე ხდება მყისიერი კოორდინაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საბერძნეთში შექმნილი კრიზისული სიტუაციიდან გამომდინარე მიიღო გადაწყვეტილება მიმდინარე წლის 1,2 და 3 ივლისს საკონსულო მოსაკრებლის გადასახადისგან გათავისუფლდეს ყველა ის პირი, ვინც გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მიმართავს საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს...

ელენე ხოშტარია, საქართველოს რეფორმების ასოციაცია: - სამწუხაროდ, რაც საბერძნეთში მოხდა, კლასიკური შეცდომებისა და არასწორი პოლიტიკური პროცესების შედეგია. სახელმწიფო ხარჯავს ბევრად მეტ ფულს, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს. პოპულისტი ლიდერები სოციალურ გადასახადებს - პენსიების რაოდენობა იქნება ეს, თუ დახმარება, აჭარბებენ, ამას კი საგარეო ვალის ხარჯზე აკეთებენ და არა მათი ეკონომიკის შესაბამისად. სწორედ ამან გამოიწვია ეს მძიმე  შედეგი. დღეს ყველა პოლიტიკოსმა უნდა ისწავლოს, როგორ არ უნდა დაანგრიოს თავისი ქვეყანა არასწორი სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით.

ერთადერთი გამოსავალი ქვეყნის გადარჩენისა არის რეფორმები, რასაც საერთაშორისო ორგანიზაციები სთხოვენ საბერძნეთს, რათა შემდეგ დახმარება მიიღონ. როცა ბერძნები ვალს იღებდნენ, ისევ  ამ არარეალური ვალდებულებების დასაფარად მიდიოდა და  კიდევ უფრო ღრმად შედიოდნენ კრიზისში. მათ უნდა აიღონ მხოლოდ ისეთი ვალდებულებები, რისი გაკეთებაც შეუძლიათ...

ჩვენი სოციალური პოლიტიკის საფუძველშიც საკმაოდ სერიოზული შეცდომებია. თუნდაც საყოველთაო ჯანდაცვა, რომელიც უკვე აჩვენებს გარკვეულ პრობლემებს, რადგან  ბევრად მეტი თანხა იხარჯება სოციალურ ვალდებულებებზე, ვიდრე რეალურად გაგვაჩნია. თუ ეს საგარეო ვალის ხარჯზე მოხდება, სამწუხაროდ, იგივე ტენდენციას დავადგებით, რასაც საბერძნეთი ადგას.

მზეკო ჟვანია