თინა ხიდაშელი: "ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა" - კვირის პალიტრა

თინა ხიდაშელი: "ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა"

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ქვეყანაში მიმდინარე  ეროვნულ გამოცდებს  გამოეხმაურა და "ფეისბუკის" გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა:

"fb-ზე ჩამოვიქროლე. ძალიან, ძალიან ბევრი დამცინავი პოსტი ვნახე გამოცდებზე, შვილებზე შიგნით და მშობლებზე გარეთ. ეს რა გვჭირს, ვერ ვხვდები, ასე ძალიან რატომ გვახალისებს ადამიანის დაცინვა, ქილიკი, ჩაქოლვა...

იქნებ მივცეთ ერთმანეთს იმის უფლება, ემოცია ისე გამოვხატოთ, დარდი ისე დავძლიოთ, სასიხარულო ისე ვიზეიმოთ, რომ სრულიად ქვეყანამ ქოქოლა არ მივაყოლოთ ერთმანეთს.

რა თქმა უნდა, მაშინვე ის გამახსენდა, მე რომ გამოცდას ვაბარებდი. მახსოვს, ავუკრძალე ჩემს მშობლებს იქ მოსვლა, მეგონა იმის განცდა რომ გარეთ იდგებოდნენ, ინერვიულებდნენ და სიცხისა თუ ემოციისგან გულწასულები დამხვდებოდნე, მე შიგნით ბოლოს მომიღებდა და მხოლოდ ამაზე ვიფიქრებდი, ამიტომ ვთხოვე არ მოსულიყვნენ.

მაგრამ ბევრი ჩემი მეგობრის დედა გარეთ იდგა იმიტომ, რომ მათ ეს ამხნევებდათ და აძლიერებდათ და თუ რამე ისე არ წავიდოდა შიგნით, იცოდნენ, გარეთ გამოსული საკუთარ ემოციას თავშესაფარს უცებ უპოვნიდნენ, დედას ჩაეხუტებოდნენ და დარდს მოერეოდნენ.

მგონია, ეს ამბები გვაქცევს ადამიანად.

დაცინვა და ქილიკი კი სრულიად უადგილოა.

რა ჩემი საქმეა, მაგრამ თავი ვერ შევიკავე“