სტიქიას ტურისტები არ შეუშინებია...
06-07-2015
სტიქიას ტურისტები არ შეუშინებია...
"საიმიჯო კლიპებსა და მსგავს მარკეტინგულ ღონისძიებებზე 8 მილიონი ლარი დაიხარჯა"

ზაფხულში ტურისტების­ შემოდინებაზე ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება დიდ იმედს ამყარებდა. რა ვითარება გვაქვს ამ თვალსაზრისით და სტიქიურმა უბედურებამ მოახდინა თუ არა გავლენა უცხოელი ტურისტების შემოდინებაზე? ამ  თემასთან დაკავშირებით  "კვირის პალიტრას" ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი­ ჩოგოვაძე ესაუბრა.


- ბოლო ორი თვის მონაცე­მე­ბით, ტურისტების შემოდინებასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები იმედისმომცემია. მაგალითად,  ივნისში 496 ათასზე მეტმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი. ტურისტების შემოდინება
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9, 19%-ით გაიზარდა.

- სტიქიურ უბედურებას ტურისტების შემოსვლაზე გავლენა არ მოუხდენია?
- მსოფლიოს პოპულარული ტელეარხები გადმოსცემდნენ, რომ თბილისში სტიქიამ ადამიანები იმსხვერპლა, ზოოპ
არკიდან კი ცხოველები გაიქცნენ. თუმცა, ისეთმა გაზეთებმა, როგორიც "ნიუ-იორკ თაიმსი" და "ვაშინგტონ პოსტია"  ხალხს მოუწოდეს, საქართველოში ტურისტულ ვიზიტზე ხელი არ აეღოთ, რაც ამ ქვეყანასა და მის ხალხს დაეხმარებოდა.

2014 წელს 5 მილიონ-ნახევარზე მეტმა უცხოელმა გადმოკვეთა  ჩვენი ქვეყნის საზღვარი. წინა წლების მონაცემებს თუ გადავხედავთ, ეს რეკორდული მაჩვენებელია. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 200-მდე ჟურნალისტს ვუმასპინძლეთ. მათ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს სტატიები და სიუჟეტები მიუძღვნეს. ჩავატარეთ მედიაფორუმიც, რომელსაც 6 ქვეყნის 48  ჟურნალისტი ესწრებოდა. ის, რომ "ევრონიუსი", სი-ენ-ენი, "ნეიშენალ ჯეოგრაფიკი", "ბლუმბერგი" საქართველოს ტურისტულ  შესაძლებლობებს ყურადღებას უთმობდნენ, უმნიშვნელო ნამდვილად არ არის.
ამ მარკეტინგული ღონისძიებებისთვის დაახლოებით 8 მილიონი  ლარი დაიხარჯა.

- უფრო მეტად რომელი ქვეყნებიდან შემოდიან ტურისტები?
- ლიდერობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, მერე მოდის რუსეთი, უკრაინა და ა.შ.  წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ივნისში შემომავალი ტურისტების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა, კერძოდ,  ბელორუსიიდან - 56%-ით, რუსეთიდან - 47%-ით, სომხეთიდან - 33%-ით, ყაზახეთიდან - 40%-ით,  ისრაელიდან - 26% -ით. მეტწილად ტურისტებს შავი ზღვის სანაპიროები მოსწონთ, აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ისრაელელი ტურისტები უფრო სამთო კურორტებით ინტერესდებიან.

ვცადეთ, ზამთრის  კურორტები: გუდაური და ბაკურიანი მათთვის უფრო მიმზიდველი გაგვეხადა ზაფხულის სეზონზეც და სამთო ველობილიკები გავიყვანეთ. მონტაჟდება ხელოვნური გათოვლიანების აპარატები. აქედან გამომდინარე, ხელოვნური გათოვლიანების წყალობით სეზონი ორი თვით გაგრძელდება.

- უცხოელ ტურისტებს რა  მოსწონთ და რა არა?

- მოსწონთ მრავალფეროვნება, კულტურულ-ისტორიული ძეგლები, ქართველი ხალხის სტუმართმოყვარეობა და ქართული სამზარეულო. განსაკუთრებით ძველი თბილისით ინტერესდებიან, სადაც ეთნიკურ-რელიგიურ-კულტურული მრავალფეროვნება იგრძნობა.

არ მოსწონთ, რომ ბუნებასა და კულტურულ ძეგლებს უდიერად ვექცევით. ხშირად ფოტოებს უღებენ იმ ძეგლებს, რომელთა მიმდებარედ ნაგავი ყრია. აღიზიანებთ, თუ როგორ არღვევენ ჩვენი თანამოქალაქეები მოძრაობის წესებს.
ამიტომ წელს სასტუმროების პერსონალისა და მოხალისეებისთვის უფასო ტრენინგები ჩავატარეთ სასტუმროებში უსაფრთხოების საკითხებისა და მომსახურების ხარისხის ასამაღლებლად. მოხალისე მძღოლებსაც ვასწავლეთ, თუ როგორ უნდა მოემსახურონ უცხოელ ტურისტებს და ა.შ. ასე რომ, ვცდილობთ, წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავიწიოთ.
ეთერი
27 ივლისი 2015 20:04
თურქები ჯიბის გასასქელებლად ჩამოდიან ყველა ჩვენ გვატყავებს,პატრონი არ გვყავს
gavazeli
06 ივლისი 2015 19:33
"ლიდერობენ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, მერე მოდის რუსეთი, უკრაინა და ა.შ"

ამ ერთი წინადადებიდანაც ჩანს, რანაირი 5 მილიონი ტურისტი გვყავდა გასულ წელს. თურქი ტურისტი გინახავთ ვინმეს? ესენი ყველას ტურისტს ეძახიან, ვინც საზღვარზე გადმოვა.

რედაქტორის რჩევით