რა წერია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში
06-07-2015
რა წერია საგზაო უსაფრთხოების სტრატეგიაში
ერთ-ერთი პრიორიტეტია სიჩქარის გადაჭარბებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან ბრძოლა

2014 წელს საქართველოში ავტოავარიას 511 კაცი ემსხვერპლა, ხოლო 8 536 კაცი დაშავდა. ფატალური შედეგების პრევენციის მიზნით, არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფოს უსაფრთხო გზების სტრატეგიის შემუშავებას სთხოვენ. საგულისხმოა, რომ 2011 წელს გაეროს სპეციალურ მოწოდებას, "გავხადოთ გზები უსაფრთხო", 70-ზე მეტი ქვეყანა შეუერთდა. კამპანიის მიზანია 2010-2020 წლებში ავტოსაგზაო შემთხვევები 50%-ით შემცირდეს.

ეკა ლალიაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „"საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის"“ გამგეობის თავმჯდომარე:
"ავტოშემთხვევებში წელი­წადში მსოფლიოში მილიონ
სამასი ათასი კაცი იღუპება, ხოლო დაახლოებით 50 მილიონი დაზიანებებს იღებს.

გაერომ ევროპის ქვეყნებს საგზაო შემთხვევების შემცირებისა და პრევენციული ღონისძიებების მიღებ
ისკენ  მოუწოდა. ამასთან დაკავშირებით, 2011 წელს მოსკოვში საგანგებო შეხვედრა გაიმართა. თუმცა საქართველო წარმოდგენილი არ ყოფილა. როგორც ჩანს, ჩვენი სახელმწიფოსთვის გზების უსაფრთხოება პრიორიტეტული ჯერ არ არის. მხოლოდ ის ვიცით, რომ სტრატეგია მუშავდება. ჯერჯერობით გამოკვეთილი არ არის ის უწყება, რომელიც ამ სტრატეგიის განხორციელებაზე პასუხისმგებელი იქნება.

ჩვენს ქვეყანაში ამ საკითხს სახელმწიფო დიდი ინტერესით არ ეკიდება, არადა, ხალხი იღუპება, დრო არ ითმენს.
განსაკუთრებით სავალალოა მდგომარეობა საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიკროავტობუსით მიმოსვლის დროს. ეს სფერო სრულიად არ კონტროლდება.

- რა არის აუცილებელი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევებით განპირობებული სავალალო შედეგები შემცირდეს?
- საგზაო ინფრასტრუქტურა, უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტი. თუმცა, თუ მხოლოდ ტრანსპორტი გავაუმჯობესეთ და ადამიანური ქცევა არ შეიცვალა, შედეგს ვერ მივიღებთ. საჭიროა ­ე. წ. ზებრა-გადასასვლელები, კუნძულები, არ შეიძლება ტროტუარებზე მანქანების გაჩერება, როცა ეს ყველა წინა პირობა შეიქმნება, სისტემა გამართულად იმუშავებს და რისკიც შემცირდება.“

"კვირის პალიტრასთან" საუ­ბარში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველმა გიორგი ვეკუამ განმარტა, რომ სტრატეგიაზე მუშაობა უკვე დასრულდა და სამინისტროებს განსახილველად გაუგზავნეს.

გიორგი ვეკუა:
- ამ საკითხზე მსოფლიო ბანკთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. სამი თვის წინ საქართველოში მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ჯიმ გრენმა კვლევა ჩაატარა, საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია მოიძია. ამ პროცესში თითქმის ყველა უწყება იყო ჩართული და ჯიმ გრენმა საგზაო უსაფრთხოების სტრატეგია მოამზადა. მასში ყველა სამინისტროს მოქმედების გეგმა გაწერილია.

- დასკვნაში ყურადღება რაზეა გამახვილებული?
- მთავარი ამოცანაა საგზაო უსაფრთხოების სფეროში წამყვანი სააგენტოს ჩამოყალიბება. შემუშავდა რეკომენდაციები. კერძოდ, ერთ-ერთ შესაძლო წამყვან სააგენტოდ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი ტრანსპორტის სააგენტო დასახელდა.

ამ საქმეში მთავარი იქნება წამყვანი სააგენტოს მუშაობა, არასამთავრობო სექტორის ჩართულობა, მოქალაქეების ცნობიერების ასამაღლებლად ინფორმაციის გავრცელება, საგზაო შემთხვევებზე რეაგირების სიჩქარე და ა.შ. ამ უკანასკნელ საკითხზე ჯანდაცვის სამინისტრომ წარმოადგინა თავისი ხედვა. წამყვანმა სააგენტომ საქართველოს მასშტაბით საგზაო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს კოორდინაცია უნდა გაუწიოს. ერთ-ერთი პრიორიტეტია სიჩქარის გადაჭარბებასთან და ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვასთან ბრძოლა.

სალომე გოგოხია
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით