"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში" - კვირის პალიტრა

"კენიაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში"

"ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. ჩემს ქვეყანაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარია. აქ კი საოცარი გახსნილობაა და იმხელა სიყვარულს გაგრძნობინებენ, რომ არ შეიძლება ეს არ გაბედნიერებდეს"

ჩემთაი იეგონი 29 წლის კენიელია. ამ შავტუხა ლამაზმანის დანახვაზე ქუჩაში ხშირად ვერ იკავებენ თავს და ქათინაურებს უძღვნიან. ახალგაზრდა ქალი მორცხვად იღიმება, თვალებით უხდის მადლობას აღფრთოვანებულ მოქალაქეებს და ამაყად და მოხდენილად განაგრძობს გზას.

ჩემთაი საერთო მეგობარმა გამაცნო. მისი სახელი "დილით დაბადებულ გოგონას" ნიშნავს. ის კიფსიგისების, მსოფლიოში საუკეთესო სპორტული მორბენლების ტომიდან არის. პროფესიით პედაგოგი ოცნებობდა, სადმე, უცნობ ქვეყანაში ემუშავა ინგლისური ენის მასწავლებლად. ერთ დღესაც შესთავაზეს მონაწილეობა პროგრამაში "ასწავლე ინგლისური ენა". უთხრეს, რომ საქართველოში უნდა ემუშავა, ეცხოვრა უცნობი ადამიანების ოჯახში და შესჩვეოდა გარემოს, რომელიც შესაძლოა თავიდან სულაც არ ყოფილიყო მეგობრულად განწყობილი. ჩემთაი ამბობს, რომ გაუმართლა. ახლა ის ბრიტანეთის საბჭოს”ინგლისური ენის სკოლაში მუშაობს.

ჩემთაი იეგონი: - პირველად კეხიჯვარში მოვხვდი, მთივლიშვილების ოჯახში. საქართველო ჩემთვის ამ ოჯახიდან იწყება. არასოდეს მიგრძნია, რომ უცხო სტუმარი ვიყავი, რომელიც დროებით იყო მათთან შეკედლებული. არადა, მასწავლებლების ნაწილი მტრულად განწყობილ ოჯახებში მოხვდა, მათ ყველაფერში ხელს უშლიდნენ. ამიტომაც წავიდნენ და თქვეს, არასოდეს მოვიხედავთ აქეთო. საბედნიეროდ, უმრავლესობას კარგი მასპინძელი შეხვდა და მათთვის, ისევე როგორც ჩემთვის, საქართველო ძალიან ძვირფასია. ამიტომაც ვარ აქ და ყოველთვის სიამოვნებით დავბრუნდები როგორც უცხო ქვეყანაში კი არა, როგორც შინ.

თქვენი ძველი ანდაზა ყოფილა, სტუმარი ღვთისააო. მეც ასე მიმიღეს.

- რას გვეტყვი კენიის შესახებ, რით არის შენი ქვეყანა განსაკუთრებული?

- კენიაში 42 ტომი ცხოვრობს, შესაძლოა, უფრო მეტიც, მაგრამ ზოგჯერ იკარგებიან, სხვებს ერევიან. ყველას თავისი ენა აქვს. ეს ენები ძალიან განსხვავებულია, ამიტომაც არის კენიის სახელმწიფო ენებად გამოცხადებული - სუაჰილი და ინგლისური. არა მხოლოდ ენა, კულტურა და სამზარეულოც ერთმანეთისგან განსხვავებული გვაქვს.

კენიაში ცხოვრობს ხალხი, რომელმაც იცის, რომ ადამიანებს მხოლოდ სამყაროსთან ერთიანობაში მყოფთ შეუძლიათ იცხოვრონ ჰარმონიულად. ამ ხალხმა იცის, რომ არაფერს ნიშნავს მხოლოდ ადამიანთა კანონები. თუ ბუნების, სამყაროს კანონებს უგულებელყოფ, ბუნება დაგსჯის.

მე კიფსიგისების ტომიდან ვარ. ეს ითარგმნება, როგორც "ყველაზე მაგარი მორბენალი ბიჭების ტომი" და ასეც არის, თუ სადმე, ჩემპიონატებზე საუკეთესო მორბენალს ნახავთ, ის აუცილებლად ჩვენი ტომიდანაა.

ჩვენი ტომი ცხოვრობს მწვანე რეგიონში, სადაც ბევრი ჩაი მოდის, და ჰყავთ ძროხები. ამიტომაც ჩვენი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მესაქონლეობა და მიწათმოქმედება. რაღაცით ვგავართ ქართველებს, ხომ?

როდესაც კაცს დაქორწინება უნდა, ქალის ოჯახს ძროხები უნდა მისცეს. ამიტომაც ძროხა ძალიან პოპულარულია. ამასთან, რძე იმდენად გვიყვარს, ყველაფერს რძეში ვაკეთებთ, ყველაფერს რძეს ვაყოლებთ, ჩაისაც კი. ჩვენს ხალხს არ უყვარს ალკოჰოლი, თუმცა გვაქვს ლუდი. რომლის შინ მოხარშვა არალეგალურ საქმიანობად ითვლება, ქორწილებზეც კი მხოლოდ წვენებსა და რძეს ვსვამთ.

- ქალებს როგორი უფლებები აქვთ?

- გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში სამი წელია  ვცხოვრობ და ბევრ რამეს დავაკვირდი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩვენს ქვეყანაში უფრო დიდი უფლებები აქვთ ქალებს, ვიდრე საქართველოში. თუ საქართველოში კაცი ღალატობს ცოლს, ქალები ძირითადად, თვალს ხუჭავენ ამაზე, ჩვენთან კი აუცილებლად მოჰყვება ქალის მწვავე რეაქცია, უმეტესად ქმარს შორდებიან. სწორედ ქალების პრინციპულობის გამო ჩვენთან ძალიან მყარია ოჯახი, ღალატი იშვიათია და ოჯახურ ძალადობას იშვიათად წააწყდებით...

საქართველოში გატარებული სამი წელი ჩემი ცხოვრების ულამაზესი პერიოდია. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი კულტურის ქვეყანაა, რომელსაც აქვს ულამაზესი ენა, უგემრიელესი სამზარეულო და საოცარი ცეკვები. ქალები უფრო ლამაზები არიან, ვიდრე კაცები, ისინი თავს არ უვლიან. განსაკუთრებით მიყვარს გორელები...

ძალიან მიყვარს ჩემი მოსწავლეები. იმ დღეს, როდესაც თავს ცუდად ვგრძნობ, გაკვეთილების ჩატარების შემდეგ ვხვდები, რომ მოსწავლეებმა განმკურნეს. ჩემს ქვეყანაში მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ზღვარია. აქ კი საოცარი გახსნილობაა და იმხელა სიყვარულს გაგრძნობინებენ, რომ არ შეიძლება ეს არ გაბედნიერებდეს.

- სოციალურ ქსელებში წავწყდომივარ ინფორმაციას, რომ საქართველოში მცხოვრებ შავკანიანებს აწუხებენ რასისტები, შენ გიგრძნია ეს?

- კეხიჯვარსა და გორში არ მიგრძნია, თბილისში მივხვდი, რომ ზოგიერთ ქართველს სჩვევია რასისტული გამოხდომები, მაგრამ იმასაც ვერ ხვდებიან, რატომ სძულხარ. დაჟინებით მხოლოდ იმიტომ არ მიყურებენ, რომ მოვწონვარ, მიგრძნია ზიზღი, ყოფილა კურიოზული სიტუაციებიც.

ერთხელ სამარშრუტო ტაქსიში“ ჩემ წინ ასაკოვანი ქალი იჯდა და ცნობისმოყვარედ მათვალიერებდა. მერე გვერდით მჯდომს უთხრა, ნეტავ რა ფერის ენა აქვს ამასო? მინდოდა, გამცინებოდა, მაგრამ არ შევიმჩნიე, ქართული რომ მესმოდა, იმდენად საყვარელი იყო თავისი ცნობისმოყვარეობით, არ მინდოდა უხერხულად ეგრძნო თავი.

- ჩემთაი, დღეს ქართველ უფლებადამცველებში მნიშვნელოვან საკითხად ითვლება სიტყვა "ზანგის" აკრძალვა და მისი შეცვლა სიტყვა "შავკანიანით"...

- ძველად მართლაც არ იხმარებოდა ეს სიტყვა უარყოფით კონტექსტში, მაგრამ დრო ხომ ბევრ რამეს ცვლის. ზოგიერთ ადამიანში ზანგი არ ასოცირდება ჩვეულებრივ შავკანიანთან და უარყოფითი დატვირთვა აქვს. ამიტომაც არც ერთ შავკანიანს არ მოეწონება, რომ ზანგი დაუძახონ.

ზოგჯერ ქუჩაში დედები ეუბნებიან შვილებს, ნახე, ნახე ზანგიო. ვურჩევდი ასეთ დედებს, სწორად გაზარდონ შვილები, ჩვენ ხომ განურჩევლად ფერისა და ეროვნებისა, ყველანი, ღვთის შვილები ვართ?!

შავკანიანები აფხაზეთში

ისტორიული მონაცემების მიხედვით, აფხაზეთში შავკანიანების მთელი დასახლება იყო, თუმცა ზანგი აფხაზები კომუნისტებს გასული საუკუნის 30-იან წლებში დედაწულიანად გაუსახლებიათ. აფროაფხაზებს ხალხი შავ კაცებს ეძახდა. მათი პატარა ჯგუფი სოფელ აძიუბჟაში სახლობდა, ნახავდით კოდორის მიმდებარე სოფლებშიც.

ლეგენდის თანახმად, აფხაზეთის საზღვაო წყლებში ჩაძირულა გემი, რომლითაც მონები მიჰყავდათ გასაყიდად. ამბობენ, რომ შავკანიანი აფხაზები ჩაძირვისას გადარჩენილი აფრიკელების შთამომავლები არიან. სხვა ლეგენდის მიხედვით, აფხაზი ზანგები ნართებისა და აფრიკიდან წამოსული შავკანიანების ნაყოფი არიან. ნართები კავკასიაში აფრიკული მოგზაურობიდან რომ დაბრუნდნენ, მათ აფრიკელებიც ჩამოჰყვნენ.