როგორ გადაურჩა უნიკალური აუდიოჩანაწერები განადგურებას - კვირის პალიტრა

როგორ გადაურჩა უნიკალური აუდიოჩანაწერები განადგურებას

ნორიკ ასატრიანი: "როდესაც "მელოდია" დაიხურა, ჩანაწერები სატვირთო მანქანებით გლდანის ნაგავსაყრელზე გადაყარეს"

"მაშინ, როცა ჩვენი ეზოს პატარები მშობლებს მუშტაედში ან სათევზაოდ მიჰყავდათ, მე სახლში დარჩენა და მშობლების წაკითხული ზღაპრების მოსმენა მაბედნიერებდა. ეს ბედნიერებაც იშვიათი და სანატრელი იყო. საღამოს, სამსახურიდან დაბრუნებულ დაღლილ მშობლებს, იშვიათად თუ ვთხოვდი რაღაცის წაკითხვას. არადა, ერთი სული მქონდა, რამე ახალი მომესმინა... მახსოვს, ერთხელ მშობლებმა გრამოფონი მომიტანეს. ფირფიტას, რომელზეც ქართული ხალხური ზღაპარი "ამირანი" იყო ჩაწერილი, საათობით ვეჯექი და ვუსმენდი... ეს ზღაპარი ჩემი ბავშვობის ყველაზე ტკბილ მოგონებად დარჩა... დამოუკიდებლად წერა-კითხვა 14 წლის ასაკში ვისწავლე. მაშინ დავიწყე იმ ყველაფრის თავიდან გადაკითხვა, რასაც ღრმა ბავშვობაში მხოლოდ ვისმენდი. ყველაფერი თავიდან აღმოვაჩინე... მერე სულ ვკითხულობდი და ვკითხულობდი. აღარც განსხვავებული წერა-კითხვის სტილი მაბნევდა და აღარც იმის მრცხვენოდა, რომ ჩემი ასაკის გოგო-ბიჭებისგან განსხვავებული ვიყავი. ისინი ხედავდნენ, მე აღვიქვამდი"... -“ეს ჩანაწერი ვალიკო პაპას გარდაცვალების შემდეგ მისი ზღაპრების წიგნს წაუმძღვარეს პროლოგად.

ბავშვობაში გადატანილი მძიმე დაავადება საბედისწერო აღმოჩნდა პატარა ბიჭისთვის. სიარულის უნართან ერთად, თვალისჩინი ერთი წლისამ დაკარგა. ეტლს მიჯაჭვულმა 75 უსინათლო წელი ზღაპრების წერაში გაატარა. ვალიკო ხუცურაული რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ბრაილის შრიფტით გამოცემული მისი ზღაპრების წიგნი კი დღის სინათლეს მალე იხილავს...

ქართული ხალხური ზღაპარი "ამირანი", რომელსაც ვალიკო პაპა ბავშვობაში უსმენდა, 1960-იან წლებში ჩაიწერა და მას ლეგენდარული ეროსი მანჯგალაძე კითხულობდა. ამ ზღაპრის მსგავსად, 60-70-იან წლებში ეროსი მანჯგალაძის, ელენე ყიფშიძის, მედეა  ჩახავასა და გოგი გეგეჭკორის წაკითხული "ბაქია კურდღელი", "უქნარა", "ნახევარქათამა",„"მგელი და ბატკანი", "რწყილი და ჭიანჭველა", "ამირანი", "სალამურა", "ნაცარქექია", "მუჭანახევარა", "ქართული იგავ-არაკები" სტუდია "მელოდიაში" იწერებოდა და დიდი ტირაჟითაც იყიდებოდა, სტუდიის დახურვის შემდეგ კი უნიკალური ჩანაწერები ნაგავსაყრელზე აღმოჩნდა.

"მელოდიის" ყოფილ სტუდიას, სადაც ამჟამად აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირ "ჰერას" სოციალური საწარმოა, რამდენიმე დღის წინ ვესტუმრე. ავარიული შენობის ფირების საცავში ტექნიკურ ასისტენტს, ნორიკ ასატრიანს შევყავარ. საბჭოთა დროის აპარატურის გვერდით კარადა დგას, სადაც ქართული ხალხური ზღაპრებისა და სპექტაკლების ჩანაწერები ინახება. 100-მდე უნიკალური ჩანაწერი განადგურებას სწორედ ამ ადამიანმა გადაარჩინა.

ნორიკ ასატრიანი: - მხედველობის პრობლემა ბავშვობიდან მაქვს, თუმცა, საგნების გარჩევა შემიძლია. 202-ე უსინათლოთა სკოლაში ვსწავლობდი. ამ შენობაში ადრე ხმის ჩამწერი სტუდია "მელოდია" იყო. როდესაც დაიხურა, ჩანაწერები სატვირთო მანქანებით გლდანის ნაგავსაყრელზე გადაყარეს. ამ ფაქტს შემთხვევით შევესწარი. როდესაც ვიკითხე, რას ყრით-მეთქი მითხრეს, რაღაც ზღაპრებიაო. ფირები ყუთებში ეწყო. როდესაც ერთ-ერთს დავხედე, აღმოვაჩინე, რომ "ამირანის" აუდიოვერსია იყო და ეროსი მანჯგალაძე კითხულობდა. მერე მეორე ყუთი ავიღე. იმას გოგი გეგეჭკორი ეწერა, მესამეს - ელენე ყიფშიძე... მივხვდი, რომ უნიკალურ ჩანაწერებს ყრიდნენ. სანაგვიდან ფირები ამოვარჩიე და შინ  წამოვიღე. ათ წელზე მეტხანს სახლში ვინახავდი. მერე, როცა "ჰერაში" მოვედი, გამახსენდა, რომ სწორედ ამ სტუდიიდან გადაყრილი უნიკალური ფირები მქონდა და აქ მოვიტანე. სამი წელი მიმდინარეობდა რესტავრაცია. ეს ჩანაწერები ჩემთვის ყველაფერია. ბედნიერი ვარ, რომ გადარჩენა შევძელი.

ფირების კომპიუტერული დამუშავების შემდეგ მათი ციფრული ვერსია შეიქმნა. ანალოგიური მაგნიტური ფირები ოქროს ფონდშიც ინახება, მაგრამ ყველასთვის ხელმისაწვდომი არ არის.

ხვიჩა გუნია, კავშირ "ჰერას" დამფუძნებელი: - აფხაზეთის უსინათლოთა და ყრუ-მუნჯთა კავშირი "ჰერა" 2000 წელს ჩამოყალიბდა. ორგანიზაციის მიზანი იყო დევნილ შშმ პირთა აღრიცხვა და მათი სოციალურ-ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. შემდეგ შევქმენით გადამზადების ცენტრი და დავიწყეთ მათი დასაქმება სოციალურ საწარმოში. ჩვენს კოლექციაში 60-მდე ქართული ზღაპარია. ასევეა რუსული, სლოვაკური, პოლონური, იაპონური ზღაპრებიც. ყველა მათგანი 60-80-იან წლებში ჩაიწერა. ჩვენ ეს აუდიოჩანაწერები თითქმის ყველა რეგიონში გავავრცელეთ, რათა უსინათლო ბავშვებს მათი მოსმენა შესძლებოდათ. სხვადასხვა გამომცემლობა წელიწადში 20-მდე ახალ საყმაწვილო წიგნს გამოსცემს, უსინათლო ბავშვებისთვის კი თითქმის არაფერი გამოდის. ჩვენმა კავშირმა 2006 წელს დაიწყო საყმაწვილო ლიტერატურის ჩაწერა უსინათლო და ჯანმრთელი ბავშვებისთვის და საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა ბიბლიოთეკას გადავეცით საჩუქრად.“ყველა ზღაპარი მალე ახალ სიცოცხლეს შეიძენს და მათი მოსმენა და ნახვა ერთდროულად იქნება შესაძლებელი.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ პალიტრა TV-ზე