"მონანიება" ჩემი ცხოვრების ბედნიერი ეპიზოდია" - კვირის პალიტრა

"მონანიება" ჩემი ცხოვრების ბედნიერი ეპიზოდია"

"ნინო ბარათელი ისე მეკითხებოდა: "დედა არა გყავსო?", ცრემლები მახრჩობდა და ღრიალი მინდოდა"

ფილმ "მონანიების" გადაღებიდან 30 წელზე მეტი გავიდა. მან საბჭოთა მოქალაქეებს ახლებურად დაანახა საკუთარი ყოფა და ბევრ რამეზეც დააფიქრა. ფილმში ვარლამ არავიძის ვაჟის, აბელის ბავშვობას დავით ქემხაძე განასახიერებს. გადაღების დროს იგი 9-10 წლისა იყო, დღეს კი უკვე 41 წლის გახლავთ.

დავით ქემხაძე: - ბათუმში ვსწავლობდი. ერთ დღესაც კლასში უცნობი ქალი შემოვიდა, მერხებს შორის ჩამოიარა და რამდენიმე მოსწავლე აგვარჩია. მერე სასტუმრო "მედეაში" დაგვიბარა, რათა თენგიზ აბულაძეს ვენახეთ. პატარა ქეთი ბარათელის როლზე უკვე დამტკიცებული ჰყავდათ ასევე ბათუმელი ნატო ოჩიგავა.

გადაღებები ბათუმში მიმდინარეობდა, ჭაბუა ამირეჯიბის სახლს რომ ეძახიან, იმ შენობაში, მაგრამ ეს კადრები დაიწუნა ბატონმა თენგიზმა და გადაღებები თბილისში, ელენე ახვლედიანისა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმებში გაგრძელდა. ერთ ეპიზოდში ვარლამი მხატვარ სანდრო ბარათელთან სტუმრად სწორედ ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმში შედის. მე რომ ჯვარს ვიპარავ, ეს ეპიზოდი ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმშია გადაღებული.

კარგად მახსოვს ფანჯრიდან გადახტომის სცენა. ამ ეპიზოდის გადაღებამდე ბატონი თენგიზი სულ მეკითხებოდა, ხომ არ გეშინიაო, მამხნევებდა და მაგულიანებდა. ვარლამი რომ დაიძახებდა: "ალე, ჰოპ!" - მე ჯერ ქეთი ბარათელისთვის უნდა მეკოცნა და მერე მეორე სართულიდან გადავმხტარიყავი. უზარმაზარი მანქანა ჰყავდათ ფანჯარასთან მოყენებული, რომელზეც ძალიან ბევრი ლეიბი იყო გაფენილი. მთელი სამუშაო ჯგუფი ნერვიულობდა ჩემს გადახტომაზე. ყოველი დუბლის შემდეგ მანქანაზე გაწოლილი ვხედავდი, როგორ აწყდებოდნენ ფანჯარას - დათო როგორ არისო.

თენგიზ აბულაძე ძალიან ყურადღებიანი იყო. მეც და ნატოც თავისი მანქანით მივყავდით და მოვყავდით გადაღებებზე. არასდროს მსაყვედურობდა, მიუხედავად იმისა, რომ ტექსტი ხშირად მეშლებოდა...

- ქეთი ბარათელის როლის შემსრულებლის, ნატო ოჩიგავას შესახებ თუ იცით რამე?

- ნატომ ცხოვრება კინოს არ დაუკავშირა. ის პეტერბურგშია გათხოვილი და ახლაც იქ ცხოვრობს... არაჩვეულებრივი ადამიანების გვერდით ვტრიალებდი... ავთო მახარაძე თანატოლივით მექცეოდა. ფილმის გამოსვლის შემდეგ ზოგიერთი მეკითხებოდა, ვარლამის არ გეშინია? მაგ კაცის დანახვა გვთრგუნავსო. მე კი ეს ძალიან მიკვირდა. დრო რომ გავიდა, მე და ბატონი ავთო უფრო დავახლოვდით. მაგარი კაცია.

ყველაზე დიდი სიმპათია ნინო ბარათელის მიმართ მქონდა, რომელსაც თენგიზ აბულაძის ქალიშვილი, ქეთევანი ასახიერებს. ნინო ბარათელი ისე მეკითხებოდა: "დედა არა გყავსო?", რომ ცრემლები მახრჩობდა და ღრიალი მინდოდა.

თავიდან "მონანიება" ვიდეოკასეტებით ვრცელდებოდა. მაშინ ვიდეომაგნიტოფონი ფუფუნების საგანი იყო და ერთეულებს ჰქონდათ. ახლობელმა გვათხოვა კასეტა და ერთ ოჯახში ვნახეთ... მოგვიანებით დედაჩემმა ჟელეზნოვოდსკში წამიყვანა. იქ მამამ დაურეკა და მახსოვს, დედა ძალიან განერვიულდა. თურმე, მამა უშიშროებაში დაუბარებიათ, დაკითხვებზე დაატარებდნენ, საიდან მოხვდა ვიდეოკასეტა თქვენს ხელში, ან თქვენი შვილი რატომ გადაიღესო...

"მონანიება" დიდ ეკრანზე მოსკოვში ვნახე. მახსოვს, ფილმი რომ დამთავრდა, ტაშმა იქუხა. ხალხი ნამტირალევი გამოდიოდა კინოთეატრიდან. ფილმი იმდენად რეზონანსული იყო, რომ მეც და ნატო ოჩიგავაც ძალიან პოპულარულები გავხდით. "მონანიება"”ჩემი ცხოვრების ბედნიერი ეპიზოდია. ერთხანს მსახიობობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ მერე ქვეყანა აირია და მეც სხვა პროფესია ავირჩიე - მაღალმოლეკულური ქიმია. 1995 წელს რომ დავხურე ქიმიის წიგნი, ამით დამთავრდა ყველაფერი. ერთხანს ზღვაოსნობა მიტაცებდა, მერე - რაგბი. რეჟისორმა ზაზა ხალვაშმა ჩემი სცენარი ნახა და მითხრა, ჩემი სტუდენტი უნდა გახდეო. ამის შემდეგ დრამატურგიაზე ვფიქრობდი, მაგრამ კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე აღმოვჩნდი. რამდენიმე ფილმი გადავიღე. შარშან ჩემმა დოკუმენტურმა ფილმმა - "ბევრეთი" - ავსტრალიაში, მელბურნის მართლმადიდებლური დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე, საუკეთესო რეჟისურისთვის პრიზი მიიღო. მყავს მეუღლე და ორი შვილი. დღეს რეჟისორის პროფესიით ძნელია ოჯახის რჩენა, ამიტომ სამშენებლო კომპანიაშიც ვმუშაობ - ნებართვებისა და ლიცენზირების მენეჯერი გახლავართ. აი, ასე მიდის ჩემი ცხოვრება "მონანიებიდან" დღემდე.

კაცმა საფლავიდან პროკურორი ამოთხარა...

70-იან წლებში სამეგრელოში ელვის სისწრაფით გავრცელდა ამბავი, რომ ახალგაზრდა კაცმა საფლავიდან პროკურორი ამოთხარა, რომელმაც წარსულში მამა დაუჭირა, დედა კი თვალწინ გაუუპატიურა. ეს ისტორია თენგიზ აბულაძეს ქუჩაში შემთხვევით შემხვედრმა ნაცნობმა უამბო. ამის შემდეგ დიდმა რეჟისორმა უკვე იცოდა, რა თემაზე იქნებოდა მისი მომავალი ფილმი.

70-იანი წლების დასასრულს აბულაძეების ოჯახში უამრავი ნაცნობი თუ უცნობი იყრიდა თავს. ყველა მათგანი საკუთარ ამბავს უამბობდა რეჟისორს. მონათხრობი ისტორიები გაჭრილი ვაშლივით ჰგავდნენ ერთმანეთს.

თავიდან ავთო მახარაძეს მხოლოდ აბელის როლი უნდა ეთამაშა. სცენარის წაკითხვის შემდეგ რეჟისორისთვის უთხოვია, რომ მისთვის ვარლამის როლიც მიეცათ. ამის შემდეგ თენგიზ აბულაძემ გადაწყვიტა, ორივე არავიძე ერთ ადამიანს განესახიერებინა.

"მონანიებას" მიღებული აქვს კანის მე-40 საერთაშორისო კინოფესტივალის სამი პრიზი: მთავარი ჟიურის სპეციალური პრიზი, კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის და კინოპრესის საერთაშორისო ფედერაციის პრემია "ფიპრესი".

ეკა სალაღაია