მოსიარულე ძეგლები - ახალი სეზონი გაიხსნა?! - კვირის პალიტრა

მოსიარულე ძეგლები - ახალი სეზონი გაიხსნა?!

ტყუილად არ ხუმრობს ხალხი, დავითის ცხენს სიცოცხლეში არ უვლია იმდენი,  რამდენსაც ძეგლად მყოფს დაატარებენო...

მერაბ ბერძენიშვილის ცნობილი ქანდაკება, ცხენზე აღმართული დავით აღმაშენებელი, ჯერ სასტუმრო "ივერიის" წინ იდგა, მერე დიღომში, ავტოსატრანსპორტო მაგისტრალის გზაგასაყარზე გადაიტანეს, ახლა თურმე ისევ ქალაქის ცენტრში უპირებენ შემობრძანებას, თუმცა არა პირვანდელ ადგილზე, არამედ, შესაძლოა, მარჯანიშვილის მოედანზე, ან დავით აღმაშენებლის პროსპექტის თავში ან ბოლოში.

ბოლო დროს ტყუილად არ ხუმრობს ხალხი, დავითის ცხენს სიცოცხლეში არ უვლია იმდენი, რამდენსაც ძეგლად მყოფს დაატარებენო. მეფის ცხენიან ძეგლს არა მხოლოდ თბილისში, ქუთაისშიც დაუკარგეს მოსვენება.„

"ნაციონალური მოძრაობა" დავითის ხსოვნას თითქოს თაყვანს სცემდა, მაგრამ მეფის ძეგლი აშკარად აითვალწუნეს და ცენტრიდან მიაბრძანეს.  მეფეს, რომელმაც "გალობანი სინანულისანი"“დაწერა და ანდერძად დაიბარა, "ფეხი დამადგით გულზე ყოველმანო", რომ წამოახედა და აჩვენა, რაზე ხარჯავს დროს საქართველოს მთავრობა და პარლამენტი, ალბათ, კარგი არაფერი დაემართებოდა.

ჯერ არაფერი თქმულა "ქუთათური" ძეგლის შესაძლო გადაადგილებაზე, თუმცა გამორიცხული არაფერია, მით უფრო, რომ ერთ-ორ პოლიტიკურ ფიგურას შეუნიშნავს, დავითის ძეგლი ქუთაისში, სადღაც რკინიგზის სადგურთან კი არა, პარლამენტის წინ უნდა იდგესო. დავუშვათ, გადაიტანეს პარლამენტის წინ, პარლამენტის "შიგთავსი" კი, როგორც დიდი ხანია აპირებენ, გადმოიტანეს თბილისში, ამ შემთხვევაში, ქუთაისელების თქმით, პარლამენტის შენობას უზარმაზარ ორანჟერეად გადააკეთებენ, მერე სად მიჰყავთ დავითი, ვითომ დიდ მეყვავილესავით დგომა შეეფერება?

თუ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის იდეა საქმედ იქცა და ძეგლების გადატან-გადმოტანა გახურდა, გამოცხადდეს საქართველოში ძეგლების მოძრაობის წელიწადი და ერთ დილასაც არავის გაუკვირდება, თუ არა მხოლოდ დავით აღმაშენებლის ძეგლს, არამედ ოდესღაც კლდესთან ატუზულ პრომეთეს ბორჯომიდან ისევ დააბრუნებენ, ბათუმში კი მემედ აბაშიძის ჩიხიდან გამოყვანილ ძეგლს კიდევ ერთხელ შეუცვლიან ადგილს; ან იმავე ბათუმში, ილია ჭავჭავაძის ძეგლს დააბრუნებენ ძველი "დისლოკაციის" ადგილას, საიდანაც ოდესღაც ნეპტუნის ქანდაკების დასადგმელად გააძევეს. შესაძლოა, გორის ციხესთან დაბანაკებული, ოდესღაც ვაკის პარკიდან გორში "დესანტირებული" ცხრა ძმა ხერხეულიძეც დააბრუნონ...

საქართველოში არსებულ ყველა ძეგლს ბორბლები გავუკეთოთ! ქვეყნის ან ქალაქის ხელისუფლებაში მოსული პირები თუ წინამორბედების მიერ დადგმული ძეგლების ადგილსამყოფელს ან თავად ძეგლებს დაიწუნებენ, ან კიდევ ნაძეგლარებზე სევდა მოაწვებათ და განდევნილთა უკან დაბრუნებას განიზრახავენ, სკულპტურის დემონტაჟ-მონტაჟში აღარ დახარჯავენ ფულს, რომელიც შეიძლება სხვა უამრავ სასიკეთო საქმეს მოხმარდეს. მარტო ქუთაისში, ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, აღმაშენებლის ძეგლის დემონტაჟი, მგონი, 60.000 ლარი დაჯდა!

მოკლედ, ბორბლებიან ძეგლს ერთი ადგილიდან მეორეზე იოლად გადავაგორებთ. სულაც არ მეხუმრება! იქნებ დავასრულოთ ძეგლების აჩრდილებივით ქალაქ-ქალაქ, ქუჩა-ქუჩა და გზა-გზა ბოდიალის ეპოქა. დავაყენოთ დავით აღმაშენებელი იქ, სადაც დგას და მხოლოდ თბილისში კი არა, მთელ ქვეყანაში, დავითს რომ გაუხარდებოდა, ისეთი საქმეებით დავუდგათ მის ხსოვნას ძეგლი.