ოპერაცია "შავი ბრილიანტი" - ამ ტრაგედი­ის წინ კენჭისყრა ჩატარდა და თავგანწირვამ გაგულაშვილს მოუწია - კვირის პალიტრა

ოპერაცია "შავი ბრილიანტი" - ამ ტრაგედი­ის წინ კენჭისყრა ჩატარდა და თავგანწირვამ გაგულაშვილს მოუწია

ოპერაციას, რომელზეც ქვემოთ მოგითხრობთ, გრიფი "სრულიად საიდუმლო" დაედო და მის შესახებ საბჭოთა კავშირში რამდენიმე ადამიანმა თუ იცოდა...  1984 წლის 19 მაისს, დილის 7 საათზე, სურამში ებრაელებით დასახლებული უბანი თბილისში დისლოცირებულმა მერვე პოლკის ჯარისკაცებმა რამდენიმე წუთში დაიკავეს...

ე.წ. "აბლავა" ამ უბნისთვის უცხო არ ყოფილა. მას მხოლოდ იმის სადემონსტრაციოდ ატარებდნენ, რომ ხელისუფლება სპეკულაციას ებრძოდა, სინამდვილეში კი ამ გზით შემოსული თანხის უდიდესი ნაწილი სწორედ ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების ჩინოვნიკთა ჯიბეებში მიდიოდა. ხელისუფლებაც და ებრაელთა თემიც დადგენილ წესებს მკაცრად იცავდნენ - ყოველთვიურად თანხა საჭირო მისამართზე მიდიოდა, ამიტომაც, "აბლავების" შესახებ ინფორმაცია ებრაელებმა წინასწარ იცოდნენ და უბანიც "ხიფათს" მომზადებული ხვდებოდა, 19 მაისის ოპერაცია კი სრულიად მოულოდნელად დაიწყო...

სურამის მკვიდრი გოგი გოგოლაძე გვიყვება: "უბნის რამდენიმე ოჯახში ჯარისკაცებმა ჩხრეკა ერთდროულად დაიწყეს. ყველაფერს ჩხრეკდნენ: სხვენს, სარდაფს, საკუჭნაოებს, ტუალეტებსაც კი. საიდუმლო საცავებს კედლებშიც ეძებდნენ. ვერც ერთმა ოჯახმა ნივთების გადამალვა ვერ მოასწრო - ჯარისკაცებს ყველაფერი ხელისგულზე გადაშლილი დახვდათ. მთავარი სამიზნე 10-15 ოჯახი აღმოჩნდა, დანარჩენების ბინები კი შედარებით მსუბუქად დაათვალიერეს".

როგორც ჩანს, სუკ-ის დავალებული ჰქონდა, სპეცოპერაციისთვის ოფიციალური სახე მიეცა. ამ მიზნით სურამის შესასვლელთან კომკავშირელებიც შეკრიბეს, თუმცა, ისინი ებრაელთა ბინებს არ გააკარეს და ოპერაციის დასრულებამდე ქუჩაში აცდევინეს. ბოლოს კი რაღაც ფურცლებზე მოაწერინეს ხელი. იმ დღეს ოქმები მართლაც შედგა, მაგრამ დოკუმენტაცია მალევე უკვალოდ გაქრა. 1984 წლის 19 მაისს შედგენილი ოქმები არქივებში არ არის...

სპეცოპერაციის თვითმხილველი ოთარ ხაჩიძე: "მაშინ საორგანიზაციო საქმეთა განყოფილების უფროსი გახლდით. ერთ დღესაც დამავალეს, აქტივისტები საფეიქრო-საგალანტერიო ფაბრიკასთან მიმეყვანა. დილის 7 საათზე კომკავშირელები იმ ადგილას შევკრიბეთ, რამდენიმე წუთში ოთხი "იკარუსის" მარკის ავტობუსი გაჩერდა, მერე კი გეზი სურამისკენ ავიღეთ... ოპერაციის დასრულების შემდეგ კომკავშირელებს ხელი მოაწერინეს რაღაც ოქმებზე, რომლებიც იმ დღის შემდეგ თვალით აღარავის უნახავს. იმდენი საქონელი გამოზიდეს, რომ წინასწარ მომზადებული ტომრები საკმარისი არ აღმოჩნდა და პირდაპირ ავტომობილებში შეყარეს. ამასთან, დიდი რაოდენობით მსხვილი ასიგნაციები, ძვირფასეულობა და ოქრო დაილუქა".

რა იყო ამ საიდუმლო ოპერაციის დაგეგმვის მიზეზი? სურამში ორ ვერსიას ჰყვებიან.

გოგი გოგოლაძე: "80-იანი წლების დასაწყისში საქართველოს "შავი ბაზარი" იმპორტულმა საქონელმა წალეკა. ნათელი გახდა, რომ ფარულად მუშაობდა იატაკქვეშა საამქროები, სადაც ძალზე მაღალი ხარისხის ტანსაცმელი იკერებოდა. რაც მთავარია, ტანსაცმელს უცხოეთიდან შემოსული ცნობილი ბრენდების იარლიყები ახლდა. ამიტომ სუკ-ს განსაკუთრებით საამქროების საზღვარგარეთთან ურთიერთობის წვრილმანები აინტერესებდა. არსებობს ვერსია, რომ 19 მაისის სპეცოპერაციაც სწორედ ამიტომ დაიგეგმა, თუმცა, არსებობს მეორე, ჩემთვის უფრო სარწმუნო მოსაზრებაც: საბჭოთა კავშირის გენერალური მდივნის, ლეონიდ ბრეჟნევის ქალიშვილს, გალინა ბრეჟნევას, ორი პათოლოგია სჭირდა - ალკოჰოლის უზომო მოხმარება და ბრილიანტების მანიაკური სიყვარული. ამასთან, საყვარლებს მუდამ ცირკის მსახიობებს შორის ირჩევდა. ბოშა ბორის ბურიაცთან ერთად გალინამ უამრავი "საგმირო საქმე" ჩაიდინა, მწვერვალი კი ე.წ. "ბალერინის საქმე" გახლდათ.

70-იანი წლების ბოლოს მაშინდელ ლენინგრადში სკანდალური ძარცვა მოხდა - ცნობილი პრიმა-ბალერინის სამუზეუმო მნიშვნელობის ბრილიანტების კოლექცია მოიპარეს. კვალი გალინა ბრეჟნევამდე მივიდა. გაირკვა, რომ ბორის ბურიაცმა ძარცვა სწორედ მისი დავალებით ჩაიდინა. ბრილიანტები მფლობელს დაუბრუნდა, თუმცა - არასრულად: კოლექციას მისი მშვენება, ექსკლუზიური შავი ბრილიანტი აკლდა! სხვათა შორის, შავ ბრილიანტს დღესაც ეძებენ...

1993 წელს დიმა იაკოვლევმა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა და გაზეთ "არგუმენტი ი ფაკტი"-ში გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვით, ამ შავი ბრილიანტის კვალი 80-იანი წლების დასაწყისში საქართველოში, კერძოდ, სურამში გამოჩნდა. ამიტომაც არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ "მარკიზა" სწორედ ებრაელებთან ინახებოდა და მკაცრად გასაიდუმლოებული ოპერაციაც მის ამოსაღებად დაიგეგმა".

საიდუმლო ოპერაცია სამ საათში დასრულდა, თუმცა, მერვე პოლკის ჯარისკაცებს არავინ დაუკავებიათ. მიუხედავად ამისა, ებრაელთა თემს კარგად ესმოდა, რომ სპეცოპერაცია ასე იოლად არ დამთავრდებოდა და ათეულობით ადამიანს სუკ-ის ჯურღმულებში ჩაგდება ემუქრებოდა.

ვითარება ნამთალ გაგულაშვილმა განმუხტა, რომლის სახლი ჩხრეკისას მერვე პოლკის ჯარისკაცების ერთ-ერთი მთავარი სამიზნე იყო - მან თავი მოიკლა და არაერთი თანამემამულის სიცოცხლე იხსნა.

გოგი გოგოლაძე: "ნამთალ გაგულაშვილი განტევების ვაცად იქცა და მთელი საქმეც ერთ კაცზე "შეიკერა". სურამში დღეს იმასაც ამბობენ, რომ ამ ტრაგედიის წინ კენჭისყრა ჩატარდა და თავგანწირვამ გაგულაშვილს მოუწია, ის კი განაჩენს წარბშეუხრელად შეხვდა. სხვათა შორის, ისრაელში არ იშლება სუფრა, სადაც ამ კაცის დამსახურებას ფეხზე წამომდგარნი არ იხსენებენ და მის ხსოვნას პატივს არ მიაგებენ".

დღეს სურამის ებრაელთა დასახლებას მხოლოდ სამი-ოთხი ებრაული ოჯახი შემორჩა. მართალია, ნამთალ გაგულაშვილის ცოლ-შვილიც დიდი ხნის წინ გადასახლდა ისრაელში, მაგრამ როგორც მეზობლები ამბობენ, ისინი სურამშიც ხშირად ჩამოდიან.

რუსუდან შელია

სიუჟეტი იხ. "პალიტრა ტვ"-ის

გადაცემა "ლურჯ ვაშლში"