"გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ... ამას მტერს არ ვუსურვებ" - კვირის პალიტრა

"გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ... ამას მტერს არ ვუსურვებ"

"იქ ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ტატოს ვხვდები, ისიც თავის ძმას, სერგი კაპანაძეს ეძებს... გემუდარებით, დაკარგულების ძებნა არ შეწყვიტოთ!"

ისევ უშედეგოდ ეძებენ 13 ივნისის ტრაგედიის დროს დაკარგულ 3 კაცს...

"გამარჯობა, მე გახლავართ ლაშა ბუთურიშვილი, ბექას ძმა, დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის და ჩვენი გამხნევებისთვის... თხოვნა მაქვს, თუ ვინმეს მიგიწვდებათ ხელი მიმდებარე ტერიტორიაზე გადაღებულ ვიდეოებზე, ვგულისხმობ იმ ვიდეოებს, რომელსაც ხალხი იღებდა კორპუსებიდან ან რაიმე ადგილებიდან, დადეთ ლინკები კომენტარის სახით. შეიძლება ყველაფერი დაგვეხმაროს ბექას პოვნაში. წინასწარ გიხდით მადლობას", - წერს სოციალურ ქსელში 33 წლის ბექა ბუთურიშვილის ძმა.

ბექა ერთ-ერთ გადამზიდავ კომპანიაში მენეჯერად მუშაობდა. ტრაგედიიდან მეორე დილით სოციალურ ქსელში ბექას დედის, ნინო ჩიქოვანის სტატუსი გაჩნდა: "ჩემი ბექა მანქანიანად არ ჩანს", მან შვილის ფოტოც დადო იმ იმედით, რომ ვინმე საიმედო ინფორმაციას მიაწვდიდა.

ლაშა ბუთურიშვილი: - ჩემი ძმა საბურთალოდან სოლოლაკში მიდიოდა. ბოლოს 00 საათსა და 28 წუთზე მეგობარს ესაუბრა, ვაჟა-ფშაველაზე ვარ და 15 წუთში შენთან ვიქნებიო. მეგობარმა 10 წუთში ისევ დაურეკა, მაგრამ ტელეფონი უკვე გათიშული იყო... ბექას ჯერ საავადმყოფოებში ვეძებდით, მერე შემთხვევის ადგილებში.

15 ივნისს, დილის 6-ის ნახევარზე, ვერეს კალაპოტში ჩემი ძმის მანქანა რომ დავინახე, გამწარებულს ყვირილი აღმომხდა. ოჯახის წევრები, 4 მამაკაცი ვიყავით, გაგიჟებულები ვცდილობდით მანქანის ამოყვანას. ტექნიკის მოსვლას ვერ დაველოდებოდით, მანქანა ჩვენ ამოვათრიეთ. შიგნით ბექა არ აღმოჩნდა. ავტომობილის საჭე და ჭერი მიჭეჭყილია, ეტყობა, საფრთხე იგრძნო და გადმოხტა... ვერც მტკვარში იპოვეს ჩემი ძმა. პროზექტურაში ყველა შესვლა სიკვდილის ტოლფასია. გირეკავენ და გეუბნებიან, ნაპოვნია ცხედარიო. გულის კანკალით შედიხარ, ფეხები უკან გრჩება, მტერს არ ვუსურვებ ამის განცდას. შედიხარ და სხვა არის... არ იცი, ეს უნდა გაგიხარდეს თუ გეწყინოს. გათენდება თუ არა, მის საძებნელად მივდივარ. იქ ჩემნაირ მდგომარეობაში მყოფ ტატოს ვხვდები, სულ ერთად ვართ, ისიც თავის ძმას, სერგი კაპანაძეს ეძებს. ექსკავატორის ნიჩბის ყოველ მოძრაობაზე გული მისკდება. მითხრეს, ტექნიკა ფრთხილად მუშაობს, მძღოლის გვერდით ზის ადამიანი და ისიც აკვირდებაო. ჩემი მშობლებისთვის სანუგეშო სიტყვების თქმაც მიჭირს. ძნელია რეალობასთან შეგუება, მაგრამ უკვე სასიკეთოს არაფერს ველოდებით, ერთადერთი, რაც გვინდა, არ შეწყდეს სამძებრო სამუშაოები, სანამ სამივე დაკარგულს არ იპოვიან. არ შეიძლება ადამიანები ასე გაქრნენ. ვთხოვთ ყველას, ასჯერ ნანახი კიდევ ერთხელ ნახონ, შეიძლება რაღაც გაგვეპარა. არ მაქვს ილუზია, რომ იქ ადამიანები გადარჩებოდნენ, მაგრამ ისინი აუცილებლად უნდა ვიპოვოთ.

თეა ხურცილავა