„მიშველე, თბილისში შენობა ჩამოინგრა და ჩვენი ბიჭები მოყვნენ“
08-07-2015
„მიშველე, თბილისში შენობა ჩამოინგრა და ჩვენი ბიჭები მოყვნენ“
რას ჰყვებიან  ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები?!

6 ივლისს მომხდარმა ტრაგედიამ საქართველო შეძრა.  დილის 11 საათისთვის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გამაყრუებელმა ხმაურმა მოიცვა... გამოთვლითი მათემატიკის ყოფილი შენობა, სადაც ახლა სასტუმროს ასაშენებლად სამუშაოები მიმდინარეობდა, ჩამოინგრა. იქაურობა მტვრის თეთრმა ბურუსმა მოიცვა.   ნანგრევებში მოყოლილი ადამიანები განწირული ხმით შველას ითხოვდნენ. რამდენიმე წამში ხმები მიწყდა, ბურუსიც გაიფანტა და... სამშენებლო ბუმით გამოწვეულმა კიდევ ერთმა ტრაგიკულმა შემთხვევამ ოთხი კაცის სიცოცხლე შეიწირა.  სამი ადგილზე დაიღუპა,  მეოთხე საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა...

17  წლის თაზო და 35 წლის გოგა კვირიკაშვილები, 41 წლის ივანე არაბიძე და 32 წლის აკაკი ლომინაძე - ოთხივე ნათესავები იყვნენ. მათგან ყველაზე უმცროსი, 17 წლის თაზო იმ საბედისწერო დღეს მშენებლობაზე ბიძის სანახავად მივიდა. მოულოდნელად დატრიალებულმა ტრაგედიამ მე-12 კლასელი ბიჭის სიცოცხლეც ნანგრევებში ჩამარხა...
გარდაცვლილების იდენტიფიცირება
მხოლოდ  ექსპერტიზის შედეგად გახდა შესაძლებელი... ოთხივე მშობლიურ სოფლებში გადაასვენეს. „კვირის პალიტრ“ მათი ოჯახის წევრებს ესაუბრა:

თამრიკო ლომინაძე, აკაკი ლომინაძის და:
„აკაკი სოფელში ერთი დღით ჩამოვიდა, რომ ვენახი შეეწამლა, ყანა მოეთოხნა, სახლისთვის მიეხედა... მეორე დღეს კი, როცა ეს უბედურება მოხდა, დილის 5 საათზე თბილისში წავიდა, რათა 9-ზე სამსახურში ყოფილიყო. მერე ეს საშინელება მოხდა... იმ დღეს მე და ჩემი შვილი ქუთაისში ვიყავით, ეროვნულ გამოცდებს აბარებდა.  ჩემმა დეიდაშვილმა, თაზო კვირიკაშვილის მამამ დამირეკა, მიშველე, თბილისში შენობა ჩამოინგრა და ჩვენი ბიჭები მოყვნენო. მაშინვე ჩემს ძმას დავურეკე, იქნებ, ჯერ არ ჩასულა-მეთქი, მინდოდა დამეჯერებინა, რომ ასე იყო, თორემ როგორც კი თბილისში ჩავიდა, დამირეკა, სამუშაოზე ვარო...  როცა ტელეფონზე არ მიპასუხა, ყველაფერი ნათელი გახდა...

-    თქვენს ძმას ცოლ-შვილი ჰყავდა?
-     მეუღლე და 2  მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ჩემი ძმა ოჯახში ერთადერთი მარჩენალი იყო. რძალი სკოლაში მუშაობს, მასწავლებელია, მაგრამ მოგეხსენებათ, პედაგოგებს რა დაბალი ხელფასი აქვთ. მამაჩემმა ინფარქტი სამჯერ გადაიტანა, ერთი ხელი პარალიზებული აქვს, დედა ასაკოვანია, პენსიონერი. ჩემს რძალს თებერვალში კეთილთვისებიანი სიმსივნე აღმოაჩნდა და ოპერაცია გაუკეთეს, დღემდე მკურნალობს. ჩვენი ოჯახის იმედი ჩემი ძმა იყო... ვაიმე, დედა, რა ეშველება მის შვილებს, ჩემს მოხუც მშობლებს?! ეს რა დაგვემართა... ჩემს ძმას უმაღლესი განათლება ჰქონდა მიღებული, მერე პროფესიულ სასწავლებელში ისწავალა, ხელობაც მქონდესო. თავისი პროფესიით სამსახური ვერ იშოვა, ამიტომ, შავ მუშად მუშაობდა. ჯანიანი, ხელმარჯვე ბიჭი იყო, დაუზარელი, შრომისმოყვარე. წლებია, რაც მშენებლობებზე მუშაობდა... გამოძიებას ბოლომდე მივყვებით და გავიგებთ, რა მოხდა, თუმცა, რაღა აზრი აქვს?..

-    კომპანიამ რაიმე  დახმარება თუ შემოგთავაზათ?
-    როგორც ვიცი, მათი წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. თუმცა, ჩვენთან არავინ მოსულა, ჯერ ვერავინ მოგვეკარება...

დათო არაბიძე, ივანე არაბიძის ბიძაშვილი:  „დათო 41 წლის იყო, საკუთარ სისხლზე და ხორცზე როგორ გითხრათ, რომ საუკეთესო ადამიანი იყო, მაგრამ მართლაც ასეა, მასზე წარსულში ლაპარაკი მიჭირს. გაუგონარი ტრაგედია მოხდა, შეძრა მთელი საქართველო.

-    მომხდარის შესახებ როგორ შეიტყვეთ?

-    ვიცოდით, რომ იმ მშენებლობაზე ჩვენები მუშაობდნენ. ამიტომ, როცა გავიგეთ, რომ თბილისში შენობა ჩამოინგრა, სასწრაფოდ ჩამოვედით, რათა გაგვერკვია, რა მოხდა. მაშინ არ ვიცოდით, რომ ცოცხალი არცერთი აღარ იყო. მერე გვითხრეს... ცხედარი ისეთი დაზიანებულია, რომ არც გვანახეს,  ვერ იცნობთო.

-    დაღუპულები ერთმანეთის ნათესავები ყოფილან...

-    კი, ასეა. ყველაზე პატარა, თაზო, გოგილო კვირიკაშვილის ძმიშვილია, გოგილო და აკაკი ლომინაძე დეიდაშვილები არიან, ივანე არაბიძე კი ერთ-ერთის მამიდაშვილია. ასეთი ტრაგედია დაგვემართა ერთ ოჯახს.    

-    თქვენს ბიძაშვილს ცოლ-შვილი ჰყავდა?

-    კი, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ოჯახის ერთადერთი მარჩენალი იყო. ცოლი დიასახლისია.    ჰყავს მოხუცი დედ-მამა.

-    კომპანია „ტიფლის ბიზნეს ცენტრი“ დაღუპულების ოჯახებს ფინანსურად თუ დაეხმარება?

-    დაგვირეკეს, გვერდში დაგიდგებითო და ვნახოთ. ახლა არაფრის თავი არ გვაქვს, მომხდარით გაოგნებული ვართ. არ მჯერა, რომ ეს ყველაფერი ჩვენს თავს ხდება...

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.
როგორც „კვირის პალიტრას“ კომპანია „ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენელმა, ნიკოლოზ ბარათაშვილმა განუცხადა, მათ მშენებლობის დაწყებამდე შენობა შეისწავლეს, შესაბამისი ექსპერტიზაც ჩაატარეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეუშვეს მუშები ობიექტზე. კომპანიაში გვითხრეს, რომ მომხდართან დაკავშირებით  მორალურ პასუხისმგებლობას გრძნობენ, თუმცა, თავს დამნაშავედ არ მიიჩნევენ. მათ  ეს ტრაგედია უბედურ შემთხვევად მონათლეს.

სალომე გოგოხია (სპეციალურად საიტისთვის)
სუხია
09 ივლისი 2015 18:52
სართულებსშუა საყრდენ კედელს გამოაცლიდნენ, როგორც ეულის ქუჩაზე მოხდა.
tea
09 ივლისი 2015 17:53
როგორც ჩვევიათ დაიწყება გადაბრალებები და მიცვალებულებს გამოიყვანენ დამნაშავედ

tamriko
09 ივლისი 2015 16:06
საშინელებაა, უდიდესი ტკივილი, გაუბედურებული ოჯახები, ახლობლები, როდემდე ასეთი განუკითხაობა, ნათელში ამყოფოს უფალმა ულამაზესი ბიჭების სული

რედაქტორის რჩევით